asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ქრისტიანობა უკვე ჯვრის ზიდვაა ძველ დროშიც და ახლაც, ის ხომ ადვილი არასოდეს არის
სადღესასწაულო სახარების განმარტება
ქრისტიანობა უკვე ჯვრის ზიდვაა ძველ დროშიც და ახლაც, ის ხომ ადვილი არასოდეს არის

2012-01-03 14:58:56



სახარება იოანესი
სადღესასწაულო სახარებას განმარტავს პროტოდიაკონი, მამა მირიანი (სხირტლაძე)
15 თავი, 17–დან,
16 თავი, 2–მდე
შევეცდები, ისეთ საეკლესიო მოღვაწეზე მოგითხროთ, რომლის არსებობაც საკმაოდ საინტერესოა ზოგადად ეკლესიის ისტორიაში. არსებობს რამდენიმე მოსაზრება, თუ რომელ წლებში მოღვაწეობდა რომის ეკლესიის ტახტზე წმინდა კლიმენტი რომაელი. ყველა თანხმდება იმაზე, რომ პეტრე მოციქულის მოწაფე იყო, მაგრამ სადავოა ის, თუ ვის შემდეგ ან ვისზე წინ განაგებდა რომის ეკლესიას. მართლაც, საინტერესო იქნება იმის დადგენა, თუ სინამდვილეში რა ხდებოდა ახალი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნის ბოლოს და მეორე საუკუნის დასაწყისში.
ახლა მივყვეთ თანმიმდევრულად, თუ რომელ საეკლესიო ავტორიტეტს რა მოსაზრება და არგუმენტი გააჩნია აღნიშნულთან დაკავშირებით. წმინდა ევსევი კესარიელი ამტკიცებს, რომ წმინდა კლიმენტი რომის ეკლესიას სათავეში ედგა 92–დან 101 წლამდე. წმ. ირინეოს ლიონელი გვამცნობს, რომ იგი რომის მესამე ეპისკოპოსი იყო ლინოსისა და ანენგლიტოსის შემდეგ. რაც შეეხებათ ტერტულიანეს და ეპიფანე კვიპრელს, ამტკიცებენ, რომ წმინდა კლიმენტი იყო რომის პირველი ეპისკოპოსი, რადგან ხელდასხმა თვით პეტრე მოციქულისგან მიიღო. ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ, როცა სლავი ხალხების განმანათლებლებმა წმინდა კირილემ და მეთოდემ ხაზარეთში იმოგზაურეს, ადგილობრივებისგან შეიტყვეს წმინდა კლიმენტის წამების ამბავი ხერსონში, მოიძიეს წმინდა მამის წმინდა ნაწილები და რომში გადაასვენეს.
ღირსი მამა კლიმენტი ცხოვრობდა ქალაქ რომში, იმდროინდელი იმპერიის დედაქალაქში, იმპერატორ დომეტიანოსის, აგრეთვე მისი ტახტის მემკვიდრეების ნერვასა და ტრაიანოსის დროს. წმინდა მამა იყო სამეფო ოჯახიდან, დიდგვაროვანი, რამაც შესაძლებლობა მისცა, საუკეთესო განათლება მიეღო, რაც აისახება კიდეც მის ნაშრომებში. ზედმიწევნით შეისწავლა ბერძნული ენა და შედეგად იმდროინდელ განვითარებულ მსოფლიოში საკმაოდ ცნობილ ფილოსოფოსად ჩამოყალიბდა. წმინდანის მამას ერქვა ფაოსტოსო, დედას კი მატთიდიანი.
ერთხელ, როცა ახალგაზრდა კლიმენტი სხვებთან ერთად ზღვით მოგზაურობდა, ღელვისას მათი გემი ჩაიძირა და წმინდა მამა რამდენიმე მგზავრთან ერთად სასწაულებრივად გადარჩა, რის შემდეგაც გაიცნო მოციქული პეტრე და დაემოწაფა. სწორედ პეტრე მოციქულისგან ისმენდა სწავლებას იესო ქრისტეზე, პეტრე მოციქულისგან ეუწყა მოციქულთა შეკრებების და დადგენილი კანონების შესახებ, რის შემდგომაც დეტალურად აღწერა და გამოსცა ის 85 კანონი, რომლებიც მოციქულთა კრებამ მიიღო და დაამტკიცა. წმინდა მამამ თავისი გულისხმიერებით ისე შეაყვარა ადგილობრივებს თავი, რომ ხშირად სწორედ მისი სიყვარულით ინათლებოდნენ და ხდებოდნენ ქრისტიანები, დღითიდღე მრავლდებოდა ქრისტიანთა რიცხვი რომში.
ადგილობრივი დიდგვაროვნის სისინიოსისთვის, როგორც წარმართისთვის, ეს ყოველივე სასტიკად მიუღებელი იყო და იმპერატორთან იჩივლა, რომელთანაც მეგობრობდა. ამ დროს იმპერატორი იყო ნერვასი, რომელმაც ტახტი დაიკავა დომეტიანოსის შემდეგ 96 წელში ახ.წ.აღ–ით. მხოლოდ ორი წელი იმეფა და შემდეგ გამეფდა ტრაიანოსი, რომელმაც იმეფა 98–117 წლებში. სისინიოსმა უჩივლა წმინდა კლიმენტის იმპერატორ ნერვასთან, თუ როგორ მრავლდებოდა რომში ქრისტიანთა რიცხვი, როგორ ტოვებდნენ ადგილობრივები წარმართობას და ქრისტიანდებოდნენ. სისინიოსის ცოლი თეოდორაც მოინათლა და დაემოწაფა წმინდა კლიმენტის.
სისინიოსმა განიზრახა, ჩუმად თვალყური ედევნებინა მეუღლისთვის და ემხილებინა ლოცვისას, როცა ქრისტიანები შეიკრიბებოდნენ. ის თავის მსახურებთან ერთად მიადგა ქრისტიანთა ეკლესიას, მაგრამ შევიდა თუ არა შიგნით, მაშინვე დაბრმავდა და ყურთასმენაც დაკარგა. მაშინვე უთხრეს მსახურებმა თეოდორას სისინიოსის ამბავი დეტალურად. მეორე დღეს თეოდორამ ქმრის შესახებ წმინდა მამას უამბო და სთხოვა, მიუხედავად მისი უგუნურებისა, ელოცა მისი გამოჯანმრთელებისთვის. წმინდა მამამ თეოდორას თხოვნა შეისმინა და მათთან სახლში მივიდა, რომ სისინიოსი მოენახულებინა და მისი გამოჯანმრთელებისთვის ელოცა.
წმინდანმა ილოცა და სასწაულმაც არ დააყოვნა – სისინიოსი მაშინვე წამოდგა სრულიად ჯანმრთელი, ოღონდ ხორციელად, რადგან სჯეროდა, რომ კლიმენტი ჯადოქარი იყო და ჯადოქრობით მოხდა ის, რომ ისევ ხედავდა და ისევ ესმოდა. მისი სული ისევ იმ სიბნელეში იყო, ვიდრე ის დაავადმყოფდებოდა. წმინდა მამა წავიდა და სისინიოსის ცოლს დაუბარა, არ შეეწყვიტა ლოცვა და ვედრება უფლის, იესო ქრისტეს წინაშე, რადგან სხვა გამოსავალი მას არ დარჩენოდა, ვიდრე თავის ქმარს არ დაანახვებდა ნამდვილ ღმერთს, სამყაროს შემოქმედს. მართლაც, იმდენი ილოცა თეოდორამ, ვიდრე სისინიოსს მოციქულთა თავნი პეტრე და პავლე არ გამოეცხადნენ და არ დაარწმუნეს იმაში, რომ ღმერთი არის ქრისტე, ხოლო ის, რაც მას სწამდა, ბერძნული ფილოსოფიის დამახინჯებული ფორმა იყო, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო ღმერთთან. სისინიოსმა მუხლმოყრით ითხოვა შენდობა კლიმენტისგან და მოინათლა არა მარტო თვითონ, არამედ მთელი თავისი სახლეულით, მოსამსახურეებით და ახლობლებით, სულ ოთხას ოცდასამი ქრისტიანი შეემატა მაშინ რომის ეკლესიას.
როგორც წმინდანთა უმრავლეს შემთხვევაში, აქაც ეშმაკს შეშურდა წმინდა კლიმენტის ღვთისმოსაობა და განიზრახა, ბოროტი გზებით და მეთოდებით დაპირისპირებოდა წმინდა მამას. ქალაქ რომის მთავარს პუპლიოსს შურდა წმინდა მამის, რადგან რომში თვით წარმართებიც კი უკეთ იცნობდნენ და უფრო დიდ პატივს სცემდნენ წმინდა კლიმენტის, ვიდრე ქალაქის მთავარს, რომ აღარაფერი ვთქვათ ქრისტიანებზე. ამიტომ პუპლიოსმა გადაწყვიტა, რომაელებისთვის ვერცხლი დაერიგებინა, რათა წმინდა მამის წინააღმდეგ გამოსულიყვნენ. ბრალდება შემდეგი იყო: წმინდა კლიმენტი პატივს არ სცემდა წარმართულ ტაძრებს და სამსხვერპლოებს, ყოველდღე აშენებდა ქრისტიანულ ტაძრებს.
ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ვინც ვერცხლი გამოართვა პუპლიოსს, არც ერთი წასულა წმინდა მამის წინააღმდეგ, უფრო მეტიც, იმპერატორთან რომის ქრისტიანმა და არაქრისტიანმა მოსახლეობამაც ერთხმად აღიარა წმინდა კლიმენტის უდანაშაულობა. ამის შემდეგ იმპერატორმა მზაკვრულ ხერხს მიმართა, თავისთან დაიბარა წმინდა მამა და მოსთხოვა, მსხვერპლი შეეწირა ადგილობრივი წარმართული სამსხვერპლოებისთვის, რასაც, ცხადია, წმინდა მამა არ დაეთანხმა. ეს კი იმის მიზეზი გახდა, რომ წმინდა კლიმენტი ექსორიაყვეს რომიდან პონტოში, კერძოდ ერიპოლში, რომელიც ითარგმნება "ქალაქი უდაბნოში".
იქ ჩასულ წმინდა კლიმენტის 2 ათასი ქრისტიანი დახვდა, რომლებიც ექსორიაქმნილნი უმძიმეს სამუშაოს ასრულებდნენ, მარმარილოს მთებს ამუშავებდნენ. იქ არ არსებობდა სასმელი წყალი და შორიდან უწევდათ წყლის ზიდვა, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა იქ მყოფი ქრისტიანების ყოფას წმინდა კლიმენტის ჩათვლით. მაშინ მოუწოდა წმინდანმა ყველა მათგანს, ერთად აღევლინათ ლოცვები ყოვლადმოწყალე და ყოვლისშემძლე უფლის მისამართით, რათა სასმელი წყალი მიეცა მათთვის.
ლოცვის დროს მათგან მოშორებით წმინდა მამამ დაინახა ცხვარი, რომელიც უდაბნოში იდგა და მიწას ფეხს ურტყამდა. ამას ვერც ერთი მათგანი ვერ ხედავდა, გარდა წმინდა კლიმენტისა. ლოცვის დამთავრებისთანავე წმინდანი სამ ქრისტიანთან ერთად იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც ცხვარი შენიშნა. ადგილზე მისულს სასწაული დაუხვდა – თაკარა უდაბნოში, იმ ადგილას, სადაც ცხვარი შენიშნა და რომელიც უკვე გაუჩინარებული იყო, სისველე შეინიშნებოდა. წმინდანმა მოუწოდა თანმხლებ პირებს, მიწა მოეთხარათ და წყარო გამოჩნდებოდა. მართლაც, როცა მიწა მოთხარეს, აღაპყრო წმინდანმა ხელები ზეცად და წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: "ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, წყაროვ, გადმოდინდი, რათა მთელი ადგილობრივი მოსახლეობა დაატკბო". ამის თქმა იყო და იმხელა მდინარე ამოჩქეფდა, რომ მთელ მოსახლეობას ყოფნიდა.
ამ სასწაულის შემდეგ იმხელა პატივისცემით სარგებლობდა წმინდანი ადგილობრივებში, რომ წარმართებმა წარმართული სამსხვერპლოები დაამსხვრიეს, მოინათლნენ და სამსხვერპლოების ნაცვლად ეკლესიებს აშენებდნენ. ეს ყოველივე შეუმჩნეველი არ დარჩენილა. იმპერატორმა როგორც კი შეიტყო სამსხვერპლოების დანგრევის და მათ ადგილებზე ქრისტიანული ტაძრების მშენებლობების ამბავი, გამოიძახა თავისი ერთგული ჩინოვნიკი, სახელად აფიდიანოსი და დაავალა, წასულიყო და უმკაცრესად გასწორებოდა ადგილობრივებს გაქრისტიანებისა და სამსხვერპლოების ადგილზე ეკლესიების მშენებლობის გამო. მართლაც, უამრავი ადგილობრივი აწამა სხვადასხვა სასტიკი ფორმით იმის იმედით, რომ ხალხს შეაშინებდა და უარს ათქმევინებდა ქრისტიანობაზე, მაგრამ ამაოდ. ხალხში იმდენად იყო გამჯდარი ქრისტეს სიყვარული, რომ სიხარულით ეგებებოდნენ წამებას, როცა მათი რიგი დგებოდა.
მაშინ აფიდიანოსმა გადაწყვიტა, კლიმენტი დაესაჯა სამაგალითოდ და მაგალითის მიმცემი აღარავინ ეყოლებოდა ხალხს. აქაც შეცდა. რაც უფრო მეტს აწამებდნენ წმინდა კლიმენტის, მით მეტად მტკიცდებოდა ხალხი რწმენაში და უფრო იზრდებოდა ქრისტიანთა რიცხვი. მაშინ ბრძანა, წმინდანისთვის ფეხებზე ლოდი ჩაებათ და ზღვაში გადაეგდოთ, რათა ხალხს არ ჰქონოდა წმინდანის სხეულის ნაწილები და მისი არსებობა დავიწყდებოდათ. ამის გამგონე წმინდანის მოწაფეებმა კორნელიოსმა და ფიბოსმა ხალხს მოუწოდეს, ერთობლივი ლოცვები აღესრულებინათ ღვთის წინაშე, რომ ხმელეთზე ამოსულიყო მათი მოძღვრის სხეული, რაც ენით აუწერელი სიხარული და ნუგეში იქნებოდა თითოეული მათგანისთვის.
ღვთის გულმოწყალებამაც არ დააყოვნა და რამდენიმე დღის შემდეგ ლოცვისას დაინახეს, რომ ზღვამ უკუსვლა დაიწყო ისე, როგორც ეს მოხდა მოსეს დროს, როცა ზღვის ფსკერზე გაატარა მოსემ ხალხი ისე, ვითარცა ხმელეთზე. კორნელიოსმა ზღვის ფსკერზე ხელთუქმნელი მცირე ზომის ეკლესია შენიშნა, რომელშიც წმინდა კლიმენტის სხეული აღმოჩნდა ფეხებზე ლოდმობმული. გაიხარეს ქრისტიანებმა და გადაწყვიტეს, წმინდა მამის ნეშტი ხმელეთზე აეტანათ, როცა ხმა მოესმათ ზეციდან: "დაუტევეთ კლიმენტის სხეული და ყოველთვის წმინდანის დღესასწაულზე მასთან მიახლოების შესაძლებლობა გექნებათ მანამ, ვიდრე ამას უფალი ღმერთი, შემოქმედი ცისა და ქვეყნის ინებებდეს".
მართლაც, იმის შემდეგ ყოველ წელიწადს, წმინდანის დღესასწაულის დღეს ქრისტიანებისთვის უკან იხევდა ზღვა და ზღვის ფსკერზე წმინდანის სხეულთან დღესასწაულობდნენ წმინდა კლიმენტის ხსენებას. ერთხელ, როცა ღვთისმოსავი მშობლები წმინდანის დღესასწაულის აღსანიშნავად იყვნენ ჩასულები, თან ახლდათ მცირეწლოვანი შვილი, რომლის კეთილდღეობაც შეავედრეს წმინდა კლიმენტის. როცა დღესასწაული დამთავრდა, ზღვამ იწყო თავის ადგილზე შეგროვება და ქრისტიანებიც სათითაოდ ამოვიდნენ ხმელეთზე, მაგრამ მათ შორის არსად ჩანდა ის მცირეწლოვანი ბავშვი. საცოდავმა მშობლებმა გამოიგლოვეს შვილი და ისღა დარჩენოდათ, ელოცათ მისთვის.
გავიდა ერთი წელი ამ უბედურებიდან და მშობლებმა გადაწყვიტეს, კიდევ ჩასულიყვნენ ზღვის ფსკერზე, როცა წმინდანის დღესასწაული მოაღწევდა, იქნებ გარდაცვლილი მაინც ეპოვათ თავიანთი შვილი, რომელიც ზღვამ შთანთქა წმინდა კლიმენტის დღესასწაულზე. და ჰოი, საოცრებავ, დღესასწაულზე მისულმა მშობლებმა ნახეს, რომ მათი შვილი ჩახუტებული ჰყავდა წმინდანს. ამის მნახველმა მშობლებმა პირველად არ დაიჯერეს, რადგან ეგონათ, მოჩვენებას ხედავდნენ. მალევე დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი სინამდვილე იყო და არა მოჩვენება, ჩაიკრეს გულში შვილი და დღესასწაულის დამთავრებამდე ტიროდნენ სიხარულისგან და ადიდებდნენ უფალს, მადლობას სწირავდნენ წმინდა მამას შვილის გადარჩენისთვის.
ჰკითხეს ბავშვს, თუ როგორ გადარჩა, ან თევზებმა რომ არ შეჭამეს, ან წყალმა რომ არ დაახრჩო, ან რას ჭამდა ამდენი ხნის განმავლობაში. მაშინ მიუთითა ბავშვმა წმინდა მამისკენ, რომელიც იცავდა და ზურნავდა მასზე მთელი წლის განმავლობაში. დამთავრდა დღესასწაული და დაბრუნდნენ შვილთან ერთად სახლში, მაგრამ დიდხანს უჭირდათ იმის დაჯერება, რაც მათი შვილის თავს მოხდა. თუმცა უნდა ერწმუნათ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერი ღმერთის არსებობის და მაშინ ნახავდნენ გამოსავალს.
ნუ ფიქრობს ვინმე, თითქოს აქ მოთხრობილი ამბის დაჯერება ჩემთვის იყო ადვილი, თუმცა თუ ჩვენს ცხოვრებას გადავხედავთ, ჩვენც ბევრს აღმოვაჩენთ, თუ იგივენაირ სასწაულებს არა, ცოტა განსხვავებულებს მაინც. მეც გამიჭირდა, მაგრამ როცა ჩემს წარსულს თვალი გადავავლე, დავრწმუნდი, რომ ჩვენთვის დაუჯერებელი ამბავი ღვთისთვის არა მარტო ადვილი, არამედ არარაობაა და მეტი არაფერი. ღმერთმა მოგვცეს იმდენი რწმენა, რომ ღვთისმიერი სასწაულების გვჯეროდეს.
17–18. "ამას გამცნებ თქუენ, რაითა იყუარებოდით ურთიერთას. უკუეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა".
ამას გიტოვებთ მცნებად, ერთმანეთი გიყვარდეთ. თუ სძულხართ სოფელს, გახსოვდეთ, რომ ვიდრე თქვენ შეგიძულებდათ, მე შემიძულა ამ სოფელმა, ხალხმა. როცა ახალ აღთქმაში საუბრობს მახარებელი სოფელზე, ხალხზე, უმრავლეს შემთხვევაში იგულისხმება არ მორწმუნე, არამედ ურწმუნო, უღმერთო საზოგადოება.
19. "უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თვისთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთვის სძულთ თქუენ სოფელსა".
რომ ყოფილიყავით სოფლისანი, მაშინ შეგიყვარებდათ თქვენ სოფელი ისე, როგორც თავის ნაწილს, თუმცა თქვენ არ ეკუთვნით სოფელს, ვინაიდან მე გამოგარჩიეთ თქვენ, ამიტომაც სძულხართ თქვენ სოფელს, როგორც უცხო ნაწილი.
20. "მოიხსენეთ სიტყუაი იგი, რომელ გარქუ თქუენ: არა არს მონაი უფროის უფლისა თვისისა. უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ? უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ".
გახსოვდეთ სიტყვა, რომელიც მე თქვენ გითხარით: არ არსებობს მონა თავის ბატონზე აღმატებული. თუ მე მდევნეს, არც თქვენ დაგზოგავენ, თუ ჩემი დარიგება შეისმინეს, მაშინ თქვენსასაც შეისმენენ.
21. "არამედ ესე ყოველი გიყონ თქუენ სახელისა ჩემისათვის, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი".
ამ ყოველივეს დაგმართებენ თქვენ ჩემი სახელის გამო, რადგან არ იცნობენ იმას, ვინც მე გამომგზავნა.
22. "უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაიმცა არა აქუნდა: ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათვის".
რომ არ მოვსულიყავი და არ მესწავლებინა, მაშინ ცოდვაც არ მოეკითხებოდათ. ახლა კი არ აქვთ არანაირი გამართლება იმ ცოდვის გამო, რასაც ჩადიან. აქედან დასკვნა, რომ რაც უფრო მეტი გესმის, რაც უფრო მეტს ხედავ ღვთის შესახებ, მის არსებობაზე, გეძლევა შესაძლებლობები უფრო მეტი შემოქმედებისთვის, თუმცა, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც მატულობს.
23–24. "რომელსაც ვსძულდე მე, მამაიცა ჩემი სძულს. უკუეთუმცა არა ვქმენ საქმენი იგი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, ცოდვაიმცა არა აქუნდა. ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაიცა ჩემი".
ვისაც მე ვეზიზღები, მას ეზიზღება ჩემი მამაც. რომ არ მქონოდა გაკეთებული მათ შორის ისეთი საქმეები, რომლებიც სხვას არავის გაუკეთებია, მაშინ ცოდვაც არ ექნებოდათ. ხოლო ახლა კი საქმე აქვთ ნანახი, თუმცა სძულთ ჩემი თავიც და ჩემი მამაც, რომელმაც მომავლინა.
25. "არამედ რაითა აღესრულოს სიტყუაი იგი, რომელი სჯულსა მათსა წერილ არს, რამეთუ: მომიძულეს მე ცუდად".
ეს ყველაფერი ხდება, რათა აღსრულდეს სიტყვა, რომელიც არის დაწერილი მათ რჯულში: შემიძულეს მე ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მაცხოვარმა ყველაფერი გააკეთა, რათა ხალხს ყვარებოდა, მაგრამ ამაოდ. როცა ადამიანს დაბნელებული აქვს სულიერი თვალი, მისთვის სიკეთეც ჩანს, როგორც ბოროტება. რატომ არ უნდა ჰყვარებოდა ებრაელ ხალხს იესო ქრისტე? მას ხომ სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია. ისეთი სასწაულები, რომლებიც იესოს სახელს უკავშირდება, მანამდე ხომ არც ერთ წინასწარმეტყველს არ მოუმოქმედებია? ამიტომ არ არის გასაკვირი წმინდა კლიმენტის მისამართით ამგვარი სისასტიკე. წმინდანს კარგად ესმოდა საღვთო წერილის შინაარსი და მშვიდად შეხვდა ყოველგვარ განსაცდელს.
26. "ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის–მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაი, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის".
როცა მოვა ნუგეშინისმცემელი წმინდა სული, რომელიც მე გამოგიგზავნეთ ჩემი მამის მიერ, ეს იქნება ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის და ამოწმებს ჩემ შესახებ. ეს ყოველივე უკვე ემსახურება მოსწავლეების ნუგეშს, რადგან შეიძლება უიმედობამ შეგიპყროს ადამიანი, როცა წაიკითხავ ან შენი თვალით უყურებ იმ სისასტიკეს, რომელსაც ჩადიოდნენ ან ჩადიან ღვთის მტრები, როცა მორწმუნეებს დევნიან და ავიწროებენ. დღევანდელობა არაფრით განსხვავდება პირველი საუკუნეებისგან, აღარაფერს ვამბობთ კომუნისტურ რეჟიმზე. უბრალოდ, დღეს ბრძოლის მეთოდებია შეცვლილი.
27. "და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ".
ასე რომ, თქვენც დაამოწმებთ ჩემ შესახებ, ვინაიდან პირველივე წუთებიდან ჩემ გვერდით იყავით. ამოწმებს მამა ღმერთი, ამოწმებს სულიწმინდა ღმერთი, ამოწმებს ძე ღმერთი იესო ქრისტე, ამოწმებენ მოციქულები და ზოგადად წმინდანები. მაშ, რაღა დარჩა, შენც რომ დაიჯერო? არაფერი განსაკუთრებული, სჭირდება თავმდაბლობა.
1. "ამას გეტყოდე თქუენ, რაითა არა დაჰბრკოლდეთ".
ეს ყველაფერი გითხარით იმის გამო, რომ თქვენი სარწმუნოება არ შეირყეს.
2. "კრებულისაგან განგასხნენ თქუენ, არამედ მოვალს ჟამი, რაითა ყოველმან რომელმან მოგწყვიდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა".
განგდევნიან სინაგოგებიდან, მოვა დრო, როცა რომელიმე თქვენგანს მოკლავენ და ეს ეგონებათ ღვთივსათნო საქციელი. დევნა, რომლებიც ხორციელდებოდა იუდეველთა მხრიდან იესო ქრისტეს სიტყვის გავრცელების გამო, იყო ორი მიზეზით გამოწვეული, ერთი, რომ რელიგიურად იყვნენ გაუნათლებლები და მეორეც, ისევ რელიგიური ფუნდამენტიზმი. ორივე შემთხვევა საზიანო და მიუღებელია ღვთისთვის. სამწუხაროდ, ამას მხოლოდ იუდეველები არ სჩადიოდნენ, ასე მოქმედებენ დღემდე ყველა ქრისტიანობის მოწინააღმდეგეები, წარმართები თუ სხვა. ეს ეკლესიას კარგ სამსახურს უწევს, რადგან მტრების დახმარებით ეკლესიას მილიონობით წმინდანი ჰყავს. და, ვაი მათ, რომლებიც ამ მტრობაში იქნებიან მხილებულნი.
ვიფხიზლოთ, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენი თანამდებობის ან მდგომარეობის გამო მტრების როლში არ აღმოვჩნდეთ და მოულოდნელი არ გახდეს ჩვენთვის ჯოჯოხეთი, რომლისგანაც ყველა ჩვენგანი დაიფაროს ღმერთმა. წმინდა მღვდელმოწამე კლიმენტი რომაელი იყოს ყოველი ქრისტიანის მეოხი და მფარველი წინაშე ღვთისა ჩვენისა.
სიყვარულით, პროტოდიაკონი მირიანი. ამინ


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online