asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მამა გიორგი: "დღეს ყველას ენაზე აწერია უფალი და არა გულზე"
”სასულიერო პირს, პირველ რიგში, უნდა ჰქონდეს მადლმოსილება”
მამა გიორგი: "დღეს ყველას ენაზე აწერია უფალი და არა გულზე"

2011-12-14 11:31:26



წარმოშობით ხევსურია და ეს კუთხურობა მის ხასიათში აშკარად ჩანს. უსაზღვროდ უყვარს სამშობლო და პატრიარქი. როგორც საუბარში აღნიშნავს, მოძღვრობასაც სწორედ ეს დიდი სიყვარული უადვილებს.
ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის დეკანოზი, მამა გიორგი დორეული დღეს "გუმბათს" ესაუბრება.
- მამა გიორგი, გვესაუბრეთ სამრევლო საზოგადოების დღევანდელ მდგომარეობაზე. როგორია თქვენი თვალით დანახული მართლმადიდებლური სამწყსო და რა პრობლემები აქვთ მათ?
- 11 წელია, რაც სასულიერო პირი ვარ და შემიძლია ვთქვა, სულ სხვანაირი წარმომედგინა და სულ სხვანაირად დავინახე ჩვენი საზოგადოება. მეტი სიწმინდე, თავმდაბლობა, სიყვარული მეგონა ქართველ ხალხში. დღეს, მოსახლეობის 80%-ზე მეტი ეკლესიაში დადის, წირვა-ლოცვას ესწრება მეტ-ნაკლებად, თაყვანს სცემს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, უყვართ ჩვენი პატრიარქი, სინოდის წევრები, სამღვდელოება, აქედან გამომდინარე, მეგონა, ხალხში უფრო მეტი დადებითი იყო, მაგრამ გული მტკივა, რომ ეს ვერ აღმოვაჩინე.
უფალი ამბობს, ბაგეებით მადიდებენ და გული მათი განშორებულ არიან ჩემგანო, ზუსტად ეს ფრაზა შეიძლება ვთქვათ დღეს. ან თუნდაც, ერთ-ერთი მამის სიტყვები - დღეს ყველას უფალი აწერია ენაზე, და არა გულზეო. ადამიანი ენით უფრო წარიწყმინდება, ვიდრე ცხონდება. ცხოველი, ცოცხალი რწმენა ვერ დავინახე მე ჩვენს საზოგადოებაში. შესაძლოა, 10, 20 წლის წინ უარესი მდგომარეობა იყო, მაგრამ ახლა რასაც ვუყურებ, ბოდიშს ვიხდი მკითხველის წინაშე, ჩემი აზრით, კომუნისტების დრო სჯობდა დღევანდელ დროს. რა გაგებით? მაშინ სამსახოვანი ადამიანი არ არსებობდა. ან იყო მორწმუნე, ან მთლად ურწმუნო. დღეს კი, ძალიან რთული სურათია.
- ბევრი ამბობს, რომ დღეს, ერთგვარად, მოდური ტენდენციაა ეკლესიურობა.
- ნამდვილად მოდაშია, მეტ-ნაკლებად ვეთანხმები ამ აზრს. რატომ? ავიღოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი, ჩაცმულობა, ვარცხნილობა, სიტყვა-პასუხი, ერთმანეთთან დამოკიდებულება, ოჯახში, საზოგადოებაში ურთიერთობა, ნებისმიერ ამ მოღვაწეობის ჟამს, სად არის ჩვენში ქრისტე? ამიტომ, ჯერ კიდევ რომელ საუკუნეში ამბობს დიდი მამა იოანე ოქროპირი: უბედურო, ეკლესიის სული უნდა გაიტანო და მოჰფინო ქვეყანას და შენ ერის სული შემოიტანე ეკლესიაში? ამ ყველაფერს რომ ვუყურებ, მახსენდება წინასწარმეტყველება, სადაც ბოლო ჟამის საზოგადოებასა და კაცობრიობას ახასიათებენ. სამოციქულოში წერია, ბოლო ჟამის ადამიანები იქნებიან უყვარულნი, გაუმაძღარნი, ვერცხლისმოყვარენი, მომხვეჭველნი, ერთმანეთის მაბეზღარნი და სხვა. და ამ ყველაფერში დღევანდელი საერო ქადაგებებით ჩვენი ხელისუფლება პირდაპირ უწყობს ხელს ადამიანებს.
მახსოვს, ერთი პერიოდი, ე.წ. ვარდების რევოლუცია ახალი მომხდარი რომ იყო, ტრაფარეტები გამოაკრეს - გიყვარდეთ ერთმანეთი. ამის პარალელურად კი ვრცელდებოდა განცხადებები, სადაც ანონიმურობის გარანტიით ერთმანეთის დაბეზღებისკენ მოუწოდებდნენ ადამიანებს. შესაძლოა, თქვენ თქვათ, რა შუაშია მოძღვარი და ეს თემა, მაგრამ შუაში კი არა, თავშია. ყველა ის ტკივილი და პრობლემა, რაც დღეს საზოგადოებაში ხელისუფლების მხრიდან არის გამოწვეული, დამერწმუნეთ, თითოეულ მოძღვარს დააწვა მხრებზე. მე ხშირად ვამბობ, ჩვენს ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ყოველთვის რთული იყო მოძღვრობა. მაგრამ დღეს რომ რთულია, არ ვიცი, ასეთი რთული თუ იყო როდესმე. ალბათ, იმ პერიოდში, როცა საქართველოს გარკვეული ნაწილები ურჯულოებს ეკავათ.
- რა განაპირობებს ამ სირთულეს? უფრო ვრცლად გვესაუბრეთ, მამაო.
- იმაზე არაა საუბარი, მრევლს შინაგანად რამდენად სწამს, არ სწამს, შენ გემორჩილება თუ არა, ჯერჯერობით, ამ წუთს ამაზე არ ვსაუბრობ. ამდენი პატიმარი, ამდენი სამსახურიდან გამოძევებული ადამიანი, ამდენი შეჭირვებასა და განსაცდელში მყოფ მშობელთა შვილები, მოზარდი თაობა, ამდენი საქართველოდან წასვლის მსურველი. სანამ ლოცვა დაიწყება, სადღესასწაულო, თუნდაც შაბათ-კვირის მსახურება, დილიდან უკვე გულმკვდარი ხარ ამდენი ცრემლიანი, სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანის მოსმენით. აქ მოსულა ხალხი, არც თუ ძალიან ასაკოვანნი და ჩუმად უთქვამთ, მამაო, დამსახურებული პედაგოგი ვარ, მშიერი მყავს შვილები და იქნებ, 2 ლარი მომცე, რომ პური ვიყიდოო.
- ამ უბანში ხომ შედარებით შეძლებული ადამიანები ცხოვრობენ, აქაც პურის ფულს ითხოვენ? გამიკვირდა.
- ვაკე და საბურთალო არაფერ შუაშია. საერთოდ, შეძლებული ადამიანი უფრო წუწურაქი, ხელმომჭირნე და ძუნწია. მაგრამ რეალურად, ხალხს ისე გაუჭირდა, ვისაც შეეძლო, აქ სახლები გაყიდეს და გარეუბნებში იყიდეს, რომ დროებით პურის ფული ჰქონოდათ. ადამიანთა ასეთი გაჭირვება გადადის თითოეულ მოძღვარზე, მარტო ამიტომ არის სასულიერო პირობა მძიმე. როდესაც ხალხი ასეთი დათრგუნული, გაღიზიანებული, სასოწარკვეთილებაშია, მომიტევოს უფალმა და ჩვენმა სამღვდელოებამაც, თუ სწორად ვერ გამოვთქვამ, მაგრამ ამ ფონზე ძალიან დიდი ენერგია გჭირდება. ერთ კაცს უნდა დაუჯდე და იმდენი ესაუბრო, რომ სისხლის ბოლო წვეთამდე დახარჯო ენერგია და იმ დღეს, შესაძლოა, როგორც უფალი ამბობს, დანარჩენი 99 ცხვარისთვის აღარ ვარგოდე. წარმოიდგინეთ, დღეში რამდენი ადამიანი მოდის და გეუბნება, განვიკითხე, გავღიზიანდი, ცუდი სიტყვა ვთქვი, გავლანძღე, ხელისუფალი შევაგინე. ღმერთმა შემინდოს, მე, მამა გიორგი დორეული ვამბობ, რომ ამ თემაზე მრევლს შეგნებულად არ ვსაყვედურობ, რადგან მათ მიიყვანეს ადამიანები იმ ზომამდე, რომ განიკითხონ. თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, რომ ვთქვათ, ისაა მცნება, არა განიკითხო, კარგად გაიაზრონ მამათა ქადაგებები, იგივე, გრ. ღვთისმტყველი, თუ ბასილი დიდი წერს, არ მახსოვს, ღმერთმა შემინდოს, შენ თუ იმას ამბობ, რომ შენ ვინმემ განგიკითხა და მან შესცოდა, იმაზეც იფიქრე, რომ შენც არ მისცე სხვას განკითხვის მიზეზიო.
- თქვენ ამბობთ, რომ მატერიალური მდგომარეობა გავლენას ახდენს ადამიანთა სულიერებაზე?
- მე ვამბობ, რომ მატერიალური მდგომარეობა ხშირად განაპირობებს ადამიანის სულიერ მდგომარეობას. ვგულისხმობ ერს და ერში მყოფ სასულიერო პირებს. ერში მყოფი სასულიერო პირი ვინ არის? ის ერისგან განუყოფელია. მას ეხება ყველა ის ყოფითი პრობლემა, რაც სხვა ნებისმიერ ადამიანს. შესაძლოა, მღვდელი სახლიდან ისე გამოხვიდე, რომ საკუთარმა შვილმა გითხრას, მამა მშია, სკოლაში მაქვს გადასახადი და ა.შ. შენ კი ამ ყველაფერს შენში თრგუნავ და მოდიხარ ეკლესიაში, სადაც გხვდება კიდევ თვალცრემლიანი სულიერი შვილი, ღმერთმა შემინდოს, მე, ალბათ, ჯერჯერობით, არ ვარ იმ სულიერ სიმაღლეზე, რომ ანგელოზები გამომეცხადონ და ვინმეს ვუთხრა, არა უშავს, დღეს შენ ბალახი ჭამე და თავი შეიკავე რაღაცისთვის. ამიტომ ვამბობ, რომ ეს სულიერ-მატერიალური მდგომარეობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.
ალბათ, იშვიათი იქნება მოძღვარი, რომელიც არ დამეთანხმება, თითქმის, არ არსებობს დღე, თუ გაქვს, საკუთარი ჯიბიდან გარკვეული თანხა არ გაიღო გაჭირვებული ადამიანისთვის, თუ არადა, თუ იმ წუთში არ გაქვს, იღებ მესანთლისგან, რომ ის რამდენიმე ლარი მისცე შენთან მოსულ ადამიანს. კვირის ბოლოს კი ვალი გაქვს მესანთლესთან...
არამარტო სიტყვიერად და სულიერად, მატერიალურადაც ეხმარება დღეს მოძღვარი ხალხს... მოძღვრის მადლმოსილება არის სიყვარულში. როცა შენ შეყვარებული ხარ შენს ხალხზე, საზოგადოების ტკივილებს სიყვარულით უდგები, მართლა ალალად წაივლებ ჯიბეზე ხელს და დაეხმარები. ამიტომ ვსაუბრობ, რომ ნებისმიერი არაწესიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ვარდების რევოლუციის შემდეგ, აწვება თითოეულ მოძღვარს. აქ ბევრი პროფესორი, აკადემიკოსი, ყოფილი მინისტრი მოსულა, ზოგი მიცვნია, ზოგი ვერა და უთქვამთ, ამა და ამ წლებში, ამა და ამ თანამდებობაზე ვმუშაობდი, მამაო, და 5 ლარი ხომ არ გაქვთ, რომ შვილები დავაპუროო. ამ ფონზე გამოდი ამბიონზე და უქადაგე ამ საზოგადოებას.
- მაგრამ ქრისტიანობა ხომ მოთმინებასაც გულისხმობს, მამაო.
- მე აქეთ გეკითხებით, არ ითმენს დღეს ქართველი ხალხი? საქართველოში უცხოელი უფრო ბევრს შოულობს, მას უფრო ხელშეწყობა აქვს, ვიდრე ჩვენს თანამემამულეს. დღეს, შეიძლება ქართველ ხალხზე ვინმემ თქვას, რომ ვერ იტანენ რამეს, ან ვინმეს და მის უაზრო გამოსვლებს. ქართველი ხალხი, ამ თვალსაზრისით, დიდ ქრისტიანობას ამჟღავნებს, ვგულისხმობ, ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებას. მღვდლის ჯვარს ეს ტკივილი უფრო მეტად ამძიმებს.
- რა გიმსუბუქებთ ამ ჯვრის ზიდვას?
- პირველ რიგში, მადლი ღვთისა, სულიწმინდა გვიადვილებს ჩვენს მსახურებას და შემდეგ სამშობლოსა და პატრიარქის უზომო სიყვარული. მე ერთი სასმისით ვსვამ საქართველოსა და პატრიარქის სადღეგრძელოს, რადგან ჩემთვის საქართველო და პატრიარქი, ორივე ერთია. მერე შენი ღირსება, რასაც ჩვენ, ხევსურები, კაი ყმობას ვუწოდებთ. ადრეც მითქვამს, ჩემთვის ყველაზე ბედნიერი, სანეტარო იყო ის 12 წელია, რომლებიც პატრიარქის გვერდით გავატარე. მქონდა ბედნიერება, საპატრიარქოში მეცხოვრა. დიდება უფალს, ქართველობა ხომ საერთოდ ჯილდოა.
- თქვენი აზრით, რა არის საჭირო იმისათვის, რომ მღვდელი თავისი სულიერი შვილების მოძღვარი გახდეს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეს მათ ქრისტეს გზაზე.
- სასულიერო პირს, პირველ რიგში, უნდა ჰქონდეს მადლმოსილება. ახასიათებდეს რწმენაში სიმტკიცე. არ შეიძლება, მოძღვარმა სახარებას გადაუხვიოს და მრევლს თავისი პირადი აზრები მოახვიოს. მოძღვარი არ არის მოსამართლე და მსაჯული, არამედ საღმრთო მადლის გამტარებელი. ზოგიერთი ცხვარი ჯიუტია, ზოგი მორჩილი, ზოგს უნდა სდიო, მაგრამ არც ერთი გეზარება, რადგან მწყემსი ხარ, მწყემსი კეთილი. მწყემს კეთილს გმართავს სიყვარული. შენთან მოსული ადამიანის ტკივილი და სიხარული თუ გესმის, მის სულსა და შინაგან სამყაროში ადვილად შედიხარ და წარმოგიდგენია ის ტკივილები, რაც მას აღსარებაში სტკივა. მამათა ცხოვრებიდან მახსენდება ასეთი ეპიზოდი, ერთი ბერი ცოდვაში დაეცა და იმდენად განიცადა, რომ სინანულის ზღვარს გადააჭარბა და სასოწარკვეთაში გადავიდა. როცა აღსარება ჩააბარა, მოძღვარმა ასე ანუგეშა, მეც მაგ ცოდვაში ვარ ჩავარდნილი, ნუ ნერვიულობ, ჩვენი სულები ერთად ვიგლოვოთო. ეს მიდგომა აუცილებელია მრევლთან. უფალი ბრძანებს, დამწყსეთ ცხოვარნი ჩემნი. ეს სიტყვები ყოველთვის მიტრიალებს თავში, როცა ჩემთან მოდიან ადამიანები და ვსაუბრობთ. თუ ღვთის სიყვარული და შიში გაქვს, ყველაფერს მიაღწევ.
- საერთოდ, მკაცრი მოძღვრის სახელი გაქვთ. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?
- ბევრისგან მსმენია, ჩემზე უთქვამთ, მამა გიორგი ძალიან მკაცრიაო. მე ასეთ შეკითხვას ვსვამ, რას ნიშნავს სიმკაცრე? თუ მოვედით, რისთვის მოვედით? ადამიანმა უნდა იცოდეს, რა უნდა ეკლესიაში. ეკლესია არის მაცხოვნებელი. გინდა ცხონება? იყავი აქ, ეკლესიის იქით მგლები იტაცებენ. საავადმყოფოში რომ მიდის ადამიანი, თუ ექიმის მორჩილების ქვეშ არ იქნება, ხომ ვერ განიკურნება? ასევეა აქაც. რას ამბობს ჩვენი მამა გაბრიელი, ვინ ცხონდებაო? ვინც მოინდომებს, ის ცხონდება. ეკლესია დგას სიყვარულსა და მორჩილებაზე.
ალბათ, საუკუნეების განმავლობაში, წყეულს, ეშმაკს ისეთი სიხარული არასდროს ჰქონია, როგორიც დღეს აქვს, რადგან თუნდაც, იგივე კომუნისტების დროს, ეკლესიის დევნა პირდაპირი იყო და ჩანდა, რომ უარყოფდნენ ღმერთს. მაგრამ დღეს ყველაფერი შეფარულია.
- მაინც, რას უკრძალავთ მრევლს?
- მაგალითად, მე რომ წამყვანი პოლიტიკოსი ვიყო და მქონდეს ძალაუფლება, ზოგადად, დედის გინებაზე ძალიან მკაცრ სასჯელს დავაწესებდი და საკუთარი დედის გინებაზე კი - ციხეს, მინიმუმ ნახევარწლიანს. ბიბლიაში წერია, წყეულიმც იყოს კაცი, დედ-მამის მაგინებელი და საკუთარ დედას აგინებ? ერთ-ერთი მამა წერდა, ვინც იგინება, მას რომ ჰკითხო, დედაშენს აგინებო? რა თქმა უნდა, გეტყვის - არა, აბა, დედაჩემს აგინებო, არაო. გამოდის, რომ ყოველთა დედას ვაგინებთ? აი, ამას რომ აუკრძალავ, მკაცრი ხარ. მეძავს რომ მეძავობას აუკრძალავ, ნარკომანს რომ ეუბნები, ნარკოტიკი გადააგდე, ცოლს რომ ეუბნები, ცოტა თავმდაბლობა, მორჩილება გამოიჩინე, მრავლისმეტყველება, თავხედობა და გენდერული თანასწორობა კი არა, შვილო, თავი ცოლისა არის ქმარი, ვითარცა უფალი თავი არის ეკლესიისა. მერე ქმარს რომ ეტყვი, ისე უნდა უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი, ვგულისხმობ ისეთ ქმრებს, რომლებსაც დღეში რამდენი ცოლი ჰყავთ, არავინ იცის, ამას რომ აუკრძალავ, რა თქმა უნდა, მკაცრი ხარ. გეუბნები, ცხონება თუ გინდა, ასე ვერ ვცხონდები და ამას ქვია სიმკაცრე? ახლა, მარხვის პერიოდია და რას ამბობს უფალი სახარებაში? ბოროტი რით იძლევა? მხოლოდ და მხოლოდ მარხვითა და ლოცვით. ხალხს ეს აღარ უნდა. ძალიან რთული დროა. იწყება მარხვა და არ წყდება ტელეფონის ზარი. 10-დან 9 ადამიანი, ნებისმიერი ასაკისა, იმაზე საუბრობს, რომ რაღაცა აწუხებს და სურს, მარხვისგან გათავისუფლდეს ან შეუმსუბუქდეს. დღეს ასეთი სურათია. ყოველთვის ითხოვენ მარხვისგან გათავისუფლებას, ან შეღავათს. დღეს, როდესაც საკვები თითქმის არ არის და თუ არის, ისიც მოწამლულია, როდესაც ჰაერი გამონაბოლქვით მოწამლულია, ვინ არის სრულიად ჯანმრთელი? სამღვდელოების 80% დაავადებულია ფიზიკურად, მაგრამ რომელიმეს უთქვამს, რომ მე მარხვას არ შევინახავ. მე ვსვამ ასეთ შეკითხვას, მარხვით მკვდარი კაცი გინახავთ? ჭამით მკვდარი კაცი კი, მე პირადად, მინახავს. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენში რწმენის ნაკლებობაა. ან კიდევ, ახალი წელი მოდის და ყველა კითხულობს, პატრიარქმა მოგვცა ლოცვა-კურთხევა თევზის მიღებაზე? კარგი რა, კუჭიდან იწყება და კუჭშივე მთავრდება ჩვენი რწმენაც და მარხვაც, აი, მე ეს დავინახე ამ წლების განმავლობაში. მრევლს მე ყოველთვის ვეუბნები, შემოხვედი აქ, მესაუბრები სულის ცხონებაზე? მაშინ ვისაუბროთ. მაგრამ, როცა გავცდებით ეკლესიის ჭიშკარს, კი ბატონო, მერე ვიხუმროთ. თუ სიტყვა-პასუხში, ქართულ ქრისტიანულ აზროვნებაში მაჯობო. აღსარებაში მრევლი ძალიან ხშირად მეუბნება, მამაო, განგიკითხეო. არა უშავს-მეთქი. ყველაზე კარგი ისაა, რომ ამას აღიარებენ და იცით, რატომ? სხვებთან არ გარბიან და არ ასაღებენ ცოდვებს. მე მათ ვეუბნები, ჩვენ ერთად ვიზრდებით. მღვდლობაში შენ მე უნდა გამომზარდო. მთავარია, ის მითხრა, რატომ განმიკითხე, რამ დაგაბრკოლა, რომ სხვასთან იგივე აღარ გავიმეორო. მოძღვარი მრევლის სახეა და მრევლი - მოძღვრისა, ამიტომ არის, რომ ადამიანი ბოლოს ღვთისგან ან დაჯილდოვდები შენი საქმეებიდან გამომდინარე, ან წარიწყმინდები. შენი არჩევანია, საითკენ აიღებ გეზს. მე სულ ვეუბნები მრევლს, მეგობრებს, ცხოვრების მართვა უნდა ისწავლოთ. ყველას სიტყვაზე რომ გაბრაზდე, გეტკინოს, არა... ერთ ჩვენს დიდებულ წინაპარს უთქვამს, 2 ყური რატომ გაქვს, იციო? ერთს ქვია ისმინე, მეორეს ისხლიტე. ასე რომ, რაც მტკივნეულია, უნდა გაისხლიტო და გაატარო.
- მამაო, თქვენ ბევრი შვილი გყავთ და ამიტომ გკითხავთ, მრევლის შემოწირულობით, რამდენად ახერხებს მრავალშვილიანი მოძღვარი ოჯახის რჩენას?
- მე ხუთი შვილი მყავს, მაგრამ ბევრი - არა. ხუთი შვილი ბევრი არ არის. აქ, ჩვენს ტაძარში, მამა თეიმურაზი მეშვიდე შვილს ელოდება, მამა მიქაელს ცხრა შვილი ჰყავს. რაც შეეხება ოჯახის რჩენას, მოძღვარი როგორ არჩენს ოჯახს, უჭირს თუ არ უჭირს სულიერად, გონებრივად, ფიზიკურად, ფინანსურად, ამ ყველაფერს, მრევლის მისადმი ყურადღება განაპირობებს. მოძღვარი არ არის ბიზნესმენი, ის დაკავებულია შენი პრობლემით. თუ ფსალმუნი ვერ წაიკითხა, ღამე რამდენ მეტანიას ასრულებს თავისი სულიერი შვილებისთვის, ეს არავინ იცის. და დღევანდელი მოძღვრები, თუ ყველა არა, 98% არის მოღვაწე, მოსიყვარულე ჩვენი ერისა და ეკლესიისა. მოძღვრისადმი ყურადღებასა და შემოწირულობაზე ჯერ კიდევ მოციქულები საუბრობდნენ და თავად მაცხოვარიც ამბობს. როდესაც უფალმა ათი კეთროვანი განკურნა და მადლობის შესაწირად მხოლოდ ერთი მოტრიალდა, მაშინ მაცხოვარმა უთხრა, განა ათნივე არა განიკურნენ, ცხრანი იგი სადა არიანო. სხვაგან ამბობს, წადი, შესაწირი შესწირე მღვდელს. თუ მოძღვარი სუფთად ჩაცმული სუფთა მანქანიდან გადმოდის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ყველა პრობლემა მოგვარებული აქვს. ბევრჯერ მე თვითონაც სახლიდან ისე წამოვსულვარ, რომ ჯიხურში პურის, ძეხვისა და კარაქის ვალი მქონია, მაგრამ რახან საზოგადოებაში არ ვტირი და როგორც ქართველი და ხევსური ამაყად დავიარები, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა არა მაქვს.
- მამაო, საუბარში აღნიშნეთ, რომ თითქმის ყველა სახის ხალხურ საკრავზე უკრავდით, ახლაც უკრავთ ხოლმე?
- ჩემი პირადული იმდენად დამძიმდა, რომ ამის ხალისი აღარ მაქვს. მე ვინც მიცნობს, მათ იციან, რომ ჩემთვის ყველაზე მთავარია უფლის, სამშობლოსა და მერე იმ ადამიანების სიყვარული, ვინც გარს მარტყია. იმდენი ხალხი გარდამეცვალა, გული ძალიან მეტკინა. ამ წლის 14 აგვისტოს ძმა გარდამეცვალა, ბერი ანდრია. ბოლო პერიოდში აღიკვეცა ბერად. 10 წლის წინ, დედა გარდამეცვალა. ერთმა ახლობელმა ჩემს ხელში დალია სული. ახლახანს ბებია დავკრძალე. ამიტომ შემიძლია ვთქვა, მე უფრო ბევრს ვტირი, ვიდრე ვხალისობ.
- აბა, სიხარულს რა განიჭებთ?
- სიხარულს რა მანიჭებს? საქართველოს კეთილდღეობა, მეტი აღარაფერი. უფროსმა შვილმა წელს სკოლა დაამთავრა, შინაგანად მიხარია, მაგრამ ვეღარ გამოვხატავ. მე საქართველოს სადღეგრძელოს, დედის მოსაგონარს ცრემლების გარეშე ვერ ვსვამ, არ შემიძლია. სუფრასთანაც კი, თუ ვინმეს ჰგონია, როდესაც მეგობრებთან, თუნდაც მამებთან ვარ, იქ ვხალისობ, ცდება, იქაც სულ ცრემლებია. თავს არავის ვაცოდებ, ჯვარი მწერია, მაგრამ საქართველოსთვის დაღვრილი ცრემლი კი არა, სისხლიც მადლით ნაკურთხი იქნება ჩემთვის, თუ ამას მაღირსებს უფალი. მე არ ვყოფილვარ იერუსალიმში, ათონის მთაზე. ერთი ჩვენი მრევლი, ერთ-ერთი ტურისტული ფირმის თანამშრომელი იყო და ორი წელიწადი მეხვეწებოდა, იერუსალიმში წაგიყვანო, არ მინდა-მეთქი, მადლობთ. ჩემი იერუსალიმი აქ არის. რაც აქ სალოცავი, მადლი და სიწმინდეა, ნეტა, ყველასთან მუხლი მომადრეკინა, ერთი სანთელი დამანთებინა და ჩვენი წინაპრების ხსოვნა მათქმევინა.
- ბოლოს, მამაო, რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ამ ინტერვიუს წაიკითხავენ?
- შენდობას ვთხოვ ყველას, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს და გაღიზიანდება, მაგრამ მე მზად ვარ, ჩემს ყოველ ნათქვამზე პასუხი ვაგო.
ეფემია წიკლაური


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online