| ქალი და მამაკაცი |

ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სოსო შატბერაშვილია. დაახლოებით თორმეტი წელია, რაც პარტიაშია, თუმცა, მანამდეც ჩართული იყო პოლიტიკაში. პროფესიით ინჟინერია, ამ სფეროში გარკვეული პერიოდი იმუშავა და წარმატებებსაც მიაღწია, მაგრამ მერე თავი მიანება. პროფესიით რომ ვერ მუშაობს, ამას ძალიან ნანობს. აქვე იმასაც ამბობს, რომ საქართველოში საინჟინრო მეცნიერება მოკვდა და ამ სფეროში იმიტომ ვეღარ მუშაობს. ასეა თუ ისე, დღეს მისი მთავარი საქმე პოლიტიკაა. ბატონი სოსო დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა, საიდანაც ახლახანს დაბრუნდა. ჩვენ გადავწყვიტეთ შევხვედროდით მას და სხვა საკითხების გარდა, მის ბრიტანულ შთაბეჭდილებებზეც გვესაუბრა. თუ რა მიზნით იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, რა პირობა მისცა ლონდონში მცხოვრებ ქართველ ქალბატონს და რატომ ითვლიდა უკან დასაბრუნებელ დღეებს, ამ ყველაფერს ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ბატონო სოსო, წლებია ხალხი გიცნობთ როგორ პოლიტიკოსს, რა პროფესიის ბრძანდებით?
- ინჟინერი გახლავართ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სამეცნიერო სამუშაოზე ვიყავი. ასპირანტურა დავამთავრე, შემდეგ - დოქტურანტურა. აკადემიკოსი გახლავართ. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო მენეჯერთა აკადემია მაქვს დამთავრებული. მეცნიერ-მუშაკი გახლდით და ამ სფეროში დიდხანს ვიმუშავე. სამოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომი მაქვს გამოქვეყნებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ვარ ათი გამოგონების ავტორი.
- არ ნანობთ, რომ პროფესიით ვეღარ მუშაობთ?
- კი, ძალიან ვნანობ, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის. საქართველოში მეცნიერება მოკვდა, აღარ არსებობს, მით უმეტეს, საინჟინრო მეცნიერება. ყველა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დაიხურა, მეცნიერ-მუშაკები შეამცირეს და ბევრი ამერიკაში წავიდა სამუშაოდ. იქაურ უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობენ, ამერიკელი პროფესორები გახდნენ. საქართველომ ეს ადამიანები დაკარგა. ელემენტარული ხელფასიც რომ ჰქონოდათ, აქედან არ წავიდოდნენ. საერთოდ, სიხარულით ემიგრაციაში არავინ მიდის. ახლა, მეც ვიყავი ოთხი თვით საქართველოდან წასული და სიმართლე გითხრათ, ყოველდღე ველოდი უკან წამოსვლას. ბოლო ორი კვირა უკვე საათებს ვითვლიდი, რომ მალე დავბრუნებულიყავი, მიუხედავად მთელი იმ პრობლემებისა, რაც ჩვენს ქვეყანაშია. ემიგრაციაში წასულთა 95% აქედან იძულებით არის წასული. დანარჩენები არიან ისინი, ვინც ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდნენ. მაგალითად, ებრაელები და ბერძნები, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში წავიდნენ. ისინიც კი გულისტკივილით იხსენებენ საქართველოდან წასვლას და ამბობენ, რომ დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდით, რადგან ჩვენ ორი სამშობლო გვაქვსო.
- რამდენი წელია, რაც პოლიტიკაში ჩაერთეთ და რამ გადაგადგმევინათ ეს ნაბიჯი?
- 1988 წლიდან ჩავერთე, როდესაც ეროვნული მოძრაობის აღზევება დაიწყო. მანამდე, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დიდი გულშემატკივარი გახლდით. მათ მიერ გამოცემული "ოქროს საწმისი" ხელში მივარდებოდა ხოლმე. არადა, ამ გამოცემების შოვნა და წაკითხვა ძალიან რთული იყო. გამსახურდიასთან დაახლოებული პირები მაძლევდნენ ერთ ეგზემპლარს და შემდეგ ამას ვავრცელებდი. ამ ჟურნალის მიმართ ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ხელიდან ხელში გადადიოდა. ამის გამო მე დაბარებული ვიყავი ჩემი ინსტიტუტის პირველ განყოფილებაში, რომელიც "კგბ"-ს ფუნქციასაც ასრულებდა. მითხრეს, რომ ასეთი საქმიანობისთვის თავი დამენებებინა. ჩემი პოლიტიკოსობა მაშინ მხოლოდ ამით შემოიფარგლა. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ყველამ იცოდა ზვიად გამსახურდია ვინ იყო და ჟურნალი "ოქროს საწმისი" წაკითხული ჰქონდათ. ყველა მიტინგსა და აქციას ვესწრებოდი, ეროვნულ მოძრაობაში ჩართული ვიყავი, მაგრამ არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ.
- ლეიბორისტული პარტიის წევრი როდის გახდით?
- 1999 წელს, როდესაც შალვა ნათელაშვილმა ლეიბორისტული პარტია შექმნა, მოვედი და მის გვერდით დავდექი. უკვე თორმეტი წელია, რაც ამ პარტიის წევრი გახლავართ.
- როგორც ცნობილია, რამდენიმე თვე დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდით და ახლა დაბრუნდით. რა მიზნით იყავით იქ წასული?
- დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ვიყავი. იქ წასვლის ჩემი უპირველესი მიზანი იყო, რომ შევხვედროდი იქაური ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელობას. გარდა ბრიტანეთისა, უელსის ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელობასაც შევხვდი, რომელიც ჯერ კიდევ ხელისუფლების სათავეშია. ასევე ჩემი მიზანი იყო ისიც, რომ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შევხვედროდი. იქ უამრავი ასეთი ადამიანია, რომელსაც ამ ქვეყანაში აღარ დაედგომოდა. მათ შორის, ჩვენი პარტიიდან წასულებიც არიან. ბევრ მათგანს ბრიტანეთის მოქალაქეობის სტატუსი ჯერ კიდევ არ მიუღია. კიდევ ძალიან მინდოდა ლონდონის ქართული ტაძარი მენახა და მრევლს შევხვედროდი. მართლაც ვნახე ეს ეკლესია და ზიარებაც მივიღე. ბრიტანეთში წასვლა კიდევ იმიტომ მინდოდა, რომ ინგლისური ენა უკეთესად ამეთვისებინა. ნორმალურად ვფლობ ამ ენას, თუმცა, იქ პრაქტიკა გავიღრმავე. სამი-ოთხი თვე იძულებული ვიყავი, მხოლოდ ინგლისურად მელაპარაკა. კიდევ მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ის, რომ იქ არამარტო ქართველ ემიგრანტებს შევხვდი, არამედ საქართველოდან დევნილ არაქართველებს, რომლებსაც ეროვნების გამო ჩვენი ხელისუფლება დევნის. მათ ერთ-ერთ წარმომადგენელს გოდერძი ნადიროვს შევხვდი. ეს ადამიანი ეროვნებით იეზიდია. რატომღაც ამ ერს მიხეილ სააკაშვილი ზედმეტად ჩაგრავს. სხვათა შორის, ეს ადამიანი ქართული მენტალიტეტის მქონეა, ქართულად არის მონათლული და ჩვენი ქვეყნის პატრიოტია. მან თქვა, იძულებული გავხდი, საქართველოდან წავსულიყავიო. გოდერძი იქაური ქართული ეკლესიის მრევლია.
- როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით იქიდან?
- შთაბეჭდილება ასეთია, რომ, როდესაც ბრიტანელ პოლიტიკოსებს ვესაუბრებოდი და ვეუბნებოდი, კაპიტალისტური ქვეყანა ხართ-თქო, ეწყინათ. მითხრეს, ჩვენ სოციალისტური ქვეყანა ვართო და ეს ამიხსნეს კიდეც. იქ ჯანდაცვა უფასოა, სასწრაფოდან დაწყებული, ოპერაციებით დამთავრებული. ყველაფერს ბიუჯეტი იხდის, არანაირი სადაზღვევო მედიცინა არ არსებობს. რაც შეეხება განათლებას, ფასიანია, მაგრამ არის უფასოც მათთვის, ვისი მშობლებიც უმუშევრები არიან. მათ გადასახადს სახელმწიფო უხდის. ეს არის იმ ქვეყნის მოდელი, როგორიც ჩვენს პარტიას უნდა, ქვეყანაში რომ დანერგოს, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში მოვალთ. ჯოხის ერთი აქნევით არაფერი ხდება, ყველაფერს თავისი დრო სჭირდება, რომ ქვეყანა დალაგდეს.
- ბრიტანეთში თქვენი ხარჯებით ბრძანდებოდით?
- არა, მე ვიყავი მიწვეული არასამთავრობო ორგანიზაციიდან. ეს ორგანიზაცია მუშაობს ზუსტად დევნილებისა და ლტოლვილების საკითხზე. ქვეყანაში დევნილების ყოლა არც მოსახლეობას აწყობს და არც ხელისუფლებას, რადგანაც ეს ყველაფერი ბიუჯეტს აწვება. მათ არ უნდათ, რომ დევნილთა რიცხვი გაიზარდოს და პირიქით, ამის შემცირებაზე ზრუნავენ. ძალდატანებით არ ყრიან არავის, მაგრამ სურთ ნებაყოფლობით დააბრუნონ ემიგრანტები თავიანთ ქვეყნებში. სწორედ ამიტომ მიგვიწვიეს მე და სხვა ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომ მოეძიებინათ ინფორმაცია, თუ რატომ არის საქართველოდან დევნილობის ასეთი მაღალი პროცენტი. ასე რომ, ყველა ხარჯი მთლიანად მათ დაფარეს, თუმცა, მე არ მიცხოვრია ხუთვარსკვლავიან სასტუმროში და არ მიფრენია ბიზნესკლასის თვითმფრინავით. ეკონომკლასის თვითმფრინავით გავემგზავრე და ორვარსკვლავიან სასტუმროში ვცხოვრობდი, პატარა ოთახში.
- ოთხი თვე იმყოფებოდით ბრიტანეთში და ალბათ, იქაურობა ძირფესვიანად დაათვალიერეთ.
- კი. მაგრამ თავდაპირველად რომ ჩავედი, არც ვესტმინსტერის სააბატოში წავსულვარ, არც პარლამენტის შენობაში. პირველი, რაც გავაკეთე, იყო ის, დილით რომ გავიღვიძე გოდერძი ნადიროვს ვთხოვე ქართულ ეკლესიაში წავეყვანე. უდიდესი ბედნიერება იყო ჩემთვის, როდესაც ლონდონის, ამ ოცდაორმილიონიანი ქალაქის ცენტრში ასეთი წარწერა წავიკითხე: "საქართველოს საპატრიარქო - დიდი ბრიტანეთისა და დასავლეთ ევროპის ეპარქია". ქართული წარწერის წაკითხვისას წარმოუდგენელი ემოციები მქონდა და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
- საქართველოში რამდენად ხშირად ახერხებთ ეკლესიაში სიარულს?
- ვცდილობ, ეკლესიურად ვიცხოვრო. ვერ გეტყვით, რომ ჩემი ეკლესიურად ცხოვრებით კმაყოფილი ვარ. თუმცა, მეამაყება ის, რომ ეკლესიურად ვცხოვრობდი მაშინ, როდესაც ჩემს მეგობრებს წითელი ყელსახვევები და კომკავშირელის ნიშანი ეკეთათ. სიონის ეკლესიის მრევლი ვიყავი. იმ დროს ჩვენი პატრიარქი იყო უწმინდესი ეფრემ მეორე. იმ დროის საზოგადოებაში ტაძარში სიარული არათუ სირცხვილად ითვლებოდა, არამედ საშიში იყო ჩემი მშობლებისთვის, იმიტომ, რომ ჩემ გამო ისინი შესაძლოა სამსახურებიდან გამოეყარათ. ნამდვილი მრევლი და ქრისტიანი სწორედ მაშინ ვიყავი. დღეს კი ისეთი დონის ქრისტიანი ვერ ვარ, როგორიც მინდა, რომ ვიყო. ჩემი გარკვეული ცოდვები მაქვს, მაგრამ მაინც მეამაყება, რომ მართლმადიდებელი ვარ და არა ქრისტიანობის სხვა განშტოების მიმდევარი. ბრიტანეთში ყოფნისას ბევრ ანგლიკანსა და კათოლიკეს შევხვდი და სიამაყით ვეუბნებოდი, რომ მე მართლმადიდებელი ვარ-თქო. ბევრი მეკითხებოდა, ქართველები კათოლიკეები ხართო? ვპასუხობდი, ქართველი ვარ და მაშასადამე, მართლმადიდებელი-თქო.
- ლონდონში მდებარე ქართულ ეკლესიაზეც გვიამბეთ, ახალი აშენებულია თუ რესტავრაცია გაუკეთდა?
- ეს არის უძველესი ტაძარი, რომელიც ქართველმა მრევლმა და ბიზნესმენებმა შეისყიდეს. ეს ეკლესია ისევ ანგლიკანური სტილით არის, სკამები დგას შიგნით, თუმცა, ნელ-ნელა მისი გადაკეთება მოხდება, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიის. გარდა ამისა, ლონდონში არის რუსული ეკლესია, სადაც ჩვენი მრევლი დადიოდა, სანამ ქართული ტაძარი აშენდებოდა. კათოლიკური ეკლესიებიც მოვინახულე, მაგრამ სანთლები არ დამინთია. როგორც არქიტექტურული ძეგლები, ისე დავათვალიერე. ქართულ ტაძარში ერთი ქალბატონი იყო, რომელიც სანთელს არიგებდა. თურმე, იქ სანთელი უფასოა. იმ ქალმა მითხრა, რომ უფალმა ლონდონში ტაძარი გვაღირსა და გთხოვთ, იაროთო. რატომღაც მრევლი არც ისე დიდია. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ლონდონი დიდია და ყველა ცენტრში სიარულს ვერ ახერხებს. ძალიან მესიამოვნა ამ ქალბატონის ასეთი დამოკიდებულება, რომ იქ შესულ ქართველებს ეკლესიაში სიარულისკენ მოუწოდებდა. მე მისი არც გვარი ვიცი და არც სახელი. მაგრამ შესაძლოა, ეს ჟურნალი წაიკითხოს. იქ ქართულ ჟურნალებს და მათ შორის, თქვენს ჟურნალსაც კითხულობენ. იმ ქალბატონს პირობა მივეცი, რომ თუკი როდესმე მე ან ჩემი ოჯახის წევრებს ლონდონში ჩასვლა მოგვიწევს, აუცილებლად გავხდებით ლონდონის ქართული ეკლესიის მრევლი.
- საქართველოში რომელი ეკლესიის მრევლი ხართ?
- ვერ გეტყვით, რომ რომელიმე ეკლესიის მრევლი ვარ. ყოველთვის ვიყავი სიონის მრევლი, მერე კი, როდესაც ჩემს სახლთან, ე.წ. შანხაის დასახლებაში, ეკლესია აშენდა, ახლა უკვე იქ დავდივარ. პატარა და ძალიან მშვენიერი ეკლესიაა ჩემს სახლთან და ყველაზე ხშირად იქ დავდივარ. საერთოდ, ქრისტიანისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ტაძრის მრევლი იქნება. ყველა ტაძარი ქრისტეს სახლია. ჩემი მშობლებიც კი, რომლებიც ათეიზმის დროს ცხოვრობდნენ, მაინც მორწმუნეები იყვნენ, მაინც ანთებდნენ სანთელს, პირჯვარს იწერდნენ, კვერცხებსაც ღებავდნენ. ოღონდ მარხვა არ იცოდნენ, არც სახარება ჰქონდათ წაკითხული. პირველი სახარება რომ დაიბეჭდა, ეგრევე წავიკითხე და მშობლებსაც ვუყვებოდი. ყველა ხარბად მისმენდა ხოლმე. მართალია, მე წავიკითხე ლეო ტაქსილის სახალისო სახარება და ბიბლია, რითაც შესაძლოა დიდი ცოდვა ჩავიდინე. ეს წიგნები ხომ ბიბლიისა და სახარების დაცინვაა, ამიტომ მე უკუღმა ვკითხულობდი. მაგალითად, რომ ეწერა ქრისტემ წყალი ღვინოდ აქციაო, ეს სისულელეაო, მე ამას პირიქით ვგებულობდი. მართალია, ათეისტი ლეო ტაქსილი ქრისტეს ძალასა და შესაძლებლობებს უარყოფდა ამ წიგნში, მაგრამ თვითონ ფაქტები ხომ რეალობა იყო. ანუ სად დაიბადა ქრისტე, როგორ სცეს მწყემსებმა თაყვანი, მოგვებმა რა იწინასწარმეტყველეს და ა.შ. ასე გავეცანი სახარებასა და ბიბლიას. მერე უკვე ნამდვილი სახარება რომ გამოიცა, შევიძინე და ლეო ტაქსილის სახალისო სახარება სახლიდან მოვაცილე. სახლში მაგ წიგნის გაჩერება სწორი არ არის.
- ბატონო სოსო, ცოტა თქვენს ოჯახზეც გვესაუბრეთ.
- ორი შვილი მყავს. ბიჭი იურისტი, გოგონა ექიმია. გიორგი ოცდახუთი წლის არის, ნინო - ოცდასამის. ჩემი გოგონა გათხოვილია, შვილი ჰყავს და უკვე მეორესაც ელოდება. სხვათა შორის, ჩემი ქალიშვილი ძალიან მორწმუნეა და იმავე ტაძრის მრევლი გახლავთ, სადაც მე დავდივარ ხოლმე. ხანდახან ჩემს გოგონას თეთრი შურით ვუყურებ, რომ ასე ეკლესიურად ცხოვრობს. ახლაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ფეხმძიმედ არის, მაინც მარხულობს.
- შვილიშვილი რამხელაა?
- პატარა ქეთევანი წლინახევრისაა. დედას სულ დაჰყავს ეკლესიაში და ზიარებასაც იღებს ხოლმე. მეორმოცე დღეს მოვნათლეთ. მახსოვს, ისეთ გაყინულ წყალში ჩასვა მამა ანტონმა, რომ იქ მყოფებს შიშისგან სული შეეხუთათ, არ გაცივდესო. მაგრამ მე ვუთხარი, რომ ნათლობის დროს ცივი წყალი არასდროს გახდება ავადმყოფობის მიზეზი-თქო. ქრისტიანობა ისეთი რელიგიაა, რომ მასთან დაკავშირებული ყველაფერი ჯანმრთელობისა და სულისთვის სასარგებლოა.
- თქვენი მეუღლე რა პროფესიის არის და რას საქმიანობს ამჟამად?
- ჩემი მეუღლე მანანა სეფიაშვილი ექიმია. ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობს, რომელიც ორი წელია გაიყიდა. მისი თანამშრომლები ხიზნებად არიან. ეგ შენობა კომპანია "ავერსის" მფლობელმა პაატა კურტანიძემ იყიდა. ინფექციური საავადმყოფო ისეთი დანიშნულების არის, რომ მისი დაცლა გამოიწვევს პანდემიას. ხალხი შესაძლოა იმის გამო დაიხოცოს, რომ ინფექციური სამსახური აღარ იარსებებს.
- თქვენი მეუღლე თქვენს პოლიტიკოსობას როგორ ეგუება?
- მოსწონს და ამასთანავე, ეშინია, რომ ამის გამო ჩემს ან ჩემი შვილების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. ხშირად გაისმის ჩემ მიმართ მუქარის ზარები. ამან რომ აღარ გაჭრა, ჩემს შვილებსაც შეეხენ. ჩემს მიმართ რომ არის მუქარა, ეს ჩემი პირადი პრობლემაა. მაგრამ, როდესაც შვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრებიან, ეს ყველაზე ვერაგული საქციელია. სულ ვაფრთხილებდი ჩემს ბიჭს, როდესაც გარდატეხის ასაკში იყო, რომ ფრთხილად ყოფილიყო. მეშინოდა, ვინმეს სპეციალურად არ გაეხვია შარში იმის გამო, რომ ჩემი შვილი იყო.
- შვილებს არ უფიქრიათ, რომ მამის კვალს გაჰყოლოდნენ და პოლიტიკაში ჩართულიყვნენ?
- არც ერთს არ უნდათ პოლიტიკოსობა. მათ თავიანთი საქმე აქვთ და უკვე აირჩიეს თავიანთი გზა. მეც არ გავხდებოდი პოლიტიკოსი, ჩვენს ქვეყანაში ინჟინრის პროფესია რომ არ მომკვდარიყო.
თეონა კენჭიაშვილი


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"დეპრესიის დროს ადამიანი ღირსებას კარგავს"
დღეს თამარობაა
ხსენება წმინდისა ახალმოწამისა გრიგოლ მეხუთისა, კონსტანტინეპოლის პატრიარქისა
კასპში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდება












დღეს ამაღლებაა
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება 

დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ცხოვრება წმინდისა მამისა ათანასე დიდისა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ნიკოლოზობას აღნიშნავს
მეუფე იაკობმა უდაბნოს მონასტრის ნიშთან შეკრებილ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა
უდაბნოს მონასტრის ნიშთან პარაკლისი სრულდება
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა
აზერბაიჯანელები გარეჯის სადავო ტერიტორიაზე აღარ ჩანან
მეუფე იაკობი - სასულიერო პირების მიმართ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კორექტულები არიან
პატრიარქის პატარა სტიქაროსანს ორივე ფეხზე პროთეზი უკეთია 






































































