| ქალი და მამაკაცი |

მეტეხის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში თეთრწვერა მოძღვარს შეხვდებით, მრევლს რომ გულში იხუტებს და ეფერება. ასაკოვან ადამიანებს "ჩემო პატარა"–თი მიმართავს, უფრო ახალგაზრდებს კი "ჩიტებს" და "გვრიტებს" ეძახის. ზოგჯერ ტუქსავს, თუმცა იმ დატუქსვითაც კი ესიყვარულება. ეს მოძღვარი, სახასიათო იუმორით, დეკანოზი მამა რაფაელია (ხაჭაპურიძე). ასაკი რომ ვკითხეთ, გვიპასუხა, ჩემი ხნის ქვა აღარ დაგორავსო. ის პირველი სასულიერო პირია, ვინც მეტეხის წმინდა სავანეს, კომუნისტებისგან თეატრად ქცეულს, ფაქტობრივად თავისი პირვანდელი ფუნქცია დაუბრუნა. თავის საგვარეულოში პირველი სასულიერო პირი გახლავთ, ხოლო შთამომავლობაში, შეიძლება ითქვას, მოძღვართა მთელ შტოს დაუდო სათავე.
მისი ვაჟიშვილი – მამა დავითი, შვილიშვილები – მამა ლუკა და მამა იოსები, ასევე სიძეები სხვადასხვა ტაძარში არიან მღვდელმსახურები. 76 წლის მოძღვარს 3 შვილი, 14 შვილიშვილი და 5 შვილთაშვილი ჰყავს. მეუღლე, ქალბატონი ელენე (ელისაბედი), გვერდით აღარ ჰყავს, წლინახევრის წინ გარდაეცვალა.
მამა რაფაელი მეტეხის ტაძარში კვეთებულის, გახსნის და ლახვრით ლოცვებს აღავლენს. ერთი კვირა მამა აკაკისაა (მელიქიძე), ხოლო მეორე კვირა – მამა რაფაელის. ამ მადლმოსილი მამების სასწაულებრივი ლოცვების შედეგად არაერთი ადამიანი განკურნებულა როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად. მამა რაფაელთან ჩვენს ინტერვიუს მეტეხის ტაძარში მრევლიც ესწრებოდა, მოძღვარს ლახვრით ლოცვისთვის ელოდებოდნენ. მათ "სარკეს" ძალიან საინტერესო მასალა მიაწოდეს, რასაც ინტერვიუს დასასრულს შემოგთავაზებთ.
– მამა რაფაელ, რა გზა გაიარეთ, სანამ ტაძრამდე მიხვიდოდით?
– ჩემს ბავშვობაში რელიგიურ პირები იდევნებოდნენ. ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარის საშუალო სკოლა დავამთავრე. ბებიაჩემი ძალიან მორწმუნე იყო. სულ მარიგებდა, ბებო, ცხოვრებაში ცუდი არაფერი გააკეთო, თორემ ხომ იცი, ცოდო და მადლი ასე დადისო, ანუ ერთმანეთის გვერდიგვერდო – თითებით მანიშნებდა. თუ სიკეთეს გააკეთებ, ცხოვრებაში წინ დაგხვდება, თუ სიგლახეს გააკეთებ, დაისჯებიო, მეუბნებოდა. მისგან ვისწავლე, რომ ადამიანების მიმართ სითბო და სიყვარული უნდა გქონდეს, სიბოროტე არ უნდა ჩაიდინო. ასეა: რა სიკეთესაც დასთეს, იმ სიკეთით მოიმკი.
მაშინ მოქმედი ეკლესიები არ იყო. ცოლი შევირთე და ოჯახთან ერთად თბილისში, მთაწმინდის ქუჩის 13 ნომერში ვცხოვრობდი (ახლა ბესიკის ქუჩაა). მამადავითის სახელობის ეკლესიაში დავდიოდით, თუმცა იქ წირვა–ლოცვა არ აღესრულებოდა. ტაძარს მხოლოდ ხუროთმოძღვრების ძეგლად გამოიყენებდნენ – ტურისტები მოდიოდნენ ხოლმე დასათვალიერებლად. როცა ეს ეკლესია მოქმედი გახდა, პირველი ერთი წელი მამა სოკრატე (ჭულუხაძე) აღავლენდა ლოცვებს, მერე – მეუფე ზოსიმე (შიოშვილი), მაშინ მღვდელი გახლდათ... მეუღლე მყავდა მორწმუნე, ძალიან კარგი ადამიანი, სიკეთის განსახიერება. ღვთისმსახურების გზაზე რომ დავდექი, ყველანაირად შემიწყო ხელი... ალბათ ღმერთსაც კარგი უნდაო, ამბობენ – სამწუხაროდ, შარშან გარდაიცვალა.
– თქვენს შთამომავლებში არაერთი სასულიერო პირია, ისინი სად მოღვაწეობენ?
– მყავს ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი. ჩემი ვაჟი, დავითი, მღვდელია, ადრე წმინდა ლაზარეს სახელობის ეკლესიაში მსახურობდა (6 შვილი ჰყავს, სხვათა შორის, თავის უმცროს შვილს ლაზარე დაარქვა), ახლა ვაკეში, მე–9 საავადმყოფოს ეზოში რომ ტაძარია, იქ წირავს. ჩემი ქალიშვილების ქმრებიც მღვდლები არიან: ერთი, მამა კონსტანტინე (ჯიოევი), სტავროპოლში ცხოვრობს და მსახურობს, მისი ვაჟიშვილებიც უკვე მღვდლები არიან (ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავთ), მეორე სიძე – მამა თეოდორე (ამბროლაძე) დიდუბის ეკლესიაში მოღვაწეობს. მე ჯერ ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში ვეწეოდი მღვდელმსახურებას, შემდგომ მეტეხის ტაძარში გადმომიყვანეს.
– თავის დროზე წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში წმინდანად შერაცხული მეუფე ზინობი (მაჟუგა) და სასწაულებით ცნობილი მამა ვიტალი (სიდორენკო) მოღვაწეობდნენ. მათთან ურთიერთობა გქონდათ?
– მეუფე ზინობი ტაძრის წინამძღვარი იყო, ძალიან კაცთმოყვარე და მოსიყვარულე ადამიანი გახლდათ, მან ჩვენი პატრიარქი, ილია მეორე აკურთხა ბერად. წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაშია დაკრძალული.
მამა ვიტალი კი ჩემი მოძღვარი გახლდათ. იცით, როგორი თავმდაბალი იყო? მე ხომ უბრალო მოძღვარი ვიყავი – დაიჩოქებდა ჩემ წინაშე და მეტყოდა ხოლმე, მამაო, დამლოცეო. ეს ძალიან მაკვირვებდა და გულზე მხვდებოდა, მეც ვიჩოქებდი და ვეხუტებოდი.
მეტეხის ტაძარში რომ გადმომიყვანეს (მოგეხსენებათ, ერთხანს, კომუნისტების დროს, აქ თეატრი იყო), ხალხი მოდიოდა და კითხულობდა, ბილეთები სად იყიდებაო. მოძღვარი მრევლის შემოწირულობით ცხოვრობს, სხვა საარსებო წყარო არ გააჩნია. მამა ვიტალიმ იცოდა, რომ აქ ხალხის ნაკლებობა იყო, მასთან კი ბევრი მორწმუნე დადიოდა. როდესაც მას მოსახსენიებელს მისცემდნენ, თავის მომვლელს გამოატანდა ხოლმე ჩემთან, მამა რაფაელს გადაეციო, შიგ ფულიც იყო, ერთხელ ათასი მანეთი იდო – მაშინ ეს ძალიან დიდი ფული იყო... ასეთი სიკეთითა და მადლით სავსე ადამიანი გახლდათ. შემდეგ ხალხმა შეიგნო, რომ აქ ეკლესიაა და სიარული დაიწყო. სხვა მღვდლებიც მოავლინეს მსახურებისთვის.
– სხვა ქვეყნის მართლმადიდებლურ ტაძრებშიც შემოწირულობით ცხოვრობენ მღვდლები?
– მაგალითად, რუსეთში ხელფასს იღებენ. გარდა ამისა, ტაძრებში არის ნუსხა, ოფიციალური გადასახადი მღვდლის მომსახურებისთვის, მაგალითად, ჯვრისწერისთვის, ჯვრის კურთხევისთვის და ა. შ. ჩემს სიძესთან, მამა კონსტანტინესთან რომ ჩავედი სტავროპოლში, იქ მრევლის ბინა ვაკურთხე. ოფიციალური გადასახადის გარდა, მათ მცირე შესაწირიც გაიღეს, მითხრეს: "ეტო ნა ჩაიოკ, ბატიუშკა". ღმერთს ვევედრები, რომ ჩემი სულიერი შვილები და მათთან ერთად ყველა, ვინც ეკლესიაში დადის, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს, კარგად გვიმყოფოს, სულიერი სიმშვიდე, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა არ მოაკლოს. მათი კარგად ყოფნით მეც კარგად ვარ.
– თუ ყოფილა შემთხვევა, რომ კვეთებულის და ლახვრით ლოცვების დროს უარყოფითი ენერგია მოძღვარზე გადმოსულა?
– უარყოფითი ენერგია გადადის მოძღვარზე და შეიძლება ძალიან ცუდად გახდეს. ერთხელ სასწაული მოხდა: ლახვრით ლოცვას ვუტარებდი ქალბატონს, რომელიც ძალიან ცუდად იყო და ლოცვის დროს მკლავი გამიჩერდა (ლახვრით ლოცვა ასე სრულდება: მოძღვარი სპეციალურ ლოცვას კითხულობს და თან წმინდა საგნით, ლახვრით, ჯვარს სახავს ავადმყოფს დაავადებულ ადგილას – ავტ.). ის ქალი თავადაც შეწუხდა. ნახევარი საათი ლახვარი ვეღარ ჩავატარე. მერე ცოტა ხანს გავედი საკურთხეველში და კვლავ აღმიდგა ხელის მოძრაობა.
– ის ქალი განიკურნა?
– ღმერთმა განკურნა.
– რატომ ხდება, რომ ადამიანი რასაც გაურბის, მაინცდამაინც იმას ვერ ასცდება ცხოვრებაში?
– ამას ბოროტი უვლენს. ბოროტი, როდის იყო, თავისნაირ ბოროტს ებრძოდა?! ის მხოლოდ კეთილებს ებრძვის. ბოროტი ბოროტთანაა, კეთილი – კეთილთან. ადამიანი უნდა ეცადოს, სიკეთით და სიყვარულით იცხოვროს. ამასთან, რწმენაში უნდა გაძლიერდეს, რომ ბოროტთან გამკლავება შეძლოს.
– რატომ ხდება, რომ ადამიანი როცა თავის ნაფიქრს სააშკარაოზე გამოიტანს, თითქოს ამით ითარსება? ავი თვალი რეალურად არსებობს?
– ადამიანს თავის გზაზე ათასი თვალი და გული, მრავალი უარყოფითი ენერგიის მატარებელი ხვდება. ამიტომ, სახლიდან გამოსულმა, პირჯვარი უნდა გარდასახოს გზასაც, თავის თავსაც და იმ ადამიანებსაც, ვისაც, იცის, რომ უარყოფითი ენერგია აქვს. ასეთ ადამიანებს თავისი გეგმების შესახებ არაფერი უთხრას. თუ პიროვნება შეკრულია, ასეთ დროს გახსნის ლოცვებს ვუკითხავთ. ჯვრის გარდასახვა თვალითაც შეიძლება, მაგრამ უმჯობესია ხელით გადავწეროთ. უნდა ვთქვათ: "უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი" ან "მიუტევე ამას ცოდვები", რომ ცუდი არ გააკეთოს და სიკეთით იყოს.
– დაფიცება რატომ ითვლება ცოდვად?
– ჩვენი უფალი გვეუბნება, რომ დაფიცება საჭირო არ არის, ადამიანი თავად უნდა იყოს კეთილი გულის და გონების, რომ მისი ირწმუნონ. ზოგი ფიცს დებს და მერე მაინც სიგლახეს აკეთებს. ძველი სჯულის კანონში ნათქვამია, რომ ადამიანი თუ პირობას დადებს ან რამეს ჩაუთქვამს, ის უნდა შეასრულოს. მაგალითად, შესაწირავი რომ იციან ცხვრის სახით, ღმერთი შენგან არაფერს ითხოვს, მაგრამ, რადგან ჩაუთქვი, კეთილი ინებე და შეასრულე, შენი გული დაწყნარებული რომ იყოს. თუ ცხვარს დაკლავ, ხალხს უნდა აჭამო, კი არ უნდა იქეიფო, ნახარში წვენიც კი უნდა დაილიოს, გადაღვრა არ შეიძლება, რადგან საღვთოა. ხოლო ცხვრის თავ–ფეხი და შიგნეული მიწაში უნდა დაიმარხოს, ძაღლმა, კატამ ან გარეულმა პირუტყვმა რომ არ ახლოს პირი.
– ერთმა სამშობლოსთვის გულანთებულმა პიროვნებამ სიყმაწვილეში აღთქმა დადო, რომ არასოდეს იქნებოდა თავის ქვეყანაზე ბედნიერი და მას შემდეგ, რამდენჯერაც ქვეყანა აირევა, ეს მის პირად ცხოვრებაზეც აისახება. როგორ უნდა მოიხსნას მან ეს ფიცი?
– ეს შესაძლებელია ტაძარში გახსნის ლოცვებით. ზოგჯერ წინაპრები წყევლიან შთამომავალს, მაგალითად, შვილს, შვილიშვილს და ეს წყევლა მე–9 თაობაზე გადადის. ასეთ დროს აუცილებელია იმ ადამიანებისთვის გახსნის ლოცვების წაკითხვა, რასაც დიდი ძალა აქვს.
– ჩვენი წინაპრები ინახავდნენ შვილების მოჭრილ თმას. ეს რაიმე მაგიურ რიტუალს ხომ არ უკავშირდება?
– ბავშვს რომ ნათლავენ, ზოგჯერ მშობელს ურჩევენ, მოჭრილი თმა ხატის ქვეშ შეინახოს. ხატი სიწმინდეა და მის ქვეშ თმას რა უნდა?! უნდა წაიღონ სადმე სუფთა ადგილას და ხის ძირში დაფლან. ხოლო თუ ვინმეს შენახული აქვს, ეს საშიში არ არის, მისგან არანაირი ენერგეტიკა არ მოდის.
– დღესაც არის ძველთაგან შემორჩენილი ხალხური შელოცვები შიშზე, გათვალვაზე, მაგალითად, ნახშირით და შავტარიანი დანით...
– ეს ეშმაკისეულია და ადამიანებმა მსგავს გრძნეულებას არ უნდა მიმართონ! ზოგჯერ ამის გამო ცუდად ხდებიან და მერე ჩვენ მოგვმართავენ საშველად. ქრისტიანებმა უნდა წავიკითხოთ ლოცვები, ტროპარები, კონდაკები წმინდანების მიმართ. ტაძარში აღვავლინოთ პარაკლისები.
– არსებობს მეჭეჭებზე ხალხური შელოცვა, რაც ზოგჯერ შედეგიანია. შეიძლება თუ არა ქრისტიანული ლოცვებით მეჭეჭების მოცილება?
– ხალს და მეჭეჭებს ლახვარი აქრობს. აგერ ამ ადამიანს ჰქონდა და ჯობია, მან ისაუბროს (ახალგაზრდა ქალზე მიგვითითებს – ავტ.).
– დიდი მადლობა, გულისხმიერი საუბრისთვის, მამაო, დაგვლოცეთ!
– ღმერთმა დაგლოცოთ, უამრავი წელი კარგად გამყოფოთ, სულიერი სიმშვიდე, დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და ყოველივე სიკეთე მოგმადლოთ!
...
"სარკეც" უსურვებს მამა რაფაელს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს, რათა ღვთის ნებითა და თავისი მადლმოსილი ლოცვებით კიდევ მრავალ ადამიანს დაუბრუნოს სულიერი თუ ფიზიკური სიმრთელე. ახლა კი მრევლიდან იმ ადამიანებს მოვუსმინოთ, რომლებმაც პირადი გამოცდილებიდან სასწაულებრივი შემთხვევები გვიამბეს.
თამარ სოლოღაშვილი, მსახიობი:
– მკერდზე გაღიზიანებული ხალი მქონდა. მამა რაფაელმა ლახვრით ლოცვა სამჯერ წამიკითხა და ხალი მომძვრა. ონკოლოგთან მისვლა აღარ დამჭირდა.
მყავს 4 წლის შვილი, ნიკოლოზი. ადრე მას გაუვალობა დაემართა და საავადმყოფოში, რეანიმაციის განყოფილებაში მეწვინა. ოპერაცია გარდაუვალი იყო. რენტგენის სურათი მამა რაფაელს მოვუტანე. მან ლახვრით ლოცვა წაუკითხა, რენტგენის სურათს ლახვრით ჯვარი გარდასახა და მითხრა, ნუ გეშინია, შვილო, ბავშვს ოპერაცია არ დასჭირდება, წმინდა ნიკოლოზი დაიფარავს და გადაარჩენსო... ექიმებმა ოპერაციის წინ ბავშვი რენტგენზე შეიყვანეს. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა – რენტგენზე ჯვარი იყო გამოსახული, ხოლო ბავშვს საოპერაციო არაფერი სჭირდა.
ქეთევან ტაბატაძე:
– ონკოლოგიურის პაციენტი ვიყავი, მკერდის კეთილთვისებიანი სიმსივნე დამიდგინეს. მამა რაფაელთან ათი ლახვრით ლოცვა ჩავიტარე. თავს უკეთესად ვგრძნობ.
დავით ხიხაძე (სტიქაროსანი):
– მე ოჯახში ექიმები მყავს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მედიცინა უძლური აღმოჩნდა, დიაგნოზი ვერ დამისვეს. უკაცრავად და, ჩირქად ვდნებოდი. ლოგინად ჩავვარდი. ბოლოს ვეღარც საჭმელს ვიღებდი და ვეღარც სასმელს. 2007 წლის 13 იანვარს, შაბათ დღეს, თავიდან დავიბადე. ღამით სიზმარი ვნახე, დილით კი, უკიდურესად დაუძლურებული, ფეხზე წამოვდექი და ტაძარში წასვლა გადავწყვიტე. დედამ მირჩია, მეტეხის ეკლესიაში წავსულიყავი. როცა მეტეხის ტაძარს მივუახლოვდი და შევხედე, მივხვდი, რომ ეს ზუსტად ის ეკლესია იყო, რომელიც სიზმარში ვნახე – მესიზმრა, თითქოს შემხვდა ნაცნობი მოძღვარი, თუმცა ვერ აღვიქვი, ვინ იყო. მდინარის პირას, ხევის თავზე ტაძარი, ქვით და აგურით ნაშენები, გუმბათიანი, ტაძრად შეწირული სახლი დამანახა.
მეტეხის ტაძარში რომ შევედი, გალესილი კედლები და იქ დაბრძანებული ხატები ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც მესიზმრა. როცა აღსავლის კარი გაიღო, გამობრძანდა მოძღვარი ოქროსფერი წვერით, ოქროსფერმოსასხამიანი, ზუსტად ისეთი, როგორიც სიზმარში ვნახე. ეს მამა რაფაელი გახლდათ. წირვის დასასრულს, როგორც წესი, ჯვარს უნდა ვმთხვეოდი. როდესაც მივედი, მამაომ ისე გადმომხედა, ბავშვს რომ დაუძახებს მშობელი, ეზოდან ამოდიო. თვითონაც მელოდა ალბათ... მას შემდეგ მოვმჯობინდი, აღარ ჩავწოლილვარ, ტაძარში სიარული დავიწყე. მამა რაფაელი გახსნის ლოცვებსაც მიკითხავდა.
დაახლოებით 4–5 თვის შემდეგ დაავადება შემიბრუნდა და სახის დეფორმაცია მივიღე. ტაძარში მოვედი, მამა რაფაელი კვეთებულის ლოცვას აღავლენდა. მამაო, მიშველე–მეთქი, ვთხოვე. განა მე ვერ ვხედავ, რომ შველა გჭირდებაო – მიპასუხა. ლახვრით ლოცვა ჩამიტარა, მესამე დღეს კი მაზიარა. იმ დღიდან მოყოლებული დღემდე, ჯვარი მწერია, არაფერი მაწუხებს. ახლახან მამაომ სტიქარით შემმოსა.
ნანა კობახიძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"დეპრესიის დროს ადამიანი ღირსებას კარგავს"
დღეს თამარობაა
ხსენება წმინდისა ახალმოწამისა გრიგოლ მეხუთისა, კონსტანტინეპოლის პატრიარქისა
კასპში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდება












დღეს ამაღლებაა
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება 

დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ცხოვრება წმინდისა მამისა ათანასე დიდისა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ნიკოლოზობას აღნიშნავს
მეუფე იაკობმა უდაბნოს მონასტრის ნიშთან შეკრებილ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა
უდაბნოს მონასტრის ნიშთან პარაკლისი სრულდება
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა
აზერბაიჯანელები გარეჯის სადავო ტერიტორიაზე აღარ ჩანან
მეუფე იაკობი - სასულიერო პირების მიმართ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კორექტულები არიან
პატრიარქის პატარა სტიქაროსანს ორივე ფეხზე პროთეზი უკეთია 






















































































