asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას ჰოლანდიური ცხოვრება
რამ გააქცია თბილისიდან ცნობილი წყვილი
ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას ჰოლანდიური ცხოვრება

2010-11-24 13:37:57



მას შემდეგ, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, მერაბ ჟორდანია უძველესი ჰოლანდიური საფეხბურთო გუნდის "ვიტესის" მფლობელი გახდა, მისი ოჯახის წევრების ცხოვრებაც შეიცვალა. მერაბის და, ხათუნა ჟორდანია, თავისი ქმარ–შვილით ჰოლანდიაში გადასახლდა. ცოლ–ქმარს, ხათუნას და ყოფილ "ქუჩის ბიჭ" ზურა ხაჩიძეს, ბოლო წლებში საქართველოში ძალიან გაუჭირდათ, ფინანსურ პრობლემებს ვეღარ უმკლავდებოდნენ. ამიტომაც მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. ევროპული ცხოვრების რიტმს უკვე შეეგუენ, თუმცა ნოსტალგია ხშირად ახსენებთ თავს.

ცოტა ხნის წინ ზურა და ხათუნა რამდენიმე დღით საქართველოში ჩამოვიდნენ. თუ როგორ ცხოვრობს ცნობილი თბილისური წყვილი ჰოლანდიაში, რას საქმიანობენ, როგორია მათი ცხოვრების ტემპი, ზურა ხაჩიძე გვიამბობს.

– ბოლო წლებში თქვენს ცხოვრებაში ნეგატიური ამბები ერთმანეთის მიყოლებით მოხდა – დაიშალა ჯგუფი "ქუჩის ბიჭები", დარჩით სამსახურის გარეშე, კონცერტებზე აღარ გამოდიოდით... როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი რამ გამოიწვია?

– "ქუჩის ბიჭები" სცენაზე უმძიმეს წლებში გამოდიოდა, მაგრამ მაშინ შოუბიზნესი საინტერესო იყო, კარგი მუსიკა იქმნებოდა, კონცერტები მუდმივად ტარდებოდა... ახლა მდგომარეობა აბსოლუტურად შეცვლილია. მომღერლის წარმატება მოსახლეობის მატერიალურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ჩვენს ბოლო ტურნეზე მაყურებელი მოვიდა, მაგრამ დარბაზში ვერ შემოვიდა, რადგან ბილეთის ყიდვის საშუალება არ ჰქონდათ. აი, მაშინ მივხვდით, რომ საქმე ცუდად იყო. ფაქტობრივად, 2007 წელს დავიშალეთ, როცა საპროტესტო აქციაზე გამოვედი და განცხადება გავაკეთე. ჯგუფმა არსებობა შეწყვიტა.

– ანუ ჯგუფი პოლიტიკური მოსაზრებების გამო დაიშალა?

– 2007 წლამდე არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გაგვიკეთებია. აქციაზე გავაკეთე უბრალო განცხადება, რომ ხელისუფლებას ხალხისთვის მოესმინა. არ მომიწოდებია, ვინმე გადავაყენოთ ან პოსტიდან ჩამოვაგდოთ–მეთქი. ჩემი მხრიდან აგრესიული განცხადებები არ გაკეთებულა. ვთქვი, ღმერთი გფარავდეთ და თქვენს გვერდით მიგულეთ–მეთქი. მე იმ ადამიანების გვერდით დავდექი, რომლებიც წლების მანძილზე ჯგუფის ცხოვრებას თვალს ადევნებდნენ და გვქომაგობდნენ. შეიძლება ამის გამო მომღერალი დაბლოკო, პრობლემები შეუქმნა, კონცერტებზე არ მიიწვიო?! 2007 წლამდე უამრავ კონცერტზე გამოვდიოდით. ჩემი განცხადების შემდეგ კი ვერ დამისახელებთ კონცერტს, სადაც ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა. საახალწლო კონცერტზეც კი აღარ გვეპატიჟებოდნენ. ყველა მღეროდა, "ქუჩის ბიჭები" და "ფორტე" კი ამ ყველაფრის მიღმა რჩებოდა.

– ამ განცხადების გამო ჯგუფის წევრებმა ხომ არ გისაყვედურეს?

– მე და გურამიკოს ამაზე გვქონდა ლაპარაკი. მითხრა, ამის თქმა რად გინდოდაო, მაგრამ მე პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და ამიტომ გურამიკოსაცაღარ გამოუთქვამს პრეტენზია. დავრჩით უსახსროდ. იყო საღამოები, სადაც კონკრეტულად მე ვიყავი დაბლოკილი, შავ სიაში ვეწერე. გული მწყდება, რომ ამდენი წლის ნამუშევარი თითქოს წყალში ჩაიყარა. თუმცა წლები გადის, მაგრამ ხალხის სიმპათიას და სიყვარულს მაინც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

– რამდენიმე თვის წინ ჰოლანდიაში გადახვედით საცხოვრებლად. როგორ მიეჩვიეთ იქაური ცხოვრების რიტმს?

– ჩემმა ცოლის ძმამ, მერაბ ჟორდანიამ, ჰოლანდიაში საფეხბურთო გუნდი "ვიტესი" იყიდა. მას ჩემი და ხათუნას თანადგომა სჭირდება, უამრავი საქმე აქვს მოსაგვარებელი და ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით. მერაბისთვის მე ვარ ისეთი ადამიანი, რომლის ნდობაც შეიძლება და ამიტომაც უნდა, მის გვერდით ვიყო. ამ ქვეყანაში ჩემი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ უმუშევარი ვიყავი. ჩემს ოჯახს ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ სიძნელეებს არ შევუშინდით. გასაჭირის დროს უფლის მფარველობას ყოველ წამს ვგრძნობდი. მერაბს უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული. 49 წლის ასაკში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. ის პირველი უცხოელია, რომელმაც ეს გუნდი იყიდა და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას ვეუბნები ღმერთს. უკიდურესად რთულ მდგომარეობაში ვიყავით და ხელი მოგვემართა.

– ვინ იდგა ასეთი გაჭირვების დროს თქვენ გვერდით? ოჯახს როგორ არჩენდით?

– მეხმარებოდნენ ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები და ის ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვარ. არც ერთი სამსახურის კარი ჩემთვის არ გაიღო. გულწრფელად გეტყვით, რომ რამდენჯერმე მოვსინჯე და ვიღაცეების კაბინეტებში მივედი, მაგრამ მხოლოდ ფუჭი დაპირებები მომცეს და გამომისტუმრეს. ხათუნა რომ ფეხმძიმედ იყო, ვიფიქრე, შევეშველები, ვიმუშავებ, ბოლოს და ბოლოს იურიდიული განათლება მაქვს–მეთქი, მაგრამ ვერაფერი შევძელი. მერე მცდელობაც აღარ მქონია, რომ სამუშაო მომეძებნა, რადგან ვიცოდი, როგორი პასუხითაც გამომისტუმრებდნენ.

– ჰოლანდიაში რას გააკეთებთ, გექნებათ სტაბილური სამსახური და კარგი ანაზღაურება?

– ნელ–ნელა ვსწავლობ ენას, რომელიც ძალიან რთულია, ინგლისური ენა გარკვეულ დონეზე ვიცი, მაგრამ გაღრმავება მჭირდება. მერაბს უნდა მივეხმარო და გვერდში დავუდგე.

– მისი თანაშემწე იქნებით?

– არა, თანაშემწე არ ვიქნები. ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და ამას ვერ ჩავიბარებ. რაღაც ეტაპებია გასავლელი, სამუშაო ვიზა არ მაქვს, ამიტომ, კანონით, მუშაობას ვერ შევძლებ. ეს ყველაფერი რომ მოწესრიგდება, კონკრეტულად მეცოდინება, რას გავაკეთებ. ახლა იქ მაქვს საქმე, რომ მივხედო ჩემს შვილს, მერაბის შვილებს, სტუმრებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან, დავესწრო თამაშებს... იქ ამ ტიპის საქმეები მაქვს. სამომავლოდ ალბათ სამუშაო ვიზაც მექნება და ისეთი სამსახურიც, რომ ოჯახი ვარჩინო, ჩავწერო სიმღერები ჰოლანდიაში, ვითანამშრომლო იქაურ დიჯეებთან და ა.შ. სულ თვენახევარია, რაც იქ ვარ, ხათუნა კი 6 თვეა, ჰოლანდიაშია. ახლა ვიზის გასაახლებლად ჩამოვედით. არ იცით, როგორი ნოსტალგია მაქვს ჩემი ქვეყნის მიმართ, ასევე ხათუნასაც ძალიან ენატრება თბილისი და მეგობრები.

– სად დაბინავდით? როგორ ცხოვრობთ?

– კარგად ვცხოვრობთ, მერაბს საკმაოდ დიდი სახლი აქვს ნაქირავები და ყველა ვეტევით. შეიძლება ითქვას, რომ ჰოლანდიის წყნეთში ვცხოვრობთ, ამსტერდამიდან 5 კილომეტრის სავალზეა. ძალიან კარგი გარემო, მდიდრების უბანია. კარგად მოვეწყვეთ, რაც მთავარია, ძალიან თავისუფლად და კარგად ვგრძნობ თავს.

– ხათუნა როგორ გრძნობს თავს?

– კარგ ხასიათზეა, თავს ისიც კომფორტულად გრძნობს. უვლის ოჯახს, ბავშვებს. ჩვენ ერთად ისეთი წლები გავიარეთ, რომ უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ. ცხოვრებამ, სირთულეებმა გვაჩვენა, თუ როგორ შეიძლება ყველა პრობლემას გავუძლოთ. ანასტასიაც კარგად გრძნობს თავს, დამყავს აუზზე. ჰოლანდიური სიტყვებიც ისწავლა. მერაბის ბიჭებთან ერთად ატრაქციონებზე დავდივარ. ნინი (ნინი ქარსელაძე, ხათუნას ქალიშივლი პირველი ქორწინებიდან. – ავტ.) ცოტა ხნით იყო ჩამოსული, მაგრამ ის თბილისში სწავლობს და ვერ დარჩებოდა.

– ჰოლანდიელი ფეხბურთელები თუ გაიცანით და მათთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

– "ვიტესის" ფეხბურთელებთან ვმეგობრობ. ფანტასტიკური ქვეყანაა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობ, რომ კომფორტში ხარ. რაც გინდა, სულო და გულო, აირჩიე! მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა.

– რამდენი ხნით აპირებთ იქ დარჩენას?

– 2 თვიანი ვიზა მქონდა, ჩამოვედი და განვაახლე. ახლა შვეიცარიაში რაღაც საქმეზე მივდივარ. შემდეგ ჰოლანდიაში ჩავალ, მერე კი საბერძნეთში ვაპირებ წასვლას, მინდა, პირადი ბიზნესი ავაწყო. მამაჩემს და ბებიაჩემს ძალიან ენატრებოდათ ანასტასია, ამიტომ გამორიცხული იყო, ბორჯომში არ ჩავსულიყავით. მე და ხათუნა საქართველოში ხშირად ჩამოვალთ. რამდენ ხანს დავრჩებით ჰოლანდიაში, გადაწყვეტილი არ გვაქვს. ჩვენი ოჯახური ცხოვრება მშვიდად მიდის. ქორწინებიდან პირველ 5 წელიწადს რომ გადალახავ, მერე უფრო ადვილია ცხოვრება. მე და ხათუნა მყარად ვდგავართ და წინ მივდივართ. რაც მთავარია, ჩვენ შორის დიდი სიყვარულია.

ლანა კიკნაძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ხათუნა ჟორდანია
კავშირი ტეგთან: პირველი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online