asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სალომემ ტაიმ აუტი აიღო
სალომემ ტაიმ აუტი აიღო
სალომემ ტაიმ აუტი აიღო

2010-11-17 12:54:01



წავიდა, რადგან ახლა დროა წასვლის; რადგან საქართველოში ბოლომდე ჩაკლეს დემოკრატია; რადგან ვერ იქნება ილუზიებში და ტყუილებში; რადგან დღეს ქვეყანაში ოპოზიციის ადგილი არაა. წავიდა, რადგან ვალდებულია, ამ საშინელ მდგომარეობას გაეცალოს და არ იყოს უქმად. მიდის, რომ ბევრად ძლიერი დაბრუნდეს, როცა ამის დრო მოვა. უფრო სწორად, კი არ წავიდა, ტაიმ აუტი აიღო.

ქართული პოლიტიკიდან წასვლის ეს მიზეზები "საქართველოს გზის" უკვე ყოფილმა თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილმა დაასახელა. რაღაცეებზე მინიშნებებით ილაპარაკა, რაღაცეებზე საუბარი არ ისურვა. როდემდე? ეს თვითონ იცის და როცა დრო მოვა, ჩვენც გავიგებთ.

თქვა, რომ საქართველოში ტყუილებისთვის არ ჩამოსულა და ამ აბსურდში მონაწილეობას ვერ მიიღებს. დღეს სიმართლეა საჭიროა. სიმართლე კი ისაა, რომ ამ ქვეყანაში არ არის ის მინიმალური დემოკრატია, რომ ოპოზიციამ იარსებოს. "დემოკრატიის ნასახიც არაა, ამიტომ ოპოზიცია ვეღარ იქნება. ასეთ პირობებში ოპოზიციონერობა ნიშნავს, რომ ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ამ ხელისუფლების ილუზიებსა და ტყუილებში. მე კი აქ ტყუილისთვის არ ჩამოვსულვარ. ის კი არაა მთავარი, სად მივდივარ, არამედ ის, რატომ მივდივარ. ყველაზე კარგად ამას საქართველოს ის ნაწილი გაიგებს, რომელიც წასულია და არა მგონია, შევეგუოთ ამ წასვლას. ჩვენ ერთად უნდა დავბრუნდეთ ამ ქვეყანაში და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს დროც მოვა. ამიტომ არ გემშვიდობებით. დავბრუნდები უფრო ძლიერი და ყველა ერთად ვიქნებით გაცილებით ძლიერები, ვიდრე ახლა ვართ", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გამოსამშვიდობებელ ბრიფინგზე.

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და პოლიტიკური მოძრაობა "საქართველოს გზის" ლიდერი 5 ნოემბერს, გაერო–ს უშიშროების გენერალური მდივნის ბრძანების საფუძველზე, უშიშროების საბჭოში ახალშექმნილი ჯგუფის უფროსად დაინიშნა, რომელიც ირანის მიმართულებით იმუშავებს. ქალბატონმა სალომემ თქვა, რომ დღეს ოპოზიციონერობა ხელისუფლების "ტყუილებში ყოფნას" ნიშნავს და მეტი აღარ დაუკონკრეტებია. ნიშნავს თუ არა ეს განცხადება, რომ ოპოზიციამ იმედები გაუცრუა?

"ვთვლი, რომ ხელისუფლებამ ვერ გაამართლა ვერც ერთი იმედი, რომელიც ხალხს 2003 წლიდან ჰქონდა. უფრო მეტიც, ხელისუფლება აღარ გვაცლის, რომ ადამიანებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა ვიარსებოთ. ამ ქვეყანაში არ არსებობს ადგილი, სადაც თავისუფლებაა. ამ პირობებში რა პოლიტიკურ ქმედებებზეა ლაპარაკი?! მე კი უმოქმედოდ ვერ ვიქნები", – განაცხადა ქალბატონმა სალომემ.

კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა საპროტესტო აქციების დაწყების შემთხვევაში, ჟურნალისტებს გვიპასუხა: "ჯერ კიდევ პოლიტიკური პარტიის ლიდერი ვარ, რომელიც ტაიმ აუტზე გადის და "თუებით" არ ვლაპარაკობ. გეუბნებით, როცა ამის დრო და ჟამი მოვა, მე აქ ვიქნები. თქვენთან ვიყავი, სანამ აქ ჩამოვიდოდი და თქვენთან ვიქნები, როცა აქ არ ვიქნები, თქვენთან დავბრუნდები და ეს ქვეყანა გაბრწყინდება".

მისი არყოფნის დროს პარტიას კახა სეთურიძე უხელმძღვანელებს. "ჩემი სული რჩება თქვენთან და გული პარტიაში, რომელიც ყველანაირადაა მზად, შეინარჩუნოს ჩვენი მთავარი გეზი, რომელიც სიმართლის თქმაა. აქამდე რომ ამბობდნენ, ერთი ქალის პარტიააო, ამის შემდეგ ის "ქალი" არ იქნება, მაგრამ იქნება პარტია და მე ამ პარტიას დავუბრუნდები", – გვითხრა სალომე ზურაბიშვილმა.

პოლიტიკიდან კვლავ დიპლომატიაში დაბრუნებული ზურაბიშვილის ბოლო პოლიტიკური განცხადებებიც დიპლომატიური იყო. ჯოხი ძირითადად ხელისუფლებაზე გადატეხა, მაგრამ შეფარულად ისიც გვითხრა, დღეს ოპოზიცია ხელისუფლებასთან ფლირტშია გართული, სხვას არაფერს აკეთებს, მე ამას ვერ გავაკეთებ და იძულებული ვარ, წავიდეო.

ქართველი ემიგრანტების შთამომავალი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩის სტატუსით საქართველოში 2003 წელს ჩამოვიდა. 2004 წლის მარტში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა, მაგრამ იმავე წლის ოქტომბერში ოპოზიციაში წავიდა და ორ თვეში პოლიტიკური მოძრაობა "საქართველოს გზა" ჩამოაყალიბა. ახლა თქვა, საქართველოში იმიტომ ჩამოვედი, რომ მჯეროდა, საქმე იყო გასაკეთებელი და სადაც ვიყავი, ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში, ყველა ძალებით იქ ვიდექი, სადაც უნდა ვმდგარიყავიო.

უმოქმედო და შეუმჩნეველი მართლაც არსად ყოფილა. ხმაურიანი იყო მისი მინისტრობაც და ოპოზიციონერობაც. როგორც მინისტრს, უამრავი ოპონენტი ჰყავდა და კრიტიკა არც მაშინ დაჰკლებია, როცა ოპოზიციონერი იყო. რომელი საქმიანობა უფრო წარმატებული იყო და საერთოდ იყო თუ არა წარმატებული პოლიტიკოსი, ამაზე პოლიტოლოგებში განსხვავებული მოსაზრება არსებობს.

მინისტრობის დროს მასზე ამბობდნენ, რომ სერიოზულ შეხვედრებს და დოკუმენტებს ხშირად ფრანგული სიმსუბუქით ეკიდებოდა, ხოლო სამინისტრო "ქართულად", ნაცნობ–მეგობრებით აავსო. ერთი პერიოდი, მისი ბრძანებით, ჩვენი ელჩები უცხოეთში ოფიციალურ მიღებებზე ჩოხებით დადიოდნენ. ამაზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ხალისობდნენ, ეს ჩვენი ევროპელი მინისტრი ქალი ელჩებს მალე ალბათ ჩიხტიკოპითაც მოსთხოვს სიარულსო.

ევროპელობა მართლაც გამოკვეთილად იყო პარიზში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილში. ქართულ ახვეულ–ჩახვეულ პოლიტიკაში პირველად უცხო ფრინველივით ჩანდა. მერე მიეჩვია, თუმცა ტყუილისა და სიმართლის ნაზავს ბოლომდე ალღო მაინც ვერ აუღო. ამიტომ ხშირად ეხეთქებოდა კედელს. პარტნიორებით გაცრუებული ხშირად რადიკალურ განცხადებებს აკეთებდა. ბოლოს კი მხოლოდ ხელისუფლების მისამართით ისროდა ქვებს.

ევროპული ღირებულებებით აღზრდილი და ქართულ პოლიტიკურ ინტრიგებში ბოლომდე გაუცნობიერებელი არცთუ იშვიათად რთულ, კურიოზულ სიტუაციაშიც კი ვარდებოდა. ამის ერთ–ერთი მაგალითი იყო 9 აპრილის აქციები, რომლებიც სწორედ "საქართველოს გზის" ლიდერის ინიციატივით დაიწყო. სალომე ზურაბიშვილმა კარდაკარ ჩამოიარა პარტიების ოფისები და ოთხპუნქტიანი მემორანდუმი შეადგინა.

ზურაბიშვილს ბოლომდე სჯეროდა, რომ ქუჩაში ხალხის მუდმივი პროტესტი საქართველოს პრეზიდენტს აიძულებდა, გადამდგარიყო. გვარწმუნებდა, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხალხი ქუჩაში თვეების მანძილზე იდგება და ისიც იძულებული გახდება, პოსტი დატოვოსო. ასე მხოლოდ დემოკრატიულ სიზმრებში ხდება და მეეჭვება–მეთქი, რამდენჯერმე მითქვამს ქალბატონი სალომესთვის. ნახავთ თუ არა, ვიდგებით, ვიდგებით და, თუ არ დავიღლებით, სააკაშვილი გადადგებაო, ირწმუნებოდა. პირობაც დადო, ტანსაცმელს არ გამოვიცვლი, სანამ მიშა არ წავაო. მართლაც თვეების განმავლობაში იმავე პიჯაკით და ყელსახვევით დადიოდა, რაც 9 აპრილის აქციის პირველ დღეებში ეცვა. ხალხისთვის მიცემული პირობის დარღვევის რცხვენოდა. მის პოლიტიკურ პარტნიორებს კი მაშინ ბევრი რამის არ შერცხვათ.

მაშინ პრეზიდენტმა ოპოზიციას მინისტრების მოადგილეების თანამდებობები რომ შესთავაზა, ყველა მიხვდა, რომ ეს ან სიტყვაზე გაკეთებული მორიგი განცხადება იყო, ან რაღაც მახე. სააკაშვილის წინადადებაზე თანხმობა მხოლოდ "საქართველოს გზის" ლიდერმა განაცხადა, ვანო მერაბიშვილის მოადგილედ ვიმუშავებო. ნაცებმა ცინიზმით წაიღეს უკან საკუთარი სიტყვები.

სალომე ზურაბიშვილმა ქართულ პოლიტიკაში ქალური სიმსუბუქე შემოიტანა. წლებს გაუძლო ხელისუფლებაზე მისმა გამონათქვამმა – "ქაჯები მიდიან!" და საპროტესტო აქციებზე მის მიერ წაღიღინებულმა "დიალოგმა". სწორედ დიალოგებმა, რომელსაც ქალბატონი სალომე ეშმაკისეულს უწოდებდა, მოუთავა ხელი ოპოზიციას. დღეს ამბობს, რომ ოპოზიცია იტყუება და არსებულ პირობებში ოპოზიციონერობა ხელისუფლების ილუზიებსა და ტყუილებში მონაწილეობას ნიშნავს. არ აკონკრეტებს, მაგრამ სავარაუდოდ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო კოდექსზე მიმდინარე მოლაპარაკებებზეა საუბარი.

არ ამბობს, რამდენწლიანია კონტრაქტი, რომლითაც გაერო–ს უშიშროების საბჭოს თანამშრომელი გახდა. სავარაუდოდ, ამ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ისევ დაგვიბრუნდება. სალომე ზურაბიშვილის წასვლას, ისევე როგორც საქართველოში ჩამოსვლას, არაერთგვაროვანი კომენტარები მოჰყვა. ამის მაგალითად ორი პოლიტოლოგის, რამაზ საყვარელიძის და სოსო ცინცაძის შეფასებებიც საკმარისია.

რამაზ საყვარელიძე: "სალომე ზურაბიშვილის მუშაობა ხელისუფლებაშიც ნაყოფიერი იყო და ოპოზიციაშიც. ქართულ რეალობაში ძნელი მოსაძებნია ისეთი დიპლომატიური შედეგი, როგორსაც ზურაბიშვილმა რუსეთთან მიაღწია, რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანას ვგულისხმობ. ის კარგი დიპლომატის გარდა, კარგი პოლიტიკოსია და პრინციპულობით გამოირჩევა. ქალბატონი სალომეს სახით საქართველოს დასავლური ღირებულებების კარგი პოლიტიკოსი დააკლდება. იგი ენერგიულად იბრძოდა ამ ღირებულებებისთვის".

სოსო ცინცაძე: "სალომე ზურაბიშვილის წასვლით ქართულ პოლიტიკას და დიპლომატიას არაფერი დააკლდება, ისევე, როგორც მისი მოსვლით არ შემატებია რამე. მისი მინისტრობის დროს საგარეო საქმეთა სამინისტროში ოცდახუთი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მუშაობდა, რომლებიც რამდენიმე დღეში გაყარა. მათ ნაცვლად საეჭვო პროფესიის მქონე ადამიანები მიიყვანა. შემდეგ საელჩოებს დაერია. რუსული ბაზების გაყვანაც დაიბრალა, არადა ეს საკითხი 1999 წლის სტამბულის სამიტზე გადაწყდა. ზურაბიშვილმა და ლავროვმა მხოლოდ ტექნიკური საკითხები მოაგვარეს. მისი მუშაობა ოპოზიციაშიც არაფრისმომცემი იყო".

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ზურაბიშვილი
კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online