asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ჯონი ჯანჯალაშვილს მთელი მოსკოვი ბერიას ეძახის
ჯონი ჯანჯალაშვილს მთელი მოსკოვი ბერიას ეძახის
ჯონი ჯანჯალაშვილს მთელი მოსკოვი ბერიას ეძახის

2010-11-15 16:39:03



სულ ცოტა ხანია, რაც ანსამბლი "მხოლოდ შენ ერთს" მოსკოვიდან დაბრუნდა. ანსამბლის ხელმძღვანელს, ბატონ ჯონი ჯანჯალაშვილს ინტერვიუსთვის ჟურნალი "გუმბათი" სახლში ეწვია.



– ბატონო ჯონი, თქვენი ანსამბლის ჩამოსვლის მიზეზი რა იყო?

– ვიზა დაგვიმთავრდა და ჩამოვედით. გავაგრძელებთ ვიზას და უკან დავბრუნდებით. ჩვენ იქ ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებთ. მოსკოვში უამრავი ქართველია და ხშირად თავი მოსკოვის ქუჩებში კი არა, თბილისის ქუჩებში მგონებია.

– საქართველოში სამუდამოდ როდის დაბრუნდებით?

– სანამ აქ სამუშაო არ მექნება, არ ჩამოვალთ. აქ ხელოვანი ადამიანისთვის არაფერია გაკეთებული. ძალიან მინდა, ახალგაზრდებმა ნახონ ის, რასაც ჩვენ მოსკოვში ვაკეთებთ. ახალი თაობა ჩვენ არ გვიცნობს. რამდენიმე დღის წინ, საპასპორტოში შევედი, ანსამბლის წევრებმა პასპორტები გამოვცვალეთ, ორი ახალგაზრდა გოგო იყო, ერთმა მიცნო, მეორემ მკითხა: ვინ ბრძანდებით, რას საქმიანობთო. ეს ჩემს ცხოვრებაში არაორდინალური მომენტი იყო. იყო დრო, როდესაც რუსთაველის მეტროდან ფილარმონიამდე ნახევარი საათი მჭირდებოდა, ხალხი მაჩერებდა, ჩემ მიმართ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავდა. ახლა კი სხვა სურათია.

ბიძინა ივანიშვილი თქვენს ანსამბლს არ ეხმარება?

– არა. თუმცა, მის ფონდში მივედით, განცხადება დავწერეთ და ჩავაბარეთ, მაგრამ მას შემდეგ ორი წელი გავიდა და პასუხი არ მიგვიღია.

– რატომ არ მიაკითხეთ განცხადებას?

– ჩვენ თხოვნით მივედით, მაგრამ მოთხოვნის უფლება არ გვაქვს. შურიანი ადამიანი არ გახლავართ, მორწმუნე კაცი ვარ, ნახევარი ცხოვრება ეკლესიაში გავატარე. თუ ვიღაცას რაღაცა ეკუთვნის, ჩვენც ხომ გვეკუთვნის?

– ივანიშვილიდან დახმარება რომ გქონდეთ, მოსკოვში დაბრუნდებოდით?

– როგორ ფიქრობთ, მეხალისება მოსკოვში სიარული? ნამდვილად არა. მაგრამ აქ არც სამსახური გვაქვს და არც ხელფასი. მოსკოვში შემოქმედებითად ვცხოვრობ, ხოლო ჩემი ოჯახი ტელეფონი და სურათებია. ფული და სამსახური რომ მქონდეს, იქ რა მინდა. მხოლოდ მაშინ წავიდოდით, თუ ვინმე მიგვიწვევდა.

– რამდენი წელია, რაც წახვედით?

– 22 წელია, რაც წავედით. არჩილ გომიაშვილს იქ ჰქონდა კლუბი, სადაც მთელი მოსკოვის ინტელიგენცია იკრიბებოდა, იმართებოდა კონცერტები, იყო მიწვევები. ერთხელ გერმანელი დაესწრო ჩვენს კონცერტს და ძალიან მოეწონა. იმ გერმანელს 10 წლის განმავლობაში წელიწადში ორჯერ ჩავყავდით გერმანიაში.

– რაღაც პერიოდი "იუმორინაშიც" გამოდიოდით.

– კი. მაშინ ჩვენ ერთი–ორი თვით მივდიოდით მოსკოვში, მაგრამ არჩილი სულ გვეხვეწებოდა, დარჩით და უფრო კარგად იქნებითო. ცხოვრება რომ გაჭირდა, წავედით. მოსკოვში ძალიან ძნელია ადგილის დამკვიდრება. როცა პირველად მარგალიტა ესკინამ მოგვისმინა, რომელიც "იაბლოჩკინის სახელობის მსახიობთა სახლის" დირექტორი იყო, ძალიან მოვეწონეთ და შეგვიფარა. უჩვენოდ არც ერთ ღონისძიებას არ მართავდა.

– რუსების მხრიდან არ გიგრძვნიათ რამე შევიწროვება?

– არა. 22 წელია იქ ვარ და სულ სამჯერ გამაჩერეს. საბუთები შემიმოწმეს, ბოდიში მომიხადეს და გზა დამითმეს. ყველა საბუთი წესრიგში მაქვს. ჩვენ არ გვაინტერესებს, ვის როგორი პოლიტიკური შეხედულება აქვს, ჩვენ ვართ ხელოვანი ხალხი და ხელოვნებას ვემსახურებით. კონცერტის დროს დარბაზში შავი იჯდება თუ წითელი, ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა აქვს. ხელოვანს ერთი მიზანი უნდა ამოძრავებდეს – უნდა ემსახუროს ხალხს. იმ ხალხში კარგიც იქნება და ცუდიც.

– რამდენადაც ცნობილია, თქვენ დიდი ხნის მანძილზე ეკლესიაში გალობდით.

– კი, ეკლესიაში გალობა მაშინ დავიწყე, როდესაც აკრძალული იყო. როგორც მუსიკათმცოდნეს, ძალიან მაინტერესებდა საეკლესიო საგალობლები. თანაც, ჩემი მეგობრები გალობდნენ და მეც მათ მივბაძე. ამავდროულად, ეკლესია ანაზღაურებასაც მაძლევდა.

– დაახლოებით რამდენი წლის იყავით?

– კონსერვატორიის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. იქნებოდა 1975 წელი. პარალელურად ვმუშაობდი ვასო აბაშიძის სახელობის მუსკომედიის თეატრში. თითქმის სამი ათეული წელი დავყავი ამ თეატრში. ძალიან ნაყოფიერი მუშაობა მქონდა. სულ მთავარ როლზე მაკავებდნენ. წელიწადში 14 სპექტაკლიდან, მხოლოდ ერთ სპექტაკლში არ ვიყავი დაკავებული, დანარჩენში სულ ვთამაშობდი, აქედან 9 სპექტაკლში შემცვლელი არ მყავდა.

– როგორ ასწრებდით გალობასაც და თეატრში მუშაობასაც?

– სულ გადარბენაზე ვიყავი. სიმართლე რომ გითხრათ, იყო მომენტი, როდესაც ერთდროულად ხუთ ადგილზე ვმუშაობდი. ხვითქი გადამდიოდა, ისეთ დღეში ვიყავი.

– ასე ძალიან გიჭირდათ?

– კი. მსახიობი ვიყავი და სულ მიჭირდა. მსახიობის ხელფასი მცირე იყო. ოჯახს კი ბევრი უნდოდა. ერთი სამსახური რას მიშველიდა. თეატრში ყველაზე მაღალი ხელფასი 250 მანეთი იყო, ყველაზე დაბალი კი – 70–90 მანეთი.

– მაშინ, ეკლესიაში რომ გალობდით, თეატრიდან რამე პრობლემა ხომ არ შეგქმნიათ?

– კი. პირველი მაისის კომკავშირის რაიკომის მდივანი გახლდათ შოთა კოხრეიძე. მე დამნიშნეს თეატრის კომკავშირის მდივნად. გალობა რომ გადავწყვიტე, მივედი შოთა კოხრეიძესთან და მოვახსენე, რომ სანამ ვინმე ჩემ შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით, მანამდე თავად გეტყვით ყველაფერს–მეთქი. ბატონმა შოთამ მომისმინა და თანხმობა მომცა. მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც მწარედ ამომადინეს.

– რა შეგემთხვათ?

– მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი 1982 წელს მოხდა, ახლაც არ მესიამოვნება მისი გახსენება. საკმაოდ დიდი ხნით დამიკლეს კატეგორია.

– უმაღლესი კატეგორიის მსახიობობა აღარ მოგანიჭეს?

– კი, მაგრამ წლების შემდეგ.

– როგორც ვიცი, თქვენ მოსკოვშიც ქართულ ეკლესიაში გალობთ?

– კი. 14 წელიწადია, რაც მოსკოვში ვარ და წმიდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში ვგალობ. პირველად გალობა რომ დავიწყე, მხოლოდ მოძღვარი, მედავითნე და მგალობლები ვიყავით, ახლა კი ამ ეკლესიას ბევრი მრევლი ჰყავს.

– ოჯახზე რას გვეტყვით?

– ჩემი მეუღლე ნარი წითელაშვილი პროფესიით მსახიობია. პანტომიმის ფაკულტეტის პირველი გამოშვებაა. მუსკომედიის თეატრში ჩემ შემდეგ მოვიდა. დანახვისთანვე მოგვეწონა ერთმანეთი. ჯერ მეგობრები ვიყავით, მერე კი შეყვარებულები.

– დიდი დრო დაგჭირდათ, მისი გულის დასაპყრობად?

– არა. ერთმანეთი 1972 გავიცანით, 1975 წლის 15 ივლისს კი ხელი მოვაწერეთ. ჩვენს ხელმოწერას 4 კაცი დაესწრო. ხელი მოვაწერეთ და იმ საღამოს ორივემ სპექტაკლი ვითამაშეთ.

– რამდენი შვილი გყავთ?

– ორი. ნინო პროფესიით ჟურნალისტია, ხოლო ბექა – მუსიკოსი.

– რამდენი შვილიშვილი გყავთ?

– ბექა დასაოჯახებელია, ხოლო ნინოს ორი შვილი ჰყავს – დაჩი და სალომე.

– აგარაკი თუ გაქვთ სადმე?

– აგარაკი მაქვს ჩემს მშობლიურ სოფელ კავთისხევში. 16 წელია, რაც ის აგარაკი შევიძინე, მაგრამ მის დამთავრებას თავი ვერ მოვაბი, წელს ძლივს დავამთავრეთ.

– თქვენი მეუღლე არ ეჭვიანობს თქვენზე, ამდენი ხნით შორს რომ ხართ?

– არა. ოჯახი მაქვს და ჩემს ოჯახს პატივს ვცემ.

– ბუნებით როგორი ხართ?

– ტყუილი არ მიყვარს. ვინმეს რომ რამეს შეჰპირდები, უნდა შეასრულო. კაცმა ტყუილით არ უნდა იცხოვროს. მოძღვარი მყავდა დიდუბის ეკლესიაში არქიმანდრიტი სვიმონ ნუცუბიძე, ღმერთმა აცხონოს, სანამ ჩამოვიდოდი, გარდაიცვალა. ის მეტყოდა: ადამიანმა ისე უნდა იცხოვროს, რომ კაცად მოკვდეს. ყველას გვაქვს ცოდვები, მაგრამ კაცობა და ვაჟკაცობა არ უნდა დავკარგოთო. არაჩვეულებრივი პიროვნება იყო.

– კმაყოფილი ხართ თქვენი განვლილი ცხოვრებით?

– კი. ყველაფერს მივაღწიე ჩემი ალალი მუშაობითა და წვალებით. ბედნიერი კაცი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ბევრი სიმწარე ვნახე.

– სიმაღლის გამო, პრობლემები ხომ არ შეგქმნიათ?

– კი. თეატრალურ ინსტიტუტში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ სიმაღლის გამო არ მიმიღეს. სკოლა ხუთებზე დავამთავრე, ჩემს სკოლაში (#12 საშუალო სკოლაში) ფრიადოსანთა დაფიდან ჩემი სურათი არ ჩამოუხსნიათ, მერე კონსერვატორიაში ჩავაბარე. თეატრში რომ ვმუშაობდი, მოვიდა თეატრალური ინსტიტუტიდან კომისია და ერთ–ერთი კომისიის წევრი ის გახლდათ, რომელმაც დამიწუნა. ისე მოეწონა ჩემ მიერ შესრულებული როლი, რომ ვინაობა მკითხა. მეც ავდექი და პირდაპირ ვუთხარი: მე ის გახლავართ, თქვენ რომ სიმაღლით დამიწუნეთ–მეთქი. კაცი გადაირია და სულ ბოდიშები მიხადა.

– საუბრის ბოლოს, რამე კურიოზს თუ გაიხსენებდით?

– 20 წლის მანძილზე სულ კურიოზებს ვყვები, არ მინდა ერთი და იგივე გავიმეორო. მთელი მოსკოვი ბერიას მეძახის. ერთხელ, საკონცერტო კლიპს ვიღებდით. საკონცერტო კლიპში ჯემალ ბაღაშვილი სტალინი იყო, მე ბერია, გივი ბერიკაშვილი – ჩეკა. ამ კლიპის მერე, ყველა ლავრენტი პავლოვიჩს მეძახდა. ახლაც მოსკოვში რომ დამინახავენ, იმ ასოციაციას ვიწვევ და შიშის სინდრომით ადგილს მითმობენ. ერთხელ, სახლში მოვდიოდი და უბნის ბავშვები შემხვდნენ. მომესალმნენ და მეც ვუთხარი, გაიზარდეთ–მეთქი. ცხოვრებაში გამარჯობაზე სულ გაგიმარჯოს ვპასუხობდი, მაგრამ ამ ბავშვებს გაიზარდეთ–მეთქი, ვუთხარი და გავიარე. ცოტას რომ გამოვცდი, გავიგე, როგორ უთხრა ერთმა მეორეს: "ჩვენ კი გავიზრდებით, შენ იკითხე, შე საცოდაო". არ მწყენია, პირიქით, ხარხარი ძლივს შევიკავე. ამ ბავშვმა სიტყვით მომიგო.

ლია ოსაძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სტალინი
კავშირი ტეგთან: სტალინი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online