asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

უკრაინაში "რუსული მარში" ჩაიშალა
უკრაინაში "რუსული მარში" ჩაიშალა
უკრაინაში "რუსული მარში" ჩაიშალა

2010-11-15 16:38:59



– ჩვენ დავიწყეთ გრანდიოზული გარდაქმნები, რამაც მთელ ჩვენს არმიას სახე უნდა შეუცვალოს, – ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო დუმის ტრიბუნიდან, – ახალ რუსეთს ახალი არმია სჭირდება!



– სერდიუკოვისეულმა გარდაქმნებმა ჩვენი შეიარაღებული ძალები მთლიანად დაანგრია, – თვლის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყოფილი სარდალი ადმირალი კომოედოვი. თავდაცვის მინისტრი დღევანდელ რუსეთში ყველაზე ოდიოზური ფიგურაა. მას ყოველი მხრიდან თავს ესხმიან.

სამოქალაქო მინისტრი

ანატოლი სერდიუკოვი ე.წ. პეტერბურგული დაჯგუფების წევრია. ის 1962 წელს დაიბადა, დაამთავრა პეტერბურგის (მაშინდელი ლენინგრადი) სავაჭრო ინსტიტუტი. მისი სამხედრო განათლება მხოლოდ სავალდებულო სამსახურითა და ოფიცერთა კურსების გავლით ამოიწურება. შემდეგ სერდიუკოვმა იურიდიული ფაკულტეტიც დაამთავრა. ის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორია.

სერდიუკოვი წლების მანძილზე რუსეთის საგადასახადო სფეროში იღვწოდა და დიდ პოლიტიკაშიც აქედან მოვიდა. მისი თავდაცვის მინისტრად დანიშვნა ბევრისათვის მოულოდნელი იყო:

– ეს გახლდათ პუტინის ეშმაკური სვლა, – თვლის გაზეთი "კომერსანტი", – ვლადიმერ ვლადიმიროვიჩმა იცოდა, რომ სერდიუკოვი სამხედრო სფეროში აბსოლუტური პროფანია. არმიაზე კი უმაღლესი მთავარსარდალი ანუ პრეზიდენტი მედვედევი აგებს პასუხს. შესაბამისად, სერდიუკოვი არმიაზე კონტროლის დამყარებას ვერ შეძლებს, ხოლო მისი "ბრძნული" პოლიტიკა კი მედვედევის კიდევ ერთი ლაფსუსი იქნება.

მსგავს პოზიციას "უკრაინსკე სლოვოც" იზიარებს:

– სერდიუკოვი პუტინმა საგანგებოდ შეაჩეჩა მედვედევს და ამით რამოდენიმე კურდღელი მოკლა. უწინარეს ყოვლისა, ამით გამოირიცხა ის, რომ მედვედევი შეძლებს არმიაზე კონტროლის დამყარებას; მეორეც, სერდიუკოვის საქციელი შოვინიზმით დაავადებულ რუსულ მოსახლეობაში უარყოფით რეაქციას გამოიწვევს; მესამე, თავდაცვის მინისტრად სამოქალაქო პირის დანიშვნა დასავლეთის მოწონებას დაიმსახურებს, ბევრი იფიქრებს, რომ რუსეთის დღევანდელ ხელისუფალთ მართლაც სურთ დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება.

თავისი მოღვაწეობა სერდიუკოვმა იმით დაიწყო, რომ ჯარისკაცებისათვის ახალი ფორმის შეკერვა მოითხოვა. ამან ბევრი ექსპერტი ჩააფიქრა:

– ეს უდიდეს თანხებთანაა დაკავშირებული! დღევანდელი ეკონომიკური კრიზისის პირობებში ამაზე წასვლა ძალზე გაძნელდება!

– რეფორმები ჯეროვანი დაფინანსების გარეშე შეუძლებელია! – ასეთი გახლდათ სერდიუკოვის პასუხი.

ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ახალგაზრდა მინისტრმა გაათავისუფლა ცნობილი გენერალი ჩმაროვი, სხვა გამოჩენილი სამხედროები. მან გენშტაბის შემადგენლობა გაანახევრა. განსაკუთრებული "ყურადღება" კი სამხედრო დაზვერვის ანუ "აკვარიუმის" მიმართ გამოიჩინა:

– როგორც ჩანს, პუტინს გრუ–სი ეშინია, – თვლის "შლიახ პერემოგი", – ეს კანონზომიერია, რადგანაც ის სუკელია, ხოლო სუკი და გრუ მუდამ დაპირისპირებულ სრუქტურებს წარმოადგენდნენ. ამიტომაც სერდიუკოვის ხელით განახორციელა აუცილებელი, თუმცა, მტკივნეული და სამხედროებისათვის არასასიამოვნო ნაბიჯები. ყველაფერზე პასუხისმგებელი ხომ პრეზიდენტი მედვედევია!

რუსეთის გეოპოლიტიკური აკადემიის ხელმძღვანელმა გენერალ–მაიორმა ივაშევმა სერდიუკოვის ქმედებები დაგმო და მისი გადაყენება მოითხოვა. პრეზიდენტმა მედვედევმა ამას ყური არ ათხოვა. მინისტრმაც არმიის შემცირება დაიწყო:

– განსაკუთრებით ეს ოფიცერთა კორპუსს შეეხება, – წერს "ნეზავისიმაია გაზეტა", – ის 150 ათასი კაცით უნდა შემცირდეს. ფლოტიდან მოხდება მიჩმანთა მასიური დათხოვნა. ესაა ნამდვილი ქირურგიული ოპერაცია, ოღონდ ნარკოზის გარეშე.

თავის მხრივ, სერდიუკოვმა დუმის ტრიბუნიდან გამოაცხადა, რომ "შემცირება" თანდათან მოხდება და მას "ქირურგიული ოპერაციის" სახე არ ექნებაო. ეს ფუჭი სიტყვები აღმოჩნდა. არმიიდან და ფლოტიდან ოფიცერთა მასობრივი გამოყრა დაიწყო. ინცინდენტი მედესანტეებთან თავდაცვის მინისტრი მედესანტეთა სასწავლო ცენტრს ეწვია. სერდიუკოვის ყურადღება ახლადაშენებულმა ეკლესიამ მიპყრო:

– ეს რას ნიშნავს?

– ეკლესია ჩვენი ოფიცრების მიერაა აგებული.

– მე გეკითხებით, რატომაა სასწავლო ცენტის ტერიტორიაზე გარეშე შენობა?

– ეკლესია განა გარეშე შენობაა?

– დღეიდან თქვენ ამ ცენტრის უფროსის პოსტიდან მოხსნილი ხართ.

ეს ინცინდენტი ფართოდ გააშუქა როგორც "ეხო მოსკვიმ", ისე "ნტვ"–მ. მალე რუსეთის მედესანტეთა კავშირმა გაავრცელა განცხადება, სადაც თავდაცვის მინისტრის პოლიტიკისადმი უკმაყოფილება გამოთქვა:

– მინისტრი სერდიუკოვი არა მხოლოდ დილეტანტი, არამედ ანტიქრისტიანულად განწყობილი ადამიანიცაა! როგორ შეიძლება ასეთი კაცი რუსეთის თავდაცვის მინისტრი იყოს? ვის სჭირდება ეს?

მედესანტეებს მხარი სამხედრო მეზღვაურებმაც დაუჭირეს:

– არმიას მიზანმიმართულად ანგრევენ. ეს ოკეანისგაღმიდანაა დაგეგმილი!

სერდიუკოვი ამაოდ იმართლებდა თავს. ტელეგამოსვლისას ის ამტკიცებდა, რომ აღაშფოთა არა ეკლესიამ, არამედ მაღაზიამ, რომელიც მედესანტეთა სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე იხილა. ყველაფერი ამაო იყო. მინისტრის წინააღმდეგ მასიური კომპანია დაიწყო.

რუსულმა სამხედრო წრეებმა კვლავ ძველი ნაცადი ხერხებით სცადეს საკუთარი ინტერესების დაცვა. აქაოდა ჩვენ უანგარო პატრიოტები და სამშობლოს დამცველები ვართ, პოლიტიკოსებმა კი ქვეყანა ამერიკელებს მიყიდესო. მალე მოსკოვში მორიგი შოვინისტური გამოხტომა განხორციელდა. მოეწყო ე.წ. რუსული მარში, რომლის მონაწილენიც სკანდირებდნენ:

– რუსეთი რუსებისათვის! მოვითხოვთ ჭემარიტად რუსული ხელისუფლების დამყარებას!

ამ "მარშის" მონაწილეთა შორის უხვად იყვნენ თადარიგში გასული სამხედროები. რუსეთის კომპარტიის ხელმძღვანელობა მოელოდა, რომ "მარშის" მომხრეები ყოფილი სსრკ–ს ტერიტორიაზე უხვად გამოჩნდებოდნენ. განსაკუთრებით უკრაინის იმედი ჰქონდათ.

– პრეზიდენტი იანუკოვიჩი "ამერიკელია" და რუსების გრძნობებზე თამაშობს, – განაცხადა დუმის ტრიბუნიდან ერთ–ერთმა კომუნისტმა დეპუტატმა, – ასე რომ, მისი მხარდაჭერის იმედი არა მაქვს. მე მივმართავ დონბასის, ხარკოვის, ოდესისა და, რა თქმა უნდა, ყირიმის მოსახლეობას: გამოდით, აუცილებლად გამოდით! დროა, ყველას დავანახოთ ჩვენი ძალა!

მოხდა პირიქით. ხარკოვმა და დონბასმა მოწოდება უყურადღებოდ დატოვეს. ყირიმში კი "მარშზე" მხოლოდ 40–მდე ადამიანი (უმეტესწილად, მოხუცები და ქალები) გამოვიდნენ. ისინი ხმამაღლა სკანდირებდნენ:

– ძირს ამერიკა! ძირს მისი აგენტი ანატოლი სერდიუკოვი!

ეს კომიკური სანახაობა უკრაინის ტელევიზიით გადაიცა. "რუსული მარში" ყირიმში, სერდიუკოვის კარიკატურები და ანტიამერიკული ლოზუნგები საცირკო ხელოვნების საუკეთესო ტრადიციების დაცვით განხორციელდა.

პუტინი საკუთარი თავის ერთგულია

ამრიგად, უკრაინაში "რუსული მარში" ჩაიშალა. სამაგიეროდ, რუსეთში მას მართლაც მასიური სახე ჰქონდა. სერდიუკოვის წინააღმდეგ საზოგადოების უმრავლესობა გამოვიდა. ადმირალმა კომოედოვმა განაცხადა:

– არმიის პირადი შემადგენლობა სერდიუკოვის წინააღმდეგაა განწყობილი!

როგორც ჩანს, პრემიერი პუტინი სწორედ ამას უცდიდა, რადგანაც ტელევიზიით განაცხადა:

– პრეზიდენტ მედვედევს მოვუწოდებ, სერდიუკოვი სასწრაფოდ თანამდებობიდან გაათავისუფლოს!

პუტინი თავისი თავის ერთგულია. სხვისი ხელით მან განახორციელა აუცილებელი, მაგრამ მტკივნეული ღონისძიებები, შემდეგ კი ყველაფერი მედვედევს გადააბრალა, რომელიც მოახლოებულ არჩევნებზე მისი ძირითადი კონკურენტია. ის, რომ არმიაცა და საზოგადოებაც სერდიუკოვის წინააღმდეგ ამხედრდა, პუტინის წისქვილზე ასხამდა წყალს:

– რუსეთის პრემიერმა იცოდა, რომ მედვედევი არ მოხსნიდა სერდიუკოვს, – წერს "შლიახ პერემოგი", – თავდაცვის მინისტრი ხომ ერთადერთი ძალოვანია, რომელიც მხარს პრეზიდენტს უჭერს. არავისათვის არაა საიდუმლო, რომ არც ფსბ, არც საგარეო დაზვერვა დღეს მედვედევზე არ მუშაობს.

პროგნოზი ახდა. სერდიუკოვი თანამდებობაზე დატოვეს. მედვედევმა (რომლის რეიტინგიც პუტინისას თითქმის გაუტოლდა) რამოდენიმე ქულა დაკარგა.

ეპილოგი

ეკონომიკურ კრიზისში ჩაძირულ რუსეთს აღარ ძალუძს უზარმაზარი არმიის შენახვა. სახელმწიფო დუმამაც უხალისოდ, მაგრამ მაინც მიიღო დადგენილება სამხედრო ხარჯების შემცირების შესახებ.

– დღეს რუსეთი შეიძლება გაღატაკებულ შლიახტიჩს შევადაროთ, – წერს "შლიახ პერემოგი", – რომელსაც თავი კვლავაც მდიდარი ჰგონია. ის ამპარტავანია, ჭირვეული, ძველებურად სურს მსახურთა უზარმაზარი შტატი იყოლიოს, მაგრამ ამისი საშუალება აღარ აქვს.

შესაძლოა, სერდიუკოვის მოღვაწეობა არა მხოლოდ პუტინის ინტრიგებს ემსახურებოდეს, არამედ სახელმწიფეობრივ აუცილებლობასაც წარმოადგენდეს. მისი საბოლოო შედეგი (მიუხედავად იმისა, სურს თუ არა ეს პუტინს) რუსეთის, როგორც ზესახელმწიფოს, აღსასრული იქნება, თუმცა პროცესის დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა. ის არა ერთი პიროვნების კარიერასა და შესაძლოა, სიცოცხლესაც კი შეიწირავს.

ნიკა თევზაძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ვლადიმერ პუტინი
კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online