asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რატომ ჩაულურჯდა თვალი რუსეთის პრემიერს
რატომ ჩაულურჯდა თვალი რუსეთის პრემიერს
რატომ ჩაულურჯდა თვალი რუსეთის პრემიერს

2010-11-08 17:46:11



ვლადიმერ პუტინის ვიზიტმა კიევში დიდი მითქმა–მოთქმა გამოიწვია. რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელთა მოღუშული სახეები, ის, რომ პუტინმა უარი განაცხადა უკრაინელ ბიზნესმენებთან დაგეგმილ ბანკეტზე, ბევრი ექსპერტი განაწყო საიმისოდ, რომ ვიზიტი ფაქტობრივად ჩაიშალა. ყოველ შემთხვევაში, ვლადიმერ ვლადიმიროვიჩმა დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია.



– რუსეთის პრემიერი აშკარად ნირწამხდარი იყო. მას თვალიც კი ჩალურჯებული ჰქონდა, – იტყობინება საინფორმაციო სააგენტო "უნიარი".

უკრაინა ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ

– საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მარტოოდენ ახალი ხელმძღვანელი როდი ავირჩიეთ. შეიცვალა რიგი საკითხებისადმი მიდგომაც, – წერს "ზერკალო ნედელი".

დღეს ბევრი ამბობს, ვიქტორ იუშჩენკომ ვერ გაამართლაო. შესაძლოა, გარკვეულწილად ეს ასეცაა. ნარინჯისფერთა ლიდერი ზედმეტად რბილი გამოდგა, ამიტომაც ვერც ერთი პრობლემის გადაჭრა ვერ შეძლო. უკრაინაში კი მწვავედ იდგა როგორც კორუფციის, ასევე რუსული "მეხუთე კოლონის" საკითხიც. თუმცა, იუშჩენკომ მაინც მიაღწია იმას, რომ ევროინტეგრაცია შეუქცევადი გახადა. ნარინჯისფერთა ლიდერმა გადადგა რიგი ისეთი ნაბიჯი (უკრაინის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება და ა.შ.), რომელიც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის რუსეთისაკენ შემობრუნებას.



– იუშჩენკო ლიბერალ–დემოკრატი გახლდათ და ის ვერ გახდა ნაციონალისტი, – წერს "ფაინენშელ ტაიმსი", – მაგრამ მას უანგაროდ უყვარდა თავისი ქვეყანა და ამას ბევრად მაღლა აყენებდა, ვიდრე პირად ძალაუფლებას. იუშჩენკოს მოღვაწეობის შედეგია ის, რომ დღეისათვის ალტერნატივა აღარ დარჩა: უკრაინა ან დაიშლება, ან ევროოჯახის წევრი გახდება.

ვიქტორ იანუკოვიჩი პრორუსული მოღვაწის იმიჯით სარგებლობდა, თუმცა, ეს უფრო პიარია, ვიდრე რეალობა. რაკი იუშჩენკომ და ტიმოშენკომ პატრიოტული ელექტორატის მონოპოლიზება მოახდინეს, იანუკოვიჩსაც სხვა გამოსავალი აღარ დარჩა, გარდა იმისა, რომ რუსულენოვანი მოსახლეობის განწყობილებებზე ეთამაშა. სინამდვილეში იანუკოვიჩი უკრაინული დიდი ბიზნესის წარმომადგენელია, ბიზნესისა, რომელიც რუსი ოლიგარქების კონკურენტია და ქვეყნის დამოუკიდებლობით სისხლ–ხორცეულადაა დაინტერესებული. იმავდროულად, იანუკოვიჩისათვის ცნებები – "ეროვნული კულტურა" და "დემოკრატია" – გაცილებით ნაკლებ ფასეულობებს წარმოადგენენ. სამაგიეროდ, ის ბევრად მგრძნობიარეა ცნებისადმი "პირადი ძალაუფლება".

– ჩემი პროგრამა ათ წელიწადზეა გათვლილი, – განაცხადა იანუკოვიჩმა, – პრეზიდენტად არჩევის შემდგომ, ჩემი მიზანია უკრაინა ოცეულის შემადგენლობაში შევიყვანო და ეს სავსებით რეალურია. ჩვენი ქვეყანა მდიდარია და არაფრით ვართ მათზე ნაკლები, ვინც დღეს ოცეულში შედის.

პრეზიდენტად, როგორც ცნობილია, ხუთი წლის ვადით ირჩევენ. შესაბამისად, იანუკოვიჩს სურს მეორე ვადითაც აირჩიონ. ეს კი პრობლემატურია, რადგანაც იანუკოვიჩისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. თუკი, უკრაინის აღმოსავლეთ და სამხეთ რეგიონებში ის, ჯერჯერობით, მხარდაჭერით სარგებლობს, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებაა. დასავლეთ უკრაინა კი იანუკოვიჩს კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს. შესაბამისად, ვიქტორ ფიოდოროვიჩს რჩება ერთადერთი გზა: მან უნდა შეზღუდოს დემოკრატია და ავტორიტარული ტენდენციები გააძლიეროს. თუმცა, არსებული რეალობა იანუკოვიჩს გარკვეულ საზღვრებში აყენებს: უკრაინის პრეზიდენტი დაშვებულ ზღვარს არ უნდა გადავიდეს და დასავლეთთან ურთიერთობა არ უნდა გაიუარესოს, რადგან ამ შემთხვევაში ის იზოლაციაში მოექცევა და მისი ხელისუფლებაში ყოფნაც დასრულდება.

– იანუკოვიჩმაც დაიწყო საკუთარი თამაში. სქემა მარტივია: რუსეთისათვის ის უნდა წარმოჩინდეს ერთადერთ ლიდერად, რომელსაც, გარკვეულწილად, მოსკოვის ინტერესების დაკმაყოფილება შეუძლია. იმავდროულად, დასავლეთმა სწორედ იანუკოვიჩი უნდა მიიჩნიოს მოღვაწედ, რომელთანაც ლაპარაკი შეიძლება და რომელსაც უკრაინაში სტაბილურობის შენარჩუნება ძალუძს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, აიხსნება იანუკოვიჩის მიერ გადადგმული ნაბიჯები: მან აღადგინა კუჩმას დროინდელი ცენტრალიზებული მმართველობა, ამასთან ერთად შეეცადა ჰქონოდა ძლიერი პოზიციები როგორც დასავლეთში, ასევე რუსეთშიც. პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტი მან ბრიუსელში განახორციელა, სადაც განაცხადა:

– უკრაინა ევროპისაკენ მიისწრაფის. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ შეთანხმებას ევროკავშირში ასოცირებული წევრობისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ჩვენ ჩვენი გზით მივდივართ, რასაც არასდროს გადავუხვევთ.

იმავდროულად, იანუკოვიჩმა წამყვან პოსტებზე დანიშნა პირები, რომელთაც "მოსკოვის გუნდის" რეპუტაცია სრულიად დამსახურებულად შეიძინეს. ამათგან, უწინარეს ყოვლისა, უნდა გამოვყოთ პრემიერ–მინისტრი აზაროვი, რომელმაც განაცხადა:

– უკრაინაში გასატარებელია ძირეული რეფორმები, საამისოდ კი აუცილებელია ფული. შესაბამისად, უნდა გადაიხედოს დამოკიდებულება ისეთი ცნებისადმი, როგორიცაა სტრატეგიული ობიექტი. ვერავითარ ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, თუკი გაზის მილი რუსების ხელში გადავა, ჩვენს ავიამშენებლობაში რუსული ბიზნესი ფეხს მოიკიდებს, ან "ნავთოგაზი" და "გაზპრომი" გაერთიანდებიან. ამით ქვეყანა მხოლოდ მოიგებს, რადგანაც ბიუჯეტში ფული შემოვა, მაგრამ ნაციონალისტებს ეს არ ესმით!

ასევე მოსკოვის კადრად აღიქმება უშიშროების ახალი შეფი ხოროშკოვსკი, რომლის კავშირებზეც "გაზპრომთან" უკრაინაში ბევრს წერენ. რაც შეეხება განათლების მინისტრ ტაბაჩნიკს, ის უკვე ოდიოზურ პიროვნებად იქცა, რადგანაც გამოვიდა ერთიანი რუსულ–უკრაინული ისტორიის სახელმძღვანელოს შექმნის ინიციატივით. იმავდროულად, მთავრობაში იანუკოვიჩმა პატრიოტებიც შეიყვანა. მათ რიცხვს განეკუთვნებიან იუსტიციის მინისტრი ლავრინოვიჩი, ან თავდაცვის მინისტრი ეჟელი. ამრიგად, პრეზიდენტმა ბალანსი დაიცვა: მან რუსეთთან მეგობრობაც და დასავლეთთან ურთიერთობების შენარჩუნებაც სცადა.

– იანუკოვიჩმა რისკიანი კომბინაცია წამოიწყო, – წერს "უკრაინსკე სლოვო", – მისი ლოცვა–კურთხევით საქმიანობა გაააქტიურა აშკარად ანტისემისტურმა "სვობოდამ". მიზანი ნათელია: "სვობოდამ", რომელიც თავს ნაციონალისტურ ორგანიზაციად აცხადებს, დასავლეთ უკრაინაში უნდა წაართვას ხმები ჭეშმარიტ პატრიოტებს, მოახდინოს გალიჩინის დისკრედიტაცია და ევროპის თვალში იანუკოვიჩი წარმოაჩინოს ერთადერთ გავლენიან, ზომიერ პოლიტიკოსად, რომელსაც სტაბილურობის შენარჩუნება და ევროინტეგრაცია სურს, მაშასადამე, გარკვეულ ავტორიტარულ ტენდენციებზე თვალი უნდა დახუჭონ.

რუსეთმაც სცადა, ესარგებლა უკრაინაში შექმნილი ახალი ვითარებით.

რატომ არ გაუხარდათ უკრაინაში პუტინის ვიზიტი

– ნებისმიერი რუსი (პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი) რუსეთ–უკრაინას ერთ მთლიანად აღიქვამს და ეს ასეცაა. უკრაინელები ცალკე ეროვნებას არასდროს წარმოადგენდნენ, უკრაინული ენა კი რუსულის დიალექტია. შესაბამისად, რუსები და უკრაინელები ერთ სახელმწიფოში უნდა ცხოვრობდნენ, – ეს სიტყვები "დემოკრატ ჩეკისტს", სუკის ექსგენერალ ოლეგ კალუგინს ეკუთვნის.

რუსეთიც მუდამ ცდილობდა უკრაინაზე კონტროლის აღდგენას. ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინის მოსვლის შემდეგ, ეს ტენდენცია გაიზარდა. გამოიყო დიდძალი თანხები სეპარატისტული მოძრაობების დასაფინანსებლად, სისტემატიურად ტარდება პროპაგანდისტული აქციები, რაც რუსეთ–უკრაინის შერწყმისაკენაა მიმართული. ვიქტორ იუშჩენკოს ხელისუფლებაში ყოფნისას, ოფიციალურ დონეზე არა ერთხელ დაისვა "მეხუთე კოლონის" განეიტრალების საკითხი. ბევრი დეპუტატი პრორუსული ორგანიზაციების აკრძალვასაც კი მოითხოვდა, მაგრამ იუშჩენკომ ამაზე წასვლა ვერ გაბედა.

იანუკოვიჩის ავტორიტარული ტენდენციები ლოგიკურად ითხოვდნენ რუსეთის ფინანსურ თუ პოლიტიკურ მხარდაჭერას. იანუკოვიჩის ემისრებიც (ბოიკო და სხვები) ამის მიღებას დაჟინებით ცდილობდნენ. რუსეთმაც სცადა ამის გამოყენება და სტრატეგიული ობიექტების "დათრევა".

– კრემლმა მოითხოვა, რომ უკრაინა დსთ–ს ერთიან საბაჟო კავშირში გაწევრიანებულიყო, გადაეცა რუსეთისათვის გაზის მილი, მიეცა რუსებისათვის საკონტროლო პაკეტი ავიამშენებლობასა და ატომურ მრეწველობაში, მოეხდინა "ნავთოგაზისა" და "გაზპრომის" გაერთიანება, – ნათქვამია რადიო "თავისუფლების" კომენტარში.

იანუკოვიჩი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, რუსების წინადადების მიღება ფაქტობრივად დამოუკიდებლობაზე უარის თქმას ნიშნავდა. ამავე დროს უარიც არ შეიძლებოდა, რადგან თავისი გეგმების რეალიზაციისათვის ფული ჰაერივით სჭირდებოდა. პრეზიდენტმაც გამოძებნა გამოსავალი. მან გაითამაშა პუტინ–მედვედევის ქიშპზე და შავი ზღვის ფლოტის არენდის გაგრძელებას კიდევ 25 წლით დათანხმდა. სამაგიეროდ, ამ ეტაპზე გაზის საფასურის შემცირებას მიაღწია.

– შავი ზღვის ფლოტისაგან დღეს მხოლოდ სახელიღა დარჩა, – თვლის ცნობილი ექსპერტი ვიტალი პორტნიკოვი, – სინამდვილეში ფლოტი კარგა ხანია ჯართად გადაიქცა და საეჭვოა, რომ მან 2017 წლამდე მიაღწიოს. ფაქტობრივად იანუკოვიჩმა ამ "დათმობით" არაფერი მნიშვნელოვანი არ დათმო. მან მხოლოდ მედვედევის წინასაარჩევნო პოზიციები გაამაგრა, რადგანაც რუსი ობივატელის თვალში ჟღერს, რომ მედვედევმა იხსნა რუსული ფლოტი, რამაც დიდად განაპირობა კიდეც მედვედევის რეიტინგის ზრდა.

ვლადიმერ პუტინმა გააკრიტიკა ხარკოვის შეთანხმებები და მათ არაადეკვატური უწოდა. უკრაინელმა პატრიოტებმა კი კიევში დემონსტრაციები მოაწყვეს და პარლამენტში ხელჩართულ ჩხუბსაც არ მოერიდნენ. მართალია, რატიფიკაცია მაინც შედგა, მაგრამ ატეხილმა აჟიოტაჟმა შეუძლებელი გახადა იანუკოვიჩის შემდგომი ნაბიჯის განხორციელება: რუსულისათვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება.

– უკრაინის პრეზიდენტიც კომპრომისზე წავიდა. ის დათანხმდა რუსულისათვის რეგიონალური ენის სტატუსი მიენიჭებინა, მაგრამ პარლამენტში ამასაც პრობლემები შეხვდა, – წერს "თაიმსი".

ასევე ჩაიშალა "ნავთოგაზისა" და "გაზპრომის" გაერთიანებაც. მართალია, "ნავთოგაზის" თავკაცი ფერტაში თანახმა იყო გაერთიანებაზე, მათ შორის იმაზეც, რომ რუსების ხელში აქციების 70 პროცენტი გადასულიყო, მაგრამ გაერთიანებას წინ აღუდგნენ არა მხოლოდ ეროვნულ–დემოკრატები, არამედ უკრაინის მთელი ბიზნესელიტაც, ძალები, რომლებმაც იანუკოვიჩი ხელისუფლებაში მოიყვანეს. ამათგან, უწინარეს ყოვლისა, უნდა გამოვყოთ რეგიონების პარტიის მთავარი სპონსორი მილიარდერი რენატ ახმეტოვი, რომელმაც განაცხადა:

– ჩვენი რუსი მეგობრების წინადადება, "გაზპრომისა" და "ნავთოგაზის" გაერთიანების შესახებ, მიუღებელია!

ახმეტოვს მხარი დაუჭირა ვიცეპრემიერმა კლიუევმა. შედეგად აზაროვის მცდელობები "ნავთოგაზისა" და "გაზპრომის" გაერთიანებისათვის მიეღწია, ჩაიშალა. რუსებმა ასევე ვერ შეძლეს ავიამშენებლობაში საკონტროლო პაკეტის მიღება.

– იანუკოვიჩი ცდილობს, მისთვის სასარგებლო გარიგებას მიაღწიოს, გადასცეს რუსეთს ჩვენი ეროვნული სიმდიდრეების ნაწილი. მოსკოვს კი მათი ხელში სრულად ჩაგდება სურს, – მიიჩნევს დმიტრო კორჩინსკი.

უკრაინის პრეზიდენტის ამ პოზიციამ მოსკოვის უკმაყოფილება გამოიწვია. მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაცია ცინიკურად აცხადებდა, რომ უკრაინელები "ისე ზიან თავიანთ გაზის მილზე, როგორც ძაღლი თივაზე". ამ თავხედურმა განცხადებამ თვით პრეზიდენტი იანუკოვიჩიც კი აღაშფოთა, რომელმაც რუსებს პირდაპირ განუცხადა:

– თქვენი ყველა მცდელობა, დატოვოთ ჩვენი მილი ფუნქციის გარეშე, განწირულია! გაძლევთ პირობას, რომ მილი აუცილებლად იმუშავებს!

მალე უკრაინის პარლამენტმა მიიღო დადგენილება უკრაინის გაზ–სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაციაში ევროკავშირის ჩართვის შესახებ. პასუხად, პუტინმა საჯაროდ განაცხადა:

– იანუკოვიჩს ზოგიერთები პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსად თვლიან. ეს შეცდომაა. უკრაინაში არ არსებობენ პრორუსული პოლიტიკოსები, სამაგიეროდ არსებობენ პრორუსულად განწყობილი რეგიონები!

ეს უკვე პირდაპირი მუქარა გახლდათ და მას უკრაინაში რუსული აგენტურის გააქტიურება მოჰყვა. გაძლიერდა უკრაინის დაშლისკენ მიმართული აქციები, რაც წარმოშობით პოლტაველმა "მწერალმა" ოლეს ბუზინამ "ინტერის" ეთერიდან ხმამაღლა განაცხადა:

– უკრაინაში ამდენი პრობლემები იმიტომაა, რომ ჩვენი ქვეყანა ხელოვნურად შეკრულ ორგანიზმს წარმოადგენს. დასავლეთ–აღმოსავლეთ უკრაინის ერთ სახელმწიფოში ყოფნა შეუძლებელია, რადგანაც ჩვენ განსხვავებული მენტალიტეტის, განსხვავებული ცივილიზაციის შვილები ვართ! უკრაინაში ვერ დამყარდება წესრიგი, ვერ გატარდება ვერანაირი რეფორმები, თუკი მას დასავლეთ რეგიონი არ ჩამოშორდება. დაე, გალიციელებმა თავიანთი რესპუბლიკა შექმნან, ილოცონ თავიანთ ბანდერასა თუ კონოვალეცზე. ჩვენ, აღმოსავლეთ უკრაინელებს, ეს არ გვჭირდება. ამიტომ გალიცინის ამპუტაცია დროულად უნდა მოხდეს. დღეს ეს შესაძლებელია მშვიდობიანი ხერხებით განხორციელდეს, ხვალ ამას სამოქალაქო ომი, ნგრევა და სისხლისღვრა მოჰყვება!

მსგავსი "მოაზროვნენი" დასავლეთ უკრაინაშიაც გამოჩდნენ. ასე, მაგალითად, ივანო–ფრანკოვსკში მცხოვრებმა "მწერალმა" ანდრუხოვიჩმა ასევე ტელეეკრანიდან განაცხადა:

– უკრაინის ერთიანობის იდეა არა მხოლოდ უტოპიური, არამედ მავნეცაა. ეს ამუხრუჭებს ქვეყნის განვითარებას, ვერ ტარდება რეფორმები, ვერ ვებრძვით კორუფციას. აღმოსავლეთ უკრაინელებს რეფორმები თავისებურად ესმით, ჩვენ, დასავლეთელებს, თავისებურად, ამიტომაც ვერაფერ ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, თუკი დონბასი, ყირიმი და ოდესის მხარე ჩამოგვშორდებიან. შედეგად, უკრაინის დანარჩენ ნაწილში ჭეშმარიტად ეროვნული წყობა დამყარდება, გატარდება ნამდვილი რეფორმები და განვითარდება ეკონომიკა. მსგავსი რამ უკვე მოხდა საქართველოში, რომელსაც ჩამოშორდნენ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ამან სტიმული მისცა ქართველებს, ქვეყნის დანარჩენ ნაწილში ნამდვილი დემოკრატიული რეფორმები გაეტარებინათ. პრეზიდენტი სააკაშვილი ბევრად ბრძენი გამოდგა, ვიდრე ჩვენი "ჭკუისკოლოფა" პოლიტიკოსები, უკრაინის ერთიანობა ფეტიშად რომ გაიხადეს. სააკაშვილმა არ შექმნა ტრაგედია ოსეთისა და აფხაზეთის დაკარგვის გამო. უბრალოდ, წესრიგის დამყარება და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ნამდვილი რეფორმების გატარება დაიწყო. თუკი აფხაზეთი და ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში იქნებოდნენ, სააკაშვილს ამისი გაკეთება ძალიან გაუჭირდებოდა. შედეგად, საქართველო კვლავაც ნატოს კარზე აკაკუნებს. ეკონომიკა იქ ვითარდება, უმუშევრობა მცირდება, კორუფცია იზღუდება, კრიმინოგენული მდგომარეობა უმჯობესდება. ჩვენთან საწინააღმდეგო სურათია, მეტიც, ჩვენ, გალიციელებს, ამ ერთიან "უკრაინულ სახელმწიფოში" არავითარი პერსპექტივა არა გვაქვს. მე ჩვენს ლიდერებს მოვუწოდებ აიღონ მაგალითი სააკაშვილისაგან, ბოლოს და ბოლოს ის ხომ პროდასავლური და არა პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსია!

კომენტარები აქ, რა თქმა უნდა, ზედმეტია. ბუზინასა და ანდრუხოვიჩის გამოხტომები ცხადლივ გვიჩვენებენ, თუ რაოდენ გათავხედდა უკრაინაში რუსული აგენტურა, თუმცა საქმე მარტოოდენ ამით როდი შემოიფარგლა. მსგავსი ყაიდის პოლიტიკოსები იანუკოვიჩის პარტიაშიაც გამოჩნდნენ:

– ვერავითარ ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, რომ რუსულ ენას მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი მიენიჭოს, – განაცხადა რეგიონების პარტიის წევრმა კოლესნიჩენკომ, – ვერც იმაში, უკრაინა ფედერაციად რომ გადაიქცეს. აღმოსავლეთ–დასავლეთი უკრაინა ხომ არა მხოლოდ განსხავებული მენტალიტეტი, არამედ განსხვავებული ცივილიზაციებია. სხვათა შორის, ჩვენს ნაციონალისტებს შევახსენებ, რომ ფედერალიზაციასა და ორენოვნებას თავად უკრაინის პირველი პრეზიდენტი და დიდი ისტორიკოსი გრუშევსკი უჭერდა მხარს, შესაბამისად, მოსკოვი აქ არაფერ შუაშია! ფედერალიზება და ორენოვნება დროის მოთხოვნაა!

კოლესნიჩენკოს მხარი დაუჭირა ლვოველმა "პოლიტოლოგმა" ორესტ დროზდოვმაც, რომელმაც განაცხადა:

– უკრაინის ფედერალიზაცია გარდუვალია და იანუკოვიჩი ამას რაც უფრო სწრაფად გააკეთებს, მით უკეთესი! ამბობენ, ფედერალიზაცია ეს უკრაინის დაშლისაკენ მიმართული პირველი ნაბიჯიაო. შესაძლოა ასეცაა, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ უკრაინა თავის დღევანდელ საზღვრებში სტალინმა მოაქცია. სტალინიზმი დავგმეთ, თავად ბელადი კი ბოროტმოქმედად გამოვაცხადეთ. ამიტომ იმასაც უნდა შევეგუოთ, რომ მის მიერ ხელოვნურად შექმნილი უკრაინული რესპუბლიკა დაიშლება!

იანუკოვიჩმა ამას საკმაოდ მკვეთრი მოქმედებით უპასუხა. კიევში ჩავიდა ვენესუელის პრეზიდენტი ჩავესი. დაიდო ხელშეკრულება უკრაინის გავლით ბელორუსიაში ნავთის ტრანსპორტირების თაობაზე:

– ეს გახლდათ მოსკოვისათვის ცხვირში წკიპურტის წაკვრა, – განაცხადებს "ინტერის" ეთერიდან ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი კისელიოვი, – ბელორუსიის პრეზიდენტს ხომ ძალზე გაურთულდა ურთიერთობები პუტინთან და მედვედევთან. ვენესუელის ნავთმაც "ბაცკას" სულზე მოუსწრო. იანუკოვიჩმა კი ცხადლივ აჩვენა კრემლს, რომ განცხადება "ჩვენი მილი იმუშავებს" ლიტონი სიტყვები არ არის!

მალე პრესაში ახალი ცნობა დაიბეჭდა: კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩავა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი, რომელმაც ხელი უნდა მოაწეროს აზერბაიჯანული ნავთის უკრაინის ტერიტორიის გავლით ევროპაში ტრანსპორტირების ხელშეკრულებას. მოსკოვის აღშფოთებასაც საზღვარი არ ჰქონდა. ცნობილმა პოლიტოლოგმა მარკოვმა განაცხადა:

– თუკი, იანუკოვიჩი მართლაც რუსეთის მეგობარია, რატომ არ მიანიჭა რუსულ ენას სახელმწიფო სტატუსი, რატომ არ გააუქმა თავისი წინამორბედის განკარგულება, სტეპან ბანდერასათვის გმირობის მინიჭების შესახებ და რატომ არ მისცა პასუხისგებაში იუშჩენკო, რომელიც "ბანდეროვიჩინის გეროიზაციას" ეწეოდა და რუსეთ–საქართველოს ომის დროს საქართველოს იარაღს აწვდიდა.

ყველაფერმა ამან რუსეთ–უკრაინის ურთიერთობები დაძაბა. იანუკოვიჩი, რომელიც კვლავ არ კარგავდა მოსკოვიდან პოლიტიკური თუ ფინანსური დახმარების მიღების იმედს, მორიგ დათმობაზე წავიდა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ცნობა, რომ ალიევის ვიზიტი კიევში გადაიდო. აზაროვი, რომელიც კვლავ არწმუნებდა პუტინს რუსეთ–უკრაინის დაახლოების რეალობაში, რუსეთის პრემიერს შეჰპირდა, რომ უკრაინა აზერბაიჯანული ნავთის ტრანსპორტირებაზე უარს იტყოდა, უკრაინის პრემიერმა აგრეთვე აღუთქვა, რომ ხელს შეუწყობდა რუსულ–უკრაინული საერთო საწარმოს შექმნას როგორც "ნავთოგაზისა" და "გაზპრომის" გაერთიანების ბაზაზე, აგრეთვე ავიამშენებლობასა და ატომურ მრეწველობაშიც. შედეგად პუტინი, რომელიც ყოყმანობდა, ჩასულიყო თუ არა კიევში, ბოლოს და ბოლოს უკრაინაში ვიზიტს დათანხმდა:

– რუსეთს სურს, ეკონომიკურად "დაითრიოს" უკრაინა, რაც ძალზე აშფოთებს პრეზიდენტ იანუკოვიჩსა და მის გარემოცვას, რომელიც ნაციონალურ ბიზნესელიტას წარმოადგენს. უკრაინაში რუსი ოლიგარქების გავლენის ზრდით ხომ ამ ხალხის პოზიციებიც სუსტდება, – ნათქვამია რადიო "თავისუფლების" კომენტარში, – ურთიერთხელსაყრელ გარიგებაზე წასვლა კი მოსკოვს არ სურს.

ყველაფერმა ამან მოვლენებს თავისი დაღი დაასვა და კიევში ჩასულ პუტინსაც საკმაოდ ცივად შეხვდნენ.

რუსეთის პრემიერის ჩალურჯებული თვალი

იანუკოვიჩი კვლავ შეეცადა რამდენადმე მაინც ჩაეცხრო დაძაბულობა. კიევში ჩასულ პუტინს მთელი ორსაათნახევრის განმავლობაში აზაროვი ესაუბრა. ის ცდილობდა, საჩოთირო საკითხებისათვის გვერდი აევლო და ხაზს უსვამდა: რუსულ–უკრაინული ერთიანი საწარმოების შექმნას როგორც გაზის, ასევე ავიამშენებლობისა თუ ატომური მრეწველობის დარგში, ის ამას მხარს უჭერს, მაგრამ ეს საქმეს ვერ უშველის, თუკი რუსეთი არ გადახედავს უკრაინისათვის გაზის მიწოდების ამჟამინდელ ფასებს. პუტინმა ამას შემხვედრი წინადადება შეაგება: როდის მოხდება "ნავთოგაზისა" და "გაზპრომის" გაერთიანება? მოხდება თუ არა უკრაინის გავლით აზერბაიჯანული ნავთის ტრანსპორტირება? პრესაში ამის თაობაზე ურთიერთგამომრიცხავი ცნობები იბეჭდება. ხან ამტკიცებენ, რომ ალიევის ვიზიტი ჩაიშალა, ხანაც იმას, რომ მხოლოდ გადაიდო და უახლოეს მომავალში შედგება. პუტინმა ყველაფერ ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა მოითხოვა. აზაროვს ამაზე პასუხი არ ჰქონდა.

ფრიად საინტერესო გამოდგა პუტინ–იანუკოვიჩის საუბარი. უკრაინის პრეზიდენტმა თავის რუს კოლეგას განუცხადა, რომ ამ ეტაპზე "ნავთოგაზისა" და "გაზპრომის" შერწყმაზე საუბარი ნაადევია, რაც შეეხება ავიამშენებლობასა და ატომურ მრეწველობას, აქ შეიძლება რუსულ–უკრაინული ერთიანი საწარმოს შექმნა, თუმცა, აქციების რაოდენობა ტოლი უნდა იყოს, 50–50–ზე.

– ეს მხოლოდ საქმეს წაადგება, – განაცხადა იანუკოვიჩმა.

– როგორია თქვენი პოზიცია აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ? – დაინტერესდა პუტინი.

– აზერბაიჯანის პრეზიდენტი მალე კიევს ეწვევა და სათანადო ხელშეკრულებაც გაფორმდება.

ამ სიტყვებზე პუტინი წამოხტა და მკვეთრი ნაბიჯებით კარისაკენ გაემართა. ამბობნენ, რომ ამ დროს თავით კარს დაეჯახა და თვალიც ამიტომ ჩაულურჯდაო.

იანუკოვიჩმა და მისმა გუნდმა შეძლეს პუტინის მობრუნება. ტელეკამერების წინაშე იანუკოვიჩმა და რუსეთის პრემიერმა გააკეთეს განცხადება: რუსეთ–უკრაინის ინტეგრაციის საქმე ნორმალურად მიდის, გარკვეულ ხელშეკრულებებს ხელი მოეწერა და ა.შ.

– თქვენ შეძელით ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყება, – განაცხადა ტელეკამერის წინაშე თვალჩალურჯებულმა პუტინმა.

რუსეთის პრემიერმა უარი განაცხადა დასწრებოდა უკრაინელ ბიზნესმენებთან ბანკეტს, რაც პროტოკოლით იყო გათვალისწინებული და კიევი დატოვა.

ეპილოგი

ვლადიმერ პუტინის ჩალურჯებული თვალი და ნირწამხდარი იერი აშკარად მიგვანიშნებს, რომ მან დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია, ვერ ჩაითრია უკრაინა ერთიან საბაჟო კავშირში, ვერ მოიპოვა საკონტროლო პაკეტი ავიამშენებლობაში. მართალია, საერთო საწარმო შეიქმნა, მაგრამ მას არ ეყოლება გენერალური დირექტორი. თანახმად შეთანხმებისა, პირველ წელს ამ პოსტს რუსეთის წარმომადგენელი დაიკავებს, მეორე წელს კი უკრაინელი. იგივე შეიძლება ითქვას ატომურ მრეწველობაზეც.

პუტინის ტელეკამერების წინაშე გაკეთებული განცხადება ცხადყოფს, რომ პრემიერი შეეცადა რამდენადმე მაინც გაეფერმკრთალებინა თავისი მარცხი. რუსულ–უკრაინული საერთო საწარმოები ავიაციასა და ატომურ მრეწველობაში შეიქმნა. ამ ეტაპზე ეს გამარჯვებაა, რადგანაც გადაიდგა სერიოზული ნაბიჯი ამ დარგებზე კონტროლის დასაწესებლად. პუტინი შეეცადა ამაში რუსი ობივატელი დაერწმუნებინა. არჩევნები ხომ ახლოვდება, ხოლო პრეზიდენტ მედვედევის რეიტინგი კი პუტინისას მიუახლოვდა.

პუტინის სიტყვებმა იანუკოვიჩსაც სამსახური გაუწია. რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებმა, რომ მან და იანუკოვიჩმა შეძლეს რუსეთთან ურთიერთობაში "ახალი ეტაპის" დაწყება, გარკვეულწილად აღადგინა იანუკოვიჩის პრესტიჟი უკრაინის რუსულენოვან მოსახლეობაში, რომელიც თავის იმედგაცრუებას, უკანასკნელ ხანებში, სულ უფრო ხმამაღლა გამოთქვამდა. იანუკოვიჩს კი მათი კეთილგანწყობა ჰაერივით სჭირდება, 31 ოქტომბერს ხომ უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

რაც შეეხება რუსულ–უკრაინულ წინააღმდეგობებს, ისინი კვლავაც დაუძლეველია. ეს კანონზომიერია, რადგანაც უკრაინას დამოუკიდებლობა სურს, რუსეთს კი მასზე კონტროლის აღდგენა.

ნიკა თევზაძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ვლადიმერ პუტინი
კავშირი ტეგთან: ვლადიმერ პუტინი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online