asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გია მუჯირი: "ჩემს ასაკში შეუძლებელია მთლიანად ეკლესიური გახდე"
"ჩემს ასაკში შეუძლებელია მთლიანად ეკლესიური გახდე"
გია მუჯირი: "ჩემს ასაკში შეუძლებელია მთლიანად ეკლესიური გახდე"

2010-11-08 17:41:25



სერიალ "შუა ქალაქში" საშას როლის შემსრულებელმა ბატონმა გია მუჯირმა თავის დროზე თეატრალური ინსტიტუტი მიატოვა და სამედიცინო ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა. რას ნანობს განვლილი ცხოვრებიდან ექიმი მსახიობი "გუმბათთან" ინტერვიუდან შეიტყობთ.



– ბატონო გია, რატომ მიატოვეთ თეატრალური ინსტიტუტი?

– თეატრალურ ინსტიტუტში, სამსახიობო ფაკულტეტის ||| კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც ბრმანაწლავის შეტევა დამემართა და საავადმყოფოში დავწექი. საავადმყოფოში ძალიან გამირთულდა ჯნმრთელობის მდგომარეობა და თვენახევარი დავრჩი. საავადმყოფოში ყოფნის დროს ძალიან მომეწონა მედიცინის დარგი. თანაც, ბაბუაჩემი საკმაოდ ცნობილი ექიმი იყო. სანკტ–პეტერბურგში სამხედრო სამედიცინო აკადემია ჰქონდა დამთავრებული. სხვათა შორის, ბაბუაჩემს ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. აკადემიის დამთავრების შემდეგ, იგი გაანაწილეს სევასტოპოლში. ლენინის ბრძანებით, 1918 წელს ჩაძირეს კრეისერი "გრედვეიდ მარია", რათა თეთრგვარდიელები მთლიანად მოესპოთ. ამ გემიდან მხოლოდ ბაბუაჩემი და ერთი მეზღვაური გადარჩა. მერე ბაბუაჩემი ბათუმში ჩამოვიდა. ის იყო პირველი ექიმი, რომელმაც ბათუმში რვა საწოლზე გახსნა მალარიის საწინააღმდეგო კლინიკა. სხვათა შორის, მეც ვმუშაობდი გემზე. ზღვაში ისე ვარ, როგორც თევზი.

– სამედიცინოზე მოხვედრა არც ისე ადვილი იყო, რამდენი წელი აბარებდით?

– რა თქმა უნდა, პირველ წელს ვერ მოვეწყვე, მერე ორი წელი სასწრაფოზე სანიტრად ვმუშაობდი და ბოლოს მოვხვდი კიდეც.

– ახლა ექიმად აღარ მუშაობთ?

– დღეს აღარ ვმუშაობ. მაგრამ წლების მანძილზე, თემქაზე, მე–5 სამშობიარო სახლში მეან–გინეკოლოგად ვმუშაობდი. 68 წლის კაცი ვარ და ჩემი სურვილით წამოვედი სამსახურიდან. კიდევ კარგი, ჩემით დავწერე განცხადება და წამოვედი.

– რატომ?

– ჩემი წამოსვლიდან ექვსი თუ შვიდი თვის შემდეგ, სამშობიარო სახლის მთავარ ექიმად დაინიშნა ახალგაზრდა, სტომატოლოგი, რომელმაც ყველა ასაკიანი ექიმი გამოაგდო. ამიტომ მიხარია, რომ მათსავით დამცირებული არ წამოვედი სამსახურიდან.

– თქვენი წამოსვლის ნამდვილი მიზეზი რა იყო?

– ზაფხულის სამი თვე ზაზა კოლელიშვილის ფილმში "ომი და ქორწილი" მიღებდნენ, სადაც რუსი გენერლის როლს ვთამაშობდი. საკმაოდ სერიოზული როლი მქონდა. ამავე დროს ჩემი უახლოესი მეგობარი, გია კაჭარავა იღებდა ფილმს "მაიტა ნასოსი". გიას სურვილით, მე ფილმის ადმინისტრატორად დამნიშნეს და რამდენიმე კადრშიც გადამიღეს.

– არ გინანიათ, თეატრალური ინსტიტუტიდან რომ წამოხვედით?

– მთელი ცხოვრება ვნანობდი.

– კინოსთან თუ გქონდათ შეხება?

– როგორ არა. ერთხელ, "პახმელიაზე" ვიყავი და ლუდის დალევა მინდოდა. ქუჩაში შემხვდა ჩემი მეგობარი რამაზ გიორგობიანი, რომელიც იმ ხანებში ფილმზე მუშაობდა. რამაზი დავპატიჟე ხინკალზე და ლუდზე, მან მითხრა, რომ ჩვენს ძმაკაცს, კოკო კობაიძეს ელოდებოდა და სამივე წავედით დიღომში. პურ–მარილის დროს, უკვე კარგად რომ შევზარხოშდით, კოკომ რამაზის ჩემზე უთხრა: აი, მამაო. რამაზმაც იმ წუთში წამიყვანა კინოსტუდიაში. პირველად მეგონა რომ შაყირობდნენ და ამ შაყირში ავყევი, მაგრამ ბოლოს გაირკვა, რომ მართლა მიღებდნენ. რამაზის ვიღაცა ჰყავდა აყვანილი მამის როლზე, მაგრამ იმ მსახიობს არ ეცალა, ამიტომ მე ჩამანაცვლა მის როლზე. მანამდე V||| კლასში ვიყავი, როდესაც გადამიღეს ფილმში "ასე იწყებოდა მაიაკოვსკი", სადაც უარყოფითი მოსწავლის როლს ვთამაშობდი. ჩემმა გმირმა მაიაკოვსკი დირექციაში ჩაუშვა, რის გამოც მაიაკოვსკი გიმნაზიიდან გარიცხეს. მერე სტუდენტურ სცენებში ვთამაშობდი. რამაზ გიორგობიანის მეორე ფილმშიც "მოდი, ვილაპარაკოთ" მივიღე მონაწილეობა. ამას მოჰყვა ლევან ზაქარეიშვილის ფილმი "ორმაგი სახე", სადაც ექიმის როლი შევასრულე.

– სულ რამდენ ფილმში ხართ ნათამაშები?

– სულ 8 ფილმში და 15 რეკლამაში ვარ გადაღებული. თითქოს კამერის წინ დგომა არ მიჭირს, მაგრამ ყოველთვის ვღელავ. ერთ საღამოს სამსახურიდან ძალიან გაბრაზებული მოვედი. ამ დროს ჩემმა მეგობარმა, მალხაზ ხუხაშვილმა დამირეკა და მკითხა, სარეკლამო რგოლის გადაღებაზე ხომ არ მოხვალო. ღამის 12 საათი იყო, მაგრამ მაინც წავედი.

– იმისათვის, რომ ადამიანი თქვენი მეგობარი გახდეს, რა თვისებები უნდა ახასიათებდეს?

– ადამიანური და ჰუმანური უნდა იყოს. საუბრის დროს თვალებში უნდა გიყურებდეს. ადამიანი, რომელიც თვალებში გიყურებს, ის მართალი ადამიანია.

– "შუა ქალაქში" ვინ მიგიყვანათ?

– როდესაც დამირეკეს და მითხრეს მოდიო, გამიკვირდა. ვიკითხე ვინ გითხრათ ჩემზე–მეთქი. ჯაბა კილაძეს და ოთარ ტატიშვილს ვიცნობ, მაგრამ მათ მითხრეს, რომ ისინი შუაში არ იყვნენ, მერე აღმოჩნდა, რომ ოპერატორმა ლევან დაბრუნდაშვილმა უთხრა ჩემ შესახებ. ლევანთან რამდენიმე სარეკლამო რგოლი მქონდა ნამუშევარი. პირველად ძალიან მიჭირდა და ვღელავდი კიდეც, მაგრამ გვერდში დამიდგნენ და ყველაფერი დავძლიე.

– სერიალში თქვენი გმირის ძალიან "ეშინიათ".

– არა მგონია, უფრო მაშაყირებენ, ვიდრე ეშინიათ. როცა კადრში არ ვარ, ჩემზე კეთილი იუმორით საუბრობენ. საერთოდ, მკაცრი არ ვარ. პირველად უფრო მკაცრად დავიწყე თამაში, მაგრამ რეჟისორმა მითხრა, სიმკაცრე მოხსენიო, რადგან ყველა მეგობრულად არიან ერთმანეთშიო.

– მანამდე თუ გითამაშიათ სერიალში?

– კი. "ყავა და ლუდში", სადაც მაფიოზის როლი შევასრულე.

– ოჯახზე რას გვეტყვით?

– ჩემი მეუღლე ნანა კალანდაძე ინგლისური ენის სპეციალისტია. ამჟამად პენსიონერია. გვყავს ორი შვილი: თამარი და ლევანი. თამარიც უცხო ენების სპეციალისტია, ლევანი კი – ეკონომისტი.

– რამდენი შვილიშვილი გყავთ?

– სამი. ლევანისგან – ორი, თამრიკოსგან კი – ერთი. ჩემი უფროსი შვილიშვილი პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტორულ ფაკულტეტზე სწავლობს.

– ქალბატონი ნანა, თქვენი პირველი სიყვარული იყო?

– არა. V| კლასში ჩემი კლასელი სალომე ზარიძე მიყვარდა, V|| კლასში – სხვა, V||| კლასში – სხვა. ანუ ყოველ წელიწადს სხვადასხვა გოგო მიყვარდა. თანაც, ყველა ჩემი კლასელი. სკოლა რომ დავამთავრე, ჩემი ნამდვილი სიყვარული მსახიობი და დიქტორი მანანა მაჩაბელი იყო. მაგრამ მანანას სხვა უყვარდა. მერე ჩემი მეუღლე გავიცანი და ის შემიყვარდა.

– როგორ და სად გაიცანით ერთმანეთი?

– ჩვენი ოჯახები ერთმანეთს იცნობდნენ. დედაჩემი უცხო ენათა ინსტიტუტში მუშაობდა, ნანას რაღაცა წიგნი სჭირდებოდა და ჩვენთან მოვიდა. მაშინ ავად ვიყავი და ვიწექი. სწორედ მაშინ გავიცანით ერთმანეთი. მერე ზაფხულის პერიოდში ერთმანეთს ბათუმში დავუახლოვდით. სანამ სწავლას არ დავამთავრებდი, ჩემი ოჯახი კატეგორიული წინააღმდეგი იყო ჩემს დაოჯახებაზე, მაგრამ მშობლების აზრი არ გავიზიარე. 1969 წლის აგვისტოში დავუახლოვდით ერთმანეთს, ხოლო, 1970 წლის იანვარში ხელი მოვაწერეთ. მაშინ ჯვრის წერა არ იყო, ამიტომ ჯვარი მოგვიანებით, ქვაშვეთის ეკლესიაში დავიწერეთ.

– სად გაატარეთ თაფლობის თვე?

– რამდენიმე დღე სოხუმში ვიყავით, მერე ლვოვში წავედით.

– დღეს როგორ შეაფასებდით თქვენს სიყვარულს?

– თუ არ გიყვარს ადამიანი, მასთან ვერ იცხოვრებ. ჩემი ნანა იმდენად მიყვარს, რომ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

– ქორწინების შემდეგ ფლირტი თუ გქონიათ სხვასთან?

– ფლირტი ყველა მამაკაცს აქვს. მჭადის ნატეხს ყველა მამაკაცი წატეხავს. მაგრამ ამას სერიოზული სახე არ მიუღია.

– არ ეჭვიანობდა თქვენი მეუღლე?

– არა. ნანას რომ ეეჭვიანა, სამსახურში ვერ წავიდოდი. მე ისეთი პროფესია მქონდა, რომ სულ ქალებთან ვიყავი დაკავშირებული.

– ერთად გატარებული წლებიდან ყველაზე კარგად რა დაგამახსოვრდათ?

– თითქმის ყოველი დღე. ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ. ერთმანეთს ძალიან ვუგებთ.

– სახლიდან თუ წასულა როდესმე, ან თქვენ თუ წასულხართ?

– ის არა, მაგრამ ერთხელ მე წავედი. ახალგაზრდა ვიყავი და ვიკამათეთ, ავდექი და წავედი. ჩემმა მეგობარმა ჯემალ მონიავამ ნანას ჰკითხა: "შენი ქმარი არ დაბრუნდა ნეიტრალური წყლებიდანო?"

– რომ დაბრუნდით, ქალბატონი ნანა როგორ შეგხვდათ?

– ვითომ არაფერი მომხდარა. ის ყველაფერზე მაღლა დგას.

– ყველაზე ძალიან რა არ მოსწონს თქვენში?

– ჩემი ქეიფი. ჩემს დალევას ვერ იტანდა.

– რატომ?

– როგორც ამბობენ ცოტა ჭიჭყინა ხასიათი მქონდა. ყველას ყელში ამოვუყვანდი. მაგრამ უკვე ორი წელია, რაც აღარ დამილევია. ხანდახან ერთ ჭიქას თუ დავლევ.

– როგორი მამა ხართ?

– მკაცრი მამა არ ვყოფილვარ. ერთ ისტორიას მოგიყვებით. ჩემი ბიჭი | კლასში იყო და მისმა დამრიგებელმა დამიბარა. ისე დამირეკა, თითქოს ლევანის ქვეყანა დაექცია. მივედი და ვიკითხე, რაშია საქმე–მეთქი. დამრიგებელმა მითხრა: ბიჭები ტუალეტში იყვნენ და სიგარეტი მოწიესო. იმას ეგონა, რომ ლევანის მოვკლავდი, მაგრამ მშვიდათ მიუგე: მეშვიდე კლასში ვიყავი, პაპიროსი რომ მოვწიე და რა გასაკვირი ეს არის–მეთქი. დამრიგებელს თვალები შუბლზე აუვიდა.

– ბუნებით, რომელი შვილი გგავთ?

– გოგონა. ბიჭი უფრო სერიოზული და დინჯია.

– ბატონო გია, ცოტა რელიგიაზეც ვისაუბროთ.

– საკმაოდ ცოდვიანი კაცი ვარ. ბოლო წლებში ვიყავი სააბორტო განყოფილების გამგე. როდესაც ჩემი ოჯახის წევრები ავად გახდნენ, ჩემმა ლევანმა მითთხრა, ეს ყველაფერი გამოწვეულია შენი ცოდვებითო. ამ სიტყვების შემდეგ, ბოლო ხუთი წელი აბორტი აღარ გამიკეთებია. მერე წავედი ეკლესიაში და მოძღვართან მივედი და აღსარება ჩავაბარე.

– რომელ მოძღვართან მიხვედით?

– ვაკეში, სამების ეკლესიაში მამა საბასთან. რაც მამა საბას მრევლი ვარ, სულიერი სიმშვიდე მოვიპოვე. არაჩვეულებრივი ადამიანია. მისგან დადებითი აურა მოდის.

– პირველად აღსარების თქმა არ გაგიჭირდათ?

– არა. ჩემს ასაკში შეუძლებელია მთლიანად ეკლესიური გახდე, მაგრამ მაქსიმუმს ვაკეთებ.

– რამდენი წელია, რაც მამა საბა თქვენი მოძღვარია?

– სამი წელია.

– თქვენს განვლილი ცხოვრებას როგორ შეაფასებთ?

– ცუდად. მეტის გაკეთება შემეძლო, ვიდრე გავაკეთე.

– ხელი რამ შეგიშალათ?

– არაფერმა, უბრალოდ ვიზარმაცე. მეტი მუყაითობა უნდა გამომეჩინა.

ლია ოსაძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: კარლო კაჭარავა
კავშირი ტეგთან: კარლო კაჭარავა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online