asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რა არის ბიომეტრიული პასპორტები
რა არის ბიომეტრიული პასპორტები
რა არის ბიომეტრიული პასპორტები

2010-11-03 11:08:52



სამოქალაქო რეესტრმა რამდენიმე ხნის წინ გვამცნო, რომ საზოგადოება კიდევ ერთ ახალ მიღწევას ეზიარა და როგორც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნის ბევრ მოქალაქეს, ჩვენც ახალი ტიპის პასპორტით ვისარგებლებდით. 2010 წლის 15 აპრილს პირველი ბიომეტრული პასპორტიც გაიცა და დღეს უკვე რეესტრის მონაცემებით, 84.724 ადამიანი ამით სარგებლობს.



ბიოპასპორტებთან დაკავშირებით, ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი ნათელი იყო. შეკითხვები მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ ახალ დოკუმენტში ჩიპია მოთავსებული. რა ინფორმაციის მატარებელი ის და რა დატვირთვა აქვს ჩიპის არსებობას? ამ და სხვა დეტალების დასაზუსტებლად, პირველ რიგში, კომპეტენტურ სამსახურს, სამოქალაქო რეესტრს მივმართეთ.

– რას ნიშნავს ბიომეტრული პასპორტი?

– საქართველოს მოქალაქისთვის ბიომეტრული პასპორტი არის სამგზავრო დოკუმენტი. ის არის მაქსიმალურად დაცული და მსოფლიოს მასშტაბით, ნდობის მაღალი ხარისხის მქონე საბუთი.

– რა აუცილებლობით არის გამოწცეული პასპორტის შეცვლა, რას ამარტივებს?

– მოქალაქეს გაუმარტივდა ვიზების მიღების პროცედურები.

– მსოფლიოს რომელ ქვეყნებში მოქმედებს მსგავსი ტიპის პასპორტი, ვისი გამოცდილება გავიზიარეთ და თუ მოქმედებს რომელიმე მართმადიდებლურ ქვეყანაში?

– მაგალითად, საბერძნეთში. ამჟამად ახალი სისტემის გამოყენება უკვე დაწყებულია ევროკავშირის 26 ქვეყანაში, გარდა ამისა, ისლანდიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში ჰონკონგში, მალაიზიაში, სამხრეთ კორეაში, ეგვიპტეში, ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებში.

– რა ინფორმაციას შეიცავს ბიოპასპორტი, რითი განსხვავდება ჩვეულებრივისგან?

– ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ის დამატებით შეიცავს ელექტრონულ ინფორმაციას, კერძოდ, პიროვნების ბიომეტრულ სურათს, თითის ანაბეჭდს და ელექტრონულ ხელმოწერას.

– რას გულისხმობს ჩიპი, რომელმაც საზოგადოებაში გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია?

– ჩიპი არის ჩვეულებრივი ელექტრონული ინფორმაციის საცავი, რომელშიც შეტანილია მხოლოდ ის ელექტრონული ინფორმაცია, რომელიც უკვე მოგახსენეთ, მეტი არაფერი.

888

ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, შევეცადეთ გაგვერკვია, რა წინააღდეგობაში მოდის ჩიპიანი პასპორტი მართლმადიდებლობასთან. საპატრიარქომ პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. გააკეთებს თუ არა განცხადებას ამის თაობაზე, ჯერჯერობით უცნობია. რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე და როგორ უნდა მოიქცეს მრევლი ასეთ სიტუაციაში, ამის შესახებ წმიდა ნიკოლოზის ტაძრის მოძღვარს, დეკანოზ, მამა დავით ლონდარიძეს ვესაუბრეთ.

– მამაო, ამბობენ, რომ ბევრ წამყვან ქვეყნებში, მათ შორის მართმადიდებლურშიც, ბიომეტრული პასპორტები აპრობირებულია და ის მეტი გამჭვირვალობისთვის ინერგება. თუმცა, საზოგადოების დიდი ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს ამ საკითხს, არის მოსაზრება, რომ ის ეკლესიურობასთან წინააღმდეგობაში მოდის. როგორია თქვენი დამოკიდებულება?

– ამ თემასთან დაკავშირებით ეკლესიის მხრიდან არ გაჟღერებულა არც დადებითი და არც ნეგატიური ფორმით რაიმე პოზიცია ე.ი. ის, რაც არ არის აკრძალული, შეიძლება იყოს გამოყენებული. ჩვენ გვყავს უზენაესი პატრიარქი, რომელსაც შეუძლია მოსახლეობას მისცეს რჩევები, დაარიგოს ზნეობასა და სარწმუნოებაზე. რადგან მას არ გაუკეთებია უარყოფითი განცხადება, ვფიქრობ, არ დამდგარა ჟამი, როცა ქრისტიანმა თავი უნდა შეიზღუდოს. მე არც მთელი ტაძრის სახელით შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ჩემს დამოკიდებულებას მოგახსენებთ. პასპორტს ავიღებთ თუ არა, პრობლემა ეს არ არის. თქვენ ახსენეთ ევროპის წამყვანი ქვეყნები, სწორედ ამაშია საქმე. პროცესი გლობალური კონტროლის მსოფლიოში მიმდინარეობს და ჩვენც ჩავებით ამაში. ადამიანი, რომელზეც ყველაფერი იცი, ადვილი სამართავია. პასპორტს ავიღებთ თუ არა, ეს კონტროლი მაინც არსებობს, მე ამას არ ვამბობ პოლიტიკური კუთხით. საქმე გვაქვს არა პოლიტიკასთან, არამედ ზნეობასა და რწმენასთან.

– მამაო, რას გულისხმობთ, ვინ ახორციელებს ამ კონტროლს, ან რა კავშირი აქვს ბიომეტრულ პასპორტთან?

– ბოროტი ძალები. რაც შეეხება ბიოპასპორტებს, ის იგივე თემაა, როგორიც იყო თავის დროზე პირადობის მოწმობები, საკრედიტო ბარათები და შტრიხკოდები. ეტაპობრივად გვაჩვევენ და გვეუბნებიან, რომ მათი აღება ერთი ჩვეულებრივი მომენტია. საზოგადოებას ნახევრად თამაშით, ნახევრად ხუმრობით, ნელ–ნელა აგუებენ დიალოგს ეშმაკთან, მასთან თანამშრომლობას სთავაზობენ და, როცა მოვა დრო იმ უმთავრესზეც, წინასწარმეტყველების ბოლო ეტაპზე, რაც გულისხმობს ბეჭდის მიღებას შუბლსა და ხელზე, ამაზეც მარტივად ეტყვიან ხალხს, არაფერიაო. მგლისა და ბიჭის იგავის არ იყოს, ეს იმისთვის კეთდება, ბოლოს აღარავინ შეყოვნდეს და საკუთარი ნებით მიიღონ ბოლო ჟამის უკანასკნელი ნიშანიც. ბიოპასპორტებს, შესაძლოა, ხვალ და ზეგ მოჰყვეს უფრო რადიკალური ნაბიჯი. დღეს თუ ჩიპი ე.წ. ინფორმაციული საცავი, პასპორტში შემოიტანეს, ხვალ არ არის გამორიცხული შეეცადონ სხეულში ჩაგვიყენონ იგი, ისე, როგორც ეს წინასწარმეტყველებაშია მითითებული. მახსოვს, როცა ჯერ კიდევ სამხედრო ვიყავი და ახალი დაწყებული მქონდა ეკლესიური ცხოვრება, ერთმა დიდმა მამამ მკითხა: წაკითხული გაქვს სახარებაო? კი–მეთქი, რითი მთავრდებაო? ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. თვითონვე მიპასუხა, აპოკალიფსითო. ხვდებით, საით მიექანება ეს სამყარო?

– მამაო, ბოლო ჟამის ნიშნებს ხედავთ?

– ბიოპასპორტი, შესაძლოა არ იყოს ბოლო წვეთი, მაგრამ ის ერთ–ერთი ნიშანი მაინც არის. ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად. მტრედი შეიძლება ხვდებოდეს გველის მზაკვრობას, მაგრამ არ უნდა იზიარებდეს მას. ჩვენ უნდა გავფრთხილდეთ და ისეთი ნაბიჯი არ უნდა გადავდგათ, რაც შემდგომ ჩვენს ცხოვრებას საფრთხის ქვეშ დააყენებს.

– თქვენ თუ აპირებთ ამ პასპორტის აღებას?

– ბევრ სხვა ადამიანთან ერთად, ერში მცხოვრებ სასულიერო პირებსაც მოუწევთ ბიოპასპორტის აღება. მე ჯერჯერობით არ ვაპირებ, მაგრამ რომ დამჭირდეს, რასაკვირველია, ავიღებ. მე არ ვაწესებ არავითარ აკრძალვას. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ეს პასპორტები ჩვეულებრივად და თუ მე სხვას არ ვუკრძალავ აღებას, არ იქნება სწორი, მე თავად ვთქვა უარი ამაზე. მახსოვს, მართვის მოწმობა ავიღე და სამი ექვსიანი იყო გარეული ნომერში. გამომეკიდა გოგონა, რომელიც გასცემდა ამ მოწმობას, მომიბოდიშა და მითხრა, გამოგიცვლით და სხვას მოგცემთო, რატომ სხვას–მეთქი, თუ ვინმეს მაინც უნდა ჰქონდეს, მირჩევნია, ის სხვა მე ვიყო.

– მამაო, ბერი პაისი, როდესაც ერთ–ერთ ინტერვიუში საუბრობს ბოლოჟამის მინიშნებებზე, ამბობს, რომ ასეთ სიტუაციაში ეკლესიამ მკვეთრად უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია, რადგან მრევლს აჩვენოს გზა და მიმართულება მისცეს. ამ შემთხვევაში ეკლესია დუმს, როგორ უნდა მოიქცეს მრევლი?

– მე მოძღვარი ვარ და ჩემს მრევლს უკვე ვამზადებ. ვესაუბრები ამ თემაზე, ვურჩევ იყვნენ ფხიზლად, შევიდნენ ღრმა სარწმუნოებაში, რომ დროულად ამოიცნონ ბოლო ჟამის ნიშნები, ბეჭედი შუბლსა და ხელზე, რაც შეეხება სრულიად ეკლესიის დამოკიდებულებას, ჩვენ გვყავს პატრიარქი, მის მზერას ეს არ გამოეპარება, როგორც კი დადგება დრო, თქვენ გაიგებთ ეკლესიის ღაღადს. პატრიარქი თუ ჩათვლის, რომ ამის იქით წასვლა აღარ შეიძლება, მეც და თქვენც, როგორც მორწმუნე ადამიანები, შევასრულებთ მის სიტყვას.

ანა ქარდავა



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პატრიარქი ილია II
კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online