asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მშვიდობით, ჩემო ლამაზო
მშვიდობით, ჩემო ლამაზო
მშვიდობით, ჩემო ლამაზო

2010-11-03 11:08:52



დასაწყისი წინა ნომრებში

თავი ოცდამეცამეტე

მანქანა აუჩქარებლად მისრიალებდა საცხოვრებელი სახლების გასწვრივ. გზის გასწვრივ ჩამწკრივებული ხეების ტოტები ჩვენს თავს ზევით გვირაბს ქმნიდა. მზის სხივები გაჭირვებით აღწევდა ხშირ ტოტებსა და ჯერ კიდევ წვრილ ბოლომდე გაუშლელ ფოთლებს შორის. კუთხეში დადგმული ნიშანი გვატყობინებდა, რომ ჩვენ მეთვრამეტე ქუჩაზე ვიმყოფებოდით.

მანქანას ჰემინგუეი მართავდა, მე კი მის გვერდით ვიჯექი. ის ძალიან ნელა მიდიოდა, რაღაცაზე მძიმედ ჩაფიქრებული.

– ბევრი რამ მოუყევით? – მკითხა ბოლოს.

– მე მას ვუთხარი, რომ თქვენ და ბლეინმა წამომიყვანეთ იქიდან, მანქანიდან გადმომაგდეთ და გამთიშეთ. დანარჩენზე არაფერი მითქვამს.

– 23–სა და დესკანოს თაობაზე არაფერი მოგიყოლიათ?

– არა.

– რატომ?

– ვიფიქრე, რომ ასე უფრო კარგად გავუგებთ ერთმანეთს.

– კარგი აზრია. თქვენ მართლაც გსურთ სტილვუდ ჰაიტსში წასვლა თუ ეს უბრალოდ საბაბი იყო?

– უბრალოდ საბაბი. სინამდვილეში რაც მართლა მსურს ის არის, რომ თქვენგან შევიტყო, რატომ მომათავსეთ ერთ მხიარულ დაწესებულებაში და რატომ ცდილობდნენ იქ ჩემს დაკავებას.

ჰემინგუეი ჩაფიქრდა. იგი მაგრად ფიქრობდა, რომ სახეზე კუნთები დაებერა.

– ეს ბლეინი, – დაიწყო მან, – ნაძირალაა. არც კი მიფიქრია, რომ ის თქვენ დაგარტყავდათ. არ მეგონა, თუ სახლში მართლაც ფეხით მოგიწევდათ წასვლა. მეგონა, რომ უბრალოდ სცენას ვთამაშობდით, ამტორს შანტაჟისტის შეშინებაში ვეხმარებოდით. გაოცდებოდით, რომ იცოდეთ, თუ რამდენად ხშირად აშანტაჟებენ.

– უკვე გამიკვირდა, – სწრაფად ვუპასუხე მე. მან ცერად გადმომხედა. მას თვალები ყინულივით ცივი ჰქონდა. შემდეგ ისევ ჩაფიქრებული გასცქეროდა გზას მტვრიანი მინიდან.

– ამ სტარპერებს ზოგჯერ ვიღაცის გათიშვა სურთ, – თქვა მან, – მათ ვინმეს აუცილებლად უნდა გაუტეხონ თავი. ღმერთო ჩემო, როგორ შევშინდი მაშინ. თქვენ ცემენტის ტომარასავით დაეცით. ჩემი უკმაყოფილება არ დამიმალავს ბლეინისთვის. შემდეგ კი ზონდერბორგთან მიგიყვანეთ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის დაწესებულება ყველაზე ახლოს იყო და მეორეც, იმიტომ, რომ ის ცუდი ყმაწვილი არ არის და ჩვენ თქვენზე ურიგოდ არ ვიზრუნებდით.

– ამტორმა იცის, იქ რომ მიმიყვანეთ?

– რა თქმა უნდა, არა. ეს ჩვენი იდეა იყო.

– იმიტომ, რომ ზონდერბორგი კარგი და მზრუნველი ყმაწვილია და ქრთამიც საჭირო არ არის, რა თქმა უნდა, ექიმი არ მიიღებს ჩემს საჩივარს, თუ ამის გაკეთებას გადავწყვეტ. თუმცა, ამ პატარა ქალაქში ჩივილს აზრი არ აქვს.

– თქვენ გინდათ ამ საქმეს მსვლელობა მისცეთ? – ჩაფიქრებულმა იკითხა ჰემინგუეიმ.

– არა. სხვათა შორის, არ გირჩევდით მეტისმეტად გათამამებას. თქვენი სამსახური ბეწვზე ჰკიდია. ხომ თავად ნახეთ შეფის გამოხედვა.

– კარგით, – თქვა ჰემინგუეიმ და ღია ფანჯარაში გადააფურთხა, – არც ვაპირებ. არ გეკამათებით, შესაძლოა ზოგჯერ საუბრის დროს რაიმე ისეთი წამომცდება. ჩვევა მღალატობს. კიდევ რა?

– ბლეინი მართლა ავადაა?

ჰემინგუეიმ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, მაგრამ ამის გამო სინანული არ გამოუხატავს. მან საკმაოდ გულგრილად თქვა:

– გუშინწინ მუცელი ასტკივდა და ბრმანაწლავი მანამდე გაუსკდა, სანამ ამოაჭრიდნენ. ბლეინს გადარჩენის არც თუ დიდი შანსი აქვს.

– არ არის სასურველი მისი დაკარგვა, – ვუპასუხე მე, – ასეთი ყმაწვილი პოლიციის მშვენებაა.

ჰემინგუეიმ ისევ გადააფურთხა.

– კარგით, შემდეგი კითხვა, – ამოიხვნეშა მან.

– თქვენ დამაჯერებლად დაასაბუთეთ თუ რატომ მიმიყვანეთ ზონდერბორგთან, მაგრამ თქვენ ჯერ არ აგიხსნიათ, თუ რატომ ვყავდი 48 საათის განმავლობაში გამოკეტილი და ნარკოტიკებით მჭყიპავდა.

ჰემინგუეიმ უხმაროდ დაამუხრუჭა მანქანა ტროტუართან. მან ხელები საჭეზე დააწყო და ცერა თითები ერთმანეთს გაუსვა.

– არ ვიცი, – ყრუდ თქვა მან.

– მე მქონდა საბუთები, რომელშიც ეწერა, რომ მე კერძო დეტექტივი ვარ, – განვაგრძე მე, – გასაღებები, ფული, ფოტოსურათები. ექიმი რომ არ გიცნობდეთ, იფიქრებდა, რომ თავში ჩარტყმა უბრალოდ გათამაშებული იყო, იმისთვის, რათა მის დაწესებულებაში შეგეგზავნეთ იქაურობის დასაყნოსად. მაგრამ ვხვდები, რომ ის თქვენ კარგად გიცნობთ, ბიჭებო. სწორედ ამიტომაც ვარ შეშფოთებული.

– ასევე დარჩით, ასე უფრო უსაფრთხოდ იქნებით.

– დიახ, რა თქმა უნდა, – დავეთანხმე მე, – მაგრამ ამაში სასიამოვნოს ვერაფერს ვხედავ.

– თქვენ ლოს–ანჯელესის კანონის დამცველებს სთხოვეთ ამ საქმით დაინტერესებულიყვნენ?

– რითი?

– თქვენი ეჭვით ზონდერბორგთან მიმართებაში.

– მთლად მასე არა.

– ჰო თუ არა?

– მე არც იმდენად მნიშვნელოვანი პიროვნება ვარ, რომ პოლიციას მითითებები მივცე, – მივუგე მე, – ლოს–ანჯელესელი კანონის დამცველებს მათთვის სასურველ ნებისმიერ დღეს შეუძლიათ აქ გამოჩნდნენ. ყველას არა, რა თქმა უნდა, მაგრამ შერიფისა და საოლქო პროკურორის ბიჭებს კი. მეგობარი მყავს პროკურატურის ზედამხედველობაში, ასევე ოდესღაც თავადაც იქ ვმსახურობდი. მეგობარს ბერნი ოლსი ჰქვია. ის მთავარი გამომძიებელია.

– მას ამის თაობაზე აცნობეთ?

– არა. უკვე ერთი თვეა მასთან არ მისაუბრია.

– ფიქრობთ, მისთვის ამ საქმის გადაგზავნას?

– თუ ეს ჩემს მუშაობაში ხელს შემიშლის, არა.

– კერძო საქმეა?

– დიახ.

– კარგით. რა გინდათ?

– სინამდვილეში რითია დაკავებული ზონდერბორგი?

სერჟანტმა ხელები საჭეს მოაშორა და ისევ ფანჯარაში გადააფურთხა.

– კარგი ქუჩაა, არა? სასიამოვნო სახლები, სასიამოვნო ბაღები, სასიამოვნო კლიმატი. ხშირად გსმენიათ მოსყიდულ პოლიციელებზე?

– იშვიათად, – ვუპასუხე მე.

– კარგით! რამდენი პოლიციელი ცხოვრობს ასეთ ქუჩებზე, როგორიც ეს არის, ასეთ მშვენიერ სახლებში წინ ლამაზი მდელოებით? მე ოთხ–ხუთი ვიცი, ყველანი პროსტიტუციასა და სათამაშო სახლებთან ბრძოლის რაზმიდან არიან. ისინი საკმაოდ დიდ ფულს ხვეტავენ. ხოლო ჩემნაირი პოლიციელები, ქალაქის ბინძურ ნაწილში საცოდავ სახლებში ცხოვრობენ. გინდათ განახოთ, სად ვცხოვრობ?

– ეს რას ამტკიცებს?

– მომისმინე, მეგობარო, – სერიოზული სახით თქვა მან, – მე თქვენ ბაწარზე გამობმული ფინიასავით დაგდევთ, მაგრამ ყოველგვარ მოთმინებას აქვს საზღვარი. პოლიციელები ფულს არ ხარბდებიან! გაიღიმეთ? კარგით, ხდება, მაგრამ იშვიათად. პოლიციელები იმას აკეთებენ რასაც ეტყვიან. ხოლო ყმაწვილი, რომელიც უზარმაზარ კაბინეტში ძვირფას კოსტუმში გამოწყობილი ზის და ძვირფას სასმელს მიირთმევს, ასევე არაფერს წყვიტავს. გამიგეთ?

– რა კაცია მერი?

– მერია, რა, როგორც სხვა ნებისმიერ ქალაქში. თქვენ ფიქრობთ, რომ ის გასცემს ბრძანებებს? სისულელეა. იცით რა ხდება ამ ქვეყანაში?

– გამიგონია, მეტისმეტად ბევრი გაყინული კაპიტალია, – ვუპასუხე მე.

– ყმაწვილი სუფთა ვერ დარჩება, ძალიანაც რომ მოინდომოს, – თქვა ჰემინგუეიმ, – საკუთარი ტყავიდან ამოაძვრენენ, თუ სუფთა დარჩება. თქვენ ან ბინძურ თამაშს თამაშობთ, არა წმინდა სულით იკვებებით. ნაძირლების ხროვა ფიქრობს, რომ ჩვენ ოთხმოცდაათი ათასი სუფთა ტანსაცმელში და ხელში საქაღალდე მომარჯვებული ფბრ–ს თანამშრომელი გადაგვარჩენს. სისულელეა! იცით რას ვფიქრობ? ჩვენ ეს სამყარო თავიდან უნდა გადავაკეთოთ. უნდა მოვახდინოთ მორალური გადაიარაღება. მაშინ შეიძლება რამე გამოვიდეს. მხოლოდ მორალური გადაიარაღება!

– თუ ბეი სიტი ამ მორალური გადაიარაღების მუშაობის მაგალითია, მაშინ ასპირინის მიღება დამჭირდება, – ვუპასუხე მე.

– შეიძლება ძალიან ჭკვიანი გახდე, – რაღაც უცბათ დამშვიდდა ჰემინგუეი, – შეიძლება ამაზე არ იფიქრო, მაგრამ ეს შესაძლებელია. შეიძლება ისე დაჭკვიანდე, რომ მხოლოდ იმაზე იფიქრებ, რომ კიდევ უფრო ჭკვიანი გახდე. მე მხოლოდ ერთი უგუნური პოლიციელი ვარ. მე ბრძანებებს ვასრულებ. ცოლი და ორი შვილი მყავს და მათთვის ყველაფერს ვაკეთებ, რასაც დიდი ბიძიები ამბობენ. ბლეინს ბევრის მოყოლა შეეძლო, მე ასეთ საკითხებში გათვითცნობიერებული არ ვარ.

– ბლეინს მართლა ბრმანაწლავი აწუხებს? ტყვია ხომ არ დაიხალა მუცელში?

– ასეთი ნუ იქნებით, – უკმაყოფილოდ, მაგრამ მეგობრულად თქვა ჰემინგუეიმ და ხელები საჭეს გადაუსვა, – შეეცადეთ ზოგჯერ კარგიც იფიქროთ ადამიანებზე.

– ბლეინზე?

– ის ისეთივე ადამიანი, როგორც ჩვენ ვართ. ცოდვილია, მაგრამ ადამიანია.

– რითია დაკავებული ზონდერბორგი?

– კარგით, მე მხოლოდ გითხარით. შეიძლება მართალი არ ვარ. მე თქვენ ისეთ ყმაწვილად ჩაგთვალეთ, ვისაც შეიძლება არც თუ ურიგო იდეა მიაწოდო.

– იცით რას აკეთებს?

ჰემინგუეიმ ცხვირსახოცი ამოიღო და სახე მოიწმინდა.

– თქვენ უნდა მიმხვდარიყავით, რომ მე და ბლეინს რომ გვცოდნოდა, რომ ზონდერბორგი უკანონო საქმიანობით იყო დაკავებული, მაშინ იქ არ მიგიყვანდით, ან თქვენ იქიდან ასე ადვილად ვერ გააღწევდით. ნამდვილი იატაკქვეშა საქმიანობა მაქვს მხედველობაში.

– მე კი ვფიქრობ, რომ სამკურნალო დაწესებულებიდან ჩემი გაქცევა ნავარაუდევი არ ყოფილა, – შევნიშნე მე, – არსებობს ასეთი წამალი, სკოპოლამინი, რომლისგანაც ადამიანი თავისდაუნებურად ამეტყველდება. რა თქმა უნდა, ეს ჰიპნოზი არ არის, მაგრამ ხშირად მუშაობს. ჩემგან რაღაცეების გაგება სურდათ, რათა გაერკვიათ რამდენად ვიყავი საქმეში ჩახედული. მაგრამ ექიმ ზონდერბორგს მხოლოდ სამი წყაროდან შეეძლო შეეტყო, რომ მე რბილად რომ ვთქვათ, მისთვის სასიამოვნო ინფორმაციას ვფლობდი. მისთვის შეეძლო ეთქვა ამტორს, ან ლოს მელოის ვეხსენებინე, რომ ჯესი ფლორიანს ვსტუმრობდი, ან შეეძლო ეფიქრა, რომ პოლიციის მიერ ვიყავი შეგზავნილი.

სერჟანტი სევდიანი თვალებით მიყურებდა.

– ვინ ეშმაკია ლოს მელოი?

– ძვლების მტვრეველი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კაცი მოჰკლა სენტრალ ავენიუზე. მასზე ინფორმაცია თქვენი ტელეტაიპით გადაიცა, თუ მას ოდესმე კითხულობთ. და შესაძლოა უკვე მიიღეთ განცხადება, რომ იძებნება.

– მერე რა?

– ის რომ ზონდერბორგი მას თავისთან მალავდა. იქ ვნახე ლოსი, საწოლზე იწვა და გაზეთს კითხულობდა. სწორედ იმ ღამეს იქიდან რომ გამოვაღწიე.

– როგორ გამოიქეცით? ჩაკეტილში არ ჰყავდით?

– სანიტარი საწოლის ზამბარით გავთიშე. გამიმართლა.

– იმ კაცმა ვერ დაგინახათ?

– არ დავუნახივარ.

ჰემინგუეიმ მანქანა დასძრა, მას სახეზე ღიმილი ჰქონდა აღბეჭდილი.

– მაგარია. ზონდერბორგი თავისთან მალავდა ძებნილ ყმაწვილებს, თუ, რა თქმა უნდა, მათ ფული ჰქონდათ. მისი დაწესებულება ამისთვის შესაფერისი იყო.

მანქანამ სვლას მოუმატა და ჩვენ კუთხეში შევუხვიეთ.

– ეშმაკმა დალახვროს. ვფიქრობდი, რომ მარიხუანიან სიგარეტებს ჰყიდიდა, – თქვა ჰემინგუეიმ, გულწრფელი ზიზღით, – მაგრამ ეშმაკმა დალახვროს, მაგრამ მისი საქმიანობა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა!

– თუ გსმენიათ ოდესმე იატაკქვეშა ლატარეაზე? თუ ერთი მხრივ შევხედავთ ისიც ხანგრძლივ დროზეა გათვლილი.

ჰემინგუეიმ კიდევ ერთი მოსახვევი გაიარა და თავი დამიქნია.

– სწორია. ჩინური ბილიარდი, სათამაშო სახლი ბინგო, თავშესაფრები ნარკომანებისთვის. მაგრამ ეს ყველაფერი ერთად შეკრიბეთ და მათი მართვა ერთ ყმაწვილს დააკისრეთ და აღმოჩნდება, რომ უაზრობა სულაც არ არის.

– ვინ არის ის ყმაწვილი?

ჰემინგუეიმ არ მიპასუხა. მან პირი მაგრად მოკუმა. დესკანოს მივუყვებოდით აღმოსავლეთისკენ. შუადღისითაც კი მეტად წყნარი ქუჩა იყო. რაც უფრო ვუახლოვდებოდით 23–ე ქუჩას, მით უფრო ხმაურიანი ხდებოდა კვარტალები. აი ორი ადამიანი პალმას ისე აკვირდება თითქოს მისი სხვაგან გადადგმა ჰქონდეთ განზრახული. დოქტორ ზონდერბორგის სახლის მახლობლად მანქანაა გაჩერებული. შიგნით არავინაა. ოდნავ მოშორებით კაცი წყლის მრიცხველის ჩვენებას იწერს.

სახლი მზის მაცოცხლებელი სხივებითაა განათებული. ჩაის ვარდები ფანჯრების ქვეშ იწონებდნენ თავს. ალისფერი ვარდი ის–ის იყო კოკორს შლიდა. ბრინჯაოსფერ–მომწვანო ფერის ჩიტი საქმიანად კენკავდა საკენკს. სახლი ხნიერი მდიდარი წყვილის საცხოვრებელს მოგაგონებდათ, რომლებიც თავს ბაღის მოვლით იქცევდნენ.

ჩვენმა მანქანამ სახლს გვერდით ნელა ჩაუარა. სერჟანტმა ცხვირი მოიწმინდა, კუთხეში შეუხვია, უკანა ხედვის სარკეში გაიხედა და სიჩქარეს მოუმატა.

სამი კვარტლის შემდეგ მან მანქანა ტროტუართან გააჩერა და მე მომიბრუნდა მკაცრი სახით.

– ლოს–ანჯელესელი მაძებრები, – თქვა მან, – ერთ–ერთი მათგანი, პალმასთან რომ იდგა დონელია. მე მას ვიცნობ. ისინი სახლს უთვალთვალებენ, ე.ი. თქვენ არაფერი მოგიყოლიათ თქვენი ლოს–ანჯელესელი მეგობრისთვის, ასეა?

– ხომ გითხარით, რომ არა.

– შეფს ეს მოეწონება, – ჩაიბურტყუნა ჰემინგუეიმ, – აქ ჩამოვიდნენ, ამ დაწესებულებას უთვალთვალებენ და ჩვენთან გამარჯობის სათქმელადაც კი არ შემოიარეს.

საკუთარ მოსაზრებაზე კრინტი არ დამიძრავს.

– ისინი იმ ლოს მელოის დასდევენ?

უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.

– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არა.

– მერე რამდენად არის შენთვის ცნობილი, მეგობარო?

– ბევრი არაფერი. თუ არსებობს რაიმე კავშირი ამტორსა და ზონდერბორგს შორის?

– ამის შესახებ არაფერი ვიცი.

– ვინ არის ამ ქალაქის პატრონი?

პასუხი არ გაუცია, დუმილი სამი წამის შემდეგ დავარღვიე.

– გავიგე, რომ მოთამაშემ სახელად ლეირდ ბრიუნეტმა 30.000 დახარჯა მერის არჩევნებზე. ისიც გავიგე, რომ ის კლუბ ბელვედერის და ორივე სათამაშო ხომალდის მფლობელია.

– შეიძლება, – უკმაყოფილოდ მიპასუხა ჰემინგუეიმ.

– სად შეიძლება ბრიუნეტის ნახვა?

– მე რატომ მეკითხებით?

– სად გაიქცეოდით, თუ საიმედო თავშესაფარს დაკარგავდით?

– მექსიკაში.

გამეცინა.

– კარგით, პატივს ხომ ვერ დამდებდით?

– დიდი სიამოვნებით.

– ისევ ცენტრში წამიყვანეთ.

მანქანა დაიძრა და მალე პოლიციის სამმართველოს გვერდით ავტოსადგომზე გავჩერდით. მანქანიდან გადავედი.

– გვესტუმრეთ როდესაც მოახერხებთ, – მითხრა ჰემინგუეიმ, – ალბათ იმ დროისთვის სანაგვეების დასუფთავებით ვიქნები დაკავებული.

მან თავისი მსხვილი ხელი გამომიწოდა.

– არანაირი უსიამოვნო შეგრძნებები?

– მორალური გადაიარაღება! – მითხრა მან, როდესაც ხელს მართმევდა. ჩვენ გაგვეცინა.

მან დამიძახა, როდესაც უკვე წასვლას ვაპირებდი, ფრთხილად მიმოიხედა ირგვლივ და ყურში ჩამჩურჩულა:

– ეს სათამაშო ხომალდები, ჩემი აზრით, ქალაქისა და შტატის კანონების ფარგლებს გარეთ იმყოფებიან. პანამაში არიან დარეგისტრირებულნი. მე რომ... – ის გაჩუმდა, და მის თვალებში შეშფოთება თუ სევდამ ჩაიბუდა.

– მივხვდი. მეც იგივეს ვფიქრობდი. არ ვიცი რატომ მომესურვა, რომ თქვენც იგივე იდეა მოგსვლოდათ თავში, მაგრამ ერთი ადამიანისთვის ისე ვერ იმუშავებს.

მან თავი დამიქნია და გაიღიმა.

– მორალური გადაიარაღება.

თავი ოცდამეთოთხმეტე

სანაპიროსთან მდებარე სასტუმროს ნომერში საწოლზე ვიწექი და დაბნელებას ველოდებოდი. პატარა ოთახი უხეში საწოლით და საბანივით თხელი "მატრასით", რომლის გატეხილი ზამბარა მარცხენა გვერდში მერჭობოდა. უკვე დაწვრილებით შევისწავლე ჭერი, მაგრამ გაუნძრევლად წოლას ვაგრძელებდი.

ჭერზე ნეონის ნათურების რეკლამის ათინათი ანათებდა. შორს ფანჯრის მიღმა მანქანების ღმუილის ხმა ისმოდა. ქუჩა ავტოსტრადიდან შორს მდებარეობდა, მაგრამ მას რატომღაც სპიდვეის უწოდებდნენ. მანქანების ხმაურს სწრაფად ეჩვევი, მაგრამ ფეხის ბაკიბუკს ტროტუარზე ფანჯრების ქვეშ ვერასოდეს. ოთახში იჭრებოდა დამწვარი ცხიმის სუნი. შორს ვიღაც ისეთი ხმით ყვიროდა, რომ მეზობელ შტატშიც კი გაიგონებდნენ: "მოგშივდათ, ხალხო, მოგშივდათ! ცხელი სოსისები! მოგშივდათ!"

ბნელდებოდა. ფიქრის გარდა სხვა არაფერი დამრჩენოდა. ვფიქრობდი მიცვალებულთა თვალებზე, რომლებიც უმთვარო ცას შეჰყურებდნენ, სახეზე შემხმარ სისხლის ნაკადულზე. ვფიქრობდი ქერათმიანზე, რომელსაც ეშინოდა, მაგრამ არ იცოდა რისი, რომელიც გრძნობდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო, მაგრამ გულმოდგინედ ცდილობდა საქმეში გარკვევას. ვფიქრობდი ლამაზ მდიდარ ქალებზე, რომელთანაც შეიძლება დრო გაატარო, და სიმპათიურ, ცნობისმოყვარე გოგონებზე, რომლებიც სრულიად მარტონი ცხოვრობდნენ და რომლებთანაც ასევე შეიძლებოდა დროის გატარება, მხოლოდ სულ სხვანაირად. ვფიქრობდი პოლიციელებზე, მაგარ, მოსყიდულ ფარაონებზე, მაგრამ არა ბოლომდე გარყვნილებზე. ისეთებზე, როგორიც მაგალითად ჰემინგუეი იყო. მსუქან უზრუნველ პოლიციელებზე, როგორიც პოლიციის შეფი ვოკსი იყო. მაღალ და ელეგანტურ, გონებაგამჭრიახ და ცივ პოლიციელებზე, როგორიც რანდელია, რომელთაც მიუხედავად გონებაგამჭრიახობისა და ცივსისხლიანობისა, არ შეეძლოთ თავისუფლად შეესრულებინათ სამუშაო, სუფთა მეთოდების დახმარებით. ვფიქრობდი ინდიელებზე, ფსიქიატრებსა და ნარკომან ექიმებზე. ვფიქრობდი ბებერ თხებზე, როგორიც ნალტი იყო, რომელთაც სწრაფად თქვეს უარი, დაწყებული საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიეყვანათ.

ბევრ რამეზე ვფიქრობდი. უკვე შესამჩნევად ჩამობნელდა. ნეონის ნათურების წითელი ფერი სულ უფრო ღრმად აღწევდა ოთახში.

საწოლიდან წამოვდექი, უხეშ ბალიშზე დებისგან გაშეშებული კისერი მოვისრისე, კუთხეში მდგარ პირსაბანთან მივედი და სახეზე ცივი წყალი შევისხი. თავი ოდნავ უკეთ ვიგრძენი. დალევა მჭირდებოდა. მჭირდებოდა საკუთარი სიცოცხლის დიდ თანხად დაზღვევა, დასვენება მჭირდებოდა, სახლი მჭირდებოდა სოფელში. ჩემს ავლადიდებას კი ლაბადა, ქუდი და პისტოლეტი წარმოადგენდა. ეს ყველაფერი მოვირგე და ოთახიდან გამოვედი.

ლიფტი არ იყო. დერეფანი ყარდა. კიბეებით ქვევით ჩავედი, ისე რომ ჭუჭყიან მოაჯირს არ შევხებივარ, გასაღები მაგიდაზე დავაგდე და მორიგეს ვუთხარი, რომ მივემგზავრებოდი და ნომერი აღარ დამჭირდებოდა. ხანშიშესულმა მორიგემ თავი დამიქნია, ხოლო მთელ კალიფორნიაში ყველაზე მტვრიანი კაუჩუკის ხის ტიხარის უკნიდან მოულოდნელად გაცვეთილ უნიფორმაში გამოწყობილი მექსიკელი კურიერი გამოჩნდა, ჩემი ჩანთების წასაღებად. ჩანთები არ მქონდა და ამიტომ მან ზრდილობიანი ღიმილით გამიღო გასასვლელი კარი. გარეთ ვიწრო ქუჩა ფუთფუთებდა, ტროტუარები უბრალოდ გადავსებული იყო მსუქანი მუცლებით. გზის მეორე მხარეს მდებარე პავილიონში ბინგოს თამაშობდნენ, ხოლო ჩემგან ოდნავ მოშორებით ორი მეზღვაური გოგონებთან ერთად გამოვიდა ფოტოსალონიდან, სადაც, ალბათ, აქლემზე მჯდომებმა გადაიღეს სურათები. სოსისებით მოვაჭრის ხმა სიბნელეს ნაჯახივით კვეთდა. ცისფერმა ავტობუსმა ძრავის ღრიალით ქუჩა გაიარა და მოედნისკენ გაემართა, სადაც უკვე უხვევდა ტრამვაი. მეც იმ მიმართულებით გავეშურე.

გარკვეული დროის შემდეგ, ჩემმა ნესტოებმა ოკეანის სუსტი სუნი შეიგრძნეს. სრულიად სუსტი, რომელიც თითქოსდა ადამიანებს ახსენებდა, რომ ოდესღაც იყო სუფთა პლაჟი, რომელსაც ტალღები ელამუნებოდა, რომ ქარი უბერავდა და კიდევ რაიმე სუნის შეგრძნება იყო შესაძლებელი, დამწვარი ცხიმისა და ცივი ოფლის სუნის გარდა.

პატარა ტრამვაით ხაზის ბოლომდე მივედი, ჩამოვედი და სკამზე დავჯექი, სადაც იყო სიმშვიდე, სიცივე და თითქმის ფეხებთან იყო დახვავებული რუხი ფერის წყალმცენარეების დიდი გროვა. შორს ოკეანეში სინათლეები აინთო სათამაშო ხომალდებზე. შემდეგ ტრამვაიში ჩავჯექი და თითქმის იმავე ადგილას დავბრუნდი, სადაც სასტუმროდან გამოვედი. თუ ვინმე მითვალთვალებდა, ამას მეტად ოსტატურად აკეთებდა, ისე, რომ თავი ერთხელაც არ გაუცია. მაგრამ არა მგონია, რომ მაშინ ვინმე მითვალთვალებდა.

ქვის შავი ტალღის მჭრელები ბრწყინავდნენ და ნელ–ნელა წყალში ეშვებოდნენ, ღამის სიბნელეში უჩინარდებოდნენ. მართალია, აქ ჯერ კიდევ იგრძნობოდა მიმწვარი ცხიმის სუნი, მაგრამ ოკეანის სურნელიც ადვილად შეიგრძნობოდა. სოსისების გამყიდველი კი ყვირილს აგრძელებდა:

– მოგშივდათ! შესანიშნავი ცხელი სოსისები! ყველამ ვიყიდოთ სოსისი!

ის გადასატან დახლთან მდგომი შევნიშნე. მისი საქმე არც თუ ურიგოდ მიდიოდა, ძლივს ასწრებდა სოსისების კლიენტებისთვის მიყიდვას და ლოდინი დამჭირდა სანამ მარტო დარჩებოდა.

– რა ჰქვია აგერ იმას, შორს რომელიცაა? – ვკითხე და ცხვირით მივანიშნე.

– "მონტესიტო", – მან შემომხედა.

– შეუძლია, ყმაწვილს შეზღუდული შესაძლებლობებით, იქ დრო გაატაროს?

– რა დრო?

ხმამაღლა გამეცინა.

– ცხელი სოსისები! – განაგრძო ყვირილი მან, – შესანიშნავი ცხელი სოსისები! ხმას დაუწია, – ქალები!

– არა. მხედველობაში მაქვს ოთახი, რბილი ავეჯით, კარგი საჭმელიც და სრული სიმშვიდით. დასვენება მინდა.

მან გვერდით გაიწია.

– არ მესმის რას ამბობთ, – მიპასუხა მან და ყვირილი გააგრძელა.

კიდევ რამდენიმე სოსისი გაყიდა. არ ვიცი, რატომ გამოველაპარაკე. უბრალოდ მას ასეთი სახე ჰქონდა. მოკლე შარვალში გამოწყობილმა ახალგაზრდა წყვილმა მისგან სოსისები იყიდა და გზა განაგრძო. ბიჭს ხელი გოგონას მხარზე ჰქონდა გადახვეული, მიდიოდნენ და ერთმანეთს უმასპინძლდებოდნენ.

გამყიდველი ერთი იარდის მანძილზე მომიახლოვდა და შემათვალიერა.

– ახლა მე პიკარდიულ ვარდს დავუსტვენ, – მითხრა მან და ნელა განაგრძო, – ამისთვის ფულის გადახდა მოგიწევთ.

– რამდენის?

– ორმოცდაათი. არანაკლები.

– კარგი ქალაქია, – მივუგე მე, – ცივი.

– ჰო, დღეს დილით უფრო ციოდა, – ის სიტყვებს წელავდა, – მაგრამ მე რატომ მეკითხებით?

– თავადაც არ ვიცი, – ვუპასუხე და დოლარიანი დახლზე დავუგდე, – ბანკში ჩადე ან პიკარდიული ვარდი დაუსტვინე.

მან დოლარიანი აიღო, ჯერ შუაზე გაკეცა, შემდეგ სიგრძეზე, შემდეგ ისევ შუაზე. დაკეცილი დოლარიანი დახლზე დადო, წკიპურტი გაჰკრა. ფული მომხვდა და შემდეგ უხმაუროდ დავარდა მიწაზე. დავიხარე, ფული ავიღე და სწრაფად შევტრიალდი, მაგრამ უკან არავინ იყო ისეთი, რომელიც შეიძლება ჯაშუშად ჩაგეთვალა.

დახლთან უფრო ახლოს მივედი და დოლარიანი ისევ დავდე.

– ადამიანები ფულს არ მესვრიან, – ვუთხარი მე, – ისინი მე გადმომცემენ. წინააღმდეგი ხომ არ ხართ?

მან დოლარიანი აიღო, გაშალა, შეათვალიერა და წინსაფრის ქვეშ დამალა.

– ამბობენ, ფულს სუნი არ აქვსო, – ჩაიხითხითა მან, – ზოგჯერ ეს მე მაკვირვებს.

არაფერი ვუპასუხე. კიდევ რამდენიმე ადამიანმა იყიდა სოსისი. ამასობაში კიდევ უფრო აცივდა.

– "სამეფო გვირგვინზე" შეღწევა არ მიცდია, – მიპასუხა გამყიდველმა, – ის პატარა ციყუნიებისთვისაა, რომლებიც თავიანთ თხილზე არიან მიბმულები. ვგონებ, დეტექტივი უნდა იყოთ, მაგრამ ეს თქვენი საქმეა. იმედი მაქვს, კარგად ცურავთ.

მას იმაზე ფიქრით დავშორდი, თუ რატომ გადავწყვიტე მასთან მისვლა. უბრალოდ, შემთხვევით. როდესაც შემთხვევითობას ხარ მინდობილი, შეიძლება დაიწვე.

მცირე მანძილი გავიარე და უკან მივიხედე. უკან არავინ მომყვებოდა. მოვძებნე რესტორანი, საიდანაც დამწვარი ცხიმის სუნი არ გამოდიოდა. დარბაზში შევედი. ბამბუკების ფარდის მიღმა კოქტეილ–ბარი მოჩანდა. ვიღაც თმაშეღებილი ლამაზმანი როიალზე უკრავდა და მღეროდა "კიბე ვარსკვლავებისკენ", ნახევარი ტონით ყალბად.

ხარბად გადავყლაპე მშრალი "მარტინი" და ბამბუკების ფარდის გავლით უკან სასადილო დარბაზში დავბრუნდი.

85 ცენტიანმა სადილმა გემოთი საფოსტო ტომარა გამახსენა. ოფიციანტი ისე გამოიყურებოდა, რომელსაც შეეძლო 25 ცენტად ვეცემე, 60 ცენტად ყელი გამოეჭრა და ოკეანის ფსკერზე ბეტონის კუბოში ჩავემარხე დოლარნახევრად.

მელოი უზარმაზარი ზომის იყო, მაგრამ არაუმეტეს ექვსი ფუტისა და ხუთი დუიმის სიმაღლის და სიგანეში ლუდის კასრზე მეტი არ ყოფილა.

ის იმდენად ბუნებრივად გამოიყურებოდა, რამდენადაც ბუნებრივად შეიძლება გამოიყურებოდეს ტარანტული სადღესასწაულო ტორტზე.

მელოი ეძებდა პატარა ველმას, და თავის გზაზე გვამებს ტოვებდა. მას აჩრდილივით კვალდაკვალ მიჰყვებოდა დეტექტივი ფილ მარლოუ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online