asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თენგიზ სიგუა: "სომხეთში გაქცეულ გამსახურდიასთან დალაპარაკება ვერ შევძელით"
"გაქცეულ გამსახურდიასთან დალაპარაკება ვერ შევძელით"
თენგიზ სიგუა: "სომხეთში გაქცეულ გამსახურდიასთან დალაპარაკება ვერ შევძელით"

2010-10-25 14:59:55



"გუმბათი" აგრძელებს ინტერვიუს საქართველოს ყოფილ პრემიერ–მინისტრ თენგიზ სიგუასთან.



– ბატონ თენგიზ, როგორ გაგრძელდა გადაადგილება სომხეთში?

– 6 იანვარს, დღის მეორე ნახევარში მივიღეთ შეტყობინება, რომ ზვიად გამსახურდია თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფება სომხეთში, იჯევანის რაიონის სასაზღვრო ავტოინსპექციის საგუშაგოსთან. გამსახურდიას სომხეთის ტერიტორიაზე შემდგომი ყოფნის გადაწყვეტა კანონმდებლობის მიხედვით შეუძლია მხოლოდ პრეზიდენტ ლევონ ტერ–პეტროსიანს. ჩვენი აზრით, ასეთ გადაწყვეტილებას პეტროსიანი არ მიიღებს ჩვენთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, რათა ზვიად გამსახურდიას ადგილსამყოფელი არ გახდეს მეზობელ სახელმწიფოებს შორის დაძაბულობის მიზეზი. მეორე მხრივ აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებს.

6 იანვარს, ღამის 23 საათსა და 15 წუთზე ერევნიდან მივიღეთ შემდეგი შინაარსის ტელეფონოგრამა: გამსახურდია თავისთვის და თავისივე უშუალო დაცვისთვის (14–15 კაცი) ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს, დასავლეთში გაფრენის შესაძლებლობითურთ. მის დანარჩენ შეიარაღებულ მომხრეებს შეუძლიათ იარაღის გარეშე სოხუმში გაფრენა.

ხელმოწერა: მანუჩარიანი. 6.01. 1992 წელი. 23 საათი და 15 წუთი.

– თბილისის პასუხი როგორი იყო?

– მოთათბირების შემდეგ თბილისიდან ერევანში გაიგზავნა საპასუხო შიფროგრამა ჩემი ხელმოწერით: სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ლევონ ტერ–პეტროსიანს. ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა იმ პირების სრული ხელშეუხებლობის და დაცვის გარანტიებს იძლევა, რომლებიც ზვიად გამსახურდიას თან ახლავან და საქართველოში დაბრუნება სურთ. საქართველოს ხელმძღვანელობა წინააღმდეგი არ არის სომხეთის ტერიტორიაზე ზვიად გამსახურდიას, ასევე მისი ოჯახის წევრების მიღების. იმ უფლების გარეშე, რომ დატოვონ თქვენი რესპუბლიკის საზღვრები, მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული გარემოებების გარკვევამდე.

საქართველოს დროებითი მთავრობის პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თენგიზ სიგუა. 6.01.92 23 საათი 45 წუთი.

მეორე დღესვე, 7 იანვარს სომხეთის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრმა გამოაქვეყნა ზემოთმოყვანილი დეპეშის შინაარსი, ხოლო სომხეთის უმაღლესი საბჭოს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარდანიანმა სომხეთის ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა: სომხეთი სწორედ მოიქცა, როდესაც თავშესაფარი მისცა გამსახურდიას. მის გარემოცვაში არიან ქალები, ბავშვები, დაჭრილები და არაჰუმანური იქნებოდა, მათთვის არ მიგვეცა დროებითი თავშესაფარი.

– იყო თუ არა უშუალო კონტაქტი დევნილებთან?

– 1992 წლის 6 იანვარს, ღამით მივიღე გადაწყვეტილება სომხეთში, ქალაქ იჯევანში დროებითი მთავრობის დელეგაციის გაგზავნის შესახებ. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ უზენაესი საბჭოს დეპუტატები ალექსანდრე კავსაძე, ელდარ შენგელაია, გენერალური პროკურორის მოადგილე რევაზ ყივიანი და შს მინისტრის მოადგილე, გენერალი გივი კვანტალიანი. გვიან ღამით ტელეფონით დავუკავშირდი სომხეთის პრეზიდენტ ლევონ ტერ–პეტროსიანს და შევუთანხმე ჩვენი დელეგაციის ჩასვლის საკითხები. შევთანხმდით, რომ დელეგაცია 7 იანვარს ჩავიდოდა იჯევანში და იქ დახვდებოდნენ სომხეთის მთავრობის წარმომადგენლები. უშიშროების, შინაგან საქმეთა მინისტრები, პრეზიდენტის თანაშემწე და იჯევანის რაიონის ხელმძღვანელობა. დელეგაციას მიეცა დავალება შეხვედროდა ზვიად გამსახურდიას და მის თანმხლებ პირებს და დაეწყოთ მოლაპარაკების პროცესი. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ზვიად გამსახურდიასთან ერთად იჯევანში იმყოფებოდა დაახლოებით 110–120 კაცი, ძირითადად სამხედრო პირები და თუ ისინი თანახმა იქნებოდნენ, დელეგაციას ისინი საქართველოში იმ პიროებით უნდა წამოეყვანა, რომ ისინი განიარაღდებოდნენ და თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდებოდნენ.

ჩვენს დელეგაციასთან შეთანხმებით, ზვიად გამსახურდიასთან შესახვედრად გაემგზავრა სომხეთის შს მინისტრის მოადგილე არუთუნიანი. იგი შეახვედრეს არა გამსახურდიას, არამედ მის წარმომადგენლებს. სამ პიროვნებას, რომლებმაც თავისი ვინაობა არ გაამხილეს. მათ არუთუნიანს გადასცეს ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილება არ შეხვედროდა დელეგაციას. მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენ ვართ საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი მთავრობა და ხუნტის წარმომადგენლებს არ შევხვდებითო. ასე ჟღერდა მათი პასუხი. ამრიგად შეხვედრა ზვიად გამსახურდიასთან და მოლაპარაკების დაწყება ვერ მოხერხდა.

სომხეთის მხარემ ივალდებულა დაეზუსტებინათ იჯევანში მყოფ პირთა სია, ამოეღოთ იარაღი და გადმოეცათ საქართველოსთვის. თუ ზვიად გამსახურდიას ამალიდან იქნებოდნენ სახლებში დაბრუნების მსურველები, შეეტყობინებინათ ჩვენთვის. სომხურმა მხარემ ჩვენს დელეგაციას შეატყობინა, რომ ზვიად გამსახურდიას იჯევანში ახლავს 80–მდე პიროვნება, მათ შორს რვა ქალი და ორი ბავშვი. მათ ჰყავთ 11 მსუბუქი ავტომანქანა და ორი მიკროავტობუსი.

თბილისში დაბრუნებისას იჯევანთან ახლოს ერთ–ერთ პიკეტზე სამხედროებმა ჩვენს დელეგაციას შეატყობინეს, რომ 7 იანვარს 11 საათზე პიკეტს მოადგა ზვიად გამსახურდია თავისი ამალით. მათ შორის ერთი "იკარუსის" მარკის ავტობუსი სომხური სანომრე ნიშნებით, რომელიც ხალხით იყო სავსე. პიკეტმა ისინი არ გამოატარა და უკან იჯევანში დაბრუნებულან.

– მთელ ამ სიტუაციას, საქართველოში რა გამოხმაურება ჰქონდა?

– ამასთან დაკავშირებით ერთი მნიშვნელოვანი მომენტი გამოგვრჩა. 3 იანვარს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ტელევიზიით გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც სხვებთან ერთად გამოთქმული იყო წინადადება პრეზიდენტის გადადგომის შესახებ. სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა შეიარაღებული თავდასხმა პროკურატურის შენობაზე. ეს მოხდა 3 იანვარს, დაახლოებით ღამის 12 საათზე. თავდასხმა მოულოდნელი იყო. ავტომატის მანათობელი ტყვიებით მთლიანად დაიცხრილა შენობის ზედა სართულები. გამოყენებული იყო ხელყუმბარებიც. თუმცა, საბედნიეროდ, არც მსხვერპლი ყოფილა და არც ხანძარი გაჩენილა. იმ დროს შენობაში იმყოფებდა პროკურატურის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი. მათ შორის, სამხედრო საბჭოს მიერ საქართველოს დროებით გენერალურ პროკურორად დანიშნული ვახტანგ რაზმაძე. ყველაზე მეტად მისი კაბინეტი განადგურდა. თუმცა, პროკურატურის თანამშრომლებმა მოახერხეს შედარებით უსაფრთხო ადგილების მონახვა და სიკვდილს გადაურჩნენ.

4 იანვარს გამოქვეყნდა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მიმართვა, სადაც ნათქვამია: მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი რესპუბლიკაში შექმნილ უმძიმეს ვითარებასთან დაკავშირებით მიიჩნევს, პირველი – დაპირისპირებულმა შეიარაღებულმა ძალებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედება და დაიწყონ კონსტრუქციული მოლაპარაკება სრულუფლებიან წარმომადგენელთა დონეზე. მოლაპარაკებას საფუძვლად უნდა დაედოს მხოლოდ და მხოლოდ სრულიად საქართველოს ინტერესები – მდგომარეობის სრული სტაბილიზაცია, ძმათა სისხლისღვრის შეწყვეტა და გარანტირებული სამოქალაქო მშვიდობა. მეორე – დაგმობილ უნდა იქნას როგორც ანტიეროვნული, ყოველგვარი მოწოდება შეიარაღებული დაპირისპირებისა და სამოქალაქო ომის გაჩაღებისა. რა ფორმითაც და ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის. მესამე – ის, ვინც თავს აარიდებს მოლაპარაკებას, მხარს არ დაუჭერს ერის ერთიანობას, მდგომარეობის სტაბილიზაციას და სამოქალაქო მშვიდობას, სრულიად აგებს პასუხს შედეგებისთვის ერის და სამშობლოს წინაშე. მეოთხე – მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი მოუწოდებს ქართველ ხალხს, სრულიად საქართველოს მოსახლეობას, მხარი დაუჭირონ ყველა წამოწყებას, მიმართულს სამოქალაქო მშვიდობის დასამყარებლად და ყველაფერი იღონოს ძმათა სისხლისღვრისა და სამოქალაქო ესკალაციის წინააღმდეგ საქართველოში.

თბილისი 92 წლის 3 იანვარი.

ეს იყო ბოლო მცდელობა მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვათ დაპირისპირებული მხარეები. ჩვენგან, ოპოზიციისგან მეცნიერებათა აკადემიამ მიიღო სრული თანხმობა, რომ მათი ეგიდით, მათი მეცადინეობით შემდგარიყო ეს შეხვედრა. ხელისუფლების წარმომადგენლებს არავითარი რეაქცია მეცნიერების ამ მიმართვაზე არ მოუხდენიათ.

– როგორი იყო ძმათამკვლელი ომის შედეგები?

– დროებითი მთავრობის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრომ 6 იანვრისთვის დააზუსტა საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა და დაჭრილთა სია. იგი სამინისტროს შესასვლელში გაკრული იყო. დაღუპულთა რიცხვმა 100–ს მიაღწია, ხოლო დაჭრილთა რიცხვი 400–მდეა, რომლებსაც ქალაქის თითქმის ყველა საავადმყოფოში მკურნალობენ. მკურნალთა წინაშე მთელი რიგი რთული პრობლემებია. უპირველესად ეს გახლავთ სასწრაფო დახმარების მანქანების მწვავე ნაკლებობა. მეორე, საავტომობილო საწვავის დეფიციტი. პრობლემატურია ელექტროენერგიით საავადმყოფოების უზრუნველყოფის საკითხიც. რესპუბლიკის ენერგოსისტემაში შექმნილი მძიმე ვითარება გამოწვეულია ელექტროენერგიის დეფიციტით. იგი კიდევ უფრო გაართულა ავარიამ 500–კილოვატიან გადამცემ ხაზ კავკასიონზე, რომლის საშუალებითაც ელექტროენერგიის გარკვეულ ნაწილს საქართველო სტავროპოლის მხარიდან ღებულობდა. საქართველოს ენერგოსისტემას წყლის და სათბობის მარაგის მკვეთრი შემცირების გამო შეუძლია მხოლოდ 50 პროცენტით დააკმაყოფილოს ელექტროენერგიაზე მოთხოვნილება. იმისთვის, რომ ნორმალურად იმუშაონ რესპუბლიკის სასიცოცხლო ობიექტებმა, 1992 წლის 7 იანვრიდან ელექტროენერგიის მომარაგებაში სტაბილიზაციის მიღწევამდე, მოსახლეობის მოთხოვნების უზრუნველყოფა ხდებოდა სპეციალური გრაფიკით.

6 იანვარს, ჩემი, როგორც პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განკარგულებით, რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კუთვნილი ცენტრალური ავტოფარეხის მანქანები გადაეცა ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო სამედიცო დახმარების სამსახურს, ნორმალური ფუნქციონირების ხელშესაწყობად. შესაბამისმა სამსახურებმა მიიღეს დავალება სამედიცინო დაწესებულებების ელექტროენერგიისა და საავტომობილო საწვავით შეუფერხებელი მომარაგების თაობაზე. 6 იანვარს საქართველოს აქციონერულ კომერციულ ბანკ "ივერთბანკში" გაიხსნა რუსთაველის ფონდის აღდგენის ფონდის ანგარიში. ამ ფონდის შექმნას პირველი თსუ გამოეხმაურა. ამონარიდი რექტორატის განცხადებიდან:

– თსუ–ს სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები დამწუხრებულნი დედაქალაქში დატრიალებული ტრაგედიით – ძმათა სისხლისღვრითა და ქალაქის ნგრევით, სამოქალაქო მშვიდობისკენ მოუწოდებენ სრულიად საქართველოს მოსახლეობას, ქვეყნის ხელისუფალთ და ერთმანეთისადმი დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს. სტუდენტთა და პროფესორ–მასწავლებელთა ერთიანი აზრით, თბილისის გული, ქართველი კაცის სიამაყე რუსთაველის გამზირი, უნდა აღადგინოს სიყვარულმა და თანადგომამ. უნივერსიტეტელებმა თავისი შრომითი დანაზოგიდან რუსთაველის გამზირის აღდგენის ფონდში შეიტანეს 100 ათასი მანეთი და მზად არიან სარესტავაციო სამუშაოებში მიიღონ აქტიური მონაწილეობა.

გაზეთ თბილისში გამოქვეყნდა რედაქციის გადაწყვეტილება, რუსთაველის გამზირის აღდგენის ფონდში გადარიცხოს 10 ათასი მანეთი. მათ მოუწოდეს დედაქალაქის ყველა წარმოება–დაწესებულებასა და ორგანიზაციას თავისი წვლილი შეიტანოს ამ ჭეშმარიტად საშვილიშვილო საქმეში.

6 იანვარს შედგა ჩემი სატელევიზიო გამოსვლა. ამონარიდი ამ გამოსვლიდან:

– თანამემამულენო, ნგრევა მუდამ მშენებლობაზე ადვილი იყო. მოგიწოდებთ შენებისკენ, ჩვენ უნდა დავაპუროთ, შევმოსოთ, გავათბოთ და რაც მთავარია, თავისუფლების განცდა უნდა დავუბრუნოთ მთელ საქართველოს. მის ყოველ მკვიდრს. ყველაფერ ამას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება. ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ კეთილსინდისიერად და მერწმუნეთ, ამით საქართველოს საქმეს გავაკეთებთ. დიდ დღესასწაულს დაჭრილი საქართველო, საბედნიეროდ, არა სასიკვდილოდ დაჭრილი, თვალზე სინანულის ცრემლით და გულში იმედით ეგებება. შევრიგდეთ, მოვინანიოთ, გავერთიანდეთ და გავიმარჯვებთ.

6 იანვარსვე გამოქვეყნდა ჟურნალისტთა დამოუკიდებელი კავშირის სამდივნოს განცხადება: სამდივნო რესპუბლიკაში დატრიალებული სისხლიანი ტრაგედიის ერთ–ერთ ძირითად მიზეზად თვლის ყოფილი ხელმძღვანელობის მიერ მოსახლეობის გათიშვას და ურთიერთდაპირისპირებას; რასაც ხელი შეუწყო მასმედიის საშუალებებში გაბატონებულმა დიქტატმა. მიუხედავად იმისა, რომ კავშირის სამდივნომ და გამგეობის პლენუმმა მრავალჯერ ოფიციალურად შეაფასა მასმედიის საშუალებებში შექმნილი სიტუაცია, როგორც მოსახლეობის ინფორმაციული ბლოკატა – ამ განცხადებებს და შეფასებებს არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. ტელერადიო დეპარტამენტის უსასტიკესი კონტროლი, ფაქტობრივად, მისი ლიკვიდაციაა, რასაც მოჰყვა თავისი ხანგრძლივობით და მასობრიობით ჟურნალისტების უპრეცენდენტო მასობრივი აქცია. უზენაესი საბჭოს გაზეთების გადაქცევა წმინდა პარტიულ გაზეთებად, რომელთა რედაქტორები და მათი ნების უსიტყვოდ შემსრულებელი არაერთი ჟურნალისტი გაუგონარი ტენდენციურობით რომ მოქმედებდნენ, პრეზიდენტის, ბლოკ მრგვალი მაგიდის უმრავლესობის დაცვის მიზნით. ყველა რაიონული გაზეთის პრეფექტების ორგანოებად გადაქცევა; ყოველგვარი ეს ელემენტარული დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების დარღვევა იყო. ვინაიდან პრეზიდენტის და უზენაესი საბჭოს პრესცენტრში თავშეყრილი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდათ ბეჭდვით სიტყვაზე, ტელეხედვასა და რადიოზე. ტელედეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ ამასწინათ გამოქვეყნებული ბესარიონ გუგუშვილის პროექტები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებენ და დემაგოგიის აშკარა მაგალითებია. ჩვენ ვთქვით, რომ ბეჭდვითი სიტყვისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა შესახებ კანონი (რომელსაც გარკვეულწილად საბოლოო დამუშავება სჭირდება) დაცული უნდა იქნეს, როგორც რესპუბლიკის ხელმძღვანელობის, ისე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და ჟურნალისტების მიერ. მომავალში რომ თავიდან ავიცილოთ დემოკრატიის უხეში დარღვევები, ტოტალიტარული რეჟიმის ჩამოყალიბების საშიშროება, პრესა, რადიო და ტელევიზია აუცილებლად თავისუფალი უნდა იყოს. მათი ბედი უნდა გადაწყვიტონ შემოქმედებითმა კოლექტივებმა.

(გაგრძელება იქნება)

გერა მამულაშვილი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ზვიად გამსახურდია
კავშირი ტეგთან: ზვიად გამსახურდია
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online