asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ოჰ, ეს წყეული სავისაარი!
ოჰ, ეს წყეული სავისაარი!
ოჰ, ეს წყეული სავისაარი!

2010-10-25 14:59:53



- ოჰ ეს წყეული სავისაარი! – ასე მითხრა 1990 წელს ჩემმა ესტონელმა მეგობარმა ანტსმა. ის ესტონეთის ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წევრი იყო.



სავისაარი დღესაც დიდ პოლიტიკაშია, თუმცა, მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.

– ოჰ, ეს წყეული სავისაარი! – ამას ესტონეთში დღესაც ბევრი ამბობს.

ციხეში დაბადებული

ედგარ სავისაარი 1950 წელს დაიბადა. მამამისი უკვე გულაგში იმყოფებოდა, დედა კი ციხეში იჯდა.

ესტონეთმა დამოუკიდებლობა პირველად 1918 წელს მოიპოვა. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში კი 1940 წელს დაბრუნდა. სტალინმა თოფის გასროლის გარეშე შეძლო ბალტიისპირეთის დაპყრობა. ესტონელები ფინელების მონათესავე ხალხია, მიუხედავად ამისა, მათ ფინელებს დახმარება არ აღმოუჩინეს მაშინ, როდესაც ამ ქვეყანას სსრ კავშირი თავს დაესხა. ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, გენერალი ლაიდონერი ფინელთა მხარდაჭერის იდეით გამოვიდა, მაგრამ პრეზიდენტმა პიატსმა ეს აზრი უარყო:

– ფინეთი დამარცხებისთვისაა განწირული! რუსეთთან ომი მათი გენოციდით დამთავრდება! ჩვენ ასეთ უგუნურებას არ ჩავიდენთ!

პიატსმაც დააკმაყოფილა სტალინის მოთხოვნა და ქვეყანაში რუსული ბაზები განალაგა. 1940 წელს კი დღის წესრიგში უკვე ესტონეთის ანექსია დადგა. ლაიდონერი ოკუპანტებისადმი წინააღმდეგობის გაწევის იდეით გამოვიდა, პიატსმა ისევ უარი თქვა:

– რუსები ესტონეთის ანექსიას არ მოახდენენ, გერმანიასთან ომი გარდუვალია! ჩვენში ძლიერი ანტიგერმანული განწყობაა და მოსკოვი ესტონეთის ანექსიას არ მოახდენს. რასაკვირველია, ჩემს ნაცვლად პრეზიდენტად რუსეთი მისთვის უფრო სასურველ კანდიდატს დანიშნავს, მაგრამ ქვეყნის დამოუკიდებლობა შენარჩუნებული იქნება! ამიტომ, უზნეობად მიმაჩნია, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ჩემი პატარა ქვეყანა რუსეთთან უაზრო ომში ჩავაბა, ომში, რომელიც ესტონელთა ამოწყვეტით დამთავრდება!

პიატსს ამის გულუბრყვილოდ სწამდა, რუსებსაც ქვეყანა თოფის გასროლის გარეშე ჩააბარა. ესტონეთსაც და პირადად პიატსსაც ასეთი საქციელი ძალიან ძვირი დაუჯდა. როგორც ცნობილია, სტალინმა ესტონეთის ანექსია მოახდინა. შემდეგ დაიწყო სოვეტიზაცია ანუ "არაკეთილსაიმედოთა" ციმბირში დეპორტაცია. თავად პიატსი დააპატიმრეს და რუსეთში გადაიყვანეს. სიცოცხლე მან გულაგში დაასრულა. გენერალ ლაიდონერსაც იგივე ბედი ეწია. ათასობით ესტონელი ოჯახებიანად ციმბირში გადაასახლეს. დაიწყო ნამდვილი გენოციდი, ანუ რუსეთმა გააკეთა ის, რასაც ესტონელებს მათი ისტორიული მტრები – გერმანელებიც კი არ უკეთებდნენ.

– როდესაც 1941 წელი დადგა და ესტონეთში გერმანელები შემოიჭრნენ, ხალხი მათ ზარზეიმით შეხვდა, – წერს ცნობილი ესტონელი კინორეჟისორი ოლაფ ნეულანდი, – ცხადი იყო, რომ ჰიტლერი დამოუკიდებლობას არ დაგვიბრუნებდა (ასეც მოხდა), მაგრამ გერმანელების შემოსვლა ხომ რუსული გენოციდის შეწყვეტას ნიშნავდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინმა ბალტიისპირეთის სოვეტიზაცია განაახლა. მართალია, ზოგიერთი ადგილობრივი კომუნისტი ემუდარებოდა, ასე არ მოქცეულიყო და "ადგილობრივი თავისებურებები გაეთვალისწინებინა" (როგორც წერდა ცნობილი ლატვიელი მწერალი ვილის ლაცისი), მაგრამ სტალინი შეუვალი იყო:

– რომელ თავისებურებებზე მელაპარაკებით?! ბალტიისპირეთი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შემადგენლობაშია! როგორი საბჭოთა რესპუბლიკა იქნება, თუ სხვა მოძმე რესპუბლიკებისგან განსხვავებით იცხოვრებს?!

სოვეტიზაცია მესაკუთრე გლეხის (ბოლშევიკური ტერმინოლოგიით, კულაკის), როგორც კლასის, მოსპობას ნიშნავდა. ყველას, ვინც თუნდაც მცირე გაურჩებას გაბედავდა, სასტიკი სასჯელი ელოდა. ასეთების რიცხვში სავისაარების ოჯახიც მოხვდა.

– ჩვენ განგვაკულაკეს, – ამბობს ერთ–ერთ ინტერვიუში სავისაარი, – მამამ გადაწყვიტა, რაკი პირუტყვს წაგვართმევენ, სჯობს ცხენი გავყიდო, ვიდრე მუქთად წაიყვანონო. ასეც მოიქცა, მაგრამ კომუნისტები ეშმაკობას მიუხვდნენ.

სავისაარ–უფროსს გულაგში უკრეს თავი, მის ფეხმძიმე ცოლს კი – ციხეში. ქალმა სწორედ იქ იმშობიარა და დაიბადა ვაჟი, რომელსაც ედგარი დაარქვეს. ასე მოევლინა ქვეყანას ესტონეთის სახალხო ფრონტის მომავალი ლიდერი. იდგა 1950 წელი.

"მე ექსტრემისტი არ ვარ!"

სავისაარმა ტარტუს სახელგანთქმული უნივერსიტეტი დაამთავრა. განათლებით ის ისტორიკოსია, თუმცა მუდამ ფილოსოფია იტაცებდა. საკანდიდატო ხარისხიც ფილოსოფიაში დაიცვა. სავისაარმა შეძლო მარქსისტული თემატიკისგან თავის დაღწევა. მისი საკანდიდატოც ძველ რომაელ ფილოსოფოსებს მიეძღვნა.

შემდეგ იყო მოღვაწეობა ესტონეთის დაგეგმარების ორგანოებში. სწორედ ამ დროს სავისაარი ეკონომიკური სუვერენიტეტის იდეამ გაიტაცა. დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოხერხდება, თუკი სათანადო ფუნდამენტი არ შეიქმნა. სავისაარს ეს მტკიცედ სწამდა, ამიტომ, როგორც კი "პერესტროიკა" დაიწყო და პოლიტიკური მოღვაწეობის შანსი გაჩნდა, უწინარეს ყოვლისა, ამ ჩანაფიქრის ცხოვრებაში გატარებას შეეცადა. მარიუ ლაურისტინთან ერთად, სავისაარი ქმნის "ესტონეთის სახალხო ფრონტს", რომელმაც რესპუბლიკის "სამეურნეო ანგარიშზე გადასვლის" პროგრამა წამოაყენა. ეს ეკონომიკურ სუვერენიტეტს ნიშნავდა.

– მარიუ ლაურისტინი ფრიად საინტერესო ბედის პატრონია, – წერს ესტონეთის ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ერთ–ერთი ლიდერი მატი ვილუ, – მამამისი ცნობილი ბოლშევიკი და ესტონეთის კომპარტიის ერთ–ერთი ლიდერი, შეთავსებით კი მწერალიც იყო. წერდა იუჰან მადარიკის ფსევდონიმით. ლიტერატურულ სარბიელზე თავი ვერაფრით გამოიჩინა, სამაგიეროდ, მისი წვლილი უზარმაზარია რუსეთის მიერ ესტონეთის ანექსიაში, მადარიკ–ლაურისტინი ხომ აქტიურად მონაწილეობდა 1940 წლის მოვლენებში და მათ რიცხვს განეკუთვნებოდა, ვინც რუსების შემოსვლას ყვავილებით შეეგება, შემდეგ კი ანექსირებულ ესტონეთში მაღალი თანამდებობები ეკავა.

გამომდინარე აქედან, კანონზომიერია, რომ ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერები სახალხო ფრონტსაც და მათ ლიდერებსაც უნდობლად ეკიდებოდნენ. თავის მხრივ, სავისაარიც მათ მკვეთრად ემიჯნებოდა. როდესაც ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა ლაგლე პარეკმა, მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის საკითხის წამოტივტივება დაიწყო, სავისაარმა ტელევიზიით განაცხადა:

– ამას კატეგორიულად ვემიჯნები! მე ექსტრემისტი არ ვარ!

ეროვნული ტალღა ესტონეთში გაძლიერდა. მალე მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის საკითხი დღის წესრიგში ოფიციალურად დადგა. ესტონეთი ოკუპირებულია და ეს ჰიტლერთან გარიგების საფუძველზე მოხდა. შესაბამისად, სამართლიანობა უნდა აღდგეს და ქვეყანას დამოუკიდებლობა დაუბრუნდეს, – ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წევრები საკითხს სწორედ ასე აყენებდნენ. სახალხო ფრონტი საკითხის ასე მკვეთრად დასმას გაურბოდა, მაგრამ ისიც იზიარებდა იმას, რომ ქვეყანა ოკუპირებულია და საბოლოო მიზანი დამოუკიდებლობის აღდგენაა. განსხვავდებოდა ამ ორი ორგანიზაციის ტაქტიკაც. თუ სახალხო ფრონტი მხოლოდ საპარლამენტო გზას უჭერდა მხარს, დამოუკიდებლობის პარტიამ ესტონეთის მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო, რომელთაც ეროვნული კონგრესი უნდა აერჩიათ.

სახალხო ფრონტმა შეძლო არჩევნების მოგება და ხელისუფლებაში მოსვლა. დამოუკიდებლობის პარტიამ კი კონგრესის არჩევას მიაღწია. ამრიგად, ესტონეთში ორხელისუფლებიანობა წარმოიშვა, ეს კი სამოქალაქო ომის დაწყების საწინდარია.

– სავისაარი მაშინ ვიცე–პრემიერი გახლდათ და რადიკალებთან დიალოგის იდეით გამოვიდა, – წერს ცნობილი ესტონელი პოლიტიკოსი რიუიტელი.

როგორც ყველა ცენტრისტი, სავისაარი მზადაა კომპრომისისათვის. ის თანახმაა, პარლამენტმა აღიაროს კონგრესი, როგორც იურიდიული პირი, მაგრამ კონგრესმაც ხელი უნდა აიღოს პარლამენტის კრიტიკისა და მისი "კოლონიური თვითმმართველობის" ორგანოდ გამოცხადების მცდელობებისგან.



დიალოგი საკმაოდ რთულად წარიმართა. ორივე მხარე მწვავე ბრალდებებს არ ერიდებოდა.

– რატომ არ აცხადებთ დამოუკიდებლობას? – გაჰყვიროდნენ დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერები, – აკი, ლიტვა ასე მოიქცა! რატომ არ დაუჭირეთ მხარი? ბატონო სავისაარ, რატომ ხართ დამოუკიდებლობის გამოცხადების წინააღმდეგი?

ვიცე–პრემიერი, შემდგომში კი პრემიერ–მინისტრი სავისაარი, დამოუკიდებლობის გამოცხადებას ნაადრევად თვლიდა. ის მიიჩნევდა, რომ საამისოდ პირობები ჯერ არ იყო მომწიფებული. ესტონეთის პარლამენტმაც მიიღი დეკლარაცია გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ, რასაც დამოუკიდებლობის აღდგენის რეზოლუციის მიღება უნდა მოჰყოლოდა.

– რა საჭიროა გარდამავალი პერიოდი? ვის ვატყუებთ ამ ვირეშმაკობით? უბრალოდ, ბატონი სავისაარი სუკის აგენტია და ეროვნულ აღორძინებას საბოტაჟს უწევს!

მაშინ, 1990 წელს, სავისაარის მიმართ აღნიშნული ბრალდება საჯაროდ პირველად გამოთქვა ლაგლე პარეკმა. ასევე მან პირველად იხმარა ფრაზა:

– ოჰ, ეს წყეული სავისაარი!

პრემიერ–მინისტრი ამან გააცოფა:

– ბატონებო, გთხოვთ, არ დაივიწყოთ, რომ არსებობს ზღვარი და მისი გადალახვისას პასუხისმგებლობა არ აგცდებათ!

ესტონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საბოლოოდ ორივე მხარე კომპრომისზე წავიდა. კონგრესმა შეწყვიტა პარლამენტსა და მის ლიდერებზე თავდასხმები, ხოლო პარლამენტმა კონგრესი იურიდიულ პირად აღიარა. სავისაარმა მიაღწია თავისას. ესტონელებს შირის დაპირისპირება არ მოხდა.

მივდივარ, მაგრამ ვრჩები!

გკჩპ–ს კრახმა სსრკ–ს დაშლა და ბალტიისპირეთის დამოუკიდებლობის აღდგენა განაპირობა. სავისაარის, როგორც პრემიერ–მინისტრის, წვლილი ამ საქმეში უზარმაზარია, თუმცა, უკვე 1992 წელს ესტონეთში უმწვავესი ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. ამას არჩევნებში სახალხო ფრონტის მარცხი და სავისაარის მიერ თანამდებობის დატოვება მოჰყვა. ეს მან მწვავედ განიცადა.

– ჩემი ცხოვრების უმთავრესი მიზანი დამოუკიდებლობის მოპოვება გახლდათ. ეს განხორციელდა. ახლა დროა, დიდი პოლიტიკიდან წავიდე და ჩემს მეცნიერებას დავუბრუნდე! – განაცხადა მან ტელევიზიით.

ცოტა ხნის შემდეგ სავისაარმა, როგორც ცენტრისტული პარტიის ლიდერმა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. ჟურნალისტების შეკითხვაზე, აკი, დიდი პოლიტიკიდან წასვლას აპირებდითო, ეშმაკურად გაიღიმა:

– დიახ, მივდივარ, მაგრამ ვრჩები!

ახალ კოალიციურ მთავრობაში სავისაარმა შს მინისტრის პოსტი დაიკავა. შემდეგში აზვირთდა სკანდალი. გამოირკვა, რომ შსს უკანონო სატელეფონო მოსმენებს ახორციელებდა, უსმენდნენ ოპოზიციონერი დეპუტატებისა და ჟურნალისტების სატელეფონო საუბრებს. სავისაარის პერსონის გარშემო ახალი სკანდალი აგორდა. პრესაში გაჩნდა პუბლიკაციები, სადაც სავისაარს რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში ადანაშაულებდნენ. სავისაარისა და რუსული გავლენიანი წრეების ახლო ურთიერთობებზე ყველამ კარგად იცოდა. ისიც ცნობილი იყო, რომ სავისაარი ესტონეთის რუსული მოსახლეობის დამცველად გამოდიოდა. ამას ის ეროვნული ინტერესებით ხსნიდა:

– თუ რუსულ მოსახლეობასთან ურთიერთობები ვერ დალაგდა, ევროინტეგრაციაზე ლაპარაკიც ზედმეტია!

ახალი სკანდალის შემდეგ სავისაარი უკვე რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში დაადანაშაულეს. მინისტრმა სკანდალის გაღვივებას არ დაუცადა და გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა:

– დიდი პოლიტიკიდან საბოლოოდ მივდივარ!

როდესაც სკანდალი ჩაცხრა, სავისაარი პოლიტიკაში კვლავ დაბრუნდა. თავის პარტიასთან ერთად მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და ტალინის მერიც გახდა.

– თითქოს მივდივარ, მაგრამ ბოლოს მაინც ვრჩები, – ეშმაკური ღიმილით განუცხადებს ის ჟურნალისტებს.

ეპილოგი

ესტონეთში სავისაარისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ყველა აღიარებს მის ღვაწლს დამოუკიდებლობის მოპოვებაში, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ სავისაარი დღეს "ედინაია როსიასთან" მჭიდროდ თანამშრომლობს. ფაქტია ისიც, რომ ეს კაცი ესტონეთის რუსულენოვან მოსახლეობას იცავს, რაც ბევრს აღიზიანებს და უსიამოვნო ფიქრებს აღუძრავს.

– სავისაარი კარიერისტია და ყველაფერზე წავა, ოღონდაც პოლიტიკაში დარჩეს, – თვლის ზოგიერთი, – პოლიტიკაში დარჩენაც იმიტომ შეძლო, რომ პუტინის სქემაში ჩაჯდა და რუსები მხარს უჭერენ!

თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც ამას არ ეთანხმება:

– კარიერიზმი რა შუაშია? უბრალოდ, სავისაარი ჭკვიანი კაცია და მორჩა! ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენაში მან უდიდესი როლი შეასრულა! რასაკვირველია, მისი რუსებთან მეგობრობა არაა ლამაზი, მაგრამ მოგვიტანეთ თუნდაც ერთი ფაქტი, რომ მას ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადაედგას!

დისკუსიები გრძელდება, თუმცა, უდავოა ერთი: ედგარ სავისაარი თანამედროვე ესტონელ პოლოტიკოსთა შორის ერთ–ერთი ყველაზე წინააღმდეგობით აღსავსე ფიგურაა.

როგორ შევა ის ისტორიაში? ამას მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს.

ნიკა თევზაძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სტალინი
კავშირი ტეგთან: სტალინი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online