asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ხელისუფლებამ საბავშო ბაღის ბავშვებიც კი გაწირა
ხელისუფლებამ საბავშო ბაღის ბავშვებიც კი გაწირა
ხელისუფლებამ საბავშო ბაღის ბავშვებიც კი გაწირა

2010-10-25 14:59:48



სახელმწიფო ბაღებში მშობელთა საყურადღებოდ გამოკრული განცხადება, იმის თაობაზე, რომ საბავშვო ბაგა–ბაღი უფასოა და ფუნქციონირებს 9–დან 18 სთ–მდე, აღმოჩნდა, რომ ეს საყოველთაო სულაც არ არის და მხოლოდ ბავშვთა გარკვეულ კატეგორიას ეხება. როგორც გაირკვა, სახელმწიფო ბაგა–ბაღები ერთი ნაწილისთვის არც უფასოა და დანარჩენი ნაწილისთვის არც ხელმისაწვდომი. მერიამ თბილისში დაურეგისტრირებელ ბავშვებს დაფინანსება შეუწყვიტა. მაშინ, როცა ქალაქ თბილისის მერია მთავრობასთან ერთად სატელევიზიო კადრებში ბავშვების გასართობი ცენტრების კეთილმოწყობით იყო დაკავებული, პარალელურ რეჟიმში, კადრს მიღმა პატარებსა და მათ მშობლებს სულ სხვა "სიურპრიზს" უმზადებდა.



ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის დადგენილებაში ვკითხულობთ: მუხლი 3. მიღების წესი:

"საბავშვო ბაგა–ბაღში ჩარიცხვის უფლებით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეთა შვილები ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილები.

ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება #2324796 2009 წელი 31 აგვისტო. დანართი 2. მუხლი 2. მიღების წესი:

2.1. საბავშვო ბაგა–ბაღში მიღების უფლებით სარგებლობენ კანონით დადგენილი წესით თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეთა შვილები.

2.2. ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა შვილები შესაბამისი ანაზღაურების გადახდის შემთხვევაში.

მოცემული დადგენილება 2007 წლიდან 2009 წლამდე ისე შეიცვალა და ისე შევიდა ძალაში, რომ 2010 წელსაც მშობელთა ნაწილმა ამის შესახებ არც კი იცის, ის ნაწილი კი, რომელმაც შეიტყო, გამოსავლის ძებნას უკვე შეუდგა. რა წინააღმდეგობას შეიძლება წააწყდნენ, როგორ უნდა იმოქმედონ და რა შედეგი შეიძლება მიიღონ? ერთი რიგითი მშობლის გზა ჟურნალმა "გუმბათმაც" გაიარა.

სიტუაციაში გასარკვევად, პირველ რიგში, ერთ–ერთ სახელმწიფო ბაგა–ბაღში მივედით. ბაღის გამგესთან ინტერვიუ საკმაოდ არასასიამოვნო ვითარებაში წარიმართა:

– როდის მიიღეთ მთავრობის დადგენილება, რის მიხედვითაც თბილისში დაურეგისტრირებელი ბავშვები თქვენთან ვერ ისწავლიან?

– შარშან ოქტომბერში.

– თუ შარშან მიიღეთ, რატომ გახდა მშობლებისთვის ცნობილი მხოლოდ წელს?

– შარშან ოქტომბერში სწავლის პროცესი უკვე დაწყებული იყო და ბავშვებს ვერ გავყრიდით.

– და თუ წელს ვერ დააკმაყოფილეს თქვენი მოთხოვნები, გაყრა ემუქრებათ? რა ვადებში უნდა მოახერხონ მშობლებმა საჭირო საბუთების წარმოდგენა?

– ვადები არ არის დადგენილი. ჩვენ ეტაპობრივად ვაცნობდით მშობლებს ამის თაობაზე და წელს უკვე ყველამ გაითვალისწინა და ისე მოვიდნენ.

– ამ ეტაპზე თქვენთან დაურეგისტრირებელი ბავშვები არ სწავლობენ?

– თითქმის არა. და მე ვერ ვხვდები, საერთოდ რა პრობლემას ქმნით. მე თუ მკითხავთ, სრულიად მიზანშეწონილია, რომ თბილისის მერია აფინანსებდეს მხოლოდ თბილისელ ბავშვებს.

– შეგიძლიათ წარმოგვიდგინოთ შესაბამისი საბუთი, რომლითაც ხელმძღვანელობთ?(ეძებს დოკუმენტს და მცირეოდენი პაუზის შემდეგ). ვერა, ჩვენ ახლახანს დავასრულეთ რემონტი და საბუთები მწყობრში არ გვაქვს, სხვა დროს მობრძანდით, ან სხვა ბაღს მიმართეთ.

ამ საუბრის შემდეგ, როგორც ზემოაღნიშნული ბაღის გამგემ მიგვითითა, სხვა სახელმწიფო ბაგა–ბაღს მივმართეთ. როგორც კი დადგენილება მოვითხოვეთ, აქაც გარკვეულ პრობლემებს წავაწყდით, საბოლოო ჯამში "ხელჩართული ომის" შემდეგ გაგვიმართლა და ბაღის გამგემ დოკუმენტი გაგვაცნო.

დოკუმენტი, რომელსაც ბაღის გამგეები ასე საგულდაგულოდ მალავენ, სწორედ ზემოაღნიშნული 2009 წლის 31 აგვისტოს თბილისის მთავრობის დადგენილება გახლავთ, რადგან ეს გადაწყვეტილება მერიამ მიიღო, ამჯერად შეკითხვებით თბილისის მერიას მივმართეთ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და სამოქალაქო სამსახურის წარმომადგენელს ქეთი ტრაპაიძეს ვესაუბრეთ:

– ქალბატონო ქეთი, რა გახდა დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზეზი?

– 2006 წელს, ჩვენი მონაცემებით, სახელმწიფო ბაღებში რეგისტრირდებოდა 27 ათასი ბავშვი და ახლა კონტიგენტი გაიზარდა, 45 ათასს აღწევს. უნდა არსებობდეს რაღაც მექანიზმი, რის მიხედვითაც თბილისელ ბავშვებს საშუალება ექნებათ იარონ ბაღში.

– როდიდან არის დადგენილება ძალაში, და როდის გახდა ბაღის გამგეებისთვიც ცნობილი?

– ეს გახლავთ 2009 წლის 10 აგვისტოს დადგენილება და ის მიღებისთანავე ძალაშია.

– მაგრამ ის მხოლოდ ახლა ამოქმედდა.

– ჩვენ არ ვიცით მშობლის ყურამდე როდის მივიდა, მაგრამ როგორც გითხარით, ის მიღების დღიდანვე ძალაშია.

– მშობლებში ამან გარკვეულწილად უკმოყოფილება და დაბნეულობა გამოიწვია.

– აქ საგანგებოდ მინდა აღვნიშნო, ჩვენ გავაკეთეთ განმარტება იმის თაობაზე, რომ მისამართის გარეშეც მოხდებოდა მათი რეგისტრაცია სამოქალაქო რეესტრში სულ რაღაც 5 ლარის გადახდის შემთხვევაში. ჩვენ ვითხოვთ, მხოლოდ ბავშვების რეგისტრაციას და ამას ჩაწერის ინსტიტუტთან საერთო არაფერი აქვს, უბრალოდ, თუ თბილისში ცხოვრობს ადამიანი და საქმიანობს, რაღაც დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ჰქონდეს.

– რას გულისხმობთ "რაღაც დოკუმენტში", შეიძლება ეს იყოს ცნობა მშობლის სამსახურიდან, ამაზე დადგენილებაში არაფერია ნათქვამი?

– არა, წესდება ამას არ ითვალისწინებს, მაგრამ შეიძლება დაიშვას გამონაკლისი, მაგალითად სამხედრო პირისთვის, ისიც მხოლოდ და მხოლოდ მერიის თანხმობის შემდეგ.

იმდენად, რამდენადაც მერიამ პრობლემის მოსაგვარებლად სამოქალაქო რეესტრისკენ მიგვითითა, თუ რამდენად შესაძლებელია მშობლის ჩაწერის გარეშე ბავშვის დარეგისტრირება, ამის გასარკვევად სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელს ხატია მოსეშვილს ვესაუბრეთ:

– ამ ბოლო დროს თუ მოუმართავთ მშობლებს თბილისში ბავშვის დარეგისტრირების თხოვნით?

– მოუმართავთ, მაგრამ იმისთვის, რომ ეს პროცესი განხორციელდეს, საჭიროა ბავშვის ერთ–ერთი მშობელი მაინც იყოს ჩაწერილი რაიმე მისამართზე, მაგალითად, ნათესავთან.

– არც ისე ადვილია და ყველა ვერ მოახერხებს ისეთი ნათესავის მოძებნას, ვინც ამაზე დათანხმდება. უმისამართოდ თუ არის დარეგისტრირება შესაძლებელი?

– არა, უმისამართოდ დარეგისტრირება გამორიცხულია. მიმდინარე წლის სექტემბერში კანონში ცვლილებები შევიდა, რის მიხედვითაც უმისამართოდ დარეგისტრირება გამორიცხულია.

ამ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების ფონზე ერთი რამ გაირკვა, რომ უკმაყოფილო მშობლები და მათი ბავშვები "უკვდავების წყაროს" მოსატანად გაუშვეს, რომელიც რეალურად არ არსებობს, ქალაქ თბილისის მერია, სამოქალაქო რეესტრში დაურეგისტრირებელი ბავშვების დარეგისტრირებას ითხოვს, სამოქალაქო რეესტრი კი მათ უმისამართოდ არ არეგისტრირებს. ერთი სიტყვით, თბილისში დაურეგისტრირებელი სკოლამდელი აღსაზრდელები მერიის "კეთილი ნებით" ბაღს მიღმა აღმოჩდნენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი იურისტს და საკრებულოს წევრს თინა ხიდაშელს ვთხოვეთ:

– როგორ ფიქრობთ, რამ გამოწვია ბაღის გამგეების დაბნეულობა, როგორც გაირკვა, მათ უჭირთ ამ დადგენილების გამოჩენა, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ამ ბოლო დროს პრობლემები ისედაც ბევრია და არ სურთ ისედაც უკმაყოფილო ადამიანების რიცხვის გაზრდა?

– არა, სწორედ ეს არ გახლავთ მიზეზი, ალბათ იმიტომ, რომ თბილისელებს არ ეხებათ ეს პრობლემა. მე არ ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტს მალავენ, უბრალოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც უკვე დაავიწყდათ, რადგან მათი აზრით, ეს არ არის განსაკუთრებულად პრობლემატური. მიანდეს კონკრეტულ ბაღს. მიიღეს იმისთვის, რომ ძალიან კონკრეტულ ბაღებზე გავრცელდეს ეს აკრძალვა. გლდანში ან ვარკეთილში, შესაძლოა, არც მოიკითხონ. სულ არ ფიქრობენ, იქ თბილისელები იქნებიან თუ არათბილისელები, მაგრამ სადაც უგულავას ან ახალაიას შვილები დადიან, არ უნდათ რომ შეწუხდნენ კილოთი, რომელიც შეიძლება რომელიმე რაიონელ ბავშვს ჰქონდეს. ის კი სულ არ აინტერესებს, რომ ამით ადამიანებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიან.

– რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს ამ გადაწყვეტილებას?

– ეს დადგენილება პირდაპირ აკრძალვას ნიშნავს. ჯერ ერთი მათი რეგისტრაცია რომც მოხდეს უპრობლემოდ, მაინ არ არის მართებული, რადგან ამ შემთხვევაში საქმე გვექნება თბილისელების ხელოვნურად გაზრდილ რიცხვთან. ამისთვის არავითარი საჭიროება არ არსებობს. ბავშვი სკოლაში ან ბაღში მიდის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დოკუმენტი შეიძლება იყოს ცნობა სამსახურიდან, ან სასწავლო დაწესებულებიდან, თუმცა, შესაძლოა, არც ცხოვრობდეს, არც მუშაობდეს მშობელი თბილისში და უბრალოდ მოუწიოს გარკვეული დროის მონაკვეთში თბილისში ცხოვრება, შესაბამისად, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიყვანოს ბავშვი თბილისის სახელმწიფო ბაღში.

– რა შეუძლია ამ შემთხვევაში საკრებულოს და როგორც იურისტი, რას ურჩევდით მშობლებს?

– ჩვენ თბილისელების მიერ ვართ არჩეულები და შესაბამისად საკრებულოს გადაწყვეტილების მიღება შეუძლია ამ მანდატით, განსხვავებით მერიისგან, რომელიც ვალდებულია დაარეგულიროს ურთიერთობები ყველას შორის. თუ გადაწყვეტილება კანონდარღვევითაა მიღებული, ან არღვევს მოქალაქეების თანასწორობას, რაც ამ შემთხვევაში სახეზეა, რა თქმა უნდა, საკრებულოს შეუძლია ამ მხრივ მოქმედება. მხოლოდ კომპეტენციის ფარგლებში. მშობლებმა, რომელთაც ეს პრობლემა დაუდგათ, უნდა მიმართონ საკრებულოს განათლების კომისიას, რომელიც ვალდებულია მიიღოს ეს საკითხი და მოამზადოს სხდომაზე განსახილველად. და თუ ის ამ პასუხისმგებლობას თავიდან აირიდებს, ბუნებრივია, რომ ჩვენ უნდა ჩაგვაყენონ საქმის კურსში.

ანა ქარდავა



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ადამიანი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online