asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ზინედინ ზიდანის 7 წამი
ზინედინ ზიდანის 7 წამი
ზინედინ ზიდანის 7 წამი

2010-10-21 11:49:24



1995 წლის 6 დეკემბერს "ბენიტო ვილიამარინზე" "რეალ ბეტისი" და "ბორდო" უეფას თასის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩს მართავდნენ, მატჩი ჭექა–ქუხილის ფონზე ფრანგთა გამარჯვებით დასრულდა – 2:0.

"ბორდოს" ფეხბურთელებს სევილიაც წვიმით შეხვდა. ტრიბუნები მთელი ხმით გულშემატკივრობდნენ "ბეტისს", მაგრამ უეცრად სტადიონზე სიჩუმე ჩამოვარდა. ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდი... ჟირონდელთა მეკარე ძლიერად ურტყამს წინ. ბურთი მოედნის ცენტრში ეშვება. მისთვის ორი მოთამაშე იბრძვის, თუმცა გამარჯვებული მესამე რჩება – ზიდანი. ფრანგი, ზურგზე 7 ნომრით, კარიდან 40 მეტრის მანძილზე იდგა, თუმცა ერთი წამითაც არ უყოყმანია:

– ბურთი ჩემს წინ დაეცა და ახტა. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს უამრავი დრო მქონდა ყველაფრის მოსაფიქრებლად.

მან დაარტყა "გამოუსადეგარი" მარცხენა ფეხით და მაღალი პარაშუტი შეასრულა, რომელიც თავზე გადაევლო კარიდან გამოსულ პედრო ჰაროს.

გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა და შემდგომ საუკეთესოდაც დასახელდა უეფას თასის მაშინდელ გათამაშებაში, რომელშიც "ბორდომ", საბოლოოდ, ფინალამდე მიაღწია.

ყველაფერ ამას 7 წამი დასჭირდა – ფრანგთა მეკარის დარტყმიდან ბურთის "ბეტისის" კარის ბადეში გახვევამდე, 7 წამი... რომელიც უდიდესი ფეხბურთელის კარიერაში უდიდესი ცვლილებების დასაწყისად იქცა.

– არბიტრო, არ დაამთავრო მატჩი, ჩვენგან ზიდანი მიდის, – კითხულობდა "სანტიაგო ბერნაბეუს" ცენტრში მდგარი ზინედინი ათნახევარი წლის შემდეგ.

– გმადლობთ, ზიზუ, 5 წლიანი მაგიისთვის, – ეწერა სხვა პლაკატზე. ხალხის ერთხმად ყვიროდა, როგორც განსაკუთრებით მნიშვნელოვან დღესასწაულებზე: ზიზუ! ზიზუ! ზიზუ!

სტადიონი პირველად გაივსო თებერვლის შემდეგ. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ, 34 წლის იუბილემდე ორი თვით ადრე ზინედინ ზიდანმა კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. მას სურდა, გამარჯვებული წასულიყო... ადამიანთა წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა მზად იყო გაეღო ყოველივე ძვირფასი "ჩამარტინზე" მოსახვედრად, რათა უკანასკნელად ენახა გენიოსი მინდორზე.

ზიდანს კიდევ ერთი წელი ჰქონდა კონტრაქტით დარჩენილი, მაგრამ საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის ძალზე მომთხოვნი გახლდათ, იმ სეზონში კი მიხვდა, რომ ყოველთვის ფორმაში ყოფნა გაცილებით ურთულდებოდა, მიკროტრავმები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. დამღლელი მატჩის შემდეგ უფრო და უფრო მეტი დასვენება სჭირდებოდა.

2001 წლის ზაფხულში ის მსოფლიოს უძვირეს ფეხბურთელად იქცა. ფლორენტინო პერესმა ლეგენდარული ნახევარმცველის შესაძენად ტურინის "იუვენტუსს" 74 მილიონი ევრო გადაუხადა.

მადრიდში გატარებული პირველი ორი სეზონის მანძილზე მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი და ესპანეთის თასის ფინალში ითამაშა.

– ნათელია, რომ ამის შემდეგ ზიდანს უკან აღარ ჰყოლია ისეთი ფარი, როგორიც მაკელელე იყო, – აცხადებს ვისენტე დელ ბოსკე, – კლოდი მისი ნდობით აღჭურვილი პირი გახლდათ, რომელიც ბურთით ამარაგებდა.

თუ ბურთი მაკელელეს ჰქონდა, მისი გადაცემის პირველი ადრესატი ზიდანი იყო. როდესაც ზინედინი მოვიდა, მითხრეს, რომ მას ერჩივნა, ეთამაშა ორ ფეხბურთელთან ერთად მის წინ, ორთან ერთად კი უკან.

ერთ–ერთი იმათგანი, ვინც უკან დაიკავა ადგილი, რობერტო კარლოსი გახდა, რომელიც საუცხოო ფორმაში იმყოფებოდა და მალევე ჩამოყალიბდა ზიდანის საუკეთესო პარტნიორად. ბრაზილიელი ერთბაშად ორი მოთამაშის ფუნქციას ასრულებდა, მოქმედებდა მის მარცხნივ და უკან.

ფერნანდო იერო:

– როდესაც ის მადრიდში მოვიდა, მე ჩვეულებრივ, თავმდაბალ, შრომისმოყვარე ადამიანს შევხვდი. იგი ისეთ ტრიუკებს ატარებდა მინდორზე! რასაც ის ვარჯიშებზე აკეთებდა, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა.

თუ მის ღირსებებზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში ბურთის კონტროლს აღვნიშნავდი. შეგეძლო მისთვის ნებისმიერი გადაცემა გაგეკეთებინა, ის კი ერთი შეხებით მიიღებდა ბურთს და ეს მაშინ, როდესაც სხვებს ხუთი სჭირდებოდათ, ზუსტად იმავე ეპიზოდში.

ეს ხუთი შეხება დასჭირდებოდა ნებისმიერს მაშინაც, როდესაც ზიდანმა თავისი ცნობილი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლევერკუზენის "ბაიერის" წინააღმდეგ.

ასეთ ბურთებს ესპანელები ვოლეა–ს უწოდებენ და თვლიან, რომ მათი გატანა საოცარი წარმატებაა, ფეხბურთში ძალიან რთულად მიღწევადი. ეს გოლები რამდენიმე ელემენტის უზადო შესრულებას მოითხოვენ: აუცილებელია ბურთის სისწრაფისა და ტრაექტორიის ზუსტად განსაზღვრა, ფეხის სწორად დახვედრება, უნაკლო დარტყმა ტექნიკური შესრულების თვალსაზრისით, მყარი საყრდენი ფეხი, დარტყმის ძალის გამოთვლა.

ერთი სიტყვით, ასეთი ბურთების გატანა ოსტატთა საქმეა. თუმცა, ზიდანის მიერ შექმნილი საოცრება მათთვისაც კი მიუწვდომელი გახლავთ. ამას გარდა, ამ გოლმა ფრანგს ყველაზე სასურველი ჯილდო მოუტანა (იმ დროისთვის მას წაგებული ჰქონდა ჩემპიონთა ლიგის ყველა ფინალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო).

მადრიდის "რეალში" ვოლეა–ს სპეციალისტები ბევრნი არ იყვნენ, თუმცა, "ვოლეადორთა" მცირე რაოდენობაც გასაგებია: ბოლოსდაბოლოს, ყველა ფეხბურთელი ვერ რისკავს ასეთი დარტყმის განხორციელებასა და რისკის გაწევას – განსჯის რისკის.

ვოლეა–ს კანონი ხომ ყველას კარგად მოეხსენება: ან გაიტან ლამაზ გოლს, ან... გატეხავ კუთხურის დროშას. ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველი მოხდა. და ეს ისტორიად იქცა. დაუვიწყარი გოლი კი, ისევე, როგორც "ბეტისთან" მატჩში, მარცხენა ფეხით გახლდათ გატანილი...

ფილიპო ინძაგი, ზიდანის ყოფილი პარტნიორი "იუვენტუსში", იხსენებს:

– როდესაც ჩვენ ეს დიდებული გოლი ტელეეთერში ვნახეთ, მისით აღფრთოვანებულნი დავრჩით. დარწმუნებული ვარ, ზიდანი მთავარი გმირი გახდება იაპონიასა და კორეაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე...

ასე ფიქრობდა ბევრი, მაგრამ ტრავმამ ჩვენ მოგვისპო საშუალება, ფრანგის გენიალური თამაშით დავმტკბარიყავით 2002 წლის მუნდიალზე. მიუხედავად ამისა, რამდენი ნამდვილი წარმოდგენა გვაჩუქე ჩვენ, უბრალო გულშემატკივრებს, ზინედინ!

ჩემთვის ზიდანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ყველაზე გამორჩეული მოთამაშე ფეხბურთის ისტორიაში. ადამიანი, რომელმაც სპორტის ეს სახეობა შემაყვარა, მომპარა ემოცია და მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ის ბევრად მეტი გახლდათ, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელი, თუნდაც ლეგენდარული, თუნდაც საუკეთესო...

ის გენია იყო, მაგალითი პროფესიონალიზმისა და შრომისმოყვარეობისა, ადამიანობისა და ღირსებისა, მაგალითი თავმდაბლობისა, რომელიც დიდების ზენიტშიც კი არ დაუკარგავს, არც ერთი წამით, არც ერთი მატჩისას, არც ერთი საუბრისას.

ამაღელვებელი ამბავი ფრანგი ბიჭისა, რომელმაც არაფრიდან ყველაფერს მიაღწია, თუმცა არასდროს მიუცია საკუთარი თავისთვის უფლება, ვინმესთვის ზემოდან დაეხედა. რატომ? იმიტომ, რომ ის ზიდანი იყო...

დრო სწრაფად მიქრის. 7 წამი თითქოს მარადისობაა. 10 წელი, რომელიც 7 წამით დაიწყო... საოცარი სეზონი "ბორდოში", ავარია, წარუმატებელი ევრო–96, გადასვლა "იუვენტუსში", ადაპტაცია, დიდება, ჩემპიონთა ლიგის ორი წაგებული ფინალი, ტრიუმფი მსოფლიოს ჩემპიონატზე, ოქროს ბურთი, ოპერაცია მუხლზე, სამი სეზონი "იუვენტუსში", ევრო–2000, გაძევება მატჩებში "დეპორტივოსა" და "ჰამბურგის" წინააღმდეგ, გადასვლა მადრიდის "რეალში", გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ტრავმა 2002 წლის მუნდიალის წინ. გალაქტიკოსი, წლის ფეხბურთელი, ფიასკო მონაკოში. უხმაურო ორი წელი, დამშვიდობება "ბერნაბეუზე"...

მან ჩვენ ფეხბურთი გვაჩუქა. საკუთარი ფეხბურთი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 2006 წლის 7 მაისი. კვლავ 7... და მისი ჩვეული ნახევარ–ღიმილი, ცრემლებთან ერთად. ასე გვემშვიდობებიან და მიდიან ლეგენდები...



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: კარლოსი
კავშირი ტეგთან: ორი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online