asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"რუსეთს პერევი უბრალოდ აღარ სჭირდება"
"რუსეთს პერევი უბრალოდ აღარ სჭირდება"
"რუსეთს პერევი უბრალოდ აღარ სჭირდება"

2010-10-21 11:48:58



14 ოქტომბერს, ჟენევის მოლაპარაკების მე–13 რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში რუსი მესაზღვრეები საჩხერის რაიონის სოფელ პერევს დატოვებენ და სასაზღვრო ზოლში გადავლენ. რა ბზიკმა უკბინა დამპყრობელს?! ხელისუფლება ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ზეწოლის შედეგია და რუსები ამის "გაყიდვას", როგორც კონსტრუქციული ნაბიჯის გადადგმას, ისე შეეცდებიან. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია იმედოვნებს, რომ დეოკუპაცია მართლა დაიწყება. ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ამბობენ, რომ რუსეთს პერევი, როგორც სტრატეგიული ობიექტი, აღარ აინტერესებს. ამის გარდა, ის ოკუპანტისთვის ზედმეტი ხარჯია.

კარასინის განცხადებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომელმაც რუსეთს და მთელ კავკასიას საფიქრალი გაუჩინა – რატომ მისცა უვიზო რეჟიმი მიხეილ სააკაშვილმა ჩრდილოკავკასიელებს? მოსკოვმა ამ გადაწყვეტილებას პროვოკაცია და ჩრილოეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა უწოდა. ქართულმა ოპოზიციამ ცეცხლთან თამაშად შეაფასა, რომელსაც შეიძლება არცთუ ბედნიერი დასასრული ჰქონდეს. არც ჩრდილოკავკასიაში მიუღიათ დიდი სიხარულით სააკაშვილის, ერთი შეხედვით, კეთილშობილური ჟესტი. მაგალითად, ინგუშეთის პრეზიდენტმა იუნუს ბეკ ევკუროვმა განაცხადა, არ შეიძლება, ჩრდილოკავკასიელების გულის მოგებას მოწყალების გაღებით ეცადო, გადაწყვეტილება საქართველოს მოსკოვთან უნდა შეეთანხმებინა და თუ ასე არ მოხდება, ამ ყველაფერს ცუდი სუნი უდისო.

რატომ დათმო პერევი ასე მოულოდნელად რუსეთმა და რა დადებით–უარყოფით მხარეები აქვს ჩრდილოკავკასიელებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას? ამ კითხვებით "სარკემ" პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს მიმართა.

– ბატონო პაატა, უვიზო რეჟიმის ცალმხრივად შემოღებაში რაიმე საშიშროებას ხედავთ?

– საშიშროებას – არა, რისკებს ვხედავ. ეს არის ანტირუსული პოლიტიკის გაგრძელება – ჩრდილოკავკასიაში რუსებს შეუქმნას დაძაბულობა და პრობლემები. ეს პირველი არაა. ასეთი იყო "პირველი კავკასიური არხის" გახსნაც, რომელიც მიმართული იყო მთელ კავკასიაში ქართული პროპაგანდის გავრცელებისკენ. ამან რუსეთი იმდენად გააღიზიანა, რომ საფრანგეთიც კი ჩაერთო და აიძულეს სატელიტმაუწყებელი კომპანია უკან წაეღო საქართველოსთან ხელშეკრულება. შემდეგ მაორში ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ილიას უნივერსიტეტის ერთობლივი კონფერენცია ჩრდილოკავკასიაში მიმდინარე პროცესებზე და საუბარი იყო ჩეჩნების და ჩერქეზების აღიარებაზე. ამანაც დიდი ხმაური გამოიწვია. ბევრი დელეგაცია იყო ჩამოსული. მერე არ აღიარეს და ამან უკვე ჩეჩნების და ჩერქეზების განაწყენება გამოიწვია.

ეს არის მკვეთრად გამოხატული ანტირუსული პოლიტიკის ნაწილი. სააკაშვილმა რუსეთი ფაქტის წინაშე დააყენა. ბატონმა ვაშაძემ განაცხადა, რუსეთს არ ველაპარაკებით იმიტომ, რომ ოკუპანტიაო. უსინდისოდ ცრუობს, იმიტომ, რომ რუსეთს ელაპარაკება. ლარსის გამშვები პუნქტი მოლაპარაკების შედეგად გაიხსნა. საქართველოს სჭირდებოდა და გახსნა. ცნობილია, ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებას, სად მიდიოდა. დღეს საქართველო განაგრძობს პოლიტიკას – მუდმივად გააღიზიანოს რუსეთი, რაც, ჩემი აზრით, მავნე პოლიტიკაა.

– რა შეიძლება ამან გამოიწვიოს?

– რუსეთ–საქართველოს შორის გაუცხოების გაღრმავება. იმის ნაცვლად, რომ ვიპოვოთ საერთო რუსეთთან, ვპოულობთ მიზეზებს, რატომ არ უნდა გამოვნახოთ მათთან საერთო ენა. ამით ახალი ცუდი არ გაკეთდება, მაგრამ არც კარგი გაკეთდება.

– ინგუშეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა უვიზო რეჟიმის შემოღება. ზოგადად კავკასიაში როგორ მიიღეს ეს ფაქტი?

– თუ რუსეთთან შეთანხმება იქნებოდა, ეს ყველასთვის მისაღები იქნებოდა. კიდევ უფრო ვაღრმავებთ ჩრდილოკავკასიაში ხალხის გაუცხოებას მათი ხელისუფლების მიმართ, რაც წარმატების მომტანი არაა. ეს არის სხვის საქმეებში ხელების ფათური, რითაც კიდევ უფრო ურთულებ რუსეთს ჩრდილოკავკასიაში საქმეს და ამით რუსეთისგან დათმობის პოლიტიკას აღარ უნდა ელოდო. რუსეთის უტიფარ ოკუპაციას ვპასუხობთ ასეთი წვრილმანი ბწკენებით.

– ამერიკაში ჩვენმა პრეზიდენტმა კავკასიური ერთობის შესახებ გააკეთა განცხადება. მაშინ საქართველოში ეს განცხადება ვერ ახსნეს, იქნებ ახლა მაინც შეიძლება კონტურების გამოკვეთა?

– დღემდე ეს ვერავინ გაიგო. კავკასიაში ხელების ფათური არ იქნება სწორი მეთოდი. კავკასია საკმაოდ ფეთქებადსაშიში რეგიონია. რუსეთმა იქ ვერაფერი მოახერხა. ჩრდილოკავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ მუშაობა არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არ არის შორეული ან ახლო აღმოსავლეთი, რომელიც ჩვენგან შორსაა. ჩვენი სამეზობლოა და იქ ფეთქებადსაშიში სიტუაციის შექმნა ჩვენ არ გვარგებს. შეიძლება რუსეთს პრობლემები შევუქმნათ, მაგრამ ის ჩვენზეც გადმოვა.

როცა მეზობელს სახლს უწვავ, შანსი, რომ შენიც დაიწვას, საკმაოდ მაღალია, იმიტომ რომ ერთი კედელი გაქვთ. რუსეთი არის უაღრესად საშიში სახელმწიფო. მას გარწერობასა და ნაძირლობაში ვერ მოვერევით და მის წინააღმდეგ წამოწყებული ნებისმიერი საქმიანობა ყოველთვის გამოიწვევს ჩვენ წინააღმდეგ იმავე საქმიანობას.

– რუსეთი მოგვდებს ბრალს, რომ ტერორისტები გადმოვიდნენ უვიზო რეჟიმის შემდეგ საქართველოში?

– გადმოსვლას ვერ იტყვის, მაგრამ იტყვიან, რომ ჩრდილოკავკასიიდან საქართველოში გადაჰყავთ პატიოსანი ბიჭები, ფულს უხდიან, ამზადებენ, აქცევენ ტერორისტებად. თვითონ მოაწყობენ ტერაქტს სადმე, თუნდაც სოჭში და ჩვენ დაგვაბრალებენ.

– ამ საბაბით შეიძლება რაიმე საბრძოლო ოპერაციები წამოიწყოს?

– საბრძოლო – არა, მაგრამ საქართველოს შეუქმნიან ჩამოუყალიბებელი სახელმწიფოს იმიჯს, რომელიც მუდმივად უქმნის რუსეთს პრობლემებს და არ შეიძლება ასეთ ქვეყანასთან ნორმალური ურთიერთობა. რუსეთმა ჯარით მიიღო ყველაფერი, რაც უნდოდა. ამის შემდეგ დიპლომატიით და პროპაგანდით იმუშავებს.

– პერევიდან რუსეთმა ჯარი რა მოსაზრებით გაიყვანა?

– რუსეთმა ამოწურა სტრატეგია პერევთან დაკავშირებით. პერევი სჭირდებოდა ორ ოსურ სოფელთან, ყარზმანთან და სინაგურთან დასაკავშირებლად. ეს სოფლები ერთმანეთს ერთი გზით, პერევის გავლით უკავშირდებოდა. სინაგური არის სოფელი, რომელიც უკავშირდება დანარჩენ სამხრეთ ოსეთს და ყარზმანი ხეობაშია, ჩიხში მოქცეული იყო. გზა მხოლოდ პერევზე გადიოდა. რუსეთს პერევი კი არ სჭირდებოდა, არამედ ყარზმანთან ურთიერთობა. მათ დაიწყეს ამ ორ სოფელს შორის სხვა გზის გაკეთება. როგორც ჩანს, ეს გზა დაასრულეს და პერევი აღარ სჭირდებათ. გახსოვთ ალბათ, 2008 წლის დეკემბერშიც რომ აპირებდნენ პერევიდან გასვლას.

– როგორ არ მახსოვს, დილით გასვლა დაიწყეს და საღამოს შემობრუნდნენ.

– იცით, რატომ შემობრუნდნენ?

– იმიტომ, რომ სააკაშვილმა განაცხადა, რუსეთში ამ საკითხზე პატრიარქი მე გავგზავნე და ჩემი დამსახურებაა, რომ გადიანო.

– ეგ მეორე მიზეზი იყო. მთავარი ის იყო, რომ სააკაშვილმა პირობა დაარღვია. რუსები თანახმანი იყვნენ, ის ტერიტორია ქართულ პოლიციას გაეკონტროლებინა, ოღონდ რუსებს უნდა ჰქონოდათ უფლება იქ არსებული ხიდით სიარულის. ხუთ პოლიციურ ეკიპაჟს უნდა გაეკონტროლებინა ვითარება, მაგრამ, როგორც კი რუსები გავიდნენ, ქართველები 25 ქართული მანქანით შევიდნენ, ანუ პირობა დაარღვიეს. თან სააკაშვილმა მიაყოლა, პატრიარქი მოლაპარაკებებზე მოსკოვში მე გავაგზავნეო. მთავარი პრობლემა პირობის დარღვევა იყო.

– შეიძლება თუ არა რუსების გასვლა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლის შედეგიც? ხომ არ დაიწყო რუსეთმა სარკოზის დოკუმენტში დადებული პირობების შესრულება?

– ეს არის რუსეთის მიერ კეთილი ნებით გადადგმული ბოლო ნაბიჯი. თვლის, რომ პერევი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არასდროს იყო. პერევი სჭირდებოდა, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი, ვიდრე არ გაიყვანდა დამატებით გზას ყარზმანიდან სინაგურამდე. პერევი აღარ სჭირდება. გაიყვანა ჯარი და თქვა, მე მქონდა დაპყრობილი საქართველოს მხოლოდ ერთი სოფელი და იქიდანაც გამყავს; რაც შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ჯარებს, ისინი შეყვანილია ჩემ მიერ აღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მთავრობებთან შეთანხმებით და ეს ოკუპაცია არაა. პერევიდან ჯარის გაყვანა არ მომხდარა საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად, თუმცა ისინი ამას დაიბრალებენ და სამი კვირა ამაზე ილაპარაკებენ, დაგვამადლიან კიდეც.

– ახალგორიდანაც ხომ არაა მოსალოდნელი რუსის გასვლა?

– არა მგონია. იცით, რა გზები გაჰყავთ ახალგორში? თორმეტმეტრიანი გზები. ახალგორს სერიოზულად ითვისებენ.

– რატომ მაინცდამაინც ახალგორს?

– იმიტომ, რომ თბილისთანაა ძალიან ახლოს და იქ აშენებენ დიდ სამხედრო ბაზას. ამით მუდმივად დაემუქრებიან თბილისს. დედაქალაქთან ასეთი სერიოზული მტრული სამხედრო ბაზის არსებობა უკვე სერიოზული ნიშანია. ვიდრე ახალგორთან იქნებიან რუსი სამხედროები, მსოფლიოსთვის საქართველო საინტერესო არ იქნება.

ნინო მეტრეველი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პატრიარქი ილია II
კავშირი ტეგთან: პატრიარქი ილია II
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online