asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მამუკა გამყრელიძე: "გადაცემის ჩაწერის დროს ხშირად მიტირია"
"გაჭირვებულის დახმარება არავის უნდა"
მამუკა გამყრელიძე: "გადაცემის ჩაწერის დროს ხშირად მიტირია"

2010-10-18 16:01:04



"ვის უნდა ოცი ათასის" წამყვანი მამუკა გამყრელიძე "გლობალ მედია ჯგუფის" დაარსებაში მონაწილეობს. ეს იქნება მედია გაერთიანება, რომელიც ექვს არხს მოიცავს. იგი სხვადასხვა ფენის მაყურებელზე იქნება გათვლილი. რაც შეეხება "ვის უნდა ოცი ათასს", ახალი სეზონიდან ისევ გრძელდება, თუმცა, როგორც ბატონმა მამუკამ "გუმბათთან" ინტერვიუში აღნიშნა, გადაცემაში ცნობილი პიროვნებების მოწვევა ძალიან უჭირთ. თითქმის უმრავლესობა უარს ამბობს ინტელექტუალურ შოუში მონაწილეობაზე. დანარჩენს ინტერვიუდან შეიტყობთ.



– ბატონო მამუკა, პირველ რიგში, გვესაუბრეთ "გლობალ მედია ჯგუფზე", რომლის დაარსებასაც აპირებთ?

– ამ ჯგუფის ინგლისური აბრევიატურაა "GMG" იგი "RTV+"–ის ანალოგია. მასში იქნება ექვსი არხი. აქედან ორი არხი დაეთმობა კინოს, ერთი სერიალებს, ერთი საბავშვო იქნება, ორი სპორტული, ოღონდ აქედან ერთი მხოლოდ ფეხბურთის შესახებ, მეორე კი სპორტის ყველა სახეობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ტექნიკური საშუალებები გაგვაჩნია, შემდეგში ერთ არხს კიდევ დავამატებთ. შეიძლება ეს იყოს საოჯახო.

– როგორც მივხვდი, საინფორმაციო არხი არ იქნება.

– საინფორმაციო არხი კატეგორიულად არ იქნება. ინფორმაციასთან და პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ გვექნება. ეს იქნება გასართობი ხასიათის არხი და მაყურებლის დატვირთვას არ ვაპირებთ. ჩვენი მედია ჯგუფი ყველა კატეგორიის მაყურებელზეა გათვლილი. ვცდილობთ, საზოგადოების ყველა სექტორი მოვიცვათ.

– "გლობალ მედია ჯგუფის" დაარსების იდეა თქვენ გეკუთვნით?

– არა, ამას ნამდვილად ვერ დავიბრალებ. მე, უბრალოდ, ამ ორგანიზაციაში როგორც ადმინისტრატორი, ისე მომიწვიეს. გარდა ამისა, გარკვეული სახით ვაფინანსებ კიდეც.

– როგორ ფიქრობთ, ეს არხი თავის დანიშნულებას შეასრულებს?

– თუ ვერ შევასრულებთ, გავკოტრდებით. თუმცა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მიზანი რაც გვაქვს, იმას მივაღწევთ. რაც მთავარია, ყველაფერი ლიცენზირებული იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროპულად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. თუ რამეს ვიყენებთ, იმაში ფული უნდა გადავიხადოთ. "პრივატულად" მოპოვებული არც ფილმი ვარგა და არც მუსიკა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ასეთ რამეებს კადრულობენ. ტელესივრცეში ამის გაკეთება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ მაყურებელს ლიცენზირებულ პროდუქციას ვთავაზობთ. ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირი გვიჯდება, ასეულობით და ათასობით ევროს ვიხდით სხვადასხვა სპორტული ჩემპიონატების ყიდვაში. ცხადია, ამ თანხებს ამოღება სჭირდება. ამრიგად, საკაბელო ტელევიზიების პროდუქტიც გაძვირდება და, ალბათ, ზოგიერთი საკაბელო საერთოდ ვერ შეძლებს ასეთი პაკეტების გაკეთებას.

– რაც შეეხება გადაცემას "ვის უნდა 20.000", რომლის წამყვანიც თქვენ ბრძანდებით, იყო საუბარი იმაზე, რომ ეს გადაცემა დაიხურა, თუმცა, როგორც ჩანს, ისევ გრძელდება.

– დახურვით არ დახურულა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ალბათ დაიხურება. შარშანდელივით სტუმრების გაჭირვება გვაქვს, თუმცა, გასულ წელს, ასე თუ ისე, შევძელით იმ 45 ადამიანის მოწვევა. ახლა კი, ამ მხრივ, ძალიან გვიჭირს. გადაცემაში მოსვლა არავის უნდა. როგორც ჩანს, გაჭირვებული ხალხის დახმარება არ უნდათ. ურჩევნიათ, გზაჯვარედინზე მდგარ მათხოვარ ბავშვს ოცი თეთრი მისცენ და ჩათვალონ, რომ ამით ვიღაცას ეხმარებიან. ვინც მოდის, იმათი ძალიან მადლობლები ვართ. ის ხალხი, ვინც რაღაცით ამ ცხოვრებაში წარმატებულია, თავისი ბიზნესი აქვს, მეცნიერია თუ ხელოვანი, რატომღაც ჩვენს გადაცემაში მოსვლის ეშინიათ.

– ამ შიშის მიზეზი ის არის, რომ გადაცემაში ადამიანის ინტელექტი ვლინდება?

– ჰგონიათ, რომ თუ კითხვებს კარგად ვერ უპასუხებენ, ცუდად გამოჩნდებიან. თავიანთი ინტელექტის დონის გამოჩენა არ უნდათ. ჩვენ ვუხსნით მათ, რომ ამაში სამარცხვინო არაფერია, შეიძლება რაღაცა იცოდე და იმ მომენტში უბრალოდ მეხსიერებამ გიმტყუნოს. რაც შეეხება კითხვებს, ძალიან რთულებიც არაა. სხვათა შორის, წინა სეზონში ხათუნა გოგორიშვილმა ითამაშა. ეს ქალბატონი ცნობილია, როგორც საკმაოდ ერუდირებული პიროვნება, თუმცა მცირე თანხა მოიგო. მან გვთხოვა, მომდევნო სეზონში აუცილებლად მომიწვიეთ, რადგან ახლა ძალები საჭიროდ ვერ გამოვიყენეო. მთავარი ის კი არაა, რომ მონაწილემ რაც შეიძლება მეტ კითხვას უპასუხოს და მეტი თანხა მოიგოს, არამედ ის, რომ გადაცემაში ფული ზარების საშუალებით შემოვიდეს. იყო ისეთი შემთხვევა, რომ ერთი პიროვნება დაგვეთანხმა გადაცემაში მონაწილეობაზე, მაგრამ ჩაწერის დღეს, როდესაც უკვე ყველაფერი მომზადებული იყო, დაგვირეკა, აღარ მოვდივარო. ზუსტად ამ პიროვნებამ შემდეგ "ვა–ბანკში" ითამაშა და სოლიდური თანხაც მოიგო. არიან ისეთი ცნობილი ადამიანებიც, მაგალითად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც გადაცემაში მონაწილეობაზე უარს იმიტომ ამბობენ, რომ "რუსთავი 2"–ის გადაცემაში არ მოვალთო. ვერ გამიგია, ტელევიზია რა შუაშია? აქ ხომ სიკეთის კეთებაზეა საუბარი. მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით, ყველას ხმა მივაწვდინო და ვუთხრა, რომ მოვიდნენ ჩვენს გადაცემაში, ანუ მე ვგულისხმობ იმ ცნობილ სახეებს, რომლებაც ხალხი კარგად იცნობს. საშიში არაფერია. ეს არის ძალიან დიდი სიკეთე და მადლი. სხვათა შორის, ძალიან ბევრი ვეცადე, რომ როგორმე საპატრიარქომდე ხმა მიმეწვდინა. პატრიარქთან მისვლა საკმაოდ ძნელია და ამიტომ ბევრ ადამიანს ვთხოვე, რომ პატრიარქისთვის ჩემი თხოვნა გადაეცათ. სამწუხაროდ, არ გადასცეს. კარგი იქნება, რომ ის ადამიანები აკურთხონ, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც ერთი ლარი გადმორიცხეს. დამერწმუნეთ, რომ ეს არის საკმაოდ კეთილშობილური საქციელი იმ გაჭირვებული ერის მხრიდან, რომელიც საკუთარი ჯიბიდან იკლებს თუნდაც იმ ერთ ლარს და თავისზე უფრო გაჭირვებულს ურიცხავს. ჩემი აზრით, ეს ადამიანები უნდა გავამხნევოთ და ვუთხრათ, რომ ის უმნიშვნელო სიკეთეც კი ძალიან მნიშვნელოვანია. სიკეთე კი ყველას უკანვე დაუბრუნდება. ფაქტია, რომ ჩვენი გადაცემა თავის სათქმელს აკეთებს და ზოგჯერ იმაზე მეტი თანხაც შემოდის, ვიდრე სხვა საქველმოქმედო აქციებიდან. დღეს, საბედნიეროდ, საზოგადოება ეკლესიისკენ მოტრიალდა, ეკლესია კი, რა თქმა უნდა, სიკეთესაც მოიცავს. სწორედ ამიტომ, კარგი იქნება, თუ საპატრიარქო გვერდით დაგვიდგება. როდესაც ეკლესია მოგიწოდებს, რომ გაჭირვებულს დაეხმარო, ამ დროს უფრო დიდია ქველმოქმედება. ამასთან ერთად, რომ ადამიანმა ეკლესიურად უნდა იცხოვროს და ქრისტიანული წესები დაიცვას, სიკეთეც უნდა დათესოს.

– იმ გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებსაც კონკრეტულ გადაცემაში ეხმარებით, რის მიხედვით არჩევთ?

– ჯერ იმას გეტყვით, რომ უამრავი განცხადება შემოდის. აპრილში დავითვალე და მათი რიცხვი 5.000–მდე იყო, ახლა უფრო მეტი იქნება. ამ ადამიანების შერჩევა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ხდება. სხვათა შორის, გასულ წელს ჯანდაცვის სამინისტროც გვეხმარებოდა, რადგან ბევრი აფერისტი იყო. ერთ–ერთი პრინციპი არის ის, რომ ყველაზე მაქსიმალური რაოდენობის თანხაც რომ შეგროვდეს, ეს იქნება თუ არა მკურნალობისთვის საკმარისი. თუ ვიცით, რომ ეს თანხა ბოლომდე ვერ ვეყოფა ან ადამიანი უკვე გადადებულია და ისეთი ავადმყოფობა აქვს, რომელსაც აღარ ეშველება, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ჯობია დავეხმაროთ იმას, ვისაც ვუშველით. ამის საკამოდ ბევრი მაგალითი გვაქვს, რადგან ბავშვების ნაწილი სრულიად გამოჯანმრთელდა. კიდევ ერთი არჩევის პრინციპი არის ისიც, რომ ის ადამაინი სოციალურად დაუცველი იყოს, ანუ ისეთი, რომელსაც საზოგადოების მეტი ვერავინ დაეხმარება. არიან ისეთი გაჭირვებულები, რომლებმაც ავადმყოფი ოჯახის წევრის სამკურნალოდ ყველაფერი გაყიდეს და ხალხის იმედზეღა დარჩნენ. სამწუხაროდ, ჩვენ ისეთი შემთხვევაც გვქონდა, როდესაც ბავშვი დაგვეღუპა, ვეღარ მოვასწარით მისი დახმარება. საერთოდ, ასეთ გარემოში მუშაობა ძალიან ძნელია. ერთი ჩემი ებრაელი მეგობარი ებრაული სათვისტომოს "სოხნუტის" ხელმძღვანელია. მან დამირეკა და მითხრა, ერთი ნაცნობი მღვდელი მყავს, რომელსაც ძალიან უჭირს, მის პატარა ბავშვს კი გულის სიმსივნე აქვს და იქნებ დამეხმარო, რომ თქვენს გადაცემაში მოხვდესო. ძალიან შევწუხდი, მინდოდა ამ ადამიანის დახმარება, მაგრამ, როგორც იცით, რიგი არსებობს და ამის მიხედვით მოგვყავს გაჭირვებული ხალხი. თანაც ამ საკითხს მე არ ვაგვარებ. ტელევიზიაში ეს ამბავი რომ მოვყევი, მითხრეს, რომ თანახმა იყვნენ. მათი აზრით, გადაცემაში მღვდელს თუ მოვიყვანდით, რომელიც თავისი მომაკვდავი ბავშვის გადასარჩენად ითამაშებდა, ამ გადაცემას დიდი რეიტინგი ექნებოდა. შესაბამისად, საჭირო თანხაც შემოვიდოდა. თუმცა, შემდეგ ეს აღარ გამოგვივიდა, რადგანაც ამ მღვდელს ერთ–ერთმა ეპისკოპოსმა "ვის უნდა ოცი ათასში" მოსვლა აუკრძალა. სიმართლე გითხრათ, ასე რატომ მოხდა, ვერ გავიგე. ეს ხომ არ არის აზარტული თამაში, კაზინოს მსგავსი რამ ან ასე შემდეგ. ეს არის უბრალოდ ინტელექტუალური ვიქტორინა, რომელიც გამიზნულია სიკეთის გასაკეთებლად. ამ ამბავში ყველაზე ტრაგიკული მომენტი ის იყო, რომ მღვდლის ბავშვი დაიღუპა. არ ვიცი, ჩვენ რომ მისი დახმარების საშუალება მოგვცემოდა, ვუშველიდით თუ არა, თუმცა, ფაქტია, რომ ამისი შანსი იყო.

– ალბათ, არიან უკმაყოფილო ადამიანებიც, რომლებსაც განცხადება შემოტანილი აქვთ, მაგრამ გადაცემაში ვერ მოხვდნენ.

– კი, უკმაყოფილო ძალიან ბევრია. უმრავლესობა ხვდება, რომ აქ უამრავი განცხადებაა და, ბუნებრივია, ყველას ვერ დავეხმარებით. ამასთან, არსებობს სპეციალური რიგი და ურიგოდ ვერავის გავუშვებთ.

– იმ ადამიანებთან, ვისაც უკვე დაეხმარეთ, შემდგომში თუ გაქვთ კონტაქტი?

– კი, რა თქმა უნდა, ყველას ბედით ვინტერესდებით. ბევრი მათგანი გამოჯანმრთელდა, ბევრი გადავარჩინეთ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც უკვე გადადებულები იყვნენ. ჩვენ სპეციალურ სიუჟეტებს ვამზადებთ ხოლმე ამ ადამიანებზე, რომ საზოგადოებამ რეალური შედეგი ნახოს.

– ბატონო მამუკა, ამ გადაცემამდე, ტელევიზიასთან შეხება არ გქონიათ და წამყვანის ამპლუას ადვილად მოერგეთ?

– იქედან გამომდინარე, რომ ახალი ტელესახე სჭირდებოდათ, წამყვანობა მე შემომთავაზეს. გადაცემის წაყვანა აბსოლუტურად არ გამჭირვებია, თუმცა, ამ გაუბედურებულ ხალხთან ურთიერთობა გამიჭირდა. ყველა ძალიან მეცოდება. თავიდან, ჯერ სიუჟეტებს ვუყურებდი და გადაცემას მერე ვწერდი, ახლა ჩაწერის დროს ვუყურებ. მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. სხვათა შორის, შუა ჩაწერის დროს, გავსულვარ, მიტირია და ისევ შემოვსულვარ.

თეონა კენჭიაშვილი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დავით გამყრელიძე
კავშირი ტეგთან: დავით გამყრელიძე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online