asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გუგული მაღრაძე: "უნივერსიტეტი სახელისუფლო თამაშების ადგილად გადაიქცა"
"უნივერსიტეტი სახელისუფლო თამაშების ადგილად გადაიქცა"
გუგული მაღრაძე: "უნივერსიტეტი სახელისუფლო თამაშების ადგილად გადაიქცა"

2010-10-18 16:00:48



აგვისტოს თვეში განათლების სამინისტროსა და "თავისუფლების ინსტიტუტის" დაპირისპირების ერთი გამოვლინება თსუ–ის რექტორის გიორგი ხუბუას სკანდალური გადაყენება იყო. განათლების წარმატებული რეფორმის თვალსაჩინო წარმომადგენელის "წიგნების ქურდის" ბრალდებით თანამდებობიდან გაშვებით გამოთავისუფლებული ადგილი ალექსანდრე კვიტაშვილმა შეავსო, თუმცა, ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, იქნება თუ არა, რექტორის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებელი ის პიროვნება, რომელსაც 27 დეკემბერს დანიშნულ თსუ–ს რექტორის არჩევნებში ხელისუფლების მხარდაჭერილი სხვა კონკურენტი არ გამოუჩნდება. რექტორის მომავალ არჩევნებს წინ უსწრებდა აკადემიური საბჭოს შემადგენლობის შეცვლა, რომელმაც მომავალი გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად ერთგვარი წინაპირობა შექმნა. უმაღლეს სასწავლებლებში პოლიტიკური თამაშების "ტრადიციის" წინააღმდეგ პროტესტი თსუ–ს პროფესორმა გუგული მაღრაძემ გამოთქვა და წინამორბედი აკადემიური საბჭოს წევრობის მიუხედავად, მომავალში იგივე მეთოდების გაგრძელებას საკუთარი კანდიდატურის მოხსნით უპასუხა.

– აკადემიური საბჭოს ხელახალ წევრობაზე უარი ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესების მიზეზით თქვით და უნივერსიტეტის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მისაღებად სტუდენტებსა და პროფესორებზე გარედან ზეწოლა დაასახელეთ. იქნებ, დააკონკრეტოთ, წინა წლებისგან განსხვავებით, რა მოხდა ისეთი განსაკუთრებული, რამაც თქვენი აღშფოთება გამოიწვია?

– ერთი მიზეზი ის იყო, რომ არჩევნებს, რომელსაც საპატივსაცემო და კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებული საუნივერსიტეტო კომისია 4 წელია ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ატარებს, ჩაენაცვლა გარედან მოსული სახელისუფლებო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც, როგორც მითხრეს, ხელისუფლებისთვის გაწეული სამსახური, ფინანსურად კარგად დაუფასდა. უნივერსიტეტს რაღაც დონეზე დამოუკიდებლობა თუ გააჩნია, მის შიგნით მიმდინარე პროცესებზე თავად ამ სასწავლებლის სტუდენტობამ და პროფესურამ უნდა იმსჯელოს. ხელისუფლების ასეთი ჩარევა, როცა არჩევნებსაც თვითონ გვიტარებს, პირადად ჩემთვის და უნივერსიტეტისთვის შეურაცხმყოფელია. არ მომწონს, რომ უნივერსიტეტი გარკვეული სახელისუფლო თამაშების ადგილად გადაიქცა. თავიანთი მოყვანილი რექტორი წაიყვანეს, მერე ერთ კვირაში მომდევნო მოიყვანეს და წაიყვანეს, მერე კიდე სხვა მოიყვანეს და ჯერ არ წაუყვანიათ. არც ნუგზარ სურგულაძის და არც ალექსანდრე კვიტაშვილის დანიშვნაზე არ ვყოფილვარ, რადგან ჩავთვალე, რომ შვებულების დროს სამსახურში გამოსვლა აუცილებელი არ იყო, მაგრამ რამდენადაც ვიცი, გარკვეული გავლენა თუ იძულება იყო, აკადემიური საბჭოს დანარჩენ წევრებზე, რომ აგვისტოს პაპანაქება სიცხეში მისულიყვნენ და რექტორობის ჯერ ერთი, მერე მეორე შემსრულებელი აერჩიათ.

– თუ აკადემიურ საბჭოზე ზეწოლა განათლების სამინისტროდან იყო, იქნებ დააკონკრეტოთ, იყო ეს მინისტრი, თუ მის ქვემოთ მდგომი პირი?

– არ ვიცი, სამინისტროდან იყო თუ პარლამენტიდან, მაგრამ როცა ვიკითხე, აკადემიური საბჭოს მაშინდელმა წევრებმა თქვეს, რომ ჩვენი ნებით არ მოვსულვართო. უმჯობესია, გვარები თვითონ დაასახელონ. აკადემიური საბჭოს წვერებს მანქანები გაუგზავნეს და ხმის მისაცემად ისე მოიყვანეს. იმიტომაც ვამბობ, რომ უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს არჩევნები ჩატარდა ისე, როგორც მას ხელისუფლება მთელ ქვეყანაში ატარებს. ახლანდელი რექტორის მიმართ ნამდვილად არ მაქვს უარყოფითი განწყობა, მაინც განათლებულ ოჯახში გაზრდილი და გახსნილი პიროვნებაა, მაგრამ მოსვლა და წასვლა ეტყობა, მისი ნება არ არის. ჩემთვის ყველაზე მეტად შემაშფოთებელი ეს არის. აკადემიური საბჭოს არჩევნები ჩაატარა გარედან მოსულმა "ნაციონალური მოძრაობის" არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლის ყოფილი ხელმძღვანელი კოკი იოთანამაშვილი ამჟამად, თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ჯგუფის ლიდერი. ეს თავისთავად მიუთითებს, რომ მისი ორგანიზაცია ატარებს იმ სტრატეგიას და ასრულებს იმ ქმედებებს, რაც "ნაცმოძრაობას" აწყობს. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში ისეთი ხალხი იყო, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოუსყიდავი და წესიერი რეპუტაციით სარგებლობენ. მაგალითად, სოციალურ მეცნიერებათა კათედრაზე არის ნათელა დონაძე, რომელსაც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ობიექტურ პიროვნებად იცნობდნენ. აქ ყველაფერი იყო მობილიზებული საიმისოდ, რომ აკადემიურ საბჭოში ხელისუფლებისთვის სასურველი ხალხი გაეყვანათ.

– თუ გავითვალისწინებთ, რომ უნივერსიტეტი ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესების ადგილი ადრეც იყო, ჩნდება ეჭვი, რომ გარკვეული პიროვნებების აკადემიურ საბჭოში შეყვანამ უფრო გაგაღიზიანათ. იქნებ, დააკონკრეტოთ, ვინ არიან ის ადამიანები, რომელთა გამოჩენაც ღიად მიუთითებს სახელისუფლებო კადრების ჩანაცვლებაზე?

– ბოლო დღეს საკუთარი კანდიდატურები ისეთებმა შეიტანეს, რომლებიც მანამდე არ აპირებდნენ კენჭის ყრას და შემჩნეული არიან ხელისუფლებასთან მჭიდრო ურთიერთობაში. მოხდა ისე, რომ პროფესორთა ხმები დაიქსაქსა, სტუდენტებმა ერთად მისცეს ხმები და სასურველი პირები გაიყვანეს. ჩემი მხრიდან დაკონკრეტება საჭირო არ არის. გადახედეთ გვარებს, ვინ შემოიტანა ბოლო დღეს განცხადებები, სულ ხომ 7 კაცი იყო. თავადვე მიხვდებით, ვინ არის ხელისუფლებასთან ახლოს.

– მიუხედავად იმისა, რომ კანონით რექტორის არჩევნები წლის ბოლოს უწევდა, გიორგი ხუბუა მომდევნო კანდიდატურით რამდენიმე თვით ადრე ჩაანაცვლეს. წინასაარჩევნო ვნებათაღელვა უნივერსიტეტში არ შეიმჩნევა, მაგრამ არის მოსალოდნელი, რომ მსგავსი ნაბიჯი კიდევ გადადგას ხელისუფლებამ?

– ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება რომ იყოს, არანაირი ვნებათა ღელვა უნივერსიტეტის რექტორის დანიშვნას და არჩევას არ უნდა მოყვებოდეს. ეს არის უნივერსიტეტის შიდა საქმე და მისი ჩატარება მშვიდად შეიძლება. რექტორი რომ კიდევ შეიცვალოს, ჩემთვის კიდევ ერთი მანიშნებელი იქნება იმისა, რომ ხელისუფლება ძალიან უხეშად ერევა უნივერსიტეტის შიდა საქმეში. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უკვე გაეცნო მის მუშაობას, გარკვეული წარმოდგენები და გარკვეული ურთიერთობები უკვე არსებობს, ახლა კიდევ ხელისუფლების ხუშტურების გამო, შეცვლა იქნება იგივე, რის გამოც, პროტესტი უკვე გამოვთქვი. როცა ხელისუფლებას ვიღაც მოჰყავს თანამდებობაზე, ეს ხომ ნიშნავს, რომ მას ეს ადამიანი აწყობს. რამდენჯერაც იქ ვიღაცას ტვინი გადაუტრიალდება, არ შეიძლება რექტორებიც ამის მიხედვით ცვალონ. არ დავასახელებ ვინაობას, მაგრამ როცა აკადემიურ საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთე, მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების წინაც იყო გარკვეული ზეწოლა. წინა საღამოს ჩამოუარეს ყველას და გააფრთხილეს, ხმა ვისთვის უნდა მიეცათ. 27 დეკემბერს არჩევნებია დანიშნული და ვისაც რექტორობაზე პრეტენზია აქვს, განაცხადი ერთი თვით ადრე უნდა შეიტანოს. ვნახოთ, ვინ შეიტანს და ამის მიხედვით, ვარაუდების გამოთქმა შესაძლებელი გახდება.

– საუნივერსიტეტო სკანდალი საგადასახადო აუდიტის ფონზე განხორციელდა. საინტერესოა, იქნა თუ არა შესწავლილი ის საბიუჯეტო ფინანსური დარღვევები, რომელზეც განათლების სამინისტრო მიუთითებდა?

– აკადემიურ საბჭოს ფინანსებთან საქმე არ ჰქონია, მაგრამ არა მგონია, ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით რაიმე დარღვევები ყოფილიყო. კონტროლის პალატა ყოველწლიურად ამოწმებს საბიუჯეტო ორგანიზაციებს, თუკი დარღვევა არსებობს, კონკრეტული პიროვნებები უნდა გამოავლიონოს. არ არის საჭირო მთელი უნივერსიტეტის სახელით ვინმეს დადანაშაულება და ეს უნდა დასრულდეს. დოკუმენტს ყველა ენდობა და ერთდროულად რამდენიმე ტელევიზიაში ხან ყალბ დიპლომებზე და ხან წიგნების ქურდობაზე დადგმული სპექტაკლები არადამაჯერებელია. თუკი დარღვევა მართლა იყო, მაშინ უნდა გამოეძიათ შესაბამის ორგანოებს და საქმე ბოლომდე მიეყვანათ.

ხათუნა ხატიაშვილი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online