asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მინდა კარიერა "მილანში" დავასრულო
ანდრეა პირლო: იბრა მაგარი ტიპია
მინდა კარიერა "მილანში" დავასრულო

2010-10-12 17:12:34



ანდრეა პირლო წლების განმავლობაში "მილანის" ერთ–ერთი საკვანძო ფიგურაა და გასაკვირი არ არის გუნდის ახალი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი მას რჩევისთვის რომ მიმართავს ხოლმე.

31 წლის ნახევარმცველს ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს. 2001 წლიდან მოყოლებული დღემდე მან "მილანში" 367 შეხვედრა ჩაატარა და 40 გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონის წინ ბევრი საუბარი იყო იმაზე, რომ როსონერის ახალი სისხლი სჭირდებოდა და მართლაც, კლუბის მეპატრონეებმა რამდენიმე სერიოზული შენაძენი გააკეთეს, რომელთა შორის ერთ–ერთი ზლატან იბრაჰიმოვიჩია.

შვედი ფორვარდის უცნაური ხასიათისთვის ხაზი არაერთხელ გაუსვამთ და ამ თვისებით თავი "მილანშიც" გამოიჩინა. მთელმა მსოფლიომ ნახა კადრები, როდესაც ვარჯიშის დაწყებამდე, არაფრის გამო, შტრასერს კარატეს ილეთი ჩაუტარა. თუმცა, გაზეტა დელო სპორტისთვის მიცემულ ინტერვიუში პირლომ თანაგუნდელი დაიცვა და აღნიშნა, რომ იბრაჰიმოვიჩის საქციელი მხოლოდ ხუმრობა იყო.

– თქვენი თქმით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი საუცხოო ბიჭია, რომელიც ყოველთვის იღიმება და მზად არის ხუმრობაში აგყვეს. საერთოდ, მას სხვაგვარად ახასიათებენ...

– ჩვენ გუნდს ის საუცხოოდ შეერწყა. შესაძლოა სხვა კლუბებში ამ მხრივ პრობლემები ჰქონდა.

– მართალია, რომ ერთხელ თქვენი ზურგჩანთა მის ადგილზე დადეთ და მან ის გადააგდო და დასძინა, აქ მხოლოდ ჩემი ნივთები იდებაო?

– რა სისულელეა. თან, სადმე ზურგჩანთით რატომ უნდა წავიდე?

– საჯაროდ არ საუბრობენ, მაგრამ ზლატანზე ყოველთვის რაღაც ჭორები დადის. როგორ მოეკიდეთ იმ ფაქტს, როდესაც მან ვარჯიშზე შტრასერს ფეხი დაარტყა?

– როგორ უნდა აღგვექვა? ხუმრობა ხუმრობაა. ვარჯიშებზე მსგავსი რამ მუდმივად ხდება.

– იმედია, თქვენც ისე არ მოგხვდებათ, როგორც შტრასერს... ისე, ამ დღეებში კლარენს ზეედორფის განცხადების თაობაზე თუ იმსჯელეთ, რომელიც ლამაზ თამაშსა და იბრაჰიმოვიჩს ეხებოდა?

– ეს განცხადება უკვე დაზუსტდა. შესაძლოა, კლარენს ზეედორფმა საკუთარი აზრი არცთუ ზუსტად გამოთქვა, ან კიდევ მას ვერ გაუგეს. მან გუნდს ყველაფერი განუმარტა და პროტესტი არავის გამოუთქვამს.

– არ გეშინიათ, რომ გამარჯვებები შესაძლოა ულამაზო თამაშის ფონზე მოიპოვოთ, როგორც ამას თავის დროზე "ინტერი" აკეთებდა?

– ჩვენ შეგუება ნებისმიერ ფეხბურთელთან შეგვიძლია და გარდა ამისა, არის მწვრთნელი, რომელიც სათამაშო სქემას არჩევს. საუბარი ხომ თავდამსხმელზეა, რომელიც "აიაქსში", "იუვენტუსში", "ინტერსა" და "ბარსელონაში" თამაშობდა, თან, ყველგან იმარჯვებდა. შესაბამისად, ის გუნდისთვის სასარგებლოა. "იბრას" მატჩის ბედის შემოტრიალება შეუძლია და მასთან ერთად ჩვენი თამაში მხოლოდ გაუმჯობესდება.

ალეგრი იმას გთხოვთ, რომ თამაში ხშირად გაამწვავოთ...

– ეს პრობლემა არ არის. თამაშის მოწინააღმდეგის კართან გადატანა, როგორც თავის დროზე იყო, მომწონს. რაღაც მომენტში ჩვენ უფრო თავშეკავებულად ავთამაშდით, აქცენტს ბურთის დაჭერაზე ვაკეთებდით და კონტრშეტევების დროს ვრისკავდით. თუმცა, შეგვიძლია ისევე ვითამაშოთ, როგორც ადრე.

– მართალია, რომ ალეგრი თქვენ გელაპარაკებათ?

– მე, ალესანდრო ნესტას, ჯენარო გატუზოს. მას დიალოგი სურს და ვეტერანებს აზრს ხშირად ეკითხება, მაგრამ, ბუნებრივია, გადაწყვეტილებას თავად იღებს.

ის გუნდს კარლო ანჩელოტის მსგავსად მართავს – მოთამაშეების გვერდით ყოფნა მოსწონს. თუმცა, მის მოსვლას სიახლეც მოჰყვა, ჩვენც რაღაც ახალი გვჭირდებოდა.

ალეგრი იმიტომ მოგწონთ, რომ...

– იმიტომ, რომ მან გვიჩვენა, როგორი ძლიერი ხასიათი აქვს. ნებისმიერ ფეხბურთელს პირდაპირ ეუბნება, რასაც მასზე ფიქრობს და არაფრის ეშინია. თუმცა, ამასთანავე, საკუთარი თავის მიმართ კეთილად განგაწყობს.

– სამი თავდამსხმელი ძალიან ბევრი არ არის?

– ჩვენ ყოველთვის სამი თავდამსხმელით ვთამაშობდით. მთავარია, რომ მათ გუნდზე იმუშაონ.

– მოედანზე ძალიან ბევრს მუშაობთ. როგორც ამბობენ, ცხენივით დარბიხართ. არ გრძნობთ, რომ იფიტებით? ჯერ არ დამდგარა მომენტი, როდესაც გინდათ იყვიროთ მორჩა, საკმარისია?

– მატჩის მსვლელობის დროს, შესაძლოა, რაღაცამ გამაგიჟოს, მაგრამ მხოლოდ 10 წამით, შემდეგ კი გამივლის. მაშინ ვბრაზდები, როდესაც ძალიან ვიქანცები, მაგრამ შემდეგ პარტნიორი მეტოქის კართან პირისპირ გამყავს და ბედნიერი ვარ.

– ბოლო პერიოდში თქვენს გუნდს ძალიან აკრიტიკებენ, რადგან იმ თამაშს ვერ აჩვენებს, რასაც მისგან ელიან...

– ჩვენ მშვიდად ვართ. სანაკრებო მატჩებით გამოწვეული შესვენების დროს რაღაცეების მოგვარება შესაძლებელია.

– თუმცა, თქვენ და სხვა წამყვანი მოთამაშეები მილანელოში არ იქნებით...

– ყველას ყოფნა აუცილებელი არ არის. ახლა ისეთი მომენტია, რომ ვიღაცეების არყოფნის მიუხედავად, გუნდმა ენერგია სრულად და რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღიდგინოს.

– საქმე ასარჩევად რომ გქონდეთ, ბოლო არცთუ წარმატებული სეზონების შემდეგ, "მილანის" რეაბილიტაციისთვის რომელი უფრო კარგი საშუალება იქნებოდა, იტალიის ჩემპიონატის მოგება თუ ევროთასების?

– ევროთასების. ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუფასებელი რამ არის.

– ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ინტერის" ხილვა გესიამოვნათ?

– მართალი გითხრათ, ნამდვილად მესიამოვნა. დავინახე მოთამაშეები როგორი ბედნიერნი იყვნენ და მათთან ერთად მეც მიხაროდა – ვიცი, ეს რა შეგრძნებაცაა.

– "ინტერის" წინაშე არასრულფასოვნების კომპლექსი არ გაქვთ?

– არა. ჩვენ ვიცით, რომ მილანის "ინტერის" დამარცხება იტალიაშიც და ევროპაშიც შეიძლება. ახალ გუნდს ვაშენებთ, ახალი სულისკვეთებით და სწორ გზაზე ვართ.

– ლეონარდო "ინტერში" წარმოგიდგენიათ?

– იმის გათვალისწინებით, რომ ის ჩვენი ისტორიაა – არა. თუმცა, დღევანდელ ფეხბურთში, შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს. მწვრთნელობა სამსახურია და არ შეიძლება მხოლოდ ერთ გუნდს იყო მიჯაჭვული.

კაკა?

– ჩემი აზრით, ეს წარმოუდგენელია.

– რომელი სჯობს, ეტოო თუ იბრაჰიმოვიჩი?

– ორივე განსხვავებული, მაგრამ საუცხოო მოთამაშეა.

– უესლი სნეიდერს ოქროს ბურთს მისცემდით?

– პირადად მე ხავის ან ანდრეს ინიესტას მივცემდი, მაგრამ ეს გემოვნების საკითხია. სნეიდერმა ბევრი გააკეთა და ის ერთ–ერთი მათგანია, ვინც ჯილდოს იმსახურებს.

– თავად ამ ჯილდოზე აღარ ფიქრობთ?

– კვლავ მოგება უნდა დავიწყოთ, ხოლო ოქროს ბურთზე შემდეგ ვიფიქროთ.

– ნესტასთან ერთად ფლეისთეიშენს კიდევ თამაშობთ?

– დიახ, ახლა, აბატე, რობინიო და იბრაც შემოგვიერთდნენ.

– აიპოდი გაქვთ?

– არა.;

– თვიტერზე და ფეისბუქზე ექაუნთები გაქვთ?

– ფეისბუქზე უამრავი ადამიანი იყო ექაუნთებით, რომლებსაც ჩემი სახელი ჰქონდათ და ისინი ყოველგვარ სისულელეს წერდნენ. იმას მივაღწიე, რომ მსგავსი რამ შეეწყვიტათ.

– თუმცა, თვიტერი და ფეისბუქი მეგობრებთან ურთიერთობისთვისაა საჭირო...

– მე მობილურ ტელეფონს ვამჯობინებ.

– გული არ გწყდებათ, თავის დროზე საზღვარგარეთ რომ არ წახვედით?

– არა, აქ სიამოვნებით დავრჩი. ახლა კონტრაქტი მიმთავრდება, მაგრამ "მილანში" თამაში კარიერის ბოლომდე მსურს.

– იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელფასს საგრძნობლად შეგიმცირებენ?

– ვნახოთ, რა იქნება. პირველ რიგში, გამარჯვებები უნდა მოვიპოვოთ. დანარჩენზე შემდეგ ვიფიქრებთ.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: კაკა
კავშირი ტეგთან: თავი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online