asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ეროვნულ–დემოკრატები კონსტიტუციის ცვლილებების შედეგზე პასუხისმგებლობას იღებენ
"დავათმობინეთ ხელისუფლებას ის, რაც მოვახერხეთ"
ეროვნულ–დემოკრატები კონსტიტუციის ცვლილებების შედეგზე პასუხისმგებლობას იღებენ

2010-10-10 03:24:33



სანამ თვრამეტი ოპოზიციური პარტია ვენეციის კომისიას სწერდა, არიქა, კონსტიტუციაში ჩააწერინეთ ჩვენს ხელისუფლებას, ყოფილ პრეზიდენტებს ხუთი წელი უმაღლეს ხელისუფლებაში ყოფნა აეკრძალოთ, თორემ სააკაშვილს ვერასოდეს მოვიშორებთო, არასამთავრობოები კი იმავე მოთხოვნით პარლამენტის წინ პერმანენტულ აქციებს ატარებენ, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. ქრისტიან–დემოკრატებმა და ეროვნულ–დემოკრატმა გურამ ჩახვაძემ ცვლილებებს ხმა მისცეს. ეროვნულ–დემოკრატებმა ხმამაღალი განცხადებაც გააკეთეს, ამ ცვლილებებზე ხელისუფლებასთან ერთად ვიღებთ პასუხისმგებლობასო. რა სახის პასუხისმგებლობაზეა საუბარი და რატომ აკეთებენ ასეთ ხმამაღალ განცხადებას ედპ–ში, როცა მთელი ოპოზიცია ცვლილებების წინააღმდეგ ყალყზე დგას? ამ კითხვებით "სარკემ" ედპ–ის თავმჯდომარეს, ბაჩუკი ქარდავას მიმართა.
ბაჩუკი ქარდავა:
– არის ოპოზიციის ერთი ნაწილი, რომელიც პრინციპულად ეწინააღმდეგება ცვლილებებს. მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო მოდელისკენ სვლა მიუღებელია და მხარს უჭერენ საპრეზიდენტო მოდელს. არის ოპოზიციის ნაწილი, რომელიც საპარლამენტო მოდელს მხარს უჭერს, მაგრამ იმის გამო, რომ ეს თემა პოპულარული არაა, დღეს საჯაროდ აცხადებს, რომ წინააღმდეგეები არიან. რეალურად კი, მათი მხრიდან სერიოზული პოლიტიკური შენიშვნა არ მომისმენია.
– ვისზე ამბობთ, ბატონო ბაჩუკი?
– არიან პოლიტიკური სუბიექტები, ვინც ჩაერთვნენ მოლაპარაკებებში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და ორგანულ კანონზე დააყენეს მოთხოვნები. გაიხსენეთ, ვინ იყო მოლაპარაკებაზე ბაქრაძესთან.

– ახალი მემარჯვენეები, მრეწველები და ირაკლი ალასანია.
– ალასანია იყო, მაგრამ განსხვავებულ პოზიციაზე დარჩა იმიტომ, რომ საპრეზიდენტო მოდელის მომხრეა, მაგრამ იმ ხალხმა, ვინც საჯაროდ აცხადებს, რომ ამ ცვლილებების მოწინააღმდეგეა, რა შენიშვნებიც დააყენა, გათვალისწინებულია. ასე რომ, დღეს კონსტიტუციის თემა პოლიტიკური დებატების თემა გახდა. მის საფუძვლიან განხილვას არავინ ახდენს და არ კამათობს, რომ, რაც დღეს ახალი კონსტიტუციითაა მიღებული, სანამ ეს ცვლილებები მოხდებოდა, მისი მომხრეები თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი ვიყავით. ახლა, როცა ეს ცვლილებები განხორციელდა და მისი მონაწილე ხელისუფლებაცაა, ხელისუფლებასთან რადიკალურად დაპირისპირება პოპულარულია. ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ. პოპულიზმზე არ მივდივართ და პოლიტიკური პიარის გამო ჩვენს პოლიტიკურ პრინციპებს და პოზიციებს არ ვნიღბავთ. მიგვაჩნდა, რომ კონსტიტუციური ცვლილებები საჭირო იყო. ჩვენ ვიყავით ამ ტიპის სახელმწიფო კომისიის შექმნის ინიციატორები. ავიღეთ ამ კომისიაში მუშაობაზე პასუხისმგებლობა. დიდი სურვილი გვქონდა, რომ მასში ოპოზიცია ბევრად სოლიდურად ყოფილიყო წარმოდგენილი, მაგრამ ვფიქრობ, ოპოზიციურმა პარტიებმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს, საკონსტიტუციო სახელმწიფო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა რომ არ მიიღეს. დღეს უკვე ადვილია გარედან პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად მხოლოდ კრიტიკით გამოსვლა. კი, ბატონო, შეიძლება ჩვენთვისაც არ იყოს ბოლომდე ყველაფერი მოსაწონი, მაგრამ ეს ახალი დოკუმენტი მიღებულია ბევრი კომპრომისის შედეგად და მიმაჩნია, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ არა – საბოლოო წერტილი, რასაც კონსტიტუციას ვეძახით.
– რა მიგაჩნიათ ამ ახალ პროექტში წინგადადგმულ ნაბიჯად?
– ჩვენ არც იმ კონსტიტუციას ვუჭერდით მხარს, რომელიც ვარდების რევოლუციამდე იყო, იმიტომ რომ პარლამენტის როლი მაინც დაკნინებული იყო და პრეზიდენტის ხელში იყო ბევრი ძალაუფლება კონცენტრირებული, მაგრამ 2004 წლის ცვლილებების შემდეგ ფაქტობრივად კონსტიტუცია აღარ გვქონდა. მთელი ძალაუფლება სამართლიანადაც და უსამართლოდაც კონცენტრირებული იყო ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის ხელში და ამის შედეგები ნათლად დავინახეთ. ეს მოდელი, რომელსაც პარალამენტი იხილავს, მიგვაჩნია, რომ არის ყველაზე ახლოს იმ მოდელთან, რომელიც ჩვენთვის მისაღები იყო.
– საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთეთ, რომ იღებთ პასუხისმგებლობას ამ კონსტიტუციაზე ხელისუფლებასთან ერთად. რას ნიშნავს, იღებთ პასუხისმგებლობას?
– ამ პროცესის ინიციატორები ვიყავით და ძირითადი პრინციპები, რაზეც ახალი კონსტიტუცია დგას, ხელისუფლების გადანაწილებას ვგულისხმობ, საყოველთაო შეთანხმების შედეგი იყო. დავათმობინეთ ხელისუფლებას ის, რაც მოვახერხეთ. ხდება ხელისუფლების გადანაწილება პრეზიდენტიდან ხელისუფლების სხვადასხვა შტოებზე, იზრდება პარლამენტის როლი და ის ხდება მთავარი პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელიც აკომპლექტებს აღმასრულებელ ხელისუფლებას. ეს იყო ჩვენი მთავარი მოთხოვნა, როცა საერთოდ დავიწყეთ საუბარი ახალ კონსტიტუციაზე. როცა ეს ყველაფერი ახალ რედაქციაში გათვალისწინებულია, ჩვენი მხრიდან კეკლუცობა იქნებოდა, გვეთქვა, რომ მიუღებელია ეს ცვლილებები და უარს ვამბობთ პასუხისმგებლობაზე. არა ბატონებო, ჩვენ ვაძლევთ ხმას და რადგან ამაში ვმონაწილეობდით და მიგვაჩნია, რომ მთავარი პოლიტიკური მომენტები გათვალისწინებულია, ვიღებთ პასუხისმგებლობას, თუნდაც ეს არაპოპულარული განცხადება იყოს.
– თუ ამ მოდელმა არ გაამართლა? თუ გამართლდება ეჭვი და აღმოჩნდება, რომ ის მართლა ერთი კაცის, სააკაშვილის გაპრემიერებისთვის დაიწერა, მერე რას იტყვით? ვენეციის კომისიაში ამაზე თვრამეტმა პარტიამ გაგზავნა წერილი.
– შევეცდები, დელიკატურად გაგცეთ პასუხი. ბევრმა პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომლებიც 2004 წელს თანამონაწილეები იყვნენ მიხეილ სააკაშვილისთვის მთელი ძალაუფლების ხელში ჩაგდების, სამართლებრივად გააფორმეს კონსტიტუციაში სააკაშვილი, როგორც დიქტატორი. ისინი დღეს, როცა ხელისუფლება გადანაწილებულია ხელისუფლების სამ შტოში, სადაც წამყვანი როლი აქვს პარლამენტს, სადაც ხელისუფლებას აკომპლექტებს ის პოლიტიკური ძალა, ვინც არჩევნებში იმარჯვებს, ხელს აწერენ ამ მოთხოვნას. იმ პარტიებს, ვინც მართლა მოახდინეს სააკაშვილის ხელში ძალაუფლების კონცენტრირება, ურჩევნიათ, ამაზე აიღონ პასუხისმგებლობა, ვიდრე ახალ თემებზე ისაუბრონ.
– ისევ დაკონკრეტება უნდა გთხოვოთ.
– გადახედეთ 2004 წლის კონსტიტუციას, ვინ დაუჭირა მხარი მიშას თხოვნით და ახლა ნახეთ, ვინ მოაწერა ხელი იმ წერილს, მიშასთვის კეთდებაო.
– იმ პარლამენტში ოპოზიციას "ახლები", მრეწველები და "აღორძინება" წარმოადგენდა. ხელისუფლებაშიც იყვნენ დღევანდელი ოპოზიციონერები.
– მინდა, ეს ხალხმაც გაიხსენოს. ეს კონსტიტუცია სააკაშვილისთვის ვერ გაკეთდება, რადგან ხელისუფლება გადანაწილებულია სხვადასხვა ინსტიტუტებში. მთავრობას აკომპლექტებს არა პირველი პირი, არამედ პოლიტიკური პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში იმარჯვებს. თუ თავიდანვე ვეგუებით იმ აზრს, რომ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას არჩევნებში ვერ ვამარცხებთ, მაშინ ამ გარანტიების ჩადება კონსტიტუციაში რისი მომცემია? ხალხი კარგად ხვდება, რომ ეს მხოლოდ პიარს ემსახურება.
– ტელეკომპანია "ალ ჯაზირაში" მიხეილ სააკაშვილმა თქვა, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ დღევანდელი პოლიტიკა ამავე გუნდმა გააგრძელოს, მხოლოდ რა ფორმით მიიღებს ამაში მონაწილეობას, დღეს ვერ ამბობს. რაღაც მინიშნება ხომ არ შეიძლება წავიკითხოთ, რომ მართლა აპირებს პრემიერობას?
– დიდ შეურაცხყოფად მიმაჩნია, თავმოყვარე ოპოზიციური ძალებისთვის იმის აღიარება, რომ, თუ სააკაშვილი კენჭისყრას რაიმე სახით დააპირებს, მისი დამარცხება შეუძლებელია. მე ამას ვერ ვაღიარებ. თუ კონსტიტუციის მიღების შემდეგი ნაბიჯები იქნება ახალი საარჩევნო სისტემისკენ და ამაზე დათქმაცაა, რომ კონსტიტუციის შემდეგ უნდა დაიწყოს საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებისთვის სერიოზული მუშაობა, ამაში მონაწილეობას ჩვენც მივიღებთ.
– მეორე საკითხი, რაც კონსტიტუციურ ცვლილებებს თან ახლავს, ეს არის მისი მიღების სისწრაფე. რატომ ჩქარობს ხელისუფლება მის მიღებას ისე, რომ ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნასაც არ ელოდება?
– აბსოლუტურად თანხვედრი პოზიცია გვაქვს ვენეციის კომისიასთან. ოპოზიციას ცუდი რამ დაგვჩემდა, მერის არჩევნების არ იყოს. მერის პირდაპირი არჩევნებს ოპოზიცია მთელი ცხოვრება ითხოვდა და ახლა სააკაშვილის კეთილ ნებად წარმოჩინდა. საქმე, რომელსაც ვითხოვთ, არასოდეს ბოლომდე არ მიგვყავს და ყოველთვის ხელისუფლებას ეწერება. ახლაც კონსტიტუციაში ის წარმატებები რეალურად არსებობს და საკონსტიტუციო ცვლილებები არ არის ხელისუფლების ინიცირებული, ეს იყო მისი იძულებითი ნაბიჯი, წასულიყო ამ ცვლილებებზე.
– რამ აიძულა?
– ერთი მხრივ, საპარლამენტო ოპოზიციის სწორმა პოლიტიკურმა გათვლებმა და, მეორე მხრივ, იმ საპროტესტო ტალღამ, რომელიც აპრილის თვეში ქუჩაში იყო.

– ვენეციის კომისიამ მართლა თქვა, თქვენი ნებაა, პრეზიდენტისთვის ამკრძალავი ნორმა გინდა ჩადეთ და გინდა არაო?
– ჩვენი პარტიის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის ინფორმაციას ვეყრდნობი. ეს საკითხი დააყენა კომისიის ხელმძღვანელობამ ალასანიას პარტიიის თხოვნით ბერლინის შეხვედრაზე და იმან, რომ ერთი პიროვნების გამო რაღაც ჩანაწერი გავაკეთოთ კონსტიტუციაში, ევროპელებში გაუგებრობა გამოიწვია. მხოლოდ მიშას დამარცხებისთვის რომ ჩავწეროთ ეს ამკრძალავი ნორმა, ოპოზიციის შეურაცხყოფაა.

ნინო მეტრეველი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online