asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თემურ შაშიაშვილი: "დღეს სხვა საქართველო იქნებოდა, ბურჯანაძე 7 ნოემბერს რომ გადამდგარიყო"
"ბურჯანაძე 7 ნოემბერს რომ გადამდგარიყო…"
თემურ შაშიაშვილი: "დღეს სხვა საქართველო იქნებოდა, ბურჯანაძე 7 ნოემბერს რომ გადამდგარიყო"

2010-10-10 03:17:48



პოლიტიკური გაერთიანება "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი სახალხო კრების კონფერენციაზე დაპატიჟებული კი იყო, მაგრამ არ მივიდა. თუ რატომ, ამის შესახებ შაშიაშვილს ძალიან საინტერესო არგუმენტები აქვს. როგორც "თეთრების" ლიდერის საუბრიდან ირკვევა, გამორიცხული არაა, საქართველოში კიდევ ერთი კრების, ამჯერად ეროვნული კრების შეკრების მომსწრენი გავხდეთ.

თემურ შაშიაშვილი:
– ეროვნული კრების მხარდამჭერი 2003 წლიდან ვარ, როცა პირველად ჩვენ მიერ შედგენილ დოკუმენტში, ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში, გამოვთქვით მოსაზრება, რომ ქვეყანაში დადგა დრო, ხელისუფლებაზე ზემდგომი ორგანო შეიკრიბოს და მას ეროვნული კრება ვუწოდე. 2004 წელს, როცა "წინ საქართველო"–მ, ტრადიციონალისტებმა, ეროვნულ ძალთა გაერთიანებამ, ედპ–მ და ვაჟა ლორთქიფანიძის ქრისტიან–დემოკრატებმა შევქმენით დემოკრატიის ცენტრი, ერთ–ერთი მთავარი მიზანი ეროვნული ყრილობის მოწვევა იყო. 2006 წლის 26 მაისს სასტუმრო "ამბასადორში" შედგა პირველი შეკრება. მაშინ ვთქვით, რომ უნდა იყოს ეროვნული, გამჭვირვალე, ვქმნით ფონდს, დავდეთ ყველამ ორ–ორი ათასი ლარი, ჩაბარდა ქრისტიან–დემოკრატების წარმომადგენელს და ვთქვით, რომ ვატარებთ ეროვნულ ყრილობას. შეიქმნა 40 კაციანი გუნდი, პოლიტიკოსების გარეშე და დაიწყეს ინდივიდუალური შეხვედრები ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. გიგა ლორთქიფანიძის ოფისში დღეში ორი პარტია მიდიოდა, უსმენდნენ და ყრილობის პრინციპების შეთანხმება ხდებოდა. ივნისში სასტუმრო "მეტეხი პალასში" შეიკრიბა ეროვნული ყრილობის საინიციატივო გუნდი. დარბაზში ათასი კაცი იჯდა და, ხელისუფლების გარდა, ყველა პარტია მოვიდა. მაშინ მივიღეთ დეკლარაცია, როგორ უნდა გაგვეერთიანებინა გამსახურდიას მომხრეები, შევარდნაძესთან დაკავშირებული ადამიანები და მთელი საზოგადოება. ასეთი პროცესით უნდა წავიდეთ ყრილობისკენ. ნახეთ, როგორ მუშაობს "დაყავი და იბატონე"–ს პრინციპი. გაივსო ქვეყანა იაგოებით. იაგოს როლს ასრულებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ფაჩიკოს გარმონივით დაგვშალა. ჩვენ ვამბობთ, რომ ხელისუფლების ამ თამაშს ნუ ავყვებით.
– რით იმუშავა ამ შემთხვევაში ვანო მერაბიშვილმა?
– მოხდა საოცარი რამ. გასული წლის დეკემბერში მერაბ ჯიბლაძემ, ბატონმა ვახუშტი ფარცვანიამ, გუნდმა, რომელიც აკეთებდა ორგანიზაციას, გააკეთეს განცხადება, რომ ჩვენ ვატარებთ ეროვნულ კრებას – სახალხო წარმომადგენლობით კრებას 2006 წლის დეკლარაციის ბაზაზე. არ გასულა ათი დღე და უცებ გამოჩნდა მეორე გუნდი.
– ანუ ეს სახალხო კრება, რომელმაც ახლა ჩაატარა ღონისძიება, მერაბიშვილის გაკეთებულია?
– ან პირველი გააკეთა, ან – მეორე. აბა, როგორ შეიძლებოდა ორ ყრილობაზე საუბარი?! ერთი გუნდი დაჯდა ლაღიძის 4 ნომერში, სადაც იყვნენ მერაბ ჯიბლაძე, ვახუშტი ფარცვანია, რეზო ესაძე, ელიზბარ ჯაველიძე, ქალბატონი ნონაც (გაფრინდაშვილი. ავტ.) მიიწვიეს. ძალიან ცოტაა, ვინც ისეთ პატივს სცემდეს ბატონ ჭაბუა ამირეჯიბს, როგორც მე, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერზე მას აწერინებდნენ ხელს. 2006 წელს ჩვენი დოკუმენტი ხელის მოსაწერად თემურ გუგუშვილმა მიუტანა და ყველა ტელეარხმა გადაიღო, როგორ აწერს ბატონი ჭაბუა ხელს ეროვნული ყრილობის მოწვევის დეკლარაციას. ასევე სახლში მივუტანეთ ჯანო ბაგრატიონს. ხელი მოაწერეს თამარ დეკანოსიძემ, ნინო ჯავახიშვილმა, მარიამ ლორთქიფანიძემ, ოტია იოსელიანმა. შეხვედრა ნუკრი ქანთარიას მიჰყავდა და ნინელი ჭანკვეტაძემ წაიკითხა დეკლარაცია. არც ერთი პოლიტიკოსი ტრიბუნასთან არ მისულა. ეს ხელმოწერები არსებობს, დეკლარაციაც და თუ სხვა რამ არ გაქვს აკვიატებული, გავერთიანდეთ ამის ბაზაზე. 1500 კაცს აქვს ხელი მოწერილი 2006 წელს, რატომ ვაგდებთ?

– ბატონი ჭაბუა ამ სახალხო წარმომადგენლობითი კრების ერთ–ერთი ინიციატორად სახელდება და ხელი აქაც აქვს მოწერილი.
– ახლა პირველად ვამბობ: ვახუშტი ფარცვანია, ბაია ამაშუკელი და სხვები მივიდნენ ჭაბუა ამირეჯიბთან. ბატონმა ჭაბუამ უთხრა, მახსოვს, რამხელა ამბავი იყო, ხელი რომ მოვაწერე თქვენს დოკუმენტზე, გუშინ ნინო ბურჯანაძემ მომიტანა და იმასაც მოვაწერეო და კაცურად უთხრა, ერთად გააკეთეთო, მაგრამ ასე არ მოხდა. ქალბატონმა ნონამ ხომ იცოდა, რომ ასეთი გუნდი არსებობდა? დავარწმუნე ყველა, რომ გაერთიანება ჯობია. იური ვაზაგაშვილის ოფისში ღამის 5 საათამდე ვიყავით. მივმართავ იმ შეხვედრის ყველა მონაწილეს, რაც მთხოვეთ, გავაკეთე, მაგრამ იმ ხალხის წინაშეც ვგრძნობ პასუხისმგებლობას, ვინც იმ პირველ გუნდთან იყო დაკავშირებული. ისინი თვლიან, რომ ვიღაცას შევეკარი. მეგონა, ეროვნული ყრილობა ერთი გუნდიდან, ერთი ოფისიდან უნდა მართულიყო და არანაირი დაპირისპირება არ უნდა მომხდარიყო. ჩემზე უკეთესად ეს შეეძლო გაეკეთებინა ქალბატონ ნონას. ის მიწვეული ჰყავდათ ლაღიძის 4–ში და როცა გაცხადდა, რომ ზეგ გავაკეთებთ განცხადებას სახალხო კრების თაობაზე, ქალბატონი ნონა იქ აღარ მივიდა და ათი დღის შემდეგ ცალკე გააკეთა განცხადება. კარგი, მოხდა გაუგებრობა. ნონა დიდია, მაგრამ ეს ავალდებულებს, აწონილდაწონილად თქვას ყველაფერი. დღესაც ვამბობ, კრება გადასარჩენია. ასეთ რამეს რომ იტყვი, ნინო ბურჯანაძის ეშინიათ და იმიტომ არ მოვიდნენ კრებაზეო, ლამაზია?! რატომ უნდა გვეშინოდეს?! პირიქით, ნინო ბურჯანაძეს უნდა ეშინოდეს, არ დაბრალდეს, რომ კრებას ის აკეთებს. არ უნდა მიხვიდე იმ კრებაზე, რომელზეც ვერ შეძელი ოპოზიციის მობილიზება და მიყვანა. 2006 წელს ჩვენ შევძელით ყველა პოლიტიკური ძალის მიყვანა.

– ამბობთ, რომ რეზო ესაძე, მერაბ ჯიბლაძე, ელიზბარ ჯაველიძე იმ პირველ კრებაში იყვნენ, რომელიც 2006 წელს შეიქმნა, მაგრამ დღეს ისინი გაფრინდაშვილთან ერთად ამ კრების საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან.
– იმ კრებას გაჰყვნენ. მე რატომ ვარ ათვალისწუნებული? ვთქვი, ეროვნულ ყრილობაზე პირველი ის გავაკეთოთ, რომ 30 პოლიტიკოსი, ვისზეც ხალხს ჰგონია, ჩვენ გვინდა თანამდებობები, გამოვიდეთ და ვთქვათ, ვებრძვით სააკაშვილის რეჟიმს და, თუ მას დავამარცხებთ, თანამდებობებზე არ მივალთ და ვიფიქრებთ ეროვნული თანხმობის ხელისუფლებაზე. ეს იმიტომ, რომ ხალხში ჩვენდამი ნდობა, რომელიც 2009 წელს დაიკარგა, კვლავ გაჩნდეს.

– ნონა გაფრინდაშვილთან და მის გუნდთან საუბარი გქონდათ?
– სამი თვის წინ ელექტრონული ფოსტით გავუგზავნე წერილი ნონა გაფრინდაშვილს, მერაბ ჯიბლაძეს და გოგი ქავთარაძეს. გვიპასუხეს, არ მოსულაო. მერე ჯიბლაძეს, რომელიც "თეთრების" საბჭოს წევრია, ვთხოვეთ და წერილი კრების ოფისს ჩააბარა. გვითხრეს, დაიკარგაო. მოვიწვიეთ გოგი ქავთარაძე, ინტერნეტტელევიზიით გვქონდა შეხვედრა და ვუთხარით: "კარგი, ის წერილი დაიკარგა, მაგრამ აგერ არის მეორე". მერე მოვიწვიეთ ეკა ბესელია და ვთხოვეთ, რომ გაერკვია ურთიერთობა, იმიტომ რომ იდეა დაიღუპება, თუ ერთ პიროვნებასთან მოხდება მისი დაკავშირება.

– წერილში რას მოითხოვდით?
– შეხვედრას, რომ გაგვეცვალა მოსაზრებები. ჩვენც, ეროვნულ ფორუმს, ლეიბორისტებს უამრავი წინადადება აქვთ და მოდით, ყველაფერი ეროვნულმა კრებამ შეაერთოს–თქო.

– არ მოგისმინეს?
– როგორც კი ეს ამბავი დაიწყო, დავურეკე და ვუთხარი, ყველაფერს გავაკეთებთ, გაუქმდეს პირველი ოფისი და გიერთდებით–მეთქი. გვითხრეს, კარგია, ამაზე ჩამოვყალიბდებითო. გავიდა სამი თვე და შეხვედრა არ მომხდარა. მეტსაც გეტყვით: სასტუმრო "რედისონში" რომ იყო შეხვედრა, გოგი ქავთარაძემ გამოაცხადა, "თეთრები" გვიერთდებიანო. მას შემდეგ აღარც ვუხსენებივართ.

– რატომ?
– კრების სათავეებთან ერთ–ერთი ჩვენ ვართ. დღეს კრება ჩაიგდეს ხელში იმ ადამიანებმა, ვისაც 2006 წელს ან შეეშინდა ხელის მოწერა, ან გვლანძღავდა და გვაკრიტიკებდა და დღეს ჰგონიათ, რომ ამას გავუხსენებთ. არაფრის გახსენებას ვაპირებ, ერთმანეთის ლანძღვის დრო არ არის. მთავარია, ეს ორი კრება გავაერთიანოთ. სააკაშვილი არ არის იმხელა, რომ მთელი საქართველო ებრძოდეს. ნახეთ მათი რეზოლუცია, ყველგან სააკაშვილი წერია. ინტერვიუში შეიძლება თქვა, მაგრამ დოკუმენტში შეიძლება დაწერო "ფსიქიკურად გაუწონასწორებელი" ან "მიშისტები"?! ამ რეზოლუციის პირველი გვერდი სააკაშვილის მხარდაჭერაა. შეუძლია თარგმნოს, წაიღოს და თქვას, ესენი ერთ კაცს, მე მებრძვიანო. 1937 წლის განწყობაა – "შენ ხომ ხარ უბედურება, მე მოვდივარ და მოგკლავ!". მე ვემიჯნები ასეთ განწყობას. გარწმუნებთ, იგივე დარბაზი ხვალ აკადემიურ ტონს გაჰყვება. როგორი ტაშით შეხვდნენ მინდია უგრეხელიძეს და მერაბ ჯიბლაძეს? თუ გინდა, რომ კრებაზე მოვიდე, კრების ოფისის წარმომადგენლები ორი დღით ადრე გაზეთში არ უნდა წერდნენ "შალიკოს" და "იკარუსას". "იკარუსა" თურმე მელაშვილს ჰქვია. ე.ი. გინდა, რომ არ მოვიდნენ. ოთხშაბათს კონფერენცია იყო და ნახეთ ორშაბათის ბურჯანაძის ინტერვიუები. კი არ გაგვაკრიტიკა, მიწაში ჩაგვდო ყველა. დღეს სხვა საქართველო იქნებოდა, ბურჯანაძე 7 ნოემბერს რომ გადამდგარიყო და აქეთ ნუ მელაპარაკებიან.

– მაინც რატომ არ ისურვეს თქვენი მოსაზრებების მიღება?
– როცა შევარდნაძე გადადგა, მე ვთქვი, რომ სადაც ნინო ბურჯანაძე და ნაციონალური მოძრაობა იქნება, მე იქ თანამდებობაზე არ ვიქნები. ეს არ ნიშნავს, რომ მასთან მოლაპარაკება არ შემიძლია, მაგრამ მაქვს პოლიტიკური პრინციპები. როგორც მზადდებოდა წინა კრება, ესეც ისე უნდა მომზადებულიყო. შეხვედრებს კრების ორგანიზატორები და ბურჯანაძე ერთად ატარებდნენ. როგორ შეიძლება? ამას შეგნებულად აკეთებს, რომ კრება მის სახელთან გაიგივდეს. ის, რომ ამ კრების უკან ქალბატონი ნინო დგას, ამის გამხელა თავად კრების ოფისისგან და ნონა გაფრინდაშვილისგან ხდებოდა.
– სახალხო კრების ორგანიზატორები ამბობენ, ვინც კრებას აკრიტიკებს, ის მერაბიშვილის თამაშს თამაშობსო.
– ეს დოკუმენტია ვანოს თამაში. არ მივალ იქ, სადაც თვლიან, რომ დოკუმენტის ყველა პუნქტში სააკაშვილი უნდა ეწეროს. ვინც ამ დოკუმენტს ქმნის, სააკაშვილს ვერ დაამარცხებს. ამიტომაა საჭირო ნამდვილი ეროვნული ყრილობა. ვინ მელაპარაკება, ვინც სააკაშვილი შექმნა?! როცა ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებაში იყო, მაშინ ვამბობდი, საქართველო არის ნარკოტიკების, იარაღის ტრანზიტის და შავი ფულის ქვეყანა და ამას საათვეში ვანო მერაბიშვილი უდგას–მეთქი, დღესაც ვადასტურებ. ბატონ ჭაბუასთანაც ვაპირებ მისვლას, რომ ვაჩვენო მისი პირველი ხელმოწერა. როცა "არკადიას" ჭაობს ეძახდნენ, მაშინ ქალბატონ ნონაზე სხვა რამეს ვამბობდი. არ მინდა, მან ავტორიტეტი დაკარგოს და ვხედავ, ისე იქცევიან პოლიტიკოსები, რომ უკარგავენ ავტორიტეტს ქალბატონ ნონასაც და ბატონ ჭაბუასაც. ვაპირებ, რობერტ სტურუას ვუთხრა, თუ ამ დოკუმენტზე აწერს ხელს, ის არ მცნობია. გული მწყდება, რომ ირაკლი ბათიაშვილს ერთხელ არ გაუჩნდა აზრი, შეგვხვედროდა. ციხიდან რომ გამოვიდა, იმ პარტიაში შევიდა, ვინც დაიჭირა. ყველას სიამოვნებით შევხვდებოდი, ვაჩვენებდი ამ დოკუმენტებს და ვეტყოდი ჩემს მოსაზრებებს, მაგრამ არ მოინდომეს.
– ისეთი აზრი გამიჩნდა, რომ ახალი სახალხო ყრილობის მოწვევას აპირებთ.
– მათთან ჩავერთვებით, თუ მოინდომებენ, მაგრამ ის დეკლარაცია, რაც მიიღეს, გამაერთიანებელი კი არა, გამყოფია და მას ვერ შევუერთდები. თუ რაღაც გასწორდება, შეხვედრები შედგება. მერაბ ჯიბლაძისთვის კრებაზე უთქვამთ, კონფერენციაზე წასაკითხი სიტყვა წაგვაკითხეო. ასეთი რამ კომუნისტების დროს არ ყოფილაო, უთქვამს მერაბს.
– თუ ეს ერთობა არ მოხდა?

– კონფერენციის შემდეგ ბევრი დამიკავშირდა და მითხრა, ეს ის ეროვნული კრება არ არის, რაც ჩვენ გვინდოდა და, მოდი, პარალელური გავაკეთოთო. ეს ადამიანები ინტელიგენციას წარმოადგენენ, იმ საბჭოს წევრები არიან. ვუთხარი, რაკი ნოემბერში ატარებენ, ჩაატარონ და მერე დავიწყოთ, მაგრამ ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს. ყველა მონაწილე პარტიამ საწევრო უნდა გადაიხადოს და მასში ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, თუ მართლა ეროვნული გვინდა, რომ იყოს.
– ისევ ორი კრება და ორი ყრილობა?
– ისევ შერიგებაზე და ერთობაზე ვლაპარაკობ. თუ მოიძებნება საერთო ენა, კარგია. ჩვენ ვამბობთ, საქართველოში უნდა მოხდეს ქართული გუნდის ჩამოყალიბება. ეს იქნება იმ შემთხვევაში, როცა ყველა ხარჯი გაშიფრული იქნება და დამარწმუნებ, რომ ეს ფული ჩვენი დადებულია, გარედან არაფერი შემოვიდა.
ნინო მეტრეველი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ნინო ბურჯანაძე
კავშირი ტეგთან: ნინო ბურჯანაძე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online