asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"სახალხო კრება" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
განცხადება
"სახალხო კრება" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

2011-05-30 15:47:00



"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ .
"26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქვეყნის მმართველმა რეჟიმმა უპრეცედენტო სისხლიანი დანაშაული ჩაიდინა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სწორედ მაშინ, როდესაც ისინი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის დადგომას ზეიმობდნენ.
ჩატარდა სადამსჯელო სპეცოპერაცია, რომლის მიზანსაც არა აქციის დაშლა და რუსთაველის გამზირის გათავისუფლება, არამედ აქციის ორგანიზატორებისა და თითოეული მონაწილის სასტიკი სამაგალითო დასჯა და სრულიად საქართველოს მოსახლეობის დაშინება იყო.
ამ სისხლიან სადამსჯელო ქმედებას, რომლის დროსაც მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს გასაქცევი გზა არ დაუტოვეს, ამ დროისთვის 4 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა და ასობით ადამიანია დაკარგული, ნაცემი და ნაწამები. სახელმწიფო ტერორის მსხვერპლი გახდნენ, ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები.
ქვეყანაში მიმდინარეობს მასობრივი უკანონო დაპატიმრებები. სასტიკად გაუსწორდნენ მშვიბოდიანი აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს არამარტო დაკავებისას, არამედ მოგვიანებით, წინასწარი დაკავების იზოლატორში.
სადამსჯელო სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო მასობრივი რეპრესიების ახალი ტალღა განსხვავებული აზრის მქონე პირთა მიმართ. ოჯახებიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე პოლიციის განყოფილებაში მიჰყავთ 26 მაისის დილას, სადამსჯელო ოპერაციის გატარების დროს დაკავებული და გათავისუფლებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები.
დაიწყო ბადრი ბიწაძის პოლიტიკური დევნაც შეთითხნილი ბრალდებებით, მისი დაკავების მიზნით, სახალხო კრების მიმართ რეპრესიები 21 მაისამდე ბევრად ადრე დაიწყო. უკანონოდ დაიჭირეს ჩვენი ასობით მომხრე.
დღემდე უამრავი ადამიანი იტანჯება რეჟიმის საპყრობილეში, აბსოლიტურად არაადამიანურ პირობებში. ისევე, როგორც 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ აქციის დარბევის შემდეგ დაიწყო მომხდარის დემონსტრანტებისთვის გადაბრალება და ცდილობდა სიმართლე არ გამხდარიყო ცნობილი, ანალოგიურად დღევანდელმა ნეობოლშევიკურმა რეჟიმმა ჭეშმარიტების დამალვის მიზნით დეზინფორმაციის მანქანა აამოქმედა იმ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებმაც ნამდვილი სამოქალაქო გმირობა ჩაიდინეს. თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი ეს ადამიანები ხელისუფლებამ ნეობოლშევიზმის საუკეთესო ტრადიციების შესაბამისად, რუსეთის აგენტებად და ხალხის მტრებად მონათლა.
თავსხმა წვიმაში ბოლომდე იდგნენ მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც უშვებდნენ რომ ხელისუფლება აქციას სასტიკად დაშლიდა, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ აქციის დაშლის ნაცვლად, ხალხს სასიკვდილოდ გაიმეტებდნენ. ბოლომდე ხალხთან ერთად ვიდექით ჩვენც, სახალხო კრების ყველა ლიდერიც სამშობლოს, თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების დასაცავად. 2011 წლის 26 მაისს სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი დიქტატორულ სისხლიან რეჟიმად გადაიქცა.
დარწმუნებულები ვართ, რომ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს არ შერჩება ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულები და რეჟიმის წარმომადგენლები პასუხს აგებენ დამოუკიდებელ ქართულ სასამართლოს წინაშე. 9ªაპრილი გახლავთ რუბიკონი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე კომუნიზმის წინააღმდეგ. 26 მაისის დილა შევა საქართველოს ისტორიაში როგორც ქართველი ხალხის გმირული თავგანწირული ბრძოლა თავისუფლებისა და დამოკრატიისათვის.
"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. თანაგრძნობას ვუცხადებთ დაშავებულ ადამიანებს. თანადგომას ვუცხადებთ ყველა დაპატიმრებულს და ვპირდებით, რომ ბრძოლას არ შევწყვეტთ. ჩვენ მივიღეთ უდიდესი დარტყმა. ჩვენ ამ დარტყმამ ვერ წაგვაქცია. "სახალხო კრება" აგრძელებს ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის, ბრძოლას სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ, ბრძოლას იმ დემოკრატიული ფასეულობებისთვის, რომლებიც იცავდა 26 მაისს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დილის 00:15 საათამდე რამდენიმე ათას ქართველ გმირს. ეს არის ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე", - ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში, რომელსაც "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო ავრცელებს.
როგორც ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა, ბრძოლა გაგრძელდება იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც მიმდინარეობდა. მისი განმარტებით, ბრძოლა კონსტიტუციურ ჩარჩოებს არ გასცდება. ნონა გაფრინდაშვილის თქმით, ბრძოლა უპირველეს ყოვლისა დაიწყება უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გასათავისუფლებლად.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: განცხადება
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online