| ქალი და მამაკაცი |

საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი, ცნობილი ლიტერატორი თემურ ქორიძე, ბიძინა ივანიშვილს რუსთველური სიბრძნის არასწორ გაგებას და "ვეფხისტყაოსნის" ცოდნას უწუნებს, ურჩევს "რუსთველოლოგიურ ძიებას" თავი დაანებოს და პოლიტიკოსის ტვირთი ისევე მდუმარედ ზიდოს, როგორც ქველმოქმედისას ეზიდებოდა.
ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლთან ინტერვიუ "კავკასიის ჰელსინკის ჯგუფზე" საუბრით დავიწყეთ, რომელიც ახლახან ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა, უფრო ზუსტად, ზვიად გამსახურდიას მომხრე პოლიტიკოსებმა აღადგინეს.
რა აზრისაა ამაზე გამსახურდიას თანამებრძოლი, თემურ ქორიძე და რატომ არ ერთვება პოლიტიკურ ბატალიებში?
თემურ ქორიძე:
– ორგანიზაციის დაფუძნება–აღდგენაში მეც მივიღე მონაწილეობა. დამფუძნებლები ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ არაერთხელ მაქვს საჯაროდ გაცხადებული, რომ პოლიტიკურ საქმიანობას არ ვაპირებ. ჩემთვის ეს ძნელად ასატანი მოვალეობაა. როცა პოლიტიკურ ცხოვრებაში მომიხდა ჩართვა, ეს არ იყო პოპულარობისკენ და კეთილდღეობისკენ გადადგმული ნაბიჯი, არამედ – უმძიმესი ტვირთი. თანაც პოლიტიკური საქმიანობისთვის ვერ ვიცლი და, რაც მთავარია, არ შემიძლია რომელიმე ორგანიზაციაში ყოფნა. თუმცა მათ გვერდით ვუდგავარ კონსულტანტის რანგში და ვფიქრობ, რომ კარგ საქმეს გააკეთებენ. მიზანი ჩვენი ერის შელანძღული უფლებების დაცვაა.
– უფლებების შელანძღვაში რას გულისხმობთ?
– ჩვენი ეროვნული და ადამიანური უფლებები ყოველდღიურადაა დასაცავი, მით უმეტეს, დღეს, როცა დასავლეთმა თავს მოგვახვია მდგომარეობა, რასაც ახალგაზრდა დემოკრატიას უწოდებენ, რაც სინამდვილეში გულისხმობს თვალთმაქცობას, არჩევნების გაყალბებას, ადამიანის უფლებების შელახვას, მისი ღირსების შეურაცხყოფას. ორი წლის წინ, ივნისში, ადამიანები, თვითმკვლელობის მიზნით, თითქმის ყოველდღე ხტებოდნენ მტკვარში. მაშინ ვთქვი, რომ მტკვარი ჩვენთვის სიკვდილის მდინარედ იქცა–მეთქი და არც დღესაა უკეთესი მდგომარეობა.
– "კავკასიის ჰელსინკის ჯგუფის" ჩამოყალიბებას წინ უძღოდა მისი ერთ–ერთი დამფუძნებლის, სანდრო ბრეგაძის განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევანი "არაეროვნულ" ძალებზე გააკეთა და აუცილებელი იყო ეროვნული ძალების კონსოლიდაცია. თქვენც ასე ფიქრობთ?
– არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ივანიშვილი ვისზე გააკეთებს აქცენტს და ვინ ეყოლება გვერდით. ეს მისი საქმეა. მე მივესალმე ივანიშვილის მოსვლას პოლიტიკაში, როგორც ქველმოქმედისას და ვფიქრობდი, რომ მას ექნებოდა სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური აზროვნების დიდი მასშტაბი. ვისურვებდი, რომ ეს შეიძინოს, რადგან რასაც ბატონი ივანიშვილი დღემდე აკეთებს პოლიტიკაში, გარკვეულწილად ფიასკოა. ეს ალბათ მის გამოუცდელობას უნდა დავაბრალოთ. თავის დროზე ჩვენც გამოუცდელები ვიყავით და ვუსურვებდი, ისეთივე დუმილით ზიდოს პოლიტიკოსის ტვირთი, როგორც აქამდე ქველმოქმედის ტვირთს ეზიდებოდა.
– მდუმარე პოლიტიკოსი ცოტა რთულად წარმოსადგენია.
– ქველმოქმედს სიჩუმე, სიკეთის დამალვის სურვილი უხდება. ფრანგი დიპლომატი, ტალეირანი ამბობდა, პოლიტიკოსს ენა იმიტომ აქვს, თავისი აზრები დამალოსო. ივანიშვილს ამ აზრის გათვალისწინებას ვუსურვებდი, მით უმეტეს, როცა ეს აზრები მთლად მომწიფებული არ არის.
– ამაში რას გულისხმობთ, ბატონო თემურ?
– იმას, რომ ივანიშვილის ყველა ინტერვიუ სავსეა კურიოზებით. კიდევ კარგი, რომ საზოგადოება სერიოზულად არ უყურებს მის რუსთველოლოგიურ ძიებას, თორემ... ბატონმა ბიძინამ ისეთ კონტექსტში მოიხსენია და გააიგივა საკუთარი პერსონა "ვეფხისტყაოსანში", რომ ცუდი განაჩენი გამოუტანა თავს.
– რას გულისხმობთ?
– ბატონმა ბიძინამ "მაესტროში", ეკა ბერიძესთან თქვა, მე განვასახიერებ იმას, რაზეც "ვეფხისტყაოსანშია" ლაპარაკი – რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიაო. ბატონ ბიძინას ამ აფორიზმის წინა სტრიქონები დაავიწყდა, სადაც წერია:
"მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია;
უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;
სმა–ჭამა – დიდად შესარგი, დება რა სავარგულია!
რასაცა გასცემ, შენია; რას არა, დაკარგულია".
ამ სიტყვების მთქმელი როსტევანი, რომელიც პრაგმატულად უყურებს სიკეთის ცნებას, ასე არიგებს თავის ქალიშვილს: თუ გინდა, ადამიანი მორჩილებაში გყავდეს, ფული უნდა მისცეო. ამ თვალსაზრისით აქვს ნათქვამი "გაცემა". უნდა გასცე, რომ მოისყიდო და დაიმორჩილო, თუ გინდა, ხალხი მორჩილებში გყავდეს, უნდა იყიდოო. როსტევანი პრაგმატიკოსია, რომელიც მიზანდასახულობის გარეშე ერთ გროშსაც არ გასცემს. გაცემის მიზანი მისთვის არის "უხვსა მორჩილობს ყოველი". როსტევანის და თინათინის ამ საუბარში არ იგულისხმება ის სუფთა სიქველე, რაზეც ალბათ ბატონ ბიძინას სურდა აქცენტის გაკეთება. "ვეფხისტყაოსანს" რაღაც წაღმა–უკუღმა კითხულობს.
– ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილიც როსტევანისეული მოსაზრებით გასცემდა?
– ბატონ ივანიშვილს ასე გაუგია – რასაც გავცემ, მაინც ჩემია. ეს არ არის რუსთველური სიკეთის იდეა.
– ვერც ივანიშვილს და ვერც სხვა პოლიტიკოსებს ვერ მოვთხოვთ ასე ზედმიწევნით რუსთველოლოგიაში წვდომას.
– "ვეფხისტყაოსნის" ზედმიწევნით ცოდნა არ მოეთხოვება ვინმე ინჟინერს, მილიარდერს თუ ტრილიონერს, მაგრამ როცა ეს პიროვნება ტელევიზიით სახალხოდ ეწევა "ვეფხისტყაოსნის" დეფორმირებულ და პროფანაციურ პროპაგანდას, ეს არც მას ამშვენებს და არც რუსთაველის საკადრისია.
– მსგავსი გადაცდომები ხშირად მოსდით ხოლმე პოლიტიკოსებს.
– რა თქმა უნდა, მაგრამ "ვეფხისტყაოსანი" ჩვენი ბიბლიაა და არ შეიძლება მისი ასე წაკითხვა და ინტერპრეტირება. ასეთი ინტერპრეტატორი თავსაც უხერხულ მდგომარეობაში იგდებს... ამით ამბობს, იმიტომ გავეცი, რომ ისევ მე მივიღო უკანო. ბატონი ივანიშვილი მე უფრო სხვანაირ პიროვნებად მიმაჩნია.
– ივანიშვილის პოლიტიკური ფიასკო ახსენეთ. რა იგულისხმეთ?
– მე ვთქვი, რომ ასეთი გამოსვლები მას ფიასკოსთან აახლოებს, ისე როგორც მისი რუსთველოლოგიური ძიებები და ლიტერატურული დაკვირვებები. მას არავინ სთხოვს იმაზე მეტის თქმას, რაც შეუძლია, რომ გააკეთოს. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ შევარდნაძე რომ ჩამოვიდა საქართველოში, ბრწყინვალე ჟურნალისტმა მელორ სტურუამ დაწერა – ახლა ჩამოვიდა საქართველოში ედუარდ შევარდნაძე. მისგან არავინ მოითხოვს ზვიად გამსახურდიას მსგავსი იდეალების განხორციელებისთვის ბრძოლას, მამულიშვილურ და ინტელექტუალურ მიზანდასახულობას. მისგან მოითხოვენ მხოლოდ პურს, გაზს და დენსო. ნუ ექნება ბატონ ბიძინას გადაჭარბებული წარმოდგენა. მისგან მოითხოვენ მხოლოდ პურს და სხვას არაფერს და არავინ მოსთხოვს რუსთველოლოგიური შრომების დაწერას. ეს მის ღირსებას არ ამცირებს.
ფრანგ მწერალ ჟან პოლს აქვს მშვენიერი მოთხრობა "ამერიკელი ბიძა", სადაც აღწერილია, რომ ოქროს ციებ–ცხელების დროს კაცი წავიდა საფრანგეთიდან, ბევრი ოქრო იშოვა და ნათესავებს წერილი გამოუგზავნა, დამხვდით, გემით უამრავი ოქრო მომაქვსო. მთელი სანათესაო დახვდა, მათ შორის – ერთი ობოლი, უღარიბესი დისშვილი გოგონა. მდიდარი დამწუხრებული ჩამოვიდა გემიდან და ნათესავებს უთხრა, ჩემი ქონება მეორე გემით მომქონდა, დიდი ქარიშხალი ატყდა და გემი ჩაიძირაო. ყველა გაეცალა სხვადასხვა მიზეზით. მხოლოდ ის გოგო დარჩა, უთხრა, ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემთან წამოხვალთ, ღარიბი ვარ, მაგრამ ერთი საწოლი გექნებაო. შენ ყოფილხარ ჩემი ერთგული, ჩემი გემი არ ჩაძირულა და ყველაფერი შენი იქნებაო, უთხრა კაცმა.
წარმოვიდგინოთ, ბატონ ბიძინას რომ ეთქვა, ის ხუთი მილიარდი, რომლითაც საქართველოში ჩამოვედი, ევროპის ეკონომიკური კრიზისის დროს დავკარგე, არაფერი მაქვს, ერთი შიშველი ჭორვილელი კაცი ვარ და მოგიწოდებ, შენ, ჩემო ძვირფასო ლევან ბერძენიშვილო, შენ, ირაკლი ალასანია, მოდით, ჩემთან ჭორვილაში დავსხდეთ და ჩვენი ქვეყნის ბედი გადავწყვიტოთო, მითხარით, რომელიმე მივიდოდა? ბიძინა ივანიშვილი მინუს ხუთი მილიარდი რას უდრის ამ ადამიანებისთვის? ასე თავისუფლად იმიტომ ვლაპარაკობ, რომ პოლიტიკისგან თავისუფალი ადამიანი ვარ და საერთოდ არ მაინტერესებს, ვის ეწყინება. ვერც ვერავინ დამწამებს, რომ ვინმესთან კონტაქტებს ვეძებ.
– ივანიშვილის წრეში სულ ამბობენ, რომ მასთან ფულს არ ეძებენ.
– თავიდანვე ვთქვი, როგორც კი პოლიტიკაში, საზოგადო საქმეში ფული შემოვა, ის საქმე წახდება. ეს არის ჩემი პრინციპული შეხედულება, რომელიც არასდროს დამირღვევია, მათ შორის – არც მაშინ, როცა ხელისუფლებაში ვიყავი. პრინციპულად ყველაფერზე უარი ვთქვი. ვცხოვრობ იქ, სადაც ვცხოვრობდი, არაფერი შეცვლილა.
– პოლიტიკას ფული სჭირდება, ბატონო თემურ.
– რა თქმა უნდა, მაგრამ როცა შენს ფინანსებზე ასი ათასჯერ მეტი მორალური კაპიტალი გაქვს, რასაც ქველმოქმედება ჰქვია, წინ ფინანსები არ უნდა წამოსწიო, რაც ღირხართ, იმაზე მეტად, სამმაგად გიყიდითო, არ უნდა თქვა. ამას რომ ადამიანი იტყვის, მეეჭვება, იმ მორალურ სიმაღლეს მიაღწიოს, რაც ქვეყნისთვის და ერისთვის არის აუცილებელი. ფრანგები ამბობენ, პატიოსნება დახეული ფრაკით დადისო.
– თქვენ ამბობთ, ივანიშვილისგან მხოლოდ პური სურს ხალხსო, მაგრამ საქართველოში ყოველთვის მხსნელს ელოდებიან. ის სწორედ მხსნელად წარმოუდგენია ხალხს.
– გაჭირვების გამო საქართველოში პატიოსანი ადამიანი კრიმინალად იქცა. ამიტომ ნუ ვიტყვით, რომ ეს ენთუზიაზმი იმიტომაა, რომ რომელიღაც ქველმოქმედი ეკლესიას აშენებდა. რასაკვირველია, ეს ძალიან დიდი საქმეა, მაგრამ კრიზისულ ვითარებაში შეფასების სხვა კრიტერიუმებია საჭირო. უბედურება ისაა, რომ პოლიტიკური ფსევდოელიტა კარგად სარგებლობს ამით, ზუსტად ისე იქცევიან, როგორც როსტევანი არიგებს თავის ქალიშვილს.
– ქართული პოლიტიკა არა მხოლოდ ფულზე, ძალადობაზეცაა დამყარებული. ბატონო თემურ, რატომ არ გინდათ პოლიტიკაში დაბრუნება?
– ბუნებით პოლიტიკოსი არ ვარ. ჩვენ ხელისუფლებაში მივედით არა გვირგვინისთვის და კეთილდღეობისთვის, არამედ იმიტომ, რომ ჩვენს თავზე მიგვეღო ყველა დარტყმა. ზვიად გამსახურდია უანგარო პიროვნება იყო. ლიტერატურის ინსტიტუტშიც ერთად ვმუშაობდით და სხვა დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთთან. სხვას რომ შემოეთავზებინა პოლიტიკაში წასვლა, არაფრით დავთანხმდებოდი. ერთადერთი, რომელსაც შეიძლებოდა ამ გზაზე გავყოლოდი, ზვიად გამსახურდია იყო.
– თქვენს ხელისუფლებაზე ასეთი მოსაზრებაა – კრახი იმიტომ განიცადეს, რომ პოლიტიკოსები არ იყვნენო.
– ხომ იყო დიდი პოლიტიკოსი ედუარდ შევარდნაძე? მსოფლიოს ახალი პოლიტიკის არქიტექტორს უწოდებდნენ. მან კი პოლიტიკური ცხოვრება რუსული კატასტროფით დაასრულა. ზვიად გამსახურდიას შეეძლო, პოლიტიკურ ემიგრაციაში წასულიყო ევროპაში, მაგრამ ის გმირის სიკვდილით მოკვდა. იმდროინდელ საქართველოში დამოუკიდებელი სახელმწიფოს მართვის გამოცდილება არავის ჰქონდა. მაშინ ვინც უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში, ნებისმიერ შემთხვევაში მარცხით დაამთავრებდა, თუმცა ზვიად გამსახურდიას მარცხი მისი მორალური გამარჯვება იყო. ასეთი საბედისწერო მომენტები ერის ისტორიაში არის, განსაკუთრებით – კულტურული ერების ისტორიაში. ზოგიერთი ცინიკოსი ამბობს, შუა აზიის რესპუბლიკებმა ისედაც მიიღეს დამოუკიდებლობა და ჩვენ რას გავიგიჟეთ თავიო. ეს ლუარსაბის აზროვნებაა. ამ ადამიანებს არ შეუძლიათ შეიგრძნონ ის ხიბლი, თუ რას ნიშნავს, როცა ადამიანი ოცნებობს თავისუფლებაზე, როცა სტკივა გული, არ შეუძლია, არ იყვიროს თავის სიყვარულზე. ჩვენ გასული საუკუნის 90–იან წლებში დავამტკიცეთ, რომ ღირსნი ვართ თავისუფლების და დამოუკიდებლობის. ის ნაჩუქარი ცხენივით არ მიგვიღია.
– ასეთ თავისუფლებაზე ოცნებობდით, როგორიც დღეს გვაქვს?
– რასაკვირველია, არა. ეს გაუკუღმართება იმან გამოიწვია, რომ არ მოგვცეს შესაძლებლობა ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბების. ის, რამაც ევროპის და აზიის ძლიერი, ეროვნული სახელმწიფოები ჩამოაყალიბა, იყო ღრმა ნაციონალური იდეა. ჩვენ არ გვეყო დრო ამისთვის, მაგრამ ალბათ ეს მომენტი მაინც დადგება.
– საით მივდივართ?
– ისეთ მდგომარეობაში ვართ, ვერ ვხედავთ იმ გზას, საითკენაც წავალთ და არ ვინანებთ. არადა ელემენტარული რამაა საჭირო – პოლიტიკოსი უნდა იყოს წესიერი, ინტელექტუალი, მხურვალე გულის და ცივი გონების.
– გეგულებათ ასეთი?
– ჯერჯერობით ნაკლებად ჩანს.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის საგარეო ვალი ორნახევარჯერ გაიზარდა











ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს
კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ 

ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი
თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს 



































































































