asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნოდარ ჯავახიშვილი: "ეროვნული ბანკი პროკურატურის დანამატად იქცა"
პოზიცია
ნოდარ ჯავახიშვილი: "ეროვნული ბანკი პროკურატურის დანამატად იქცა"

2012-02-05 17:09:59



ოპოზიციას, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის კოალიციას, დიდი იმედი აქვს, რომ დიპლომატიური კორპუსი მეტ ყურადღებას გამოიჩენს სააკაშვილის მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის არაკანონიერი მეთოდებისადმი და "ქართუ ბანკთან" მიმართებაში ხელისუფლების მიერ გადადგმული უკანონო ნაბიჯებისადმი. დიპლომატიური კორპუსი კი, საქართველოში, შეიძლება ითქვას, მხოლოდ იმ საკითხებზე და იმ კუთხით რეაგირებს, რომლებიც პირადად მათი ქვეყნების ინტერესებში ჯდება.
"ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი ფიქრობს, რომ დიპლომატიური კორპუსი ამ ეტაპზე გაცილებით უკეთ მუშაობს, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში, რაც ეს ხელისუფლება გვყავს საქართველოში. ჯავახიშვილი სწორედ უცხოელების აქტიურობას მიაწერს ხელისუფლების მხრიდან ბანკისთვის ყაჩაღური გზით წართმეული 3 მილიონის დაბრუნებას.

ნოდარ ჯავახიშვილი:

- ისინი თვლიან, რომ არის რაღაცები, რომლებიც ქვეყნებს შორის ურთიერთობის პოლიტიკის მასშტაბებში უნდა გადაწყდეს; არის რაღაცები, რომლებიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა უნდა გადაწყვიტონ და ეს მთლად მათი საქმეც არ არის. არ იქნება მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, სახელმწიფო დეპარტამენტის პირდაპირი მითითება, ეს არაეთიკური იქნება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ამიტომ, პირადად ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ და არა სხვა ვინმემ. მათი გააქტიურება მხოლოდ ჩვენი აქტიურობის შედეგი შეიძლება იყოს. ვთქვათ, ამერიკის პრეზიდენტი ვარ. ვიცი, რომ ,,ქართუ ბანკთან" მიმართებაში რაღაც ხდება, მაგრამ იმასაც ხომ ვუყურებ, რომ სხვა 18 ბანკი, შეიძლება "ქართუ ბანკზე" უფრო დიდი და მნიშვნელოვანი, ხმას არ იღებს. რა ვქნა, ჩავიდე და რევიზიები ვატარო ყველგან? - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი დამოკიდებულებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ "ქართუ ბანკის" აქტიურობით შესაძლებელია კანონიერების აღდგენა. 


ჯავახიშვილი უკმაყოფილებას ვერ მალავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკური ინტერესებიდან მოქმედებაზე და მიაჩნია, რომ ქადაგიძეს პასუხისმგებლობა ეკისრება პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაზე.
გთავაზობთ ინტერვიუს "ქართუ ბანკის" დირექტორ ნოდარ ჯავახიშვილთან.
- ბატონო ნოდარ, მოდით ვისაუბროთ ეროვნულ ბანკსა და იმ კანონზე, რომლითაც კონტროლის პალატას დაევალა პოლიტიკური პარტიების ფინანსური ანგარიშების კონტროლი. რამდენად სწორი ნაბიჯია ეს, არის თუ არა მასში დანაშაულის ნიშნები?
- დანაშაულის შეფასება მოდის იქიდან, როგორი კანონმდებლობაც გვაქვს. კანონი დანაშაულებრივია თუ არა, კანონი კანონია და ის უნდა შესრულდეს. ჩემი აზრით, ასეთი კანონი უსამართლოა და არ უნდა იყოს ქვეყანაში, მაგრამ კანონი თუ მიიღეს, იმას ვერავინ დაარქმევს დანაშაულებრივს, რადგან მისი აღსრულება სავალდებულოა, ყოველ შემთხვევაში - კანონიერია. ერთი შეხედვით, კონტროლის პალატა ზუსტად ის ორგანო უნდა იყოს, რომელმაც ეს საქმეები უნდა აკეთოს. ჩვენი კანონმდებლობით, კონტროლის პალატა პრინციპში დამოუკიდებელია, ისევე, როგორც კანონმდებლობით ეროვნული ბანკია დამოუკიდებელი. დღეს ნებისმიერ, თუნდაც სრულიად გაუნათლებელ ქართველში ხარხარს გამოიწვევს იმის თქმა, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია. მოსახლეობის დიდ ნაწილს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ ეროვნული ბანკი პროკურატურის ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფია. აქედან გამომდინარე, მოაზროვნე პოლიტიკოსების ნაწილიც ასე თვლის და ამიტომ იძახის, რომ არ შეიძლება, კონტროლის პალატას ასეთი საქმეები ჩაუგდო ხელში. ქალბატონი მოგელაძე იქნება იქ, თუ შაიშმელაშვილი, ამას რა მნიშვნელობა აქვს? სააკაშვილი ან მერაბიშვილი წყვეტს იმ საკითხს, რა უნდა გააკეთოს ამ ორგანომ. აქედან გამომდინარე, ეს რას ნიშნავს, არაფერი საშიშროება არ იქნება?! მარტივ რამეს გეტყვით: ეროვნულ ბანკს ჰქონდა ეს უფლებები ყოველთვის და მთელ მსოფლიოში დღესაც აქვს, რომ მიიღოს ბანკიდან ყველა მისთვის საინტერესო ინფორმაცია შეუზღუდავად. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია უნდა გადასცეს შს სამინისტროს და საქმეები აღაძრევინოს იქ, სადაც ამის საფუძველი არ არის. ეროვნულმა ბანკმა, რასაკვირველია, უნდა იცოდეს ქართუ ბანკი, გამაგრების ოპერაციას აწარმოებს თუ რაღაც სხვას. თუმცა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სპეცნაზი დაახვიოს თავზე და ბანდიტური თავდასხმა მოაწყოს. ბევრჯერ მითქვამს, შეგეპარა, ბატონო, ეჭვი იქ, სადაც არ უნდა შეგპარვოდა? დააჭირე ღილაკს თითი და გააჩერე ოპერაცია. რა შუაშია შეიარაღებული სპეცნაზი?! ამაზეა საუბარი. თორემ ნორმალურ ქვეყანაში ეს კანონი საზოგადოების საწინააღმდეგოდ არ იმუშავებდა. "მსტოვართა ინსტიტუტი", საქართველოს ისტორიაში, ყველაზე სრულყოფილი სახით დავით აღმაშენებელმა შემოიღო. მაგრამ აღმაშენებლის იდეა იყო, სცოდნოდა, რითი სუნთქავდა შეშინებული, ღირსება ან პატივაყრილი ერი; ფეხზე დაეყენებინა და ამ ინფორმაციას ამისთვის იყენებდა. ჩეკისტებმა სულ სხვანაირად ააწყვეს ეს, იგივე გაიმეორეს, მაგრამ სულ სხვა მიზნით: როგორ დაეჭირათ, როგორ დაეხვრიტათ ან გადაესახლებინათ, როგორ გაეთახსირებინათ. ამიტომ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს კანონი, გირაოებთან დაკავშირებით რაც მიიღეს, არ იქნებოდა ისეთი დამაქცევარი, როგორიც დღეს არის, პოლიტიკური მოწინააღმდეგის გასანადგურებლად რომ არ იყენებდნენ. რასაკვირველია, კანონი უარყოფითია, ცუდია, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის თუ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის საწინააღმდეგო. თქვენ რა, მართლა გგონიათ, რომ იგივე ლაურა ღაჭავას (კოდუების დედას) 100 მილიონი ვალი ჰქონდა? მარტივ რამეს გეტყვით: ხომ აღიარეს 40 მილიონი დავალიანება 2005 წელში. რატომ? იმიტომ, რომ ხანდაზმულობის ვადაა 2006 წლის 1 იანვარს. ანუ ამ პერიოდში შექმნილ დავალიანებას, ხანდაზმულობის ვადა წელს, 1 იანვარს გასდის ანუ ხანდაზმულობის ვადაში მოარტყეს. მაგრამ 1 იანვრიდან რომ მოითხოვა, საბუთები უკვე განადგურებულია, რადგან ხანდაზმულობის ვადა გასულია. ჩატიეს ზუსტად იმ პერიოდში. 40 მილიონი აღმოჩენილი დავალიანებაა და დანარჩენი, ჩვენი ინფორმაციით, დარიცხული პროცენტებია. 2005 წლიდან დიდი დრო გავიდა და პროცენტი ბევრი გამოვიდა. ანუ დარიცხული პროცენტი უფრო მეტია, ვიდრე სახელმწიფოს წინაშე ვალი. მათ შორის, 25 მილიონი - სოცდაზღვევის ანარიცხებში დამალული შემოსავალია. ორგანიზაციას სოცდაზღვევის ანარიცხებში 25 მილიონი დავალიანება ერთი თვის განმავლობაში რომ ჰქონოდა, ეს ნიშნავს, რომ წელიწადში 10 მილიონი ლარის ხელფასი უნდა გაეცა. დამისახელეთ 2004 წელს ორგანიზაცია, რომელსაც შეიძლებოდა 10 მილიონის ხელფასი გაეცა. მაშინ, მგონი, 2 მილიარდი გვქონდა მთლიანად ბიუჯეტი. თანაც, გახსოვთ, რა ორგანიზაცია იყო "პირიმზე". მაშინ იქ ხელფასებს ვინ ღებულობდა? იქ ისხდნენ მესაათეები, მეწაღეები და ა.შ., რომლებიც არენდის ფულს იხდიდნენ. იმათ სოცდაზღვევის დავალიანება როგორ უნდა დარჩენოდათ? ეს ყველაფერი არის მოგონილი, შეთითხნილი ჩვენს საწინააღმდეგოდ. ანუ ვამბობ, რომ ცუდი კანონია, მაგრამ თუ არ მიიღებდნენ და არ გამოიყენებდნენ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-სტრუქტურის დასახრჩობად, ასეთი საშიში არ იქნებოდა. არანაირი დავალიანება არ არის, გარწმუნებთ, მაგრამ მე ვინ შემამოწმებინებს ამას. დავალიანება არც არსებობდა.
- კიდევ რომელი საკანონმდებლო ხვრელებიდან ელოდებით დარტყმას?
- ამაზე ფიქრიც კი რთულია. ამათ ხვრელების აღმოჩენის უნიკალური ნიჭი და ფანტაზია აქვთ. ყველაფერს ვერ წვდება ჩემი წარმოსახვა. ჯერჯერობით, ვერ ვხედავ, კიდევ რა უნდა მოიფიქრონ. ესეც დამანგრეველია, თუ ამან გაცილებით სერიოზული მასშტაბები მიიღო. ამ მასშტაბებზე დღესაც არ არის ლაპარაკი. თუმცა, მეორე მხრიდანაც განვიცდით ზეწოლას. იცით, რომ ეროვნული ბანკი ცდილობს, მოძებნოს რაღაც სარჩული, რომ როგორმე გამიუქმოს ხელმოწერები და გადამაყენოს; და, რაც მთავარია, შემოიყვანოს ბანკში დროებითი ადმინისტრაცია.
- რა უნდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ქადაგიძეს თქვენგან?
- დარწმუნებული ვარ, თვითონ ქადაგიძეს ჩემთან არანაირი საქმე არა აქვს. ის არ არის არც პიროვნულად და არც ინსტიტუციონალურად დამოუკიდებელი. ამიტომ, როცა ბატონის დავალება უნდა შეასრულო და, მით უმეტეს, უსიტყვოდ, შეიძლება სულაც არაფერი გინდოდეს და ისე იმოქმედო, საერთოდ, დღეს ქართულ საზოგადოებაში ძალიან მომძლავრდა ეს დამოკიდებულება, რომ თუ უფროსი გიბრძანებს, თვითონ შენ მორალურად სუფთა ხარ, არაფერს არ აშავებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს დავალება შეიძლება დანაშაულებრივიც იყოს. ამ დამოკიდებულების დანერგვა ამ ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა დაიწყეს, 2003 წელს რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში. ისინი მანამდეც საქართველოს ხელისუფლებაში იყვნენ, მაგრამ მთლად ისეთი წამყვანი პოზიციები არ ჰქონდათ. ამათ დაიწყეს ამ ტენდენციის დანერგვა, რომ, მაგალითად, მაპატიოს მკითხველმა, მე შემიძლია დედაც გაგინო, მაგრამ სულაც არ დამიშავებია არაფერი, თუ ეს პარტიის დავალებით გავაკეთე. პავლიკ კორჩაგინის სტერეოტიპები მუშაობს. ჩვენთან საზოგადოების ის ნაწილი, ვინც უფროსის ამორალურსა და არაკანონიერ დავალებას ასრულებს, თვლის, რომ თვითონ მორალურად სუფთაა, უბრალოდ, დავალებას ასრულებს.
- რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ივანიშვილის ბიზნეს-სტრუქტურებისადმი წნეხი - თვეები?
- აბსოლუტურად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ეს ხელისუფლება იქნება ქვეყნის სათავეში, ოღონდ შეიძლება სხვადასხვა დოზით და სხვადასხვა ფორმით.
- ხელისუფლების მიზანი, თქვენი აზრით, "ქართუ ბანკის" ბოლომდე განადგურებაა?
- არა. ლაპარაკია პოლიტიკური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ფრონტზე. "ქართუ ბანკი" თავისთავად მნიშვნელოვანს არაფერს წარმოადგენს დღევანდელი ხელისუფლებისთვის.
- თუმცა, ხელისუფლება განცხადებებში აქცენტს ბანკსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე უფრო გააკეთებს, ვიდრე ივანიშვილის, როგორც რეალური კონკურენტის, შესაძლებლობებზე.
- რა მნიშვნელობა აქვს, რას იტყვის. ჩვენი ხელისუფლებისთვის სიტყვიერ განცხადებებს ამხელა მნიშვნელობა რომ ჰქონდეს, ჩვენ მართლა მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ქვეყანაში ვიცხოვრებდით.
- დაბოლოს, ბატონო ნოდარ, ივანიშვილის ფონდის მიერ გაცემულ თანხებს შევეხოთ, რომელზეც პრესაში იწერებოდა. ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ფონდების გახსნა და პრესაში გამოქვეყნება სისხლის სამართლის დანაშაულია. იზიარებთ, რომ ივანიშვილის მიერ ქველმოქმედების მიზნით გაღებული თანხები საჯარო არ უნდა გამხდარიყო?
- წეღანაც ვთქვი, მაგრამ ბოლომდე ვერ მივიყვანე: იგივე კონტროლის პალატის ამ ახლადშექმნილმა სამსახურმა რომ გამოაქვეყნა თანამშრომლების ხელფასები, ეს დანაშაულია. ახლა, ჩვენი იურისტები მუშაობენ სარჩელის აღძვრაზე, თუმცა, ეს ერთი მიმართულებით პიროვნული საკითხია. შენი ხელფასები რომ გამოაქვეყნეს, პირველ რიგში, შენ უნდა იჩივლო. თუმცა, ბანკს აქვს შესაძლებლობა და აუცილებლობა, რომ იჩივლოს, რადგან ჩვენი საქმიანი რეპუტაცია შეილახა, როცა ჩვენი კლიენტურის ხელფასები გამოაქვეყნეს.
- ანუ სარჩელი უნდა შეიტანოთ კონტროლის პალატის წინააღმდეგ?
- დიახ. მაგრამ იურისტებმა თქვეს, კარგი იქნება, თუ თქვენს სარჩელს წინ უძღვის ამ თანხების გამოქვეყნების გამო დაზარალებული ადამიანების საჩივრები. რასაკვირველია, გია მეფარიშვილს იურისპრუდენციაში ვერ შევეჯიბრები, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კანონდარღვევაა.
შორენა კოწოწაშვილი


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ნოდარ ჯავახიშვილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online