asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

საქართველოში მონარქის აღდგენაზე საუბარი 1992 წელს დაიწყო
მონარქის აღდგენაზე საუბარი 1992 წელს დაიწყო
საქართველოში მონარქის აღდგენაზე საუბარი 1992 წელს დაიწყო

2010-12-13 16:06:47



"გუმბათი" აგრძელებს ინტერვიუს საქართველოს ყოფილ პრემიერ–მინისტრ თენგიზ სიგუასთან.



– რით იყო გამორჩეული 1992 წლის დასაწყისის პოლიტიკური ცხოვრება?

– 1992 წლის დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო და საკმაოდ მასშტაბური ხასიათი მიიღო კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე საუბარმა. საქართველოში მონარქიის აღდგენის იდეა ემყარებოდა ქართული მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების დაცვისა და კონსერვაციის პრინციპს. მონარქიის მომხრეთა არგუმენტი იყო, რომ მეფე საქართველოს ერთიანობისა და კონსოლიდაციის სიმბოლო იქნებოდა. ამ იდეის მოწინააღმდეგეები ისტორიაზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ გვიანი შუა საუკუნეებიდან საქართველო აღარ იყო ერთიანი სახელმწიფო. უკვე მე–15 საუკუნეში გაფორმდა საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლა რამდენიმე სამეფო–სამთავროდ და მისი გაერთიანება აღარ მოხერხდა. რადგანაც არსებული სახელმწიფოებრივი წყობილების პირობებში ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

თებერვალში შედგა საქართველოს მონარქისტთა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თემურ ჟორჟოლიანის და ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, გიორგი ჭანტურიას არაოფიციალური ვიზიტი ესპანეთში. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეებისთვის ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გაცნობა და მონარქიის აღდგენის პერსპექტივების განხილვა.

15 თებერვალს მადრიდში მონარქისტული პარტიის თავმჯდომარე თემურ ჟორჟოლიანი შეხვდა საქართველოს სამეფო ოჯახის უფროსს, ხორხე (გიორგი) ბაგრატიონს, პერსპექტივაში მონარქიის აღდგენის საკითხებზე სასაუბროდ. შეხვედრა მადრიდის ერთ–ერთ სასტუმროში შედგა და მას ესწრებოდა ხორხეს ძმა, ბაგრატ ბაგრატიონი. შეხვედრას არ ესწრებოდა ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურია, რომელსაც, როგორც ჩანდა, ხორხე ბაგრატიონთან განხეთქილება ჰქონდა. შეხვედას არ ესწრებოდა არც ქალბატონი პას–მარიამ ბაგრატიონი, ხორხესა და ბაგრატის და.

– როგორი იყო ესპანელი ბაგრატიონების დამოკიდებულება ამ იდეისადმი და მის ავტორებისადმი?

– გაზეთმა "ნოვოე ვრემიამ" ინტერვიუ გამოაქვეყნა ხორხე ბაგრატიონთან. მის უარყოფით დამოკიდებულებას პოლიტიკოსების ესპანეთში ვიზიტისადმი ის შემდეგნაირად გამოხატავდა. ამონარიდი მისი ინტერვიუდან:

– ჟორჟოლიანი და ჭანტურია გამოდიოდნენ რა ქართველი ხალხის, დროებითი მთავრობისა და სხვა პოლიტიკური პარტიების სახელით (რომელთა დადასტურებული უფლებამოსილება მათ არ ჰქონდათ), სთავაზობდნენ საქართველოს სამეფო ტახტს, რომლის კანონიერი მემკვიდრე მე გახლავართ, ჩვენი ოჯახის ყველა წევრს და სთავაზობდნენ მათ მონაწილეობა მიეღოთ მათი გეგმების განხორციელებაში. ბაგრატიონთაგან არავინ მათი წინადადება არ მიიღო. საქართველოში მათ არჩევნების ჩატარების წინა პერიოდში საკუთარი კონიუნქტურული მიზნები ჰქონდათ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა თანამედროვე პირობებში სერიოზულად განიხილებოდეს საქართველოში მონარქიის აღდგენის საკითხი, ხორხე ბაგრატიონი პასუხობს:

– შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა გამომდინარეობდეს საქართველოს ხელისუფლებაში შემავალი პოლიტიკური ძალების უმრავლესობის კონსესუსიდან, ხალხის ნება–სურვილის გათვალისწინებით. მაგრამ, ჯერჯერობით, უპირველეს ყოვლისა, გადასაწყვეტია ქართველი ხალხის ბევრად უფრო მწვავე პრობლემები.

ასევე ესპანური გაზეთ "ელ–პაისისთვის" მიცემულ ინტერვიუში ხორხე ბაგრატიონი შესაძლებლად მიიჩნევდა საქართველოში მონარქიის აღდგენას, ოღონდ ამ ნაბიჯის პრაქტიკულ გადადგმამდე იგი აუცილებელ პირობად თვლიდა საქართველოში საზოგადოებრივი ცნობიერების დემოკრატიზაციას. პოლიტიკური მდგომარეობის სტაბილიზაციას და კანონიერად არჩეული პარლამენტისგან და ქვეყნის მთავრობისგან შეთავაზების წინადადებას, ბაგრატიონთა ოჯახის სამშობლოში დაბრუნების თაობაზე.

– რა კომენტარები გაკეთდა ამ შეხვედრების და იდეების თაობაზე ქართული მხრიდან?

– პრესაში გამოქვეყნდა გიორგი ჭანტურიას და ირინა სარიშვილის წერილი. ამ წერილში დასაბუთებული იყო საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის, რაც შეიძლება მალე აღდგენის აუცილებლობა. წერილში ბაგრატოვანთა საგვარეულოს საქართველოში სასწრაფოდ ჩამოყვანის აუცილებლობა გამართლებული იყო იმით, რომ მათ მიეცეთ საქართველოს პირობებთან შეგუების, მშობლიური ენის შესწავლის, ქართული წეს–ჩვეულებებისა და ტრადიციების გახსენების საშუალება. რათა უახლოეს მომავალში საერთო–სახალხო რეფერენდუმზე კონსტიტუციური მონარქიის იდეის შესაძლო გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ტახტის მომავალი მემკვიდრე ღირსეულად და სრულ მზადყოფნაში წარუდგეს ქართველ ერს.

ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის პრესცენტრმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ "ბატონმა გიორგი ჭანტურიამ ინტერვიუ მისცა ესპანურ გაზეთ "ელ–პაისს", სადაც მან ხორხე ბაგრატიონის განცხადებას "ეზნეო და ამორალური უწოდა". სავსებით გაუგებარი იყო ამ გამოხდომის აზრი. სამეფო ტახტის მემკვიდრეს საქართველოში ეპატიჟები და ამავე დროს მას უზნეოს და ამორალურს უწოდებ.

ამავე დროს, 15 თებერვალს გამოქვეყნდა ქალბატონ პას–მარიამ ბაგრატიონის მიმართვა ქართველი ერისადმი. სადაც კერძოდ ნათქვამი იყო:

– ჩვენი ყურადღება მიიპყრო ქართულ პრესაში გაჩაღებულმა კამათმა საქართველოში მონარქიის აღდგენის, კერძოდ კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრების მიზანშეწონილების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით საჭიროდ მივიჩნიე, როგორც ბაგრატიონის გვარის ერთ–ერთი წარმომადგენლის აზრის დაუფარავად გაცხადება. იმ იმედით, რომ ერთგვარად მაინც გაირკვეს შექმნილი სიტუაცია. უნდა ამთავითვე გაუწყოთ, რომ მე არ ვარ წინააღმდეგი საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის დამყარებისა და ვრჩები მონარქიზმის იდეების მომხრედ. მაგრამ ამავე დროს სავსებით ვიზიარებ ქართულ საზოგადოებაში უკანასკნელ ხანს გავრცელებულ აზრს. მხოლოდ მთელ ჩვენს ერს აქვს ზნეობრივი უფლება რეფერენდუმის სახით გამოხატოს თავისი ნება–სურვილი. აღდგეს თუ არა საქართველოში მონარქია. ხოლო ამგვარი რეფერენდუმის ჩატარების იურიდიული უფლება აქვს მხოლოდ ხელახალი არჩევნების შედეგად შექმნილ პარლამენტს. ამგვარად ამ თემაზე ბჭობა ნაადრევია. სულ სხვა საქმეა, რომ ყველას აქვს უფლება კერძო ვიზიტით ესტუმროს თავის სამშობლოს და მთელი ძალ–ღონით ეცადოს მცირე რამ სასარგებლო საქმე მოუტანოს თავის მშობლიურ ქვეყანას და ხალხს.

მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონი მარიამ ბაგრატიონი ერთხელ უკვე იყო საქართველოში ჩამოსული. ეს იყო 1991 წლის აგვისტოში; ესპანეთში დაბრუნების შემდეგ მან პრაქტიკული ნაბიჯები გადადგა საქართველოსთვის საჭირო დახმარების აღმოსაჩენად.

– როგორი იყო იმდროინდელი ქართული საზოგადოების დამოკიდებულება მონარქიის აღდგენისადმი?

– "ფსიქოლოგიური სამსახურის" სოციალურმა ჯგუფმა 9–10 თებერვალს ჩაატარა თბილისის მოსახლეობის აზრის სატელეფონო გამოკითხვა. საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის დამყარებას მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 24,4–მა პროცენტმა, წინააღმდეგი იყო 36,6 პროცენტი, ხოლო 25,5 პროცენტს მიაჩნდა, რომ ამ საკითხის წამოჭრა ნაადრევი იყო. 23,8 პროცენტმა უარი თქვა გამოკითხვაში მონაწილეობაზე.

– რა კონკრეტული ნაბიჯები იდგმებოდა ეკონომიკის სფეროში?

– რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო დადგენილება საქართველოში საგარეო–ეკონომიკური საქმიანობის ლიბერალიზაციის პირველი ეტაპის შესახებ. ახალი დადგენილებით, რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ყველა საწარმოს, სამეურნეო ამხანაგობას, საზოგადოებას და სხვა ორგანიზაციას საკუთრების ფორმის მიუხედავად, უფლება ეძლეოდა სპეციალური რეგისტრაციის გარეშე განეხორციელებინა საგარეო ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის საშუამავლო ოპერაციებიც. ანუ საჭირო აღარ იყო უამრავი დოკუმენტის მომზადება, ნებართვაზე სირბილი სხვადასხვა ინსტანციებში და სხვა არცთუ სასიამოვნო პროცედურების ჩატარება. თუმცა, არსებობდა ჩამონათვალი, რის გატანაც არ შეიძლებოდა საქართველოდან სპეციალური ლიცენზიის გარეშე. ამ ჩამონათვალში ძირითადად შედიოდა სასურსათო პროდუქტები.

რაც შეეხება საშუამავლო ოპერაციებს, დადგენილების მიღებამდე სპეციალური ნებართვის გარეშე ასეთი საქმიანობა აკრძალული იყო. ამავე დადგენილების მიხედვით, ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე უფლება ეძლეოდა, რწმუნებული ბანკების მეშვეობით, ეწარმოებინათ სავალუტო ოპერაციები, მათ შორის ნაღდი ვალუტის შესყიდვა–გაყიდვაც.

ეს დადგენილება გახდა წინაპირობა იმისა, რომ თბილისის ქუჩებში გაჩნდა ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები, სადაც ნებისმიერს შეეძლო, ყოველგვარი შიშისა და თავის ტკივილის გარეშე, ნებისმიერი ვალუტის შეძენა. ერთობლივი საწარმოების და მათი ფილიალების რეგისტრაციაში გასატარებლად აღარ იყო საჭირო ხუთი ათასი დოლარის გადახდა. საქონლის იმპორტისთვის სახელმწიფო გადასახადიც გაუქმდა. დადგენილების პროექტი რესპუბილიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო–ეკონომიკური ურთიერთობის მთავარ სამმართველოში მომზადდა. დადგენილებით მთავარ სამმართველოს უამრავი ჩინოვნიკური ფუნქცია ჩამოშორდა. ასეთი რამ კი საკმაოდ იშვიათად ხდება; როცა უწყება ისეთ უფლებებზე ამბობს უარს, რაც მისი მნიშვნელობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია.

თებერვალშივე შეიქმნა ქართული ფულის გამოშვების სამთავრობო კომისია. მისი თავმჯდომარეობა მე დამევალა. კომისიის წევრები იყვნენ ვიცე–პრემიერი რომან გოცირიძე, ფინანსთა მინისტრი ვაჟა ჯინჯიხაძე, ეკონომიკის მინისტრი ომარ ვარძელაშვილი, ეროვნული ბანკის თავმჯდომარე ნოდარ კაკულია. კომისიას უნდა შეემუშავებინა ეროვნული ფულის სახელწოდება, მხატრვული სახე და ა.შ.

– რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ახალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით?

– საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საბჭომ გამოაქვეყნა საყოველთაო განხილვისთვის საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროექტი, რომელიც მოამზადა ორგანიზაციამ დემოკრატიული არჩევნები საქართველოში. კონსტიტუციით კანონპროექტის სახალხო განხილვისთვის გამოტანის უფლება ჰქონდა მხოლოდ რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს და მის პრეზიდიუმს. მაგრამ, რადგანაც უზენაესი საბჭოს მუშაობის აღდგენა ვერ მოხერხდა, მთელი ძალაუფლება სამხედრო საბჭოს ხელში იყო და იგი ახორციელებდა უზენაესი საბჭოს ყველა უფლებამოსილებას.



– რაც შეეხება ქვეყნის კონსტიტუციას?

– 29 თებერვალს, 1921 წლის რესპუბლიკის კონსტიტუციის აღდგენასთან დაკავშირებით თბილისში, სპორტის საახლეში საზეიმო სამოქალაქო შეკრება გაიმართა; რომელიც მოეწყო სამხედრო საბჭოს, ეროვნული კონგრესის და პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით. შეკრებას ესწრებოდნენ თენგიზ კიტოვანი, ჯაბა იოსელიანი, ვახტან გოგუაძე, რომან გვენცაძე, გიორგი ჭანტურია, ავთანდილ იმნაძე, თემურ ჟორჟოლიანი, ირაკლი წერეთელი, ნოდარ ნათაძე და სხვები. საზეიმო შეკრება აკურთხა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. თავის მიმართვაში პატრიარქი შეეხო ერის ზნეობრივ მდგომარეობას და უარყო ოპოზიციის იარაღით მომარაგების ბრალდება. თავის გამოსვლაში გიორგი ჭანტურიამ აღნიშნა, რომ "1921 წლის კონსტიტუცია, როგორც დღევანდელი საქრთველოს სახელმწიფოს ძირითადი დოკუმენტი, გადასინჯვას მოითხოვს. მაგრამ თვით ძალით შეჩერებული კონსტიტუციის ამოქმედების ფაქტი უკვე პროგრესული მოვლენაა".

ამონარიდი ირაკლი წერეთლის გამოსვლიდან:

– კონსტიტუციის აღდგენით სამხედრო საბჭომ დიქტატორი პრეზიდენტის დამხობის შემდეგ მეორე გმირული ნაბიჯი გადადგა. ამ აქტით ფაქტობრივად დაიწყება კონსტიტუციის საფუძველზე ქართველი ხალხის ზნეობისკენ შემობრუნება. ოპოზიციაში დგომა არცერთი პარტიის თვითმიზანი არ არის. დღეს მთავრობას მხარში ამოდგომა სჭირდება.

დარბაზს მიმართეს აგრეთვე თემურ ჟორჟოლიანმა, იტალიიდან ჩამოსულმა ქეთევან ბაგრატიონმა და სხვებმა. დასასრულს წაკითხულ იქნა სამოქალაქო შეკრების რეზოლუცია, რომელიც ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული.

1992 წლის 17–18 თებერვალს "ფსიქოლოგიური სამსახურის" სოციოლოგიურმა ცენტრმა ჩაატარა თბილისის მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა. კითხვაზე, მხარს უჭერენ თუ არა 1921 წლის კონსტიტუციის აღდგენას, პასუხები ასე განაწილდა: მხარს უჭერდა 50,5 პროცენტი, წინააღმდეგი იყო 4,7 პროცენტი; 21–მა პროცენტმა აღნიშნა, რომ იგი არ იცნობს ამ კონსტიტუციას და ამიტომ უჭირს მასზე პასუხის გაცემა. 23,8 პროცენტმა უარი განაცხადა ინტერვიუზე.

(გაგრძელება იქნება)

გერა მამულაშვილი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პატრიარქი ილია II
კავშირი ტეგთან: პატრიარქი ილია II
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online