asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

უფასო სახელმწიფო ბაგა–ბაღები ფასიანი ხდება
უფასო სახელმწიფო ბაგა–ბაღები ფასიანი ხდება
უფასო სახელმწიფო ბაგა–ბაღები ფასიანი ხდება

2010-12-13 16:06:42



ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის წინ, ჩვენთვის საბავშვო ბაგა–ბაღის აღსაზრდელთა მშობლებისგან ცნობილი გახდა, რომ მათ გადასახადის შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით, ერთ–ერთ კრებაზე აუწყეს. "გუმბათი" დაინტერესდა ამ თემით და ზოგიერთი გაურკვეველი საკითხის გამო, ერთგვარი მოკვლევა ჩაატარა. პირველ რიგში, ბაღის ხელმძღვანელობას დავუკავშირდით, თუმცა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, მშობლების მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ დაადასტურეს.

მოკვლევისას მხოლოდ ის გავარკვიეთ, რომ თბილისის მერია, საკუთარი დადგენილების საფუძველზე, ქალაქში დაურეგისტრირებელ ბავშვებს სახელმწიფო ბაღებში არ მიიღებდა. დარეგისტრირებაზე კი, სამოქალაქო რეესტრი ასეთ ბავშვებს უარს ეუბნებოდა. იგივე გადაწყვეტილებით, მთავრობა 80 ლარის ოდენობით გადასახადს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილებისთვის აწესებდა. უკვე რამდენიმე დღეა, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაუჩერული პრინციპით, სახელმწიფო დაფინანსების ქვეშ მყოფი ბაღები ფასიანი, ყველა კატეგორიის ბავშვისთვის უნდა გახდეს. ჩვენ, პირველ რიგში, საკითხი ქალაქის მერიაში გადავამოწმეთ და როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, ამის თაობაზე ჯერ არავითარი სიახლე არ აქვთ. გავრცელებული ინფორმაცია, არც ბაგა–ბაღის ხელმძღვანელობამ დაადასტურა.

119–ე სახელმწიფო ბაგა–ბაღის გამგე მაია ჭოხონელიძე:

– ჩვენ ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, შეუფერხებლად გვაფინანსებს ქალაქის მერია, რამდენადაც ვიცით, ბიუჯეტში თანხები არის და მოიძიება ამისთვის, ამდენად, არ ვფიქრობ, რომ ფასიანი გახდეს. საზოგადოებაში ეს გავრცელდა მხოლოდ ჭორის დონეზე.

დაახლოებით იგივე მოგვახსენეს სხვა ბაღებშიც. არ ვიცი რამდენად საფუძვლიანია, მათი ოპტიმიზმი, მაგრამ ფაქტია, ქალაქში ამაზე უკვე აქტიურად საუბრობენ. ერთ–ერთი, პირველი იყო ლეიბორისტული პარტია, რომელმაც ამის შესახებ განცხადება გააკეთა. რა ინფორმაციას ფლობენ ისინი?

პატა ჯიბლაძე:

– ჩვენ ეს ინფორმაცია გაგვაჩნია სანდო წყაროზე დაყრდნობით. ხელისუფლებაშიც მოიძებნება, საბედნიეროდ, საკუთარი ხალხის გულშემატკივარი ადამიანები. ჩვენ არ ვასახელებთ ხოლმე მათ ვინაობას იმ მოტივით, რომ შემდეგ მათი ან მათი ოჯახის წევრების ჯიბეში არ აღმოჩნდეს ნარკოტიკი, ბომბი და სხვა მსგავსი რამ. რაც შეეხება ამ განცხადების საფუძვლიანობას, ჩვენ მიერ ყველა სოციალურ საკითხთან დაკავშირებით გაჟღერებული ინფორმაცია, სამწუხაროდ, ყოველთვის მართლდება. ტრანპორტზე სანამ გააძვირებდნენ გადასახადს, ჩვენ რამდენიმე ხნით ადრე, გამოვააშკარავეთ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება და მაშინ მერია გამოგვეხმაურა და თქვეს, რომ ეს იყო აბსოლუტური ტყუილი. იგივე მოხდა წყლის გაძვირებასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელისუფლებამ ასევე აბსურდული უწოდა, მაგრამ როგორც ვიხილეთ შემდგომ, მართალი აღმოჩნდა. არც ამჯერად დაუტოვებივართ უყურადღებოდ.

მერიის პრესსამსახურის უფროსი, ბაღებთან დაკავშირებულ ჩვენს განცხადებას გამოეხმაურა ერთ–ერთ გაზეთში და თქვა, რომ ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ რა იქნება შემდგომ, არ ვიცითო. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად დაადასტურა და გაამყარა ჩვენ მიერ გაჟღერებული განცხადება. ასევე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლება ჯერ დედაქალაქის მოსახლეობაზე ჩაატარებს, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტს, ნახავენ, რა რეაქცია მოყვება მოქალაქეების მხრიდან და შემდგომ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რაიონულ და რეგიონალურ ცენტრებში განახორციელონ თუ არა იგივე.

– დღეს მოქმედ მთავრობის დადგენილებაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. იქ 80 ლარის ოდენობით გადასახადი ფიქსირდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილებზე. ზოგადად, მთავრობის დადგენილება ბოლო ორი წლის ინტერვალით რამდენჯერმე შეიცვალა და უკანასკნელი დადგენილება სულ ახლახანს დაამტკიცეს. ასე უპრობლებოდ და ყოველდღე უნდა იცვლებოდეს ასეთი გადაწყვეტილებები?

– დადგენილება რაში აინტერესებთ, შეცვლიან უპრობლემოდ. შესაძლოა, მარტივად გადაწყვეტენ საქმეს, ჩაამატებენ ერთ–ერთ პუნქტს, რაც ამათ არ გაუჭირდებათ, რომლის მიხედვითაც დაწესდება გადასახადი დაახლოებით 50–დან 80 ლარამდე. ესენი ხომ დიდი ხანია ებრძვიან ამ და სხვა სოციალურ სფეროს და სათავისოდ იყენებენ საკმაოდ წარმატებულად. ყველა პრესტიჟულ ადგილებში სააკაშვილმა გაყიდა დაახლოებით 40–ზე მეტი ბაგა–ბაღი და 1003 სკოლა.

– ვის მიყიდეს ბაგა–ბაღები?

– კერძო პირებს, თავისი კლანის წარმომადგენლებს. ერთ–ერთი იყო სანზონაში, სადაც უგულავა აშენებდა საცხოვრებელ კორპუსს. ვაკეში, ასევე ლოტკინზე და ასე შემდეგ. მათ პრივატიზაცია ჩაუტარდათ, როგორც თავად ამბობენ, კონტიგენტის სიმცირის მოტივით. შემდეგ, ასე ვთქვათ, შემოდეს დახლზე და გაყიდეს და მოგეხსენებათ, ეს ბაგა–ბაღები პრესტიჟულ ადგილებზე იყო განლაგებული. მას ჰქონდა ბავშვების გასასეირნებლად და გასართობად განკუთვნილი ძალიან დიდი ტერიტორიები. და ახლა კი, როცა დააწესებენ გადასახადს, ბუნებრივია, მათი მხრიდან დაბეჩავებული მოსახლეობა ჩავარდება კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში. მათ ეს არ აინტერესებთ. რატომ უნდა ღელავდეს, აინტერესებდეს ან წუხდეს, მაგალითად, სემეკის თავმჯდომარე და ამ სტრუქტურის წევრი მაია ნადირაძე ამ საკითხით, როცა მისი ხელფასი 9.300 ლარია. ბუნებრივია, ამ პირობებში მხოლოდ მათი ოჯახი და შვილები იქნებიან უზრუნველად, სოციალურად გაუბედურებული ხალხის ხარჯზე. სახელმწიფო ბაღებში გადასახადის დაწესება ემსახურება ერთადერთ მიზანს და იმაზეა გათვლილი, რომ მოქალაქეებმა ვერ შეძლონ გადახდა, შემცირდეს კონტიგენტი, სწორედ, ამავე მოტივით, როგორც ეს არაერთგზის გააკეთეს, შეკვეცონ ბაღები და საბოლოოდ კი გაყიდონ საკუთარი კლანის წარმომადგენლებზე. შედეგად, გახდება ბაღები კომერციული, რომელიც 200 ლარი ეღირება ან უარეს შემთხვევაში, ამ ნაგებობებს გამოიყენებენ კერძო ინტერესებისთვის. უგულავას და ხელისუფლების საერთო გეგმის ძირითადი მიზანი ასეთი გახლავთ.

– როგორც ამბობენ, ბაღები ფასიანი გახდება იანვრიდან. თქვენ ისეთი სქემა ჩამოაყალიბეთ, რომ ეს შორი პერსპექტივა შეიძლება იყოს.

– შორი პერსპექტივა ეს არ გახლავთ, ეს იგეგმება უკვე. მე გავაფრთხილე სააკაშვილი და უგულავაც, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, მათი მხრიდან მორიგი დანაშაულებრივი გადაწყვეტილების წინააღმდეგ. უგულავა ხომ ის მერია, რომელიც ხალხზე მზრუნველი ადამიანის მანტიაში გამოგვეცხადა წყლის ტარიფთან დაკავშირებით. მაშინ მან იცრუა. ასევე იცრუებს ბაღების თემაზეც. მათ არ გაუჭირდებათ მარტივად და ოპერატიულად კიდევ ერთი, მორიგი ტყუილის თქმა.

– თუმცა, ბაღის გამგეებს ვესაუბრეთ და მათ მსგავსი ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ მერიიდიან და ჭორიაო ამბობენ, რამდენად სარწმუნოა თქვენი ინფორმაცია?

– ბაღის გამგეს ვინ გააგებინებს, აპირებს თუ არა მერია ამის გაკეთებას, გადაწყვეტილებას ხელისუფლება იღებს და არა ბაგა–ბაღის გამგე. მე ბედნიერი ვიქნები თუ ხელისუფლების მხრიდან ამ მორიგი მზაკვრული გეგმის განხორციელებაზე უარს იტყვის. ჩვენც სწორედ ეს გვინდა. ტრანსპორტის გაძვირებაზე, როცა ჩვენ დავიწყეთ საუბარი, მას შემდეგ ეს მომსახურეობა გააძვირეს არა ორჯერ, როგორც ეს დაგეგმილი ჰქონდათ, არამედ 10 თეთრით, თუმცა გამოსავალი ამ შემთხვევაშიც მონახეს და მაინც ორმაგად გააძვირეს რეალურად, როცა ხაზები გააუქმეს.

ანა ქარდავა



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online