asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ჩიტო–გვრიტო
ჩიტო–გვრიტო
ჩიტო–გვრიტო

2010-12-08 14:05:24



ლენინ, ჰა, ლენინ, აქეთ გამოიხედე!

როდესაც სტალინი მოკვდა, ლენინის გვერდით მოათავსეს, ხოლო მავზოლეუმის შესასვლელთან, გრანიტის ფილაზე დაწერეს: "ლენინი–სტალინი". მერე იფიქრეს, იფიქრეს და სტალინის მოშორება გადაწყვიტეს.

ამ მიზეზით 1956 წელს, თბილისში, სანაპიროზე, სტალინის ქანდაკებასთან, მიტინგი შეიკრიბა. ორატორები ამბობდნენ, რომ სტალინი უნდა დატოვონ მავზოლეუმში, ის ისეთივე კარგია, როგორიც ლენინი (ლენინი სტალინივით ცუდი მოგვიანებით გახდა).

იმ დღეს მჟავანაძეს ხრუშჩოვმა დაურეკა და გააფრთხილა – თუ დაუყოვნებლივ არ დაამყარებდა წესრიგს, მაშინ ხრუშჩოვი ქართველების დეპორტაციას მოახდენდა ყაზახეთში, იქ, სადაც სტალინმა ჩეჩნების დეპორტაცია მოახდინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა წყლის ჭავლით მიტინგის დაშლის წინადადება წამოაყენა, მაგრამ მჟავანაძე არ დაეთანხმა – იქ ასაკოვანი ხალხია, ბავშვები... გაცივდებიანო. "ორი–სამი დღე ილაპარაკებენ, ილაპარაკებენ და სახლებში წავლენ". ვასილი პავლოვიჩი, გამოცდილი გენერალი და მამაცი მებრძოლი, ცხოვრებაში ძალიან რბილი ადამიანი იყო. მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრი საკავშირო მინისტრს ექვემდებარებოდა და მაინც გამოიყენა წყლის ჭავლი. თავისი პირველი მდივანი რომ არ გაებრაზებინა, ჭავლი მიუშვა არა დიდ მიტინგს – სტალინის ძეგლთან, არამედ პატარას – ოპერის თეატრის სკვერთან. მაგრამ როდესაც სახანძრო მანქანებში წყალი დამთავრდა, მომიტინგეები სკვერში დაბრუნდნენ.

მეორე დღეს, დილით (მიტინგი სამი დღე გრძელდებოდა), ქანდაკებასთან გაჩერდა სატვირთო მანქანა, რომლის ძარაზე იდგნენ სტალინი და ლენინი – გორის დრამატულმა თეატრმა მიტინგზე თავისი მსახიობები მოავლინა პროლეტარიატის ბელადების კოსტიუმებსა და გრიმში.

მიტინგის წამყვანმა მიკროფონში გამოაცხადა: "გორელმა თანამოაზრეებმა გამოაგზავნეს ლენინი და სტალინი, რომ ყველამ ნახოს – ლენინს და სტალინს ერთმანეთი უყვარდათ! და ლენინი სტალინს ერთგულ ლენინელად თვლიდა!".

– ლენინმა სტალინს ხელი ჩამოართვას! – დაიყვირეს მომიტინგეებმა.

და ლენინმა სტალინს ხელი ჩამოართვა.

– აკოცოს! – სთხოვეს მომიტინგეებმა.

და ლენინმა სტალინს აკოცა.

– სტალინმაც აკოცოს ლენინს! – მოითხოვეს მომიტინგეებმა.

და სტალინმა აკოცა ლენინს.

– ვიდრე არ გაიხდიან და არ დაწვებიან, არაფერი გამოუვათ! – დაიყვირა ვიღაცამ.

ყველას გაეცინა.

– ცირკს ნუ მოვაწყობთ! – ბრძანა მიტინგის წამყვანმა და ბრაზით მიუკაკუნა მიკროფონს, – ჩვენ აქ მნიშვნელოვან საკითხებს ვწყვეტთ!

სიტყვა მისცეს პოეტს, რომელმაც წაიკითხა თავისი ლექსები სტალინზე.

ლენინი და სტალინი მთელი დღე იდგენ სატვირთო მანქანის ძარაზე. ლენინი დროგამოშვებით მარჯვენა ხელს წინ იშვერდა და ყვიროდა: "გაუმარჯოს მარქსს, ენგელსს, ლენინს და სტალინს!". სტალინი აუჩქარებლად ეწეოდა ყალიონს, სტალინურად, თან სატვირთო მანქანაზე მიმოდიოდა, ორი ნაბიჯი იქით, ორი – აქეთ (როგორც ამას აკეთებდა მსახიობი გელოვანი ფილმში "ბერლინის დაცემა"). დროგამოშვებით სტალინი საბარგულიდან ჩამოდიოდა, მანქანის უკან იმალებოდა და ხარბად ეწეოდა სიგარეტ "დუკატს" (ყალიონით ნაფაზს ვერ ურტყამდა, ახველებდა).

მიტინგი მეორე დღესაც გაგრძელდა. ლენინი და სტალინი დილიდან იდგნენ საბრძოლო პოსტზე. თბილისის მომიტინგეებს შეუერთდნენ სტალინისტები სხვა ქალაქებიდან. მოხუცმა ცალხელა კრასნოდარელმა პოლკოვნიკმა თქვა, რომ დაწერა სიტყვა, მაგრამ არ წაიკითხავს, უბრალოდ ერთ–ორ კითხვამს დაუსვამს ვლადიმერ ილიჩს:

– ლენინ, ჰა, ლენინ! აქეთ მოიხედე! უთხარი ხალხს, ვინ ააშენა შენთვის მავზოლეუმი! ვინ?!

– სტალინმა? – ყოყმანით მიუგო ლენინმა.

– აბა, ვინ შეასრულა მთელი შენი დანაბარები? პუშკინმა?!

– რატომ პუშკინმა?! ამხანაგმა სტალინმა იოსებ ბესარიონოვიჩმა ყველაფერი შეასრულა, – თქვა ლენინმა ქართული აქცენტით.

– და ახლა, როცა ის მავზოლეუმიდან გამოიტანეს, რატომ დუმხარ?!

– მე?! – დაიბნა ლენინი.

– მე შემომხედე, თვალებს კი ნუ აცეცებ! უპასუხე ხალხს, რატომ?!

– იმიტომ, რომ ის მოკვდა! – ლენინს მიეშველა სტალინი.

– სწორი პასუხია! მაგაშია საქმე! ლენინი არ არის, სტალინი არ არის და ამით ისარგებლეს რევიზიონისტებმა და ანტიმარქსისტებმა! მე გთავაზობთ, დავწეროთ განცხადება და გავგზავნოთ ის ჩინეთში, ამხანაგ მაო ძედუნთან...

– ამხანაგო პოლკოვნიკო, – შეაწყვეტინა ფრთხილმა წამყვანმა, – ნუ გადავუხვევთ თემას.

ნაშუადღევს სტალინმა საათს დახედა, ხვნეშით ჩამოძვრა სატვირთო მანქანიდან (სამოცდაათ წელზე მეტის იყო), მივიდა მიტინგის წამყვანთან და ყურში რაღაც უთხრა.

– ამხანაგებო, – ხალხს მიმართა მიტინგის წამყვანმა, – სტალინი გვთხოვს, რომ გავუშვათ, მას საღამოს სპექტაკლი აქვს. გავუშვათ?

– არა! არ გავუშვათ!

მაშინ სტალინმა მიკროფონი აიღო და შეევედრა:

– ამხანაგებო, შემცვლელი არ მყავს: სპექტაკლი ჩავარდება! მომეცით წასვლის ნება! ძალიან გთხოვთ!

ლენინი?

ლენინი დარჩება, ლენინი თქვენთან იქნება, – თქვა სტალინმა, – რობიკ, უთხარი! – მიუბრუნდა ლენინს.

– ბიჭებო, – დაიყვირა ლენინმა, – მე ამ კვირაში სპექტაკლი არ მაქვს! აქ ვიდგები თქვენთან ერთად! რამდენსაც მეტყვით, იმდენ ხანს ვიდგები!

– დაიფიცე! – მოითხოვა ხალხმა.

– დედას გეფიცებით! – დაიყვირა ლენინმა.

ყვეელაფერი ტრაგიკულად დამთავრდა. ცენტრიდან მოსული ბრძანების საფუძველზე შემოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარები. ბევრი დაიხოცა.

გზანი წამებისანი

გადავწყვიტე, მარკ ტვენის "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი" გადამეღო.

"გოსკინოში" მითხრეს:

– დაიწყე.

მე ვიქტორია ტოკარევასთან ერთად დავჯექი სცენარის დასაწერად. ამ დროს დარეკა კალატოზოვმა და ერთობლივ საბჭოთა–იტალიურ ფილმში სცენარისტად მუშაობა შემომთავაზა. სცენარისტი იტალიელთა მხრიდან – იტალიური ნეორეალიზმის მამა ჩეზარე ძავატინი, მთავარ როლში – მსოფლიოს გამოჩენილი ვარსკვლავი ალბერტო სორდი, პროდიუსერი – კინომაგნატი დინო დე ლაურენტისი, რეჟისორი – თვითონ კალატოზოვი.

სორდის უნდოდა უბრალო მუშის თამაში. ლაურენტისი ითხოვდა, რომ ფილმში უსათუოდ ყოფილიყო ვოლგაზე გემით მოგზაურობა. კალატოზოვს კი უნდოდა, რომ ფილმში ყოფილიყო ხანძარი. ეს იყო ყველაფერი, რისი თქმაც იმ მომენტში შეეძლო.

ვუთხარი, რომ მისი წინადადება ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ მიღება არ შემიძლია: შემოდგომაზე "ჰეკლბერი ფინის" ჩაშვებას ვაპირებ.

კალატოზოვმა მითხრა, რომ გადაღება დაგეგმილია ზაფხულში, ამიტომ სცენარი უნდა იყოს ივნისში და მე უამრავი დრო დამრჩება "ჰეკლბერი ფინისთვის". მოიფიქრეთ და დარეკეთო.

– რა მოფიქრება უნდა, – თქვა ვიკამ, – შენი ჰეკლბერი არსად დაგეკარგება!

ფენომენალე!

ავატინი არც ორი კვირის შემდეგ ჩამოსულა, არც მაისში, არც ივნისში. ის აგვისტოს შუა რიცხვებში ჩამოვიდა. ვოლგაზე გემით გასეირნება არ გამოვიდა, იმიტომ, რომ ასტრახანში ხოლერა იყო და კარანტინი გამოაცხადეს.

ნეორეალიზმის კლასიკოსი სასტუმრო "სოვეტსკაიაში" დაასახლეს. ყოველ დილით მე და თარჯიმნები ვალოდია ვართანოვი და ვალერა სეროვსკი მასთან სამუშაოდ მივდიოდით. მე ვყვებოდი სიუჟეტებს, რომლებიც მოვიგონე, ის კი ამბობდა, რომ მისთვის რთულია იმსჯელოს, რადგან რუსეთს ცუდად იცნობს.

ჩვეულებისამებრ, მე და ვალერა უფრო ადრე მივდიოდით მასთან და კლასიკოსს ქვევით, რესტორანში ვუმასპინძლდებოდით. ერთხელაც მეზობელ მაგიდასთან ორი ქალი დავინახეთ, გარეგნობით თუ ვიმსჯელებთ – ხელმძღვანელი თანამდებობის პირები პროვინციიდან: მაღალი ვარცხნილობა, მკაცრად შეკერილი ბლუზები, სამკერდე ნიშნები მუქ პიჯაკზე. მაგიდაზე ელაგათ საჭმელი და ქაღალდები – ერთდროულად ჭამდნენ და მუშაობდნენ. ასევე იდო ორი ფუჟერი და ბოთლი არაყი. ქალბატონები ავსებდნენ ფუჟერებს და ცლიდნენ. წარბშეუხრელად ცლიდნენ, არც აჭახუნებდნენ, არც რამეს ატანდნენ.

– არაყი? – გაუკვირდა ძავატინის.

– წყალი, – ვიცრუე მე.

ამასობაში ბოთლი დაიცალა, მანდილოსნებმა ოფიციანტს მოუხმეს, მან კიდევ ერთი ბოთლი მოიტანა – სუფთა არაყი. ქალებმა უწინდებურად, მიჭახუნების გარეშე დალიეს, ანგარიში გაასწორეს, ადგნენ და წავიდნენ. სახეზეც არ წამოწითლებულან, რაც ჩემთვისაც გასაოცარი იყო.

– ფენომენალე! – წამოიძახა იტალიური ნეორეალიზმის მამამ და თავის ბლოკნოტში რაღაც ჩაიწერა.

ხოლერა არაფრით დამთავრდა. ორი კვირის შემდეგ, როგორც იქნა, შევთანხმდით, რომ იტალიელ გმირს ერქმევა ალბერტო, რუსს – მაშა და ძავატინიმ გამოაცხადა, რომ მისი გამგზავრების დროა:

– შენ დაწერე, დანელია. მერე მე შევასწორებ.

მან მაჩუქა თავისი ორი ნახატი (მუშაობის დროს ის გამუდმებით ხატავდა ფერადი ცარცებით) და გაფრინდა.

თოფი, რომელიც გავარდა

დახმარება ტოკარევას ვთხოვე. ჩავწერეთ სიუჟეტი, რომელიც მოსწონდა კალატოზოვს და "გოსკინოში" ჩავაბარეთ.

და უცებ სკანდალით ხსნიან "მოსფილმის" დირექტორს. სკანდალის მიზეზი – ორი წლის წინ ფილმ "წითელი კარავის" გადაღებისას იტალიელებმა დირექტორს თოფი აჩუქეს. ამის შესახებ ყველამ იცოდა (დირექტორი ამ თოფით სულ ტრაბახობდა), მაგრამ სკანდალი რატომღაც ახლა დასჭირდათ.

ხელმძღვანელ პირებს შეეშინდათ და ყოველი შემთხვევისთვის განაცხადეს, რომ რეჟისორ კალატოზოვის ახალ იტალიურ პროექტთან არავითარი კავშირი არ აქვთ.

– მაგრამ ძავატინი ხომ თქვენ თვითონ გამოიძახეთ! – გაოგნდა კალატოზოვი, – შეხვედრებს უწყობდით, ბანკეტებს! რატომ?!

– კულტურული გაცვლის მიზნით, – გამოუცხადეს მას.

ასეთი თავხედობისგან კალატოზოვს გული ცუდად გაუხდა და საავადმყოფოში მოხვდა.

პროექტი ჩაკვდა. მე და ტოკარევამ "ჰეკლბერი ფინზე" მუშაობა გავაგრძელეთ. ის–ის იყო, სტარტი ავიღეთ – ზარი გაისმა. "გოსკინოში" მიბარებდნენ: ერთობლივ ფილმზე მუშაობა განახლდა, იტალიელებს სურთ, რომ ფილმის რეჟისორი ვიყო მე.

– მე?! აბა, კალატოზოვი?!

მიხაილ კონსტანტინოვიჩი ავადაა, თანაც ასაკი...

ვუთხარი, რომ მე არ გადავიღებდი.

– რატომ?

– იმიტომ, რომ გეგმაში "ჰეკლბერი ფინის" გადაღება მაქვს.

– გეგმა ბიბლია არ არის, – მითხრეს, – არც კონსტიტუცია. მისი კორექტირება შეიძლება. მაისში ჩამოვა სონეგო, სცენარისტი, რომელიც სორდისთვის წერს სიუჟეტებს, მასთან ერთად დაწერ სცენარს, სწრაფად გადაიღებ ფილმს, მერე კი ჩაგიშვებთ შენს "ჰეკლბერი ფინთან" ერთად.

რჩევისთვის ოსტატთან მივედი.

ბრამსის ერთგული გული

– რა უნდა უნდა შემომთავაზონ, რომ ეს ფილმი გადავიღო! – თქვა კალატოზოვმა.

– მაშინ მეც არ გადავიღებ!

– აი, თქვენ, გია, გირჩევთ, არ თქვათ უარი. ჯერ ერთი, დასავლურ ჯგუფთან მუშაობა სასარგებლოა. მეორეც, ვიდრე იმას არ გადაგაღებინებენ, რაც უნდათ, არ მოგეშვებიან.

მიხეილ კონსტანტინოვიჩმა ოთახში გაიარ–გამოიარა, თაროდან ფირფიტა აიღო და მკითხა:

– ბრამსის "ერთგული გული". გახსოვთ?

– მახსოვს.

ზაფხულში, როდესაც ძავატინისთან ერთად ვმუშაობდით, ერთხელ რჩევის საკითხავად ოსტატთან მივედი. კალატოზოვი მაგიდასთან იჯდა და ლუპით აკვირდებოდა ფირფიტის ეტიკეტზე გამოსახულ ძაღლს გრამოფონით. ფირფიტა განსაკუთრებულად ეჭირა, დიდი თითი კიდეზე, ნეკი – ნასვრეტთან, რათა თითებით ზედაპირს არ შეხებოდა (კალატოზოვი ფირფიტების გულმხურვალე კოლექციონერი იყო). მან გვერდით დამისვა, მომცა ლუპა და ფირფიტა მომიშვირა.

ლუპას გავხედე და ფირფიტაზე შავი ბილიკები დავინახე.

– ხედავთ, როგორი ბილიკებია? – ამაყად მკითხა მან.

– ვხედავ, ძალიან კარგი ბილიკებია.

– იმიტომაც აქვს შესაფერისი ხმა. ბრამსის "ერთგული გული". იცით?

– არა.

– არაჩვეულებრივი მელოდიაა, – მან ფირფიტა დისკზე დადო, ჩართო, ფირფიტა დატრიალდა. მერე უჯრიდან ამოიღო ფუნჯი ვიოლინოს გასაღების ფორმის პერლამუტრის ტარით და ფირფიტას მიადო.

– კოლონოკი, იდეალურად წმენდს მტვერს, – ამიხსნა მან.

– ის ხომ ახალია.

– მტვერი ყოველთვის არის. ფირფიტას მოვლა უნდა. სხვა შემთხვევაში ისეთი ვერ იქნება.

მან აკურატულად, თავისი მეთოდით აიღო ფირფიტა, კონვერტში შეინახა და სხვებთან ერთად თაროზე შემოდო.

– ბრამსს არ მოვუსმენთ? – გამიკვირდა მე.

– უსათუოდ მოვუსმენთ, გადავიღებთ ფილმს და მოვუსმენთ. ჩავუთქვი, რომ "ერთგულ გულს" გადაღების ბოლო დღეს მოვუსმენთ, – თქვა კალატოზოვმა.

და აი, მან ფირფიტა დისკზე დადო და ჩართო.

გაჟღერდა ბრამსის მუსიკა. ფანჯრის მიღმა თოვდა. მიხეილ კონსტანტინოვიჩი ფანჯარასთან იდგა, ზურგით ჩემკენ და პირველად შევნიშნე, რომ ჩემი ოსტატი, ყოველთვის წელში გამართული და შემართული, ახლა მოხუცივით მოხრილი იყო.

ბრამსის "ერთგულ გულს" მეორედ რამდენიმე წლის მერე მოვუსმინე, როდესაც კალატოზოვის კოლექციის რამდენიმე ფირფიტა მისი ვაჟისგან, ჩემი მეგობრის ტიტოსგან წამოვიღე მაგნიტოფონზე გადასაწერად. მიხეილ კონსტანტინოვიჩი უკვე აღარ იყო. გული.

ვოლგაზე

რუდოლფო სონეგო ცოლთან ალეგრასთან და შვილთან ჯულიოსთან ერთად მაისის დასაწყისში ჩამოფრინდა. ჩვენ – ტოკარევა, ორი თარჯიმანი – ვართანოვი და სეროვსკი და მომავალი ფილმის დირექტორი კარლენ აგაჯანოვი – სონეგოს ოჯახთან ერთად გავცურდით გემით ვოლგაზე.

იმ მოგზაურობიდან ის დამამახსოვრდა, რომ ჯულიო საზამთროს მდოგვთან ერთად ჭამდა, ალეგრა იწერდა ყველა სიტყვას, რომელიც ესმოდა და მერე არკვევდა, რას ნიშნავს ისინი (ასეთნაირად სწავლობდა რუსულ ენას), ხოლო სონეგო – ბევრი ცნობილი იტალიური ფილმის ავტორი – გვთავაზობდა სიუჟეტებს.

გემი ტურისტული იყო, დროგამოშვებით ნაპირთან ჩერდებოდა, რომ მგზავრებს ეჭყუმპალავათ და ებანავათ. ყოველ ჯერზე მეზღვაურებს სირბილით გამოჰქონდათ მაგიდა, სკამები და საბეჭდი მანქანა, ყველაფერს ხეების ჩრდილში დებდნენ, შორს მობანავეებისგან. აგაჯანოვი გვეძახდა:

– სცენარისტებო! დასხედით, წერეთ!

მას, როგორც მეწარმეს, კარგად ესმოდა, რომ დრო ცოტა გვქონდა. ჩვენ გემბანზე ვიდექით, ვქაქანებდით და ვქაქანებდით, ერთი წინადადებაც არ დაგვიწერია!

– დავბრუნდებით მოსკოვში და დავწერთ. აქ სივიწროვეა, უჰაერობა და ხმაური! – ვუხსნიდი მე.

ჰოდა, ისიც ორგანიზებას უკეთებდა სივრცეს, სიგრილეს და სიჩუმეს.

ასე მივცურდით ვოლგოგრადამდე. სასიამოვნო მოგზაურობა იყო!

სხვათა შორის. ამის შემდეგ ვოლგაზე 1999 წელს ვიყავი, როდესაც ვიღებდით ფილმს "ფორტუნა". ყველაფერი შეიცვალა. აღარ იყო სამგემბანიანი ლამაზი ორთქლმავლები ხმაურიანი ტურისტებით, არ იყო ურიცხვი ტანკერი და ბარჟა. არ იყო მხიარული, ხალხმრავალი სოფლები. ისინი დაიცალნენ და ჩაშავდნენ... დარჩნენ მოხუცი ბერიკაცები და დედაბრები. ხოლო მათ ტანსაცმელზე, თითქმის ყველაზე, ინგლისურად იკითხებოდა: "adidas" , "nike", "coca cola". მიდის მკვდარ სოფელში ბერიკაცი გაქუცული უშანკით, დაკემსილი ვალინკებით, ფერგადასული ტყაპუჭით, გულზე კი წარწერა იწონებს თავს: "anhattan bank".

ლეზგინკა

ხუთი წლის ვიყავი, როდესაც ვოლგაზე პირველად ვიმოგზაურე. უდიდეს მდინარეზე სამოგზაუროდ დედამ წამიყვანა. როდესაც კოსტრომას ვათვალიერებდით, დედამ ფეხი იღრძო, ამიტომ ვერ დადიოდა და კაიუტაში იწვა. გავიგე, როგორ ეუბნებოდა კაიუტის მეზობელს, რომ ფეხის გამო ვერ მოახერხა კოსტრომაში გამოგზავნილი ფულის აღება და სთხოვა, მოსკოვამდე ხუთი მანეთი მიეცა. ვიცოდი, რომ ფულის სესხება ცუდია. "რაც გაქვთ, ის უნდა იმყოფინოთ, – ეუბნებოდა ბებია ჩემს მშობლებს, როდესაც ისინი ისევ სტუმრებს ეპატიჟებოდნენ, – მთავარია, ვალებში არ ჩავარდეთ". გადავწყვიტე, თვითონ მეშოვა ფული. გამოვედი გემბანზე და მგზავრებს ვკითხე, სურდათ თუ არა ენახათ, როგორ ცეკვავენ ქართველები ლეზგინკას. სურვილი გამოთქვეს. "ასსა!" – დავცხე მე, ხელები გავშალე და წრე დავარტყი. საზოგადოება კეთილგანწყობით შეხვდა ახალგაზრდა ჯიგიტს: იღიმებოდნენ, ტაქტში ტაშს მიკრავდნენ, წამოძახილებით მამხნევებდნენ. ცეკვის დასასრულს შევხტი და მუხლებზე დავხტი. მერე მოვიხადე ტიუბიტეიკა და მაყურებელს ჩამოვუარე. ტიუბიტეიკა ხურდა ფულით გავავსე (ვიღაცამ ქაღალდის მანეთიანიც დამიდო) და დედას წავუღე:

– აჰა! და ვალებში არ ჩავარდე!

დედა შეწუხდა:

– არასოდეს ასე აღარ გააკეთო. შენ მე და მამაშენს გვარცხვენ.

მერე კოჭლობით დადიოდა გემზე, არკვევდა – ვინ რამდენი მისცა და ფულს უბრუნებდა.

მე გული დამწყდა. ვფიქრობდი, რომ დედა უჭკუოდ იქცეოდა – მე ისე ვცდილობდი, ვალი არ აეღო, მუხლებიც კი გადავიტყავე, მან კი ყველაფერი ქარს გაატანა! მაგრამ კრინტი არ დამიძრავს: რატომ ვეკამათო ქალს, რომელსაც სტკივა ფეხი?

ო სოლე მიო!

ვოლგოგრადის შემდეგ საქართველოში გადავფრინდით, თბილისში და იქ ჩვენით ჩემი მეგობრები დაკავდნენ. მეხუთე დღეს, მორიგი სუფრის შემდეგ, როდესაც პრესკონფერენციაზე ალეგრას ჰკითხეს, როგორ მოეწონა საქართველო, მან უპასუხა, რომ საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა, ძალიან ლამაზი ხალხია და ლამაზი საჭმელებია, მაგრამ ისინი ისე დიდხანს სხედან სუფრასთან, "რომ ახლა მას ძალიან ტკივილი თავისი ტრაკი" (ცოცხალი ენის სწავლამ თავისი შედეგი გამოიღო).

შემდეგ დღეს მიპატიჟებაზე უარი ვთქვით და ორი მანქანით მცხეთაში წავედით, სტუმრებისთვის უძველესი ქართული ჯვრის მონასტრისა (მასზე ლერმონტოვი წერდა პოემაში "მწირი") და სხვა არქიტექტურული ძეგლების საჩვენებლად. როდესაც ყველაფერი დავათვალიერეთ, გადავწყვიტე, სტუმრები ხინკალზე დამეპატიჟა.

წავიყვანეთ რესტორანში "მტკვარზე", რომელიც ცნობილი იყო თავისი ხინკლით. მივედით – სიცარიელეა. კაციშვილი არ არის, მარტო უღიმღამო ოფიციანტი.

– ხინკალი არ არის და არც იქნება. მზარეული დაიჭირეს, – სევდიანად გვაუწყა ოფიციანტმა.

გზა ჟინვალისკენ გავაგრძელეთ – საქართველოს სამხედრო გზისკენ, არაგვის დინების მიმართულებით. მაგრამ იქაურ რესტორანშიც არავინ იყო, მზარეული იქაც დაჭერილი აღმოჩნდა.

შევთავაზე, წავსულიყავი ბაზარში, მეყიდა ყველი, მწვანილი, ცხელი პური და სადმე ბუნებაში გვეჭამა.

– როგორ თუ ყველი, მწვანილი?! – აღშფოთდა აგაჯანოვი, – წავიდეთ ფასანაურში, იქაც იციან ხინკალის მომზადება. რადგან ხინკალს დავპირდით – უნდა მივართვათ! სტუმრები არიან!

(კარლენი წარმოშობით თბილისიდან იყო და სტუმართმოყვარეობის წესები იცოდა).

წავედით ფასანაურში. მივუახლოვდით რესტორანს. სიმღერის ხმა გვესმის.

მომცრო დარბაზში, ღვინით სავსე დოქითა და ხინკლით დამშვენებულ მაგიდასთან მამაკაცების კომპანია იჯდა, ასე, ხუთი კაცი, პერანგებში, პიჯაკების გარეშე. კაცები ქართულ საცეკვაოს მღეროდნენ და ტაქტში უკრავდნენ, მათ წინ კი ლეზგინკას ცეკვავდა ასე ორმოცდაათი წლის თავმოტვლეპილი მამაკაცი, ზევიდან გადმოფენილ წითელ პერანგში და თავზე შემოდგმული დოქით.

კუთხეში დავსხედით, ოფიციანტს დავუძახეთ და ხინკლის მოტანა ვთხოვეთ.

– ყველს, მწვანილს, პურსა და შპროტს მოგიტანთ, ხინკალს – ვერა, – ამოიოხრა ოფიციანტმა, – სამზარეულო არ მუშაობს.

– როგორ თუ არ მუშაობს?! – აფეთქდა აგაჯანოვი, – ეს რა არის? – მან მეზობელ მაგიდაზე მიუთითა, – შპროტი?!

– ის, რაც იმ მაგიდაზეა, მზარეულმა დილით გააკეთა, მილიციის მოსვლამდე, – ხელმეორედ ამოიოხრა ოფიციანტმა.

– რა, მზარეული აქაც დაიჭირეს? – ვკითხე მე.

– ჯერ არა. ჯერ ვაჭრობენ, – ჩუმად თქვა ოფიციანტმა და კომპანიისკენ გაიხედა.

ახლაღა შევნიშნეთ, რომ სკამის საზურგეებზე მილიციელების კიტელები ეკიდა.

– მზარეული ის არის, რომელიც ცეკვავს? – იკითხა აგაჯანოვმა.

– არა, ცეკვავს პროკურორი. მზარეული ის არის, რომელიც მაგიდაზე უკრავს.

– ჰოდა, უთხარი, რომ უცხოელები მოვიყვანეთ.

როცა მილიციელებმა გაიგეს, რომ უცხოელები გვახლდნენ, კიტელები ჩაიცვეს, პროკურორმა პერანგი შარვალში ჩაიტენა, მზარეული კი სამზარეულოში გაუშვეს. ერთი საათის შემდეგ სონეგო და პროკურორი უნისონში მღეროდნენ "ო სოლე მიო!". პროკურორი იტალიურად ისე ხმამაღლა და რიხიანად მღეროდა, თითქოს თავისუფალ დროს "ლა სკალაში" მუშაობდა.

– კარგად მღერიან, – ვუთხარი მზარეულს.

– მე რომ მაგდენ ფულს ვაკეთებდე, რამდენსაც ეგ ბულბული აკეთებს, კიდევ უფრო ხმამაღლა ვიმღერებდი, – ზიზღით წარმოთქვა მან.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სტალინი
კავშირი ტეგთან: სტალინი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online