asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ეკა ბესელია ეროვნული დაუმორჩილებლობის სასწრაფოდ დაწყებას ითხოვს
ეროვნული დაუმორჩილებლობა სასწრაფოდ!
ეკა ბესელია ეროვნული დაუმორჩილებლობის სასწრაფოდ დაწყებას ითხოვს

2010-12-08 14:05:05



სახალხო კრების აქციის შემდეგ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებში არსებული ნიჰილიმზი და უიმედობა გაიზარდა. აქციის მონაწილეთა ნაწილი ისეთი განწყობით დაიშალა, მათ უკან ვეღარანაირი ძალა ვეღარ მიაბრუნებს. ხალხს რომ თავი დავანებოთ, თავად სახალხო კრების შიგნით მოხდა განხეთქილება. კრების საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ოპერის მომღერალმა ლელიკო ჯაფარიძემ და საორგანიზაციო ჯგუფის ერთ–ერთმა წამყვანმა სახემ, სოსო მანჯავიძემ, კრება დატოვეს. ორივემ იგივე თქვა, რაც რამდენიმე თვის წინ მწერალმა მერაბ შათირიშვილმა, რომელმაც პირველმა დატოვა კრების დარბაზი. მანჯავიძემ განაცხადა, რომ მოხდა კრების ბურჯანიზაცია, ჯაფარიძემ თქვა, ბურჯანაძემ კრება თავის პარტიულ დანაყოფად აქცია და ნონა გაფრინდაშვილი მისი ხელმძღვანელიაო. ისეთი მწარე სუნი ტრიალებს, შეიძლება წამოსულებს სხვებიც მიჰყვნენ. არც კრების მხარდამჭერ პოლიტიკოსებს შორისაა ჰარმონიული ურთიერთობა. ეროვნული ფორუმი ირაკლი მელაშვილმა დატოვა.

25 ნოემბერს სახალხო კრებამ რეზოლუცია კი მიიღო, მაგრამ გეგმები არ გაგვიმხილეს. გვითხრეს, ვითათბირებთ და შეგატყობინებთო. ამ საკითხებზე "სარკე" სახალხო კრების მმართველობის ერთ–ერთ აქტიურ წევრს, ეკა ბესელიას ესაუბრა.

ეკა ბესელია:

– სახალხო კრებამ უნდობლობა გამოუცხადა კონსტიტუციურ ცვლილებებს. ხალხმა მხარი დაუჭირა ეროვნული დაუმორჩილებლობის და ამ პროცესის მომზადების იდეას. ამის აღსასრულებლად კრებამ აირჩია აღმასრულებელი საბჭო და სათათბირო, რომელმაც დარბაზთან შეთანხმებით უნდა დაიწყოს კონკრეტული მოქმედებები. უნდა მოახდინოს მხარდამჭერების მობილიზაცია და უნდა გამოცხადდეს საყოველთაო დაუმორჩილებლობის პროცესი.

– როდის დაინიშნება შემდეგი კრება?

– ჯერ არ არის გადაწყვეტილი. ამ დღეებში უნდა შეიკრიბოს დარბაზი, რომ გადაწყდეს, რომელი რიცხვიდან დაიწყება კონკრეტული მოქმედებები. ვფიქრობ, სწრაფად უნდა დაიწყოს დაუმორჩილებლობის პროცესის მომზადება.

– რა სახის დაუმორჩილებლობაზეა ლაპარაკი?

– ეს ნიშნავს სამოქალაქო წინააღმდეგობის ფორმებს, გადასახადების არგადახდას, სამსახურში არწასვლას, გაფიცვებს, დემონსტრაციებს, გამოსვლებს... ხალხი არ დაემორჩილება ამ რეჟიმის მიერ დადგენილ არც ერთ წესს.

– რამდენად შესაძლებელია ამ ჩანაფიქრის რეალიზება? ხალხი უკვე საპროტესტო აქციებზეც კი აღარ დადის.

– თუ ამას არ გააკეთებენ, ე.ი. არ უნდათ ცვლილება. ამას თოთხმეტკაციანი კი არა, ასოცდათოთხმეტკაციანი საბჭო ვერ შეძლებს, თუ საზოგადოება არ აჰყვა. პროცესის წარმართვა კრების მხარდამჭერებით უნდა მოხდეს.

– 25 ნოემბერს სახალხო კრებაზე რეზოლუცია უნდა მიეღოთ, მაგრამ პარალელურად გაკეთდა განცხადებები, ყველანი მოდით და ერთად დავასრულოთ ხელისუფლებაო. ამის შედეგი იყო აქციის შემდეგ ხალხის უკმაყოფილება. რატომ ვერ დაასრულეთ იმ დღეს ხელისუფლება?

– ასეთი განცხადება, რომ 25–ში დამთავრდება ხელისუფლება, არავის უთქვამს. ჩვენ განვაცხადეთ, რომ 25–ში დაიწყებოდა დიდი პროცესი, რომელიც დასრულდება ხელისუფლების შეცვლით. აქციის მონაწილეების ნაწილი ითხოვდა, რომ იმ დღესვე გადაგვედგა კონკრეტული ნაბიჯები და იმ ხალხის ნამდვილად არ მიკვირს. მეც იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, ვინც მიიჩნევს, რომ მოქმედებები მყისიერად უნდა დაიწყოს და არ უნდა დავემსგავსოთ იმ გაერთიანებას, რომელიც ყოველთვის რაღაცისთვის ემზადება და არასდროს არაფერს აკეთებს, მაგრამ უმრავლესობამ ჩათვალა, რომ იმ დღის წესრიგით მუშაობა საკმარისი იყო. ის ფაქტი, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი რადიკალური მოთხოვნებით იყო მოსული, დეფაქტო ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს.

– ადამიანებს, რომლებიც იმ დღეს რადიკალურ ნაბიჯებს მოითხოვდნენ, თქვენმა ლიდერებმა პროვოკატორების და მუშნი ზარანდიების იარლიყები მიაკრეს. რამდენად სამართლიანი იყო ასეთი ეპითეტები?

– არ შეიძლება ხალხს საყვედური უთხრა. ვინც იქ მოვიდა, ყველას მადლობა უნდა გადავუხადოთ.

– მომეჩვენა, რომ ხელისუფლება თავად გიბიძგებდათ რადიკალიზმისკენ. არ მოგცათ შენობა, წინა დღეს გააძვირა წყალი და მგზავრობა, პარლამენტთან არც ერთი პოლიციელი არ ჩანდა, საკანონმდებლო ორგანო ფაქტობრივად ცარიელი იყო.

– როგორც ჩანს, ხელისუფლებას შესწავლილი ჰქონდა ხალხის განწყობა და იცოდა, რომ იმ დღეს მეტი ხალხი არ გამოვიდოდა ქუჩაში.

– რატომ არ გამოვიდა ხალხი ქუჩაში?

– ნიჰილიზმის და უიმედობის გამო. როცა ქვეყანაში დიქტატურაა, ნიჰილიზმი ინდივიდუალური თავგანწირვის მაგალითებით უნდა დაიძლიოს.

– რა სახის თავგანწირვაზე საუბრობთ?

– თავგანწირვის მაგალითი იყო, ნანა ფიფიამ თავი რომ დაიწვა. მისი ეს ნაბიჯი საზოგადოების გამოფხიზლებისკენ იყო მიმართული. ძალიან გამიკვირდა, ამის შემდეგ პარლამენტის წინ ბევრი დევნილი რომ არ მოვიდა. დარწმუნებული ვარ, თბილისის დიდი ნაწილი ელოდებოდა, რა მოხდებოდა იმ დღეს რუსთაველზე და იმ შემთხვევაში, თუ აქტიური მოქმედებები იქნებოდა, ბევრი ადამიანი გამოვიდოდა.

– ითქვა, რომ ბურჯანაძესა და ბესელიას შორის დაპირისპირებააო.

– არანაირი დაპირისპირება არაა. გარკვეული საკითხების მიმართ სხვადასხვა აზრი გვქონდა, მათ შორის 25 ნოემბრის კრების ფინალთან და 26 ნოემბერთან დაკავშირებით.

– რატომ მიიღეთ 26 ნოემბერს გადაწყვეტილება, ხალხი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ წაგეყვანათ? როგორც ვიცი, თქვენსა და ნინო ბურჯანაძეს შორის ამ საკითხზე იყო უთანხმოება.

– იმ დღეს ეს სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. 26 ნოემბერს აქცია სპონტანურად დაინიშნა, რომელიც ხალხის მოთხოვნით ირაკლი ბათიაშვილმა გამოაცხადა. მეორე დღეს მოსული ხალხი კონკრეტულ მოქმედებებს ითხოვდა. აქცია დაპირისპირების რეჟიმში გადავიდა. "პირველმა არხმა" ცუდად აჩვენა კრების პროცესი და მათგან უნდა მოგვეთხოვა, მომხდარიყო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების სწორად გაშუქება.გადაწყვეტილება მარტოს არ მიმიღია, აღმასრულებელი საბჭოს ხუთ წევრს ვესაუბრე და ამ დასკვნამდე ერთად მივედით. ახლაც ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. თუ ლიდერი ხარ, მოცემულ სიტუაციაში ადეკვატურად უნდა იმოქმედო.

– იმდღევანდელი კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, კახა შარტავაზე იყავით განაწყენებული.

– ჟურნალისტებს ჩემთან არასწორი ინფორმაციები მოჰქონდათ. ამბობდნენ, კახა შარტავამ ესა და ეს თქვაო. აღმოჩნდა, რომ კახას არაკორექტული არაფერი უთქვამს, ამიტომ ვთქვი, ჰკითხეთ კახა შარტავას–მეთქი.

– პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, 25 ნოემბერს ბურჯანაძემ საკუთარი პარტიის პრეზენტაცია მოახდინა და დანარჩენები ამაში ჩაითრია, სხვა დანიშნულება კრებას არც ჰქონიაო.

– კრების დანიშნულება გამოიხატა უნდობლობის ვერდიქტში, რომელიც ღირებული დოკუმენტია და ყველას ვურჩევ, წაიკითხოს.



ნინო მეტრეველი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ეკა ბესელია
კავშირი ტეგთან: ეკა ბესელია
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online