asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"კრიმინალური მარშალი", თემურ ვანსკი მთელმა რუსეთმა გააცილა
"კრიმინალური მარშალი" მთელმა რუსეთმა გააცილა
"კრიმინალური მარშალი", თემურ ვანსკი მთელმა რუსეთმა გააცილა

2010-10-11 16:48:40



ქართველი "კანონიერი ქურდის", თემურ გაბუნიას გარდაცვალებამ მოსკოვურ წრეებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მის დაკრძალვაზე კრიმინალური ავტორიტეტები რუსეთის სხვადასხვა ოლქებიდან შეიკრიბნენ.



რუსული მედია წერდა, რომ დედაქალაქში გარდაიცვალა კრიმინალური სამყაროს ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი, მეტსახელად თემურ ვანსკი. ის დედ ჰასანის (ასლან უსოიანის) კლანს მიეკუთნებოდა. "კანონიერი ქურდის" დაკრძალვაზე მრავალრიცხოვანი დანაშაულებრივი ავტორიტეტები შეიკრიბნენ.

– 56 წლის თემურ გაბუნია მოსკოვის ერთ–ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა, – წერს "პრაიმ–კრაიმი". წინასწარი მონაცემებით, "კრიმინალური მარშალის" სიკვდილის მიზეზი ღვიძლის ქრონიკული დაავადების გამწვავება გახდა. ცნობილია, რომ გაბუნია პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ–ერთი ყველაზე პატივცემული კანონიერი ქურდი იყო.

თავისუფლებაში თემურ გაბუნიამ მხოლოდ ორი თვე გაატარა. ჯერ კიდევ 2010 წლის 11 მაისს, ის მოსკოვში მაშინ დააკავეს, როდესაც მკურნალ ექიმთან ანალიზების პაკეტებით მიდიოდა. ოპერატიულმა მუშაკებმა ქურდს წინდებში ჰაშიში აღმოუჩინეს. მართლა ჰქონდა გაბუნიას ჰაშიში, თუ ეს რუსი "ოპერატივნიკების საჩუქარი" იყო, ამაზე რუსული მედიაწყაროები არაფერს ამბობენ.

იზოლატორში თემურ გაბუნიამ მჩქეფარე მოღვაწეობა გააჩაღა. მისი გამოჩენის შემდეგ "ბუტირკაზე" ცოტა ხნის მანძილზე ნამდვილი ქურდული "ხოდი" (ცხოვრება ქურდული ტრადიციების მიხედვით) გაჩაღდა – თემურმა დააყენა "მაყურებლები", მოაწესრიგა კამერათაშორისი კავშირი, აღადგინა სამართლიანობა "გრევის" (ფული და პროდუქტები, რომლებსაც მსჯავრდებულები არელეგალურად იღებენ) განაწილებაში. თემურ ვანსკი ასევე მსჯავრდებულებს შორის ფართო ახსნა–განმარტებით მუშაობასაც აწარმოებდა, – ამტკიცებს რუსული გამოცემა.

მაგრამ მალე შერყეულმა ჯანმრთელობამ გაბუნიას მდგომარეობა დაამძიმა. გარდა ამისა, კანონიერმა ქურდმა შიმშილობის გამოცხადების გარეშე საკვების მიღება შეწყვიტა და არ ექვემდებარეობდა ადმინისტრაციის მხრიდან არანაირ დარწმუნებას, რომ განეახლებინა საკვების მიღება.

იცოდნენ რა ავტორიტეტის სამედიცინო პრობლემების შესახებ, ზედამხედველები შეშინდნენ, რადგან კანონიერი ქურდი შეიძლება პირდაპირ საკანში მომკვდარიყო. ავტორიტეტული პატიმრის სიკვდილი არავის სჭირდებოდა, ამიტომ 31 აგვისტოს ტაგანსკის სასამართლომ მიიღო ვანსკის გაშვების გადაწყვეტილება, გაუსვლელობის ხელწერილით, ბევრმა თავისუფლად ამოისუნთქა, – წერს რუსული მედია.

– თემურ ვანსკი უკონფლიქტო ქურდი იყო, ცდილობდა, რომ ქურდულ კლანებს შორის კონფლიქტებში მონაწილეობა არ მიეღო, თუმცა მის სიტყვას კრიმინალურ თანამეგობრობაში დიდი წონა ჰქონდა. ითვლება, რომ ის დედ ჰასანს მხარს უჭერდა, – წერს "ინტერფაქსი" სამართალდამცავ წყაროზე დაყრდნობით.

თემურ გაბუნია ვანის რაიონის სოფელ ამაღლებაში დაიბადა. კრიმინალური კარიერის დასაწყისი 1972 წელი გახდა, როდესაც 18 წლის ასაკში მან მანქანის გატაცების გამო პირველი ვადა მიღო. მაშინ ქალაქ სამტრედიის სასამართლომ ვანსკის მხოლოდ ერთი წელი მიუსაჯა, რის შედეგადაც თემური დამნაშავეებს შორის აღმოჩნდა და მათ შორის სწრაფად დაიწყო ავტორიტეტის მოხვეჭა.

1973 წლიდან გაბუნიას ქურდული სტაჟის ათვლა დაიწყო. ამბობენ, რომ თემურის "კორონაცია" არავის მოუხდენია. იმ დროს მორიგი რეპრესიებით დასუსტებული ქურდული სამყარო კარგ დროებას არ გადიოდა. ზონებში ქურდულ ტრადიციებს ცუდად იცავდნენ და ქურდად შეიძლება ეცნოთ ნებისმიერი "მართალი" მსჯავრდებული, რომელიც დანაშაულებრივი სამყაროს გაგებებით ცხოვრობდა.

ზუსტად დადგენილი არ არის, "კანონიერებიდან" ვინ აღიარა თემური თავის ძმად, მაგრამ ცნობილია, რომ პირველი ვადის დროს, ის იჯდა აფხაზეთში ერთ კოლონიაში ქურდებთან, სტიოპა თბილისელთან და ანზორ ანთიასთან ერთად.

თავისუფლებაზე გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ თემური ჭიათურაში ქურდობის გამო დაიჭირეს. რუსული მედია წერს, რომ საქართველოს ეს ქალაქი ბევრი სახელგანთქმული ქურდის სამშობლოს წარმოადგენს. ამჯერად გაბუნია გისოსებს მიღმა ხუთი წლით გააგზავნეს. მსჯავრდებულის ეტაპირება მოახდინეს ურალში, ჩელიაბინსკის ერთ–ერთ ზონაზე. იქიდან მოყოლებული თემურ ვანსკის სახელმა მთელი საბჭოეთის მასშტაბით ცნობადობა შეიძინა. 1975 წელს გამასწორებელი კოლონიიდან გამოუსვლელად კანონიერმა ქურდმა მესამე ნასამართლობა მიიღო. ბოლოს, 1981 წლის 18 ივნისს თემური კვლავ თავისუფლებაზე აღმოჩნდა.

თუმცა, მორიგი თავისუფლება მხოლოდ თვენახევარი გრძელდებოდა. 9 სექტემბერს ვანსკი კვლავ საქართველოში დააკავეს და ბრალად მანქანის გატაცება და დაკავებისას შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა წაუყენეს. 1982 წლის 12 აპრილს გაბუნიას საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის გამასწორებელ კოლონიაში. ქუთაისიდან გაბუნია თბილისის ზონაზე გადაიყვანეს, აქედან ომსკში, შემდეგ ტაჯიკეთში. შემდგომში თემურმა შემოიარა ნორილსკის, ყირგიზეთის, ტობოლსკის, ვინნიცის, ჟიტომირის და ტულუნის ციხეები. კანონიერი ქურდი ყველგან კარგ სახელს ტოვებდა.

თემურ ვანსკის ოდისეამ ის შედეგი მოიტანა, რომ სსრკ–ს ციხეებში და ბანაკებში ის პირველი ხარისხის ქურდებს გაეცნო: ქუთაისში – ტარიელ ონიანს, დუშანბეში – ამიან კორნოუხს, ჟიტომირში – ვახო ჩაჩანიძეს და დათო ტაშკენტელს, ტულუნში – სემერიკს და ორიოლს.

სწორედ ტულუნის ციხეში დაიწყო ვანსკის დიდი მეგობრობა ვიაჩესლავ ივანკოვთან, მესტსახელად იაპონჩიკთან. გაბუნიამ ივანკოვს მხარდაჭერა გაუწია სხვა ქართველ ქურდთან, ილია სიმონიასთან, მეტსახელად მახო. ამის შემდეგ იაპონჩიკმა თემური თავის კამერაში აიყვანა და მასში სანდო მოკავშირე აღმოაჩინა. სწორედ იმ პერიოდში ვანსკის მონაწილეობით სერგეი ბოიცოვის, მეტსახედა ბოეცის, "კორონაცია" მოხდა.

1992 წლის 14 აპრილს თემურ გაბუნია განთავისუფლებული იქნა ამნისტიით, რომელიც საქართველოს ახალმა მთავრობამ გამოაცხადა. თუმცა, მას წელიწადნახევარი მოსახდელი ჰქონდა დარჩენილი. 90–იანების დასაწყისში მოსკოვში აღმოჩენის შემდეგ ვანსკიმ დანაშაულებრივ სამყაროში კუთვნილი მაღალი რანგის ადგილი დაიკავა. გაბუნიას კალიბრის კრიმინალური ავტორიტეტები კი ოპერატიულ მონაცემებში იშვიათად ხვდებოდნენ. ისინი, როგორც წესი, ჩრდილში იმყოფებოდნენ.

სულ თემურ გაბუნიას ხუთი ნასამართლობა ჰქონდა. ბოლოს 1999 წელს ორი წელი პირობითი მიუსაჯეს, იარაღის და ნარკოტიკების უკანონოდ შენახვის გამო.

გერა მამულაშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ორი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online