asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნანუკა ჟორჟოლიანი: "რასაც ადრე სხვებს ვუკეთებდი, ყველაფერი უკან დამიბრუნდა"
ნანუკა ჟორჟოლიანის აღიარება
ნანუკა ჟორჟოლიანი: "რასაც ადრე სხვებს ვუკეთებდი, ყველაფერი უკან დამიბრუნდა"

2010-09-27 00:36:00



ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ახალ სატელევიზიო სეზონს განახლებული სტუდიით და 21 აღიარებული შეცდომით ხვდება. ზაფხულში, როცა მან საკუთარი გადაცემების გამეორებებს უყურა, სწორედ ამდენი შეცდომა აღმოაჩინა.
"სარკისთვის" მიცემულ ინტერვიუში ის სხვადასხვა თემებზე საუბართან ერთად კომენტარებს აკეთებს "პროფილის" წამყვან მაია ასათიანის ინტერვიუზეც, რომელიც ჩვენი ჟურნალის წინა ნომერში დაიბეჭდა. როგორც ჩანს, გარკვეული ფრაზები ამ ინტერვიუდან მისთვის განსაკუთრებით "გულზემოსახვედრი" აღმოჩნდა. ვნახოთ, რას ფიქრობს ნანუკა "სვეცკობაზე", საიდან მოდის მისი გადაცემის ხელგაშლილობა და აღმოჩნდა თუ არა თავად მზად იმისთვის, რასაც საკუთარ თავზე იგებს და კითხულობს.
ნანუკა ჟორჟოლიანი :
– ჩემს სტუდიას ახალი სეზონისათვის კოსმეტიკური რემონტი ჩავუტარე. მუქ ფერებზე მაქსიმალურად უარი ვთქვი და სტუდია ნათელი გავხადე. ბოლო გადაცემიდან, რომელიც ბათუმში გავაკეთეთ, ახალ სტუდიაში საქანელა გადმოვიტანეთ. მიყვარს ლოგიკური დასაწყისი და დასასრული. ერთი წლის წინ ჩემი გადაცემის პრომოში ნანუკა ფეხშიშველი იყო და შესაბამისად ის სეზონიც ფეხშიშველმა დავამთავრე, ახლა კი საქანელით დავიწყებ სეზონს. ბუბუ და როსტო კვლავ იქნებიან, მთავარი სიახლე კი ჩემი გადაცემის ქუდია, სადაც მთლიანად თოჯინა ნანუკა ფიგურირებს.
გადაცემისთვის მუსიკა მიშა მდინარაძემ დამიწერა და მეყოლება დათო ილურიძის ბენდი, რომელიც მომღერლებს საშუალებას მისცემს, ცოცხლად და კომფორტულად იმღერონ. კიდევ ერთი სიახლე: მყავს ახალი პროდიუსერი – მადონა ვასაძე, რომელიც მაია ასათიანის პროდიუსერი იყო. არ ჩათვალოთ, რომ მე ის გადმოვიბირე. მან მაიასთან თანამშრომლობა დაასრულა და როცა გავიგე, რომ უმუშევარი იყო, მოვიწვიე, რადგან პატივს ვცემ მის პროფესიონალიზმს.
– ერთი წლის განმავლობაში "ნანუკას შოუმ" რა შეცდომები დაგანახათ?
– ჩემი გადაცემის გამეორებებს რომ ვუყურებდი ამ ზაფხულს, 21 შეცდომა აღმოვაჩინე. ძალიან ბევრი რამ მაღიზიანებდა ჩემს გადაცემაში. პირველ რიგში, ჩემი ლაპარაკი და დიალოგები. ახალ სეზონზე სუფლიორს საბოლოოდ დავივიწყებ. ჩემი მონოლოგები ჭორაობის ფორმატის იქნება და მთელ საქართველოზე ვიჭორავებ.
– ალბათ გესმით, ჭორები რამდენად ცუდად მოქმედებს ადამიანებზე.
– კი, მაგრამ მე არ ვიჭორავებ ნეგატიურად. თუ ვინმე ვინმეს გაშორდა და ეს ამბავი გადამოწმებული არ არის, ბუნებრივია, ჩემს გადაცემაში არ გავა. არ მინდა, ჩემმა ჭორაობამ ვინმე დააზარალოს ან გული ატკინოს. უბრალოდ მინდა, ამბები მოვყვე ჭორაობის ფორმატში ისე, როგორც კაფეებში საუბრობენ. ჩემს პირველ გადაცემაში ყველაფერს ვყვები, რაც ზაფხულში გავიგე.
– სად გაატარეთ ზაფხული?
– ძირითადად თბილისში. ოთხი დღით ვიყავი ვენაში, 6 თვეში ერთხელ გამოკვლევა მჭირდება და ეს პროცედურა ჩავიტარე. პერიოდულად სამ–ოთხ დღიანი ჩასვლები მქონდა ბათუმში. ბოლოს ასევე ოთხი დღით ჩემს მეგობრებთან ერთად თურქეთში წასვლა მოვახერხე. მეტად რთული წელი მქონდა, რომელიც დაიწყო მამაჩემის ინსულტით და ზარით, რომ მამა გარდაიცვალა. ამას ძალიან ბევრი ნეგატიური ამბავი მოჰყვა, მაყურებელი კი ეთერში მუდამ მომღიმარ ნანუკას უყურებდა. ამგვარი რთული წლის შემდეგ სახლში, ქმარ–შვილთან ერთად დასვენება მინდოდა და ასეც მოვიქეცი.
– როცა "ნანუკას შოუ" ქართულ ტელებაზარზე გამოჩნდა, გაკეთდა შეფასებები, რომ ეს გადაცემა ვიწრო, ე.წ. "სვეცკი" საზოგადოებისთვის იყო.
– იმიტომ, რომ მე თავად ვარ აღქმული ასეთ ჟურნალისტად. ეს "რუსთავი 2"–დან მომდევს. ყველას მიაჩნდა, რომ "რაღაცნაირი" ჟურნალისტი ვარ. არადა ვიცვამ ხელვაჩაურის ფაბრიკაში, მაცვია "ეიჩ ენდ ემი", "ზარა", "მანგო". ძვირფასი ბრენდი ძალიან ცოტა მაქვს, მაგრამ რატომღაც აღქმული ვარ, როგორც განსაკუთრებულად "სვეცკი" და მოდური. ამ შოუმ ყველაზე კარგი ის გააკეთა, რომ მაყურებელმა ნანუკა ისეთი მიიღო, როგორიც არის. ქუჩაში რომ დავდივარ, სულ სხვა ემოცია მოდის, ვიდრე "კურიერში" მუშაობისას მოდიოდა. მთავარია, მიზანს მივაღწიე, ჩემი გარდასახვა მოხდა. როცა 6 წელი კრიმინალურ რეპორტაჟებს აკეთებ, ძალიან ძნელია, შემდეგ საზოგადოებამ ამ ფორმატში მიგიღოს.
რაც შეეხება მეორე თემას, რამდენად ვიწროა ჩემი სეგმენტი, ვიტყვი, რომ ძალიან ცუდი წარმოდგენა გვაქვს ქართველ მოსახლეობაზე. მე თუ ამ საზოგადოებას ძალიან გემოვნებიან და კარგი ხარისხის პროდუქტს ვაჩვენებ, ეს არ ნიშნავს, რომ გემოვნებიანები მხოლოდ ვაკეში ცხოვრობენ. ნახევარი სოფელი ვაკეში არის ჩამოსული. მე თვითონაც პროვინციაში დაბადებული გოგო ვარ, ვაკეში ბინა დაახლოებით 12 წლის წინ ვიყიდე, 11 წლამდე კი წყალტუბოში ვიზრდებოდი. არ მესმის, რას ნიშნავს ვაკელებზე გათვლილი გადაცემა. ნუთუ რაიონებში ვერ გაიგებენ, რომ, მაგალითად, თეონა კონტრიძე ან ნატო მეტონიძე კარგად მღერიან და ამით სიამოვნება მიიღონ?! ბევრი ხარისხიანი პროდუქტი იქმნება რეგიონში. ჩემი მეტყველებაც კი არ არის "სვეცკური", პირიქით, ხანდახან ზუსტად იქაურია, სადაც დავიბადე.
– აბა, რატომ ქმნიან თქვენგან "სვეცკი" წამყვანს?
– ალბათ იმიტომ, რომ საზოგადოება მანამდე სტანდარტულ წამყვანებს იყო მიჩვეული. მათ ვერ მოუძებნეს სახელი ადამიანს, რომელიც გამოვიდა დახეული ჯინსით, პიჯაკით და დაუვარცხნელი თმებით. მერე ასეთი უცნაური გოგოს ქმედებებს უბრალოდ "სვეცკაობა" დაარქვეს და დავრჩი ამ კლიშეთი. იცით, ბათუმში ჩაწერილ გადაცემას რამხელა რეიტინგი ჰქონდა? 82 პროცენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა გიყურა. თუ საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი "სვეცკია", დიდი სიამოვნებით ვიქნები გადაცემის "სვეცკი" წამყვანი.
მაია ასათიანი თავისი "პროფილით" თქვენი კონკურენტია?
– მაია ასათიანმა ქართულ ტელესივრცეში შეძლო აპოლიტიკური, რეიტინგული ტოქ შოუ გაეკეთებინა. მანამდე ეს გააკეთა მარინა სალუქვაძემ. მაიას თავის გადაცემაში ძალიან ბევრი მაგარი თემა ჰქონდა, რომელსაც ვუყურე და ვთქვი: "საღოლ!". მაიას ჰქონდა თემები, რომლებზეც მე ვიტირე. სხვა საკითხია, მოგწონს თუ არა წამყვანი. თუ ამაზე მიდგა საქმე, ხშირად ჩემი თავიც არ მომწონს სარკეში. ჩემთვის მაია დასაფასებელი ჟურნალისტი და წამყვანია. ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩემი გადაცემის კონკურენტი ვანო ჯავახიშვილი უფროა, რადგან ორივე იმას ვფიქრობთ, როგორ დადგეს მაყურებელი კარგ ხასიათზე. უბრალოდ მე ამას იუმორით არ ვაკეთებ.
– ხანდახან, მაიას მსგავსად, სენტიმენტებით თამაში თქვენც გიყვართ.
– არა, ემოციებზე მე არ ვთამაშობ, შოუს არ დავდგამ ბავშვებით, რომელთაც არა აქვთ სახლი. ჩემი შოუ ისეთი იქნება, რომ ამ ბავშვებს სახლებს ვუყიდი.
– ზოგიერთ სტუმარს ეთერში პირდაპირ ჩუქნით ავეჯს, სამკაულებს და ა.შ. თქვენს გადაცემას ეტყობა, რომ მასზე ძალიან ბევრი ფული იხარჯება... ამ ფუფუნებით თამაში ხანდახან საკმაოდ გამაღიზიანებელია მაყურებლისთვის, რომლის დიდი ნაწილი გაჭირვებულია.
– ეს თემა იმდენად მაღიზიანებს, რომ გადავწყვიტე, ჩემი გადაცემის ბიუჯეტში ჩაგახედოთ. მე ბევრს ვმუშაობ, რომ ჩემი გადაცემა ორიგინალური იყოს. მაქვს იმ კომპანიების დიდი სია, რომლებიც ამბობენ, გამაპიარეთ და დაგაფინანსებთო. მით უმეტეს, კომპანიისათვის მომგებიანია, როცა პირდაპირ ფულს არ იხდის და თავის პროდუქტს გაძლევს იმისთვის, რომ ვიღაც გაახარო. ასეთი კომპანიების წყალობით, მე ხელგაშლილი წამყვანი გავხდი. მაყურებელი, რომელმაც ეს დეტალები არ იცის, თვლის, რომ ძალიან დიდი ბიუჯეტი მაქვს. მთელი თვის განმავლობაში მე ჩემს გადაცემაზე 5 ათას ლარს ვხარჯავ. ამაში არ იგულისხმება სახელფასო ფონდი, ეს არის რეკვიზიტების და მომსახურების. ხანდახან ამ თანხიდანაც გვრჩება ფული და პრემიების სახით ვირიგებთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დღეს ქართულ ბაზარზე ერთმანეთისგან განსხვავებული ტოქ შოუები არის და ორივეს ჰყავს მაყურებელი. ჩემთვის მთავარია, რომ დღის რეიტინგში, სატელევიზიო ბაზარზე არსებულ ტოპ–ათეულში ჩემს დღეს პირველი ვიყო და ამას 98 პროცენტში ვაკეთებ.
– ყველაზე დიდი დისკომფორტი რა მოაქვს თქვენთვის "ნანუკას შოუს"?
– ჩემთვის ტკივილის მოყენება ძალიან ძნელია. რა არ დაწერილა ჩემზე ქართულ პრესაში, ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებსაც კი შეეხნენ და გადაუარეს, ინტერნეტ–ფორუმზე ისიც კი მომწერეს, რომ სადღაცას ჩემს შვილს საღეჭი რეზინა ცუდად დაუღეჭავს და ცუდი შვილი მყავს. ამ დროს მე მყავს სუპერშვილი, რადგან ის დედაჩემმა გაზარდა! ეს იმდენად მეტკინა მაშინ, რომ ტირილამდე მივედი. ჩემს ცხოვრებაში თემა არ დარჩა, რომელსაც ცუდად არ შეეხნენ. როცა დავფიქრდი, მივხვდი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი სამართლიანად ხდება. მე ვიყავი თავად ასეთი, არასდროს ვითვალისწინებდი სხვა პიროვნების მდგომარეობას. ახლა უნდა ვაღიარო, რომ ჟურნალისტურ ეთიკას ვარღვევდი. რასაც ადრე სხვებს ვუკეთებდი, ყველაფერი უკან დამიბრუნდა. დრო მოვა და იმ ადამიანებსაც, ვინც ჩემზე ცუდს ლაპარაკობენ, ცუდად დაუბრუნდებათ.
– საკუთარმა ტოქ შოუმ რა გავლენა მოახდინა თქვენზე, როგორც ქალზე?
– ტოქ შოუს წამყვანობა ხელს მიწყობს, ვიყო ადამიანი. მიყვარს ის ნანუკა, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში შეიქმნა. მაგალითად, შეიძლება გადაცემის სტუმარს რბილი "ლ" აქვს და ამაზე მაქვს მასთან კითხვა, მაგრამ ვდგები თუ არა იმ ადამიანის წინაშე, აღარ ვეკითხები. მომწონს ადამიანური და კორექტული ნანუკა. ამ შოუმ მომიტანა ის, რომ საინფორმაციო გადაცემებს აღარ ვუყურებ. ამ ქვეყნის ჭუჭყს აღარ ვიგებ და დაძაბულიც აღარ ვარ. დავდივარ ფეშენებზე, გახსნებზე, სილამაზის სალონში უფრო დიდხანს ვრჩები და შაბათ–კვირა მე მეკუთვნის, პირველად ვგეგმავ ჩემს ცხოვრებას.
– რა სიახლეები გაქვთ ოჯახურ ცხოვრებაში?
– ჩვენმა პატარა საბამ პირველი სიტყვა თქვა – "მამა" და ძალიან გავბრაზდი. ახლა შერიგებას ვაპირებ. ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, რომ მამით იმუქრება. როცა რამეს არ აძლევ, მაშინ ამბობს "მამა"–ს. როგორც ჩანს, მამამისი მისი სურვილების ამსრულებელია. იმის გამო, რომ ირაკლი (ირაკლი კოდუა, ნანუკას ქმარი. – ავტ.) ბაბუაც არის, ამბობს, საბას მიმართ ისეთი რეაქცია მაქვს, როგორც მამებს სიბერეში გაჩენილი შვილების მიმართო.
მეორე საკითხია მარიამის განათლების პრობლემა. განათლების სამინისტროს რეფორმებმა ჩემი ნერვები შეიწირა. მინდა, სრულფასოვანი განათლება მიიღოს და ყველაფერში ვამზადებ. ბოლო გაკვეთილებიდან ხშირად გამომყავდა ხოლმე იმის გამო, რომ მასწავლებლებთან იყო მისასვლელი და ამის გამო სკოლამ ფინანსური ჯარიმები დამიწესა. მომავალ წელს ამერიკულ სკოლაში უნდა ჩააბაროს. დანარჩენი ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაში რუტინაა. მე და ირაკლი ხუთი წელია ერთად ვართ და ამ იუბილის აღნიშვნას ვაპირებთ კიდეც.
– თქვენი წყვილი ყურადღების ცენტრშია. ამას წინათ ყური მოვკარი, მაღაზიაში ორი ქალი ჭორაობდა, ირაკლი კოდუა საბოლოოდ მაინც თავის პირველ ოჯახს დაუბრუნდებაო. ასეთი რაღაცეები ალბათ თქვენს ყურამდეც მოდის. რა რეაქცია გაქვთ ამ დროს?
– ასეთ რამეებზე უკვე მეღიმება. ირაკლიმ მთხოვა, აღარ ვახსენო მისი ოჯახი. ეს ერთადერთი რაღაც მთხოვა და მეც მის თხოვნას პატივს ვცემ. ერთი რამ ვიცი, რომ უახლოეს მომავალში ჯვარს დავიწერთ. აქამდეც იყო დაგეგმილი, მაგრამ გარკვეულმა გარემოებებმა ხელი შეგვიშალა. მინდა, რომ ჩემს ჯვრისწერას ყველა ოჯახის წევრი ესწრებოდეს და როცა ამას მოვახერხებ, მაშინ დავიწერთ ჯვარს. ირაკლი ჩემს ცხოვრებაში კლდესავით არის, რომელსაც მუდმივად ვეყრდნობი. არასოდეს მაძლევს წაქცევის საშუალებას. სანამ ირაკლი ჩემს ცხოვრებაში იარსებებს, ზუსტად ვიცი, რომ არც ერთი წუთით არ წავიქცევი.
– კმაყოფილი დარჩით პრეზიდენტთან ინტერვიუთი, რომლითაც გასული სეზონი დაასრულეთ?
– კი, ძალიან კმაყოფილი დავრჩი, რადგან ისეთ თემებს შევეხე, რომლებზეც არასოდეს უსაუბრია. ამ ინტერვიუს მეორე ნაწილს ახალ სეზონზე იმ დროს გავუშვებ, როდესაც ეს რეიტინგს დასჭირდება. მიხეილ სააკაშვილმა პირველად მიიღო შოუში მონაწილეობა. ამ ინტერვიუს შემდეგ ხშირად მაკრიტიკებენ იმის გამო, რომ არ შევეხე სერიოზულ თემებს. ეს ბუნებრივი იყო, აპოლიტიკური ტოქ შოუა და პოლიტიკაზე ლაპარაკი არც ერთს გვინდოდა. ვთვლი, რომ ამ გადაცემაში დავსვი წლის კითხვა – სახლში გაცვიათ თუ არა ჩუსტები, რადგან ამან სრულიად მედია აალაპარაკა. ზოგიერთები იმითაც გაღიზიანდნენ, პრეზიდენტს რომ ვკითხე, ისე თუ ცხოვრობთ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი–მეთქი. კი, რა თქმა უნდა, ის ჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ მას სტატუსი ყველასგან განასხვავებს. ასეთი არაჩვეულებრივი სტატუსის მქონე ადამიანისგან მაინტერესებს ისეთი უბრალო დეტალები, რაზეც ამ ტოქ შოუში ვკითხე. მე მაინტერესებს, როგორია ეს ადამიანი სახლში.
– თავად როგორი ხართ სახლში?
– პრეზიდენტისგან განსხვავებით, ჩუსტები ნამდვილად მაქვს. როცა სახლის კარს მოვიხურავ, არ მაინტერესებს, გარე სამყაროში რა ხდება, აბსოლუტურად სხვა ნანუკა ვხდები.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მადონა
კავშირი ტეგთან: მადონა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online