asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნინო გურიელი: რუსეთში მოსაგებად ჩავდივართ
ტიტული უნდა შევინარჩუნოთ
ნინო გურიელი: რუსეთში მოსაგებად ჩავდივართ

2010-09-22 09:48:22



საქართველოს ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრებს სერიოზული გამოცდა ელის. რუსეთის ქალაქ ხანტი მანსიისკში საჭადრაკო ოლიმპიადა იწყება და ყველა ნაკრები მოსაგებადაა ჩასული.

ალბათ გახსოვთ, რომ საქართველს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია და ყველაფერს გააკეთებს, რათა ტიტული დაიცვას, მაგრამ ეს არც ისე იოლი საქმე უნდა იყოს.

ტურნირის ფავორიტებად რუსები მიიჩნევიან და ბევრი ფიქრობს, რომ ისინი საგრძნობი უპირატესობით მოახერხებენ გამარჯვებას. სპეციალისტების აზრით კი საქართველოს ნაკრებს ტიტულის შენარჩუნების ნაკლები შანსი აქვს და ამის უმთავრეს მიზეზად ნაკრების წამყვანი მოჭადრაკის, მაია ჩიბურდანიძის არყოფნას ასახელებენ.

შეგახსენებთ, რომ ცნობილმა ქართველმა მოჭადრაკემ სანაკრებო კარიერა დაასრულა და ცხადია, ეს ჩვენი გუნდისთვის სერიოზული დანაკლისია.

საქართველოს ქალთა ნაკრებს მომავალ ოლიმპიადაზე ქალბატონი ნინო გურიელი გაუძღვება და ალბათ, მკითხველისთვის უინტერესო არ უნდა იყოს, რას ფიქრობს ოლიმპიადის წინ ქალთა ნაკრების კაპიტანი.

– ქალბატონი ნინო, როგორი განწყობაა ნაკრებში?

– მხოლოდ საბრძოლო.

– ალბათ, მაია ჩიბურდანიძის არყოფნა ჩვენს გუნდს ძალიან დაეტყობა...

– მაია ჩიბურდანიძე ნაკრები გუნდის ლიდერი გახლდათ და მისი გუნდში ყოფნა ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო. გეთანხმებით, ჩვენ ძალიან დიდი ძალა დაგვაკლდა მაიას სახით, მაგრამ შევეცდებით, ბოლომდე ვიბრძოლოთ.

– ნაკრებში რამე ცვლილება არის?

– დიახ, ოლიმპიადაზე ნინო ხურციძე ვერ ითამაშებს...

– მის ადგილს ვინ დაიკავებს?

– სოფო ხუხაშვილი.

– რა იყო ამის მიზეზი?

– ნინო ხურციძე გათხოვდა და ახლა ფეხმძიმედ არის. მას დიდი სურვილი ჰქონდა, ჩვენთან ერთად ყოფილიყო.

– თუმცა მან ნაკრებთან ერთად შეკრება გაიარა...

– დიახ, შეკრება სრულად გაიარა და სათამაშოდაც მზად იყო, მაგრამ სულ ბოლო მომენტში ექიმმა მას უარი უთხრა მგზავრობაზე.

– ხანტი მანსიისკი ნამდვილად საკმაოდ შორსაა...

– დიახ და შორ გზაზე მგზავრობა მისთვის არ შეიძლება. შესაბამისად, შინ დარჩა და მისი ადგილი სოფო ხუხაშვილმა დაიკავა.

– ნაკრების სხვა წევრები ვინ არიან?

ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია და ბელა ხოტენაშვილი.

– ჩვენ შორი მანძილი ვახსენეთ და რუსეთში როგორ მოხვდებით?

– მიუნხენის გავლით... შორი გზით მოგვიწევს ჩასვლა.

– ტურნირი როდის იწყება?

– შეხვედრები 20 სექტემბრს დაიწყება.

– ჩვენი ნაკრებები სად ემზადებოდნენ?

– ბაზალეთის ტბაზე.

– პირობები როგორი გქონდათ?

– ყველანაირი პირობა გვქონდა, რათა ნაკრები გუნდი მომზადებულიყო სრულფასოვნად. სხვა საფიქრალი არ გვქონდა. პირობები იდეალური იყო და ჩემი აზრიც მინდა გითხრათ, რომ ბაზალეთის ტბაზე შესაძლებელი იქნება ნებისმიერი სახის ტურნირის მასპინძლობა.

– ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ამ ტურნირის ფავორიტი რუსეთის ნაკრები იქნება...

– ჩვენ რუსეთის სახით ნამდვილად ძლიერი მეტოქე გვეყოლება.

– რომელიც შინ თამაშობს...

– დიახ, ეს უპირატესობა მათ ნამდვილად აქვთ, მაგრამ ბრძოლა აუცილებლად შედგება. გარდა ამისა, რუსეთის ნაკრებს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და ვიცით, რომ ოლიმპიადისთვის საგანგებო მზადებაში არიან.

– როგორც რუსული მედია იუწყება, რუსეთის ნაკრებმა რამდენიმე შეკრება გაიარა და მოსაგებად მზად არის...

– დიახ, მათ რამდენიმე შეკრება გაიარეს. ოლიმპიადისთვის სერიოზულად ემზადებოდნენ, მაგრამ, დამიჯერეთ, საქართველოს ნაკრები რუსეთში ტიტულის ადვილად დათმობას არ აპირებს.

– სხვა გუნდებზე რას იტყვით?

– ჩინეთს და უკრაინას გამოვყოფდი.

– გამარჯვებულიც ამ ოთხი ნაკრებიდან იქნება, ხომ?

– დიახ და ვისურვებდი, რომ ტიტული შეგვენარჩუნებინა.

– გადაწყვეტილი გაქვთ, პირველ დაფაზე ვინ ითამაშებს? ეს ადგილი ხომ მანამდე მაია ჩიბურდანიძესეკუთვნოდა?

ნანა ძაგნიძე.

– მეორე დაფაზე ჯავახიშვილი?

– დიახ, ლელა ჯავახიშვილი და სათადარიგო ბელა ხოტენაშვილი იქნება.

– მესამე დაფაზე?

– ამაზე ჯერ კიდევ ვფიქრობთ. ხუხაშვილი ან მელია. ვნახოთ, ჩავალთ ადგილზედა ყველაფერი გაირკვევა. რუსეთში საქართველოს ნაკრები მაქსიმუმს გაიღებს, რათა გამარჯვებული დაბრუნდეს.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online