asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი, როცა სააკაშვილი რევოლუციით შემორბოდა და მაგიდებზე დარბოდა"
დავით საგანელიძეს ფორუმის კრიტიკა არ უნდა
"მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი, როცა სააკაშვილი რევოლუციით შემორბოდა და მაგიდებზე დარბოდა"

2009-06-13 00:00:00



ახალი მემარჯვებნეების ერთ–ერთი ლიდერი დავით საგანელიძე ქუდის დახურვას და თბილისიდან რაიონებში სპეციალურ გასვლას გაუმართლებლად მიიჩნევს, რადგან რეგიონებში გასვლა ყოველდღიურად უნდა ხდებოდეს.



დავით საგანელიძე:

– ვალდებულებათა ქარტიის საფუძველზე ვცდილობთ, დავაფიქსიროთ ის ძირითადი პრინციპები, რითაც ხელისუფლებაში მოვალთ, როცა ამის დრო დადგება. ასეთი ნაბიჯი იმიტომაც გადავდგით, რომ შემდგომ რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ არ თქვას, ჩვენთვის ეს მიუღებელია ან ამას არ ვაფიქსირებთო. ამიტომ ცალსახად სჯობდა, ყველაფერი დოკუმენტურად ხელმოწერით დაფიქსირებულიყო. მოგეხსენებათ, ქარტია ათი პრინციპისგან შედგება, რომლის დაცვის ვალდებულებასაც ოპოზიციური პარტიები საკუთარ თავზე იღებენ. მათ შორისაა, დამოუკიდებელი და სამართლიანი არჩევნები, გამჭვირვალე მთავრობა, დამოუკიდებელი მედია, სასამართლო, საკუთრების ხელშეუხებლობა, დაბალანსებული, გაწონასწორებული საგარეო პოლიტიკა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, პოლიციის სისტემაზე საზოგადოებრივი კონტროლის დამყარება და სხვა. რათა არ მოხდეს ისე, როგორც 6 მაისს პოლიციის სამმართველოსთან მოქალაქეების დაზიანების შემდეგ ამ სისტემის მესვეურები თავს იმართლებდნენ, რომ ღამე იყო და თურმე ამიტომ დაუმიზნეს ხალხს ტყვიები სახეში. ის არ იცოდნენ, რომ ანატომიურად თავის ქვემოთ სხეულია? მეორე მხრივ, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, ვინც მოისმინა ქარტიის დეტალები, ბევრ კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული, თუ რა გვინდა ქვეყანაში და რა არის ჩვენი ძირითადი მიმართულება.

– თქვენ ბრძოლის უფრო მწვავე ფორმებზე გადადიხართ, საბოლოო გამარჯვებისთვის ეს მეთოდები საკმარისია?

– სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებას არ აქვს იმის უნარი და უფრო მეტად – სურვილი, რომ რეალურად დააფიქსიროს ის სიტუაცია, რაც დღეს არის. იმასაც კი ვერ ამბობენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. ისინი გაურბიან ამ თემას. შესაბამისად, ძალიან ძნელია თუნდაც დიალოგი გამართო იმ მხარესთან, რომელიც ვერ იაზრებს არსებულ სიტუაციას. მაშინ რაზე ესაუბრები? ამიტომ ერთადერთი საშუალება, რომ ზეწოლა მოხდეს მათზე და აიძულო, თვალი აეხილოთ, გაიგონ, რა მდგომარეობაა საქართველოში, ეს ალბათ აქციების საშუალებით განხორციელდება. რაც უფრო მწვავე იქნება აქციები, მით მეტად იკადრებს და მიხვდება ხელისუფლება, აღიაროს ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური სიტუაცია, უმძიმესი კრიზისი. ოპოზიციას უნდა ჰქონდეს ის ძლიერი ბერკეტი, რასაც ჰქვია მიტინგი, ქუჩის აქციები, პიკეტირებები და სხვა.

– ხელისუფლებასთან დიალოგი ძალაში რჩება?

– საბოლოო ჯამში, კარგად მესმის, რომ რევოლუციის გზით არ უნდა მოხდეს ქვეყანაში ცვლილება. ნებისმიერი მშვიდობიანი ცვლილების ერთადერთ გზად რჩება დიალოგი. ოღონდ გააჩნია, დიალოგი რა თემაზე. თუ ამათ ჰგონიათ, რომ ქვეყანაში კრიზისი არაა და ზოგად თემებზე უნდა გვესაუბრონ, ასეთი დიალოგი არავის სჭირდება. ხოლო, როცა მიხვდებიან და აღიარებენ, რომ ქვეყანაში კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ხელისუფლების შეცვლაა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მათთან დიალოგის გამართვა, თუ როგორი ფორმით და რა საშუალებით უნდა მოხდეს მათი წასვლა.



– რამდენად აქტუალურია რეგიონებში გასვლა?

– ცოტა მიკვირს, როცა ამ თემაზე კეთდება აპელირება როგორც ჟურნალისტების, ისე პოლიტიკოსების მხრიდან. არასოდეს აზრად არ მოგვსვლია, რომ თბილისი ცალკეა და რეგონები – ცალკე. ჩემი პარტია, ახალი მემარჯვენეების სახით, რა ენთუზიაზმითაც მუშაობს თბილისში, დაახლოებით ისევე ვმუშაობთ რეგიონებში. ყველა რაიონში გვყავს რაიონული ორგანიზაცია, ხშირად ჩავდივართ, ვხვდებით და ეს, სამწუხაროდ, არ აფიშირდება, არ ხვდება ტელეეკრანზე ან გაზეთებში. თორემ მე ოთხი წლის განმავლობაში წინა პარლამენტში ონის რაიონის მაჟორიტარი გახლდით და ჩემზე კარგად არავინ იცის, რაიონში რა არის საჭირო, როგორ უნდა იმუშაო, ყველა ადამიანს გააგებინო, რაც ხდება დედაქალაქში. ახლაც ხშირად ჩავდივარ, მაგრამ თქმა იმისი, რომ თურმე დიამეტრალურად უნდა წავიდეთ რეგიონში, ზედმეტია. ეს ისედაც უნდა ხდებოდეს.

– ეროვნული ფორუმის რეგიონებში გასვლა დროში ხომ არ წელავს ამ პროცესს?

– ეს მათი გზაა. ნამდვილად არ მინდა, ამ შემთხვევაში ფორუმის კრიტიკა დავიწყო. შესაძლოა, ფორუმელებმა ჩათვალეს, რომ თბილისში მოთავებული აქვთ საქმე და ამიტომაც რაიონებში გადიან. მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ თანაბრად უნდა შეძლოს როგორც თბილისი, ასევე რაიონები მთლიანად მოიცვას. პირიქით, შესაძლოა, დღეს მეტი სამუშაოა ჩასატარებელი თბილისში, რადგან აქ გახლავთ პოლიტიკური ცენტრი და დუღილი მაინც აქ არის. თუმცა ამ ყველაფერს უნდა წავაშველოთ რაიონიც. ის, რომ ქუდი დაიხურო და თბილისიდან წახვიდე, სწორი არაა. ფორუმს თავისი შეხედულებები აქვს, ღმერთმა გაუმარჯოს. ერთადერთი, არ მინდა, რომ ეს მხოლოდ მიზეზი იყოს და რეალობა სხვა რამეში მდგომარეობდეს.

– ბოლო დროს ბევრს საუბრობენ, რომ ხელისუფლებას მხოლოდ ადმინისტრაციული მმართველობის მექანიზმები დარჩა. თქვენ თუ იზიარებთ შეხედულებას, რომ ხელისუფლებას გაემიჯნა საზოგადოება და დარჩა მხოლოდ პოლიცია, თავდაცვის სამინისტრო და სპეცნაზი?

– უფრო მეტსაც გეტყვით. ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსიც არ დარჩენია. ესეც კი აღარ აქვთ ისე მძლავრი, როგორც ადრე ჰქონდათ. ამას ადასტურებს, რომ ამდენი ხნის მანძილზე პარლამენტი, კანცელარია, პრეზიდენტის რეზიდენცია აღარ ფუნქციონირებენ. ქალაქის მერია ფაქტიურად არ მუშაობს, საკრებულოს სხდომები ვეღარ დგება. საკითხავია, რომელი ადმინისტრაციული რესურსები დარჩათ მათ? ხელისუფლებას დარჩა მხოლოდ ორი რესურსი: შსს ძალისმიერი და ძალოვანი სტრუქტურებით და ის სამი ტელევიზია, რომელთაც ცოცხალი თავით არ თმობენ.

– ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ქმედებები უფრო რადიკალური უნდა იყოს და კონსტიტუციის ფარგლებში არ უნდა მოექცეს.

– ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმ ექსპერტებს, რომლებიც მოგვიწოდებენ, რომ კონსტიტუციურ ფარგლებში არ ვიმოქმედოთ. დარწმუნებული ვარ, როგორც კი ამას ვინმე გადაუხვევს, პირველად სწორედ ის ექსპერტი გამოვა და დაიწყებს ჩვენს ქილიკს და კრიტიკას, თურმე ჩვენ ვინ ვყოფილვართ, რატომ გადავუხვიეთ კონსტუტუციას. ასე რომ, თუ ექსპერტია, ეს აზრი თავში არ უნდა მოუვიდეს. ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ და მიზანსაც მივაღწევთ. პირადად მე ყოველთვის რევოლუციების წინააღმდეგი ვიყავი, როცა მიხეილ სააკაშვილი რევოლუციით შემორბოდა და მაგიდებზე დარბოდა, სხვებისგან განსხვავებით, მაშინაც ამის წინააღმდეგი ვიყავი. დღესაც მიმაჩნია, რომ ხელისუფლებაში ასეთი ხტუნვა–ხტუნვით შემოსული ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, მერე ხტუნვა–ხტუნვითვე გარბის უკან. როცა შემოდიხარ წესიერი არჩევნების, პოლიტიკური, კონსტიტუციური გზით, მაშინ სხვა წონა გაქვს, სხვა დაფასება, ავტორიტეტი და სხვანაირადაც მიდიხარ.

– ცალკეული ექსპერტები აცხადებენ, რომ ბრძოლის თქვენეული მეთოდი სააკაშვილზე არ მოქმედებს, ამიტომ ოპოზიცია კონსტიტუციას უნდა გასცდეს და ისე იბრძოლოს.

– ამას არ დავეთანხმები. თუმცა ზღვარი, სად უნდა მოეწყოს ძალიან რადიკალური ღონისძიებები და სად – შედარებით მსუბუქი, ძალიან რთული შესარჩევია. აქ უნდა გამოამჟღავნო ფილიგრანული ტექნიკა. უნდა განსაზღვრო, სად გადის ზღვარი, სადაც შენ უკიდურესად ძაბავ სიტუაციას, მაგრამ არ არღვევ კონსტიტუციას და არ გადადიხარ შეუქცევად პროცესებში.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online