asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

პატარა ბელადი ხავიერ მასკერანო
პატარა ბელადი ხავიერ მასკერანო
პატარა ბელადი ხავიერ მასკერანო

2010-06-16 15:03:08



სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების წინ არგენტინის ნაკრების კაპიტანი ხავიერ მასკერანო, რომელიც მსოფლიო ფეხბურთში მეორე მოთამაშეა, რომელიც ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, 26 წლის გახდა.

ეჭვგარეშეა, რომ მასკერანო მსოფლიოს ერთ–ერთი უძლიერესი საყრდენი ნახევარმცველია და ახლაც კი, როდესაც იგი ტოპ–კლუბში თამაშობს, მის ხელში ჩასაგდებად ნადირობას აგრძელებენ კიდევ უფრო დიდი ტოპ–კლუბები. არგენტინელით აქტიურად ინტერესდებიან "ჩელსი", "რეალი" და "ბარსელონა", მაგრამ, გასაგები მიზეზების გამო, "ლივერპულს" თავისი ნახევარმცველის გაშვების სურვილი არ აქვს, საკმაოდ სოლიდური კომპენსაციის სანაცვლოდაც კი, რომელსაც ზემოთ ჩამოთვლილი კლუბები სთავაზობენ. აწ უკვე მერსისაიდელთა ყოფილი თავკაცი რაფაელ ბენიტესი საკმაოდ კარგი აზრისაა არგენტინელზე. სწორედ იგი გახდა "ენფილდზე" მისი მიწვევის ინიციატორი. ესპანელი სპეციალისტი ახლახანს გაუშვეს ინგლისური კლუბიდან, რომლის საჭესთან ადგილს ახალი ადამიანი დაიკავებს, თუმცა, არავის ჰგონია, რომ ამის გამო ხავიერს კლუბში რაიმე პრობლემები შეექმნება.

"ლივერპულში" მასკერანო 2007 წლის ზამთარში გადავიდა "ვესტ ჰემიდან" იჯარით. საერთოდ, "ვესტ ჰემთან" დაკავშირებული ისტორია უცნაური გამოვიდა. როგორ აღმოჩნდა მსოფლიოს ერთ–ერთი უნიჭიერესი ნახევარმცველი კლუბში, რომლის ამბიციებიც საკმაოდ შორს დგას ნორმალური ახალგაზრდა ფეხბურთელის ოცნებებისგან? ამასთან, ხავიერი ერთადერთი არგენტინელი ფეხბურთელი არ იყო. მასთან ერთად მარშრუტი "კორინთიანსი" – "ვესტ ჰემი" არანაკლებ ნიჭიერმა კარლოს ტევესმაც გაიარა.

საქმე კი ის გახლდათ, რომ ორივე არგენტინელზე სატრანსფერო უფლებებს კომპანია მედია სპორტს ინვესტაიმენტი ფლობდა, რომლისთვისაც რატომღაც მომგებიანი იყო ფეხბურთელების სწორედ "ვესტ ჰემში" გაყიდვა. 2006 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ წყდებოდა ჭორები არგენტინელების "ჩელსიში", "მანჩესტერ იუნაიტედში" ან კიდევ რომელიმე სუპერკლუბში შესაძლო გადასვლის თაობაზე. და ამ დროს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით გაისმა ტევესისა და მასკერანოს "ვესტ ჰემში" გადასვლის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია. პრესა და სპეციალისტები შოკში ჩააგდო მომხდარმა, საუბარი აღარ არის ფეხბურთელების პერსონალურ გულშემატკივრებზე.

სეზონის მიმდინარეობისას ნათელი გახდა, რომ "ვესტ ჰემში" თამაშის განსაკუთრებული მოტივაცია არ ჰქონდათ არც ტევესს და არც მასკერანოს. ფეხბურთელები არც ვარჯიშებზე იხარჯებოდნენ ბოლომდე და არც თამაშების დროს იკლავდნენ თავს. უფრო მეტად ეს მაინც ხავიერს ეხებოდა, რომელიც მთელი პირველი წრის მანძილზე მხოლოდ ხუთჯერ გამოვიდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში. ტევესმა კი პრემიერლიგის ბოლო ტურში გამარჯვების გოლი გაიტანა "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში და "ვესტ ჰემი" დაბალ დივიზიონში ჩამოქვეითებისგან იხსნა. მასკერანომ კი დიდხანს ვერ გაძლო და უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დროს გადაბარგდა "ლივერპულში".

სხვათა შორის, "ლივერპულს" გარკვეული სირთულეები შეექმნა ხავიერის გადასვლასთანრ დაკავშირებით, ვინაიდან თეორიულად მოთამაშეს არ შეეძლო ერთდროულად სამ კლუბში ეთამაშა ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ მერსისაიდულმა კლუბმა მოახერხა ამ საკითხის მოგვარება.

– კანონსა და წესებს შორის დიდი სხვაობაა. მომუშავეს არ შეიძლება მუშაობის უფლება ჩამოართვა, – განაცხადა მაშინ ბენიტესმა.

"ენფილდზე" მასკერანოსთვის ყველაფერი კარგად წარიმართა. უკვე 2007 წლის 23 მაისს მასკერანომ შეძლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მილანის" (1:2) წინააღმდეგ თამაში, რომელშიც წითლების ქომაგებმა არგენტინელი საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ინგლისის ჩემპიონატში კი "ლივერპულმა" მესამე ადგილი დაიკავა და ამ წარმატებაში მასკერანოს ღვაწლის დაუფასებლობა არ შეიძლება. მისი და ხაბი ალონსოს დუეტის დახმარებით ბენიტესმა "ლივერპულში" ძლიერი ცენტრალური ხაზი შექმნა, რომელშიც ალონსო შემოქმედებითი საქმიანობით იყო დაკავებული, ხოლო მასკერანოს მეტოქის შეტევის გაუვნებელყოფა ევალებოდა. ერთი სიტყვით, ბენიტესი არგენტინელით კმაყოფილი დარჩა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რათა მასკერანო მომავალ სეზონშიც "ენფილდზე" დაეტოვებინა. ესპანელი მწვრთნელის ძალისხმევას უშედეგოდ არ ჩაუვლია. ხავიერმა "ლივერპულთან" ხანგრძლივ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

– ეს არის მოთამაშე, რომელსაც შესანიშნავი თვისებები და გონება აქვს, ის ნამდვილი პიროვნებაა და მას ყველა ის თვისება გააჩნია, რომელიც ჩვენ გვჭირდება. მის შესახებ ინფორმაციას მაშინაც კი ვფლობდი, როდესაც იგი "რივერ პლეიტში" თამაშობდა. მაშინ იგი სარეზერვო გუნდში თამაშობდა, თუმცა უკვე ეროვნულ ნაკრებშიც კი იძახებდნენ. ეს კი იმაზე მეტყველებს, როგორი თვისებების პატრონია ეს ფეხბურთელი. მე ველაპარაკე მასკერანოს ერთ–ერთ მენეჯერს და მან იგი როგორც მოთამაშე, ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალი შესანიშნავად დამიხასიათა, – განაცხადა რაფაელ ბენიტესმა არგენტინელთან კონტრაქტის გაფორმებამდე.

არგენტინის ნაკრებშიც მასკერანო მთავარი მწვრთნელის დიდი სიმპათიით სარგებლობს, ხოლო დიეგო მარადონას სიყვარულის და არა უბრალოდ პატივისცემის დამსახურება მეტად ძნელია. "ალბისელესტეს" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მისი დანიშვნის შემდეგ ერთ–ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელიც დიეგომ მიიღო, იყო მასკერანოს გუნდის კაპიტნად დანიშვნა. მარადონამ ხავიერში არგენტინელთა ტომის ბელადი დაინახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მასკერანომ მონაწილეობა მიიღო 2006 წლის გერმანიის მსოფლიოს ჩემპიონატში, სადაც ხოსე პეკერმანის აღზრდილები მეოთხედფინალში ტურინირის მასპინძლებთან დამარცხდნენ. მიუხედავად მარცხისა, ხავიერის თამაში მსოფლიოს ჩემპიონატზე არც გულშემეტკივრებს და არც სპეციალისტებში კითხვის ნიშნებს არ ბადებდა. ნახევარმცველი მისთვის დამახასიათებელი მანერით ადუღაბებდა თავისი გუნდის ცენტრს, მაგრამ მატჩის შემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიაში გერმანელები უფრო იღბლიანები აღმოჩნდნენ.

მასკერანო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ორჯერ მოახერხა ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლების მოგება. პირველი იყო უნგრელი დეჟე ნოვაკი, რომელმაც ეს 1964 და 1968 წლებში მოახერხა. ხავიერმა კი თავისი ჯილდოები 2004 წ. ათენში და 2008 წელს პეკინში მოიგო. სხვათა შორის, 2012 წელს ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის მასკერანო მხოლოდ 28 წლის იქნება და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ლონდონში გამგზავრება არ უნდა გაუჭირდეს. ასე რომ, მესამე ოლიმპიური ოქროს მოგების შანსიც რეალურია.

თუმცა, თავად ფეხბურთელს ამაზე ფიქრის დრო არ აქვს. ახლა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომლის ერთ–ერთ ფავორიტადაც ტრადიციისამებრ არგენტინის ნაკრები მიიჩნევა. "ალბისელესტეს" არაკეთილმოსურნენი გუნდის ყველაზე დიდ სისუსტედ მის მთავარ მწვრთნელ დიეგო მარადონას მიიჩნევენ. ყველანი ერთხმად ამტკიცებენ, რომ იგი მწვრთნელად უვარგისია, მაგრამ ეჭვი არავის შეეპაროს, რომ თავიანთი უვარგისი მწვრთნელისთვის ნაკრების მოთამაშეები მოედანზე თავს დადებენ, მათ შორის ხავიერ მასკერანოც, რომლისაც უსაზღვროდ სჯერა მარადონას (არგენტინის ნაკრებმა პირველი მატჩი მოიგო მუნდიალზე და არც ურიგო შთაბეჭდილება დაუტოვებია).

მოამზადა კახა ხატიაშვილმა



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ხაბი ალონსო
კავშირი ტეგთან: ხაბი ალონსო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online