asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვაკო ავალიანი: "არ მინდა, შვილებს ჩემ გამო შერცხვეთ"
"არ მინდა, შვილებს ჩემ გამო შერცხვეთ"
ვაკო ავალიანი: "არ მინდა, შვილებს ჩემ გამო შერცხვეთ"

2010-04-20 15:27:33



ჟურნალისტი ვაკო ავალიანი კარგახანია ტელეეკრანს ჩამოშორდა და პოლიტიკურ სარბიელზე გადაინაცვლა. იგი ირაკლი ალასანიას პრესსამსახურის უფროსია. თავის დროზე ამ შეთავაზებას ადვილად დათანხმდა და ჟურნალისტიკა ახლა მისი წარსულია. ამბობს, რომ ტელევიზიაში უფრო შეზღუდული იყო, ვიდრე პოლიტიკაშია, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ აქაც და იქაც დაქირავებული მუშაკი იყო და არის, შესაბამისად, დამკვეთის მიერ დადგენილ წესებს ითვალისწინებს. მის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა – დღე–დღეზე მეორე გოგონას მამა გახდება.

– ვაკო, მოდით, პირადი ცხოვრებით დავიწყოთ. გიხარიათ, რომ მეორე შვილსაც გოგოს ელოდებით?

– ნამდვილად. რა თქმა უნდა, ახლა უფრო მომემატება პასუხისმგებლობა.

– ბიჭზე არ ოცნებობთ?

– არა, შვილი შვილია. ასე ჩაციკლული ნამდვილად არ ვარ, რომ აუცილებლად ბიჭი უნდა მყავდეს. დედმამიშვილები სამნი ვართ და მე თუ ვერ მოვახერხე გვარის გაგრძელება, ჩემი ძმა იმუშავებს ამ საკითხზე.

ამბობენ, რომ გოგონებს მამა უფრო უყვართ და უფრო მეტად არიან მამიკოს შვილები. ჩემი კატო უკვე 4 წლის ხდება და განსაკუთრებულად მეგებება შინ დაბრუნებულს და განსაკუთრებულად მემშვიდობება, როდესაც სახლიდან გავდივარ. ოჯახში გენდერული ბალანსი დამერღვა, მაგრამ ამაზე არ ვდარდობ.

– როცა პირველი შვილი შეგეძინათ, ადვილად შეხვედით მამის როლში?

– ცოლი 17 წლის ასაკში არ მომიყვანია, 25–ის ვიყავი, როცა უკვე ყველაფერს აბსოლუტურად გააზრებულად აკეთებ და ყველა ნაბიჯს აცნობიერებ. ასე რომ, ვიცოდი, ოჯახი არ იყო მხოლოდ გართობა, როგორც ადრეულ ასაკში ჰგონიათ. ვიცოდი, რომ ოჯახი უზარმაზარი პასუხისმგებლობა იყო და ამ ყველაფერს ვუძღვები.

– თქვენი მეუღლე რას საქმიანობს?

– როცა გავიცანი, ვარშავის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლობდა. ჩემს მეუღლეს ხელი იმაში შევუშალე, რომ სადოქტორო ვეღარ დაიცვა, თბილისში მოუხდა დაბრუნება. ჩემი აზრით, ოჯახი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს სამეცნიერო ხარისხები.

– ქალს შვილების გამზრდელად და დიასახლისად უფრო ხედავთ თუ საქმიან იმიჯშიც?

– იმის მომხრე ნამდვილად არ ვარ, რომ მეუღლე სულ სამზარეულოში იყოს და მხოლოდ ბავშვებს უვლიდეს. ყველაფერი შეიძლება შეითავსოს ქალმა, თუ მოინდომებს – ოჯახიც, შვილების გაზრდაც, სამზარეულოც და წარმატებული კარიერაც. დამერწმუნეთ, ეს შესაძლებელია. ჩემი მეუღლე მუშაობდა, უბრალოდ ახლა არის დეკრეტში.

– ირაკლი ალასანიას პრესსამსახურში როგორ მოხვდით?

– "რუსთავი 2"–დან რომ წამოვედი, შემოთავაზება იყო ზურა აბაშიძის მხრიდან, რომელიც პარტიის გენერალური მდივანია და დავთანხმდი.

– ასე მარტივად მიიღეთ გადაწყვეტილება?

– დიახ, ძალიან მარტივად მივიღე გადაწყვეტილება. იმ ეტაპზე ჩავთვალე, რომ აღარ იყო ჩემი ადგილი ტელევიზიაში და რაღაც ახალი უნდა გამეკეთებინა. ტელევიზიიდან რომ წამოვედი, დაახლოებით ერთ დღეში მივიღე ეს შემოთავაზება. ასე იოლად კი იმიტომ დავთანხმდი, რომ ვიცნობ მათ, ყველანი დიპლომატები არიან და ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია ის გზა, რითაც ისინი მოდიან.

– ტელევიზიასთან და მიკროფონთან განშორება არ გაგიჭირდათ?

– ხელში მიკროფონი არ მიკავია და რაღაც მოვლენების შესახებ არ ვუყვები მაყურებელს, მაგრამ, მეორე მხრივ, ყოველდღიური კონტაქტი მაქვს ჩემს კოლეგებთან.

– რატომ წამოხვედით "რუსთავი 2"–დან?

– მე ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, თუ რომელ არხზე ვმუშაობდი და რამდენ ხანს. სადაც უნდა მემუშავა, ყოველთვის ვაკეთებდი ჩემს საქმეს. ეს ვიღაცას მოსწონდა და ვიღაცას არ მოსწონდა, მაგრამ ეს არის ამ საქმის თანმდევი. ტელეჟურნალისტი როცა ხარ, ქილიკთან ერთად ყოველთვის გრძნობ პატივისცემას და მაყურებლის სიყვარულს. რამდენიმე წლის წინ ავტოავარია მოხდა სამსუნში და "რუსთავი 2"–დან საკმაოდ მკაცრი ჩართვები მქონდა. ამ ჩართვებმა ის შედეგი გამოიღო, რომ პრეზიდენტმა იქ თვითმფრინავი გაგზავნა და დაზარალებულები თბილისში ჩამოიყვანეს. "რუსთავი 2"–ის ჟურნალისტი ვიყავი მაშინ, მაგრამ ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია, რომ სიმართლე გადმომეცა. ის ადამიანები გადმოიყვანეს თბილისში, რომლებიც ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის უნიათობის გამო პრაქტიკულად განწირულები იყვნენ. ამან შეიძლება გარკვეული პრობლემები შემიქმნა, მაგრამ მე ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა.

– თქვენ რამდენიმე ტელეარხი გამოიცვალეთ, პრობლემები ხშირად გექმნებოდათ?

– რა თქმა უნდა, იყო პრობლემები და არა მარტო ამ მასალის გამო. ხშირად არის სიტუაცია, როდესაც ხელისუფლება პრობლემებს ქმნის, მაგრამ ობიექტური რომ ვიყო, ოპოზიციაც ხშირად დაუმსახურებლად ლანძღავს ჩემს კოლეგებს.

– თქვენი, როგორც გარეშე თვალით დანახული დღევანდელი მედია როგორია, ობიექტური?

– ამ ტელეკომპანიებში პატიოსანი ადამიანები და კარგი მოქალაქეები მუშაობენ. ეს მათი გადაწყვეტილებაა, რომ იქ იმუშაონ და მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ჩემთვის მიუღებელია, როცა მათ მონებს ეძახიან. ვიღაცა თუ მონაა, ეს მისი პირადი და მისი შთამომავლობის პრობლემაა. ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი და პროფესიონალი მუშაობს ტელევიზიაში. ყველაფერი კადრში არ ჩანს, არადა კადრის იქით ძალიან რთული მუშაობაა.

– თქვენ ყოველთვის მხოლოდ სიმართლეს ამბობდით ეკრანიდან?

– იცით რა, როცა ტელევიზიაში მუშაობ, მართვის კორპორატიული ინტერესი უნდა გაითვალისწინო, რადგან შენ ხარ დაქირავებული. ამის მიუხედავად, ჩემთვის არც ერთ არხზე არავის მოუთხოვია, რომ მე არ მქონოდა სამოქალაქო პოზიცია ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში. ამას ყოველთვის ღიად ვაფიქსირებდი, არ მერიდებოდა და არც არასოდეს მომერიდება. შეიძლება ომის დროს რაღაცას არ ვამბობდი, მაგრამ ომის დროს ქვეყანაში სამხედრო კანონი მოქმედებს და განსაზღვრულია, რა უნდა თქვა და რა – არა. როდესაც იმავე პერიოდში მე ჩართვები მქონდა "ბიბისი"–ზე და ამას ქართველი მაყურებელი არ ისმენდა, იმას ვამბობდი, რაც რეალურად ხდებოდა. ქართველი მაყურებლისთვის კი ამის მოყოლა მაშინ კანონებით იყო აკრძალული.

– მაინც რა იყო ჟურნალისტიკიდან წამოსვლის კონკრეტული მიზეზი?

– მე ჟურნალისტიკაში კარი არ გამომიხურავს.

– ფეისბუქზე გიდევთ "იმედის" ლოგო, რომელიც წითლადაა გადახაზული. რატომ?

– ამ საიტზე ეს ლოგოები "იმედში" გაშვებული იმიტირებული "ქრონიკის" შემდეგ გაჩნდა და მეც მიდევს ეს სურათი. რა თქმა უნდა, პროტესტი მქონდა. ეს იყო არაპროფესიონალიზმი და დანაშაული საკუთარი მაყურებლის წინაშე.

– თქვენი აზრით, ეს ჟურნალისტების დანაშაულია?

– ყველას დანაშაულია, ვინც ამ გადაცემაზე იმუშავა. ნუთუ არავის მოუვიდა თავში, ტიტრი დაედოთ, თუ ეს ვიღაცის სურვილზე აწყობილი და შეკვეთილი გადაცემა არ იყო?! როგორ ვერ მოიფიქრეს მინიშნების გაკეთება, რომ ეს მოდელირებული "ქრონიკა" იყო?! ეს დიდი დანაშაულია მაყურებლის წინაშე. ამიტომ მაქვს ის ლოგო, რომელიც ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ გაჩნდა ფეისბუქზე.

– აპირებთ ეკრანზე დაბრუნებას?

– ამ ეტაპზე ამაზე არ ვფიქრობ, თუმცა ტელეჟურნალისტისთვის ყველაზე რთული ტელევიზიის მიღმა ცხოვრებაა. მიხარია და კარგ ხასიათზე ვდგები, როცა ბევრი ჩემი კოლეგა მირეკავს და სხვადასხვა საკითხზე უბრალოდ რჩევებს მთხოვს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა.

– რომელი უფრო საინტერესო საქმეა – ის, რასაც ახლა აკეთებთ თუ ის, რასაც აქამდე აკეთებდით?

– ორივე. მთელი თერთმეტი წელი აქტიური ტელეჟურნალისტი ვიყავი გაუთავებელი მივლინებებით. თბილისში უფრო ცოტა დროს ვატარებდი, ვიდრე საზღვარგარეთ. ვიღაცამ შეიძლება თქვას, მეტი რა გინდაო. მაგრამ ამის გარდა, კიდევ არის რაღაც, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია – ვაკეთო ის, რაც მინდა, არ ვიყო შეზღუდული რაღაც გარკვეული ინტერესებით და ვიყო აბსოლუტურად თავისუფალი. ახლა მე თავისუფალი ვარ. დამქირავებელი თავად ადგენს თამაშის წესებს და შენზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად და სრულად შეასრულებ მის დავალებებს. ახლა იმას ვაკეთებ, რაც მინდა და რისიც მჯერა.

– როგორ, თუ დამქირავებელი ადგენს თამაშის წესებს, თქვენ ამ წესებით შეზღუდული არ ხართ?!

– შეიძლება ჩათვალო, რომ გარკვეულწილად ვარ შეზღუდული. როდესაც რაღაცას მეკითხებიან და ვპასუხობ, ყოველთვის მიწევს დამატება, ეს ირაკლის პოზიციაა თუ ჩემი პირადი მოსაზრება.

– შეაფასეთ თქვენი თავი, სიმართლის მთქმელი ჟურნალისტი იყავით?

– ეს მაყურებელს უნდა ჰკითხოთ. ყოველ შემთხვევაში, მე ტყუილი არ მითქვამს. თუ რაღაც მიზეზების გამო სიმართლე ბოლომდე არ მითქვამს, სახეზე მაინც მეწერა ყველაფერი. მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემს მაყურებელს ის ინფორმაცია ჰქონოდა, რაც იმ მომენტში ხდებოდა. საკუთარ თავზე ძალიან რთულია ლაპარაკი, ეს მაყურებელმა უნდა შეაფასოს. ვცდილობ, რომ ჩემს შვილს არავინ არასდროს უთხრას, მამაშენი კონფორმისტი იყო ან რაიმე ცუდს ემსახურებოდაო. მოკლედ, არაფერს ისეთს არ ვიზამ, ჩემს შვილებს ოდესმე გული დასწყდეთ, რომ მამამ რაღაც არასწორი გააკეთა.

– როგორი ხართ სამსახურის გარეთ, თავისუფალ დროს?

– თავისუფალი დრო არ მაქვს. ჩემი შვილი მხედავს დილაუთენია, ისიც მაშინ, თუ ღვიძავს და ღამით მელოდება, ჩემ გარეშე არ წვება. ცოტას ვახერხებთ, რომ ვითამაშოთ. ხანდახან კი საერთოდ ვერ ვხედავ, რადგან ვდგები იმ დროს, როცა ჯერ კიდევ ყველას სძინავს და სახლში შევდივარ იმ დროს, როცა უკვე ყველას სძინავს. როცა თავისუფალი დრო მაქვს და ჩემი კოლეგები მირეკავენ, ვეუბნები, რომ დღეს მამა ვარ და ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია.

ანა ნოდია



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ვაკო ავალიანი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online