asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"თუ მოძღვარი გარკვეულ ცოდვაშია ჩაფლული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მრევლმა ტაძარი მიატოვოს"
"ცხონებისაკენ სავალი გზა ძალიან ეკლიანია"
"თუ მოძღვარი გარკვეულ ცოდვაშია ჩაფლული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მრევლმა ტაძარი მიატოვოს"

2010-04-20 15:27:17



მამა საბა ბიკაშვილი თბილისში მარაბდის ქუჩაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. წყნარ, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას აშენებულ ამ სულიერ კერას, შეიძლება ითქვას, თბილისის დასახლებულ პუნქტებში ყველაზე მაღალი ადგილმდებარეობა უკავია. მისი ეზოდან დედაქალაქის ლამაზი პანორამა ჩანს. მშვიდი გარემო ლოცვის განწყობას კიდევ უფრო ამძაფრებს. ახალნაგებ ტაძარში ორი წელია წირვა–ლოცვა სრულდება. მრევლის შემოწირულობით სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

მამა საბამ საეკლესიო მსახურება სიონის საკათედრო ტაძარში ილია ||–ის სტიქაროსნობით დაიწყო. თავმდაბალი და მორიდებული ახალგაზრდა ცდილობდა, ყოველთვის ჩრდილში ყოფილიყო და თავი არ წარმოეჩინა. პატრიარქთან მსახურება უდიდეს პატივად მიაჩნდა და ბედნიერი იყო იმ მადლით და სიყვარულით, რასაც მისგან ღებულობდა. მანამდე, სიყმაწვილის წლებიდან, ვარჯიშობდა ძიუდოში, წლების განმავლობაში წარმატებულ სპორტსმენად ითვლებოდა. მისი საერო სახელია ზურაბი. შემდეგ ჯარში წავიდა, თავისივე სურვილით ელიტურ სპეცდანაყოფში მსახურობდა, სადაც გაძლიერებულ ფიზიკურ წვრთნას გადიოდა. მებრძოლთა პარტიულ ორგანიზაცია "ავღანეთის კავშირშიც" გაწევრდა. გასული საუკუნის 90–იან წლებში ეს "კავშირი" არჩევნებში მონაწილეობდა, მასში გაერთიანებილი იყვნენ პირები, რომელთაც გამოვლილი ჰქონდათ ავღანეთის, სამაჩაბლოს, აფხაზეთის ომები...

მოხდა ისე, რომ ზურაბ ბიკაშვილმა რადიკალურად შეიცვალა ცხოვრების მიმართულება – სასულიერო გზა არჩია და მამა საბა გხადა. ჰყავს მეუღლე და სამი ვაჟკაცი (როგორც თავად უწოდებს) – ნიკოლოზი, დავითი და ლუკა. თავისი სულიერი ცხოვრების გზასა და ჩვენი მკითხველისთვის სხვა საინტერესო თემებზე მამა საბა "სარკეს" ესაუბრა.

მამა საბა:

– მოგეხსენებათ, საქართველოში დაბადებული ყველა ადამიანი, თავისი მსოფლმხედველობით და აზროვნებით, მეტნაკლებად მაინც მართლმადიდებელია. ჩემმა თაობამ ათეისტური პერიოდი გამოიარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ოჯახში გვქონდა ხატების კუთხე და მშობლები ლოცვებს კითხულობდნენ. ეს მაინც უფრო ზედაპირული იყო, ვიდრე სიღრმისეული. სხვა ახალგაზრდების მსგავსად, დრო და დრო მეც დავდიოდი ტაძარში, ვანთებდი სანთელს, უფალს ვთხოვდი დახმარებას და ეს საკმარისად მიგვაჩნდა. ერთხელ ჩემი მეგობრის სახლში შევხვდი მოძღვარს, რომელმაც ჩემს სულში ნაპერწკალი ჩასახა. ის გახლავთ მამა გიორგი ზვიადაძე, ამჟამად სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი. 25–27 წლის ასაკში უკვე რეგულარულად ვესწრებოდი წირვა–ლოცვას. რამდენიმე წლის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ ჩავრთულიყავი საეკლესიო მსახურებაში – ამას მოძღვრებიც მირჩევდნენ. რამდენიმე წელი ვიმსახურე სიონის საკათედრო ტაძარში უწმინდესის და უნეტარესის სტიქაროსნად. ეტაპობრივად ჩემში დაიბადა აზრი, რომ მესწავლა სასულიერო სემინარიაში. როცა სემინარიას ვამთავრებდი, გამიჩნდა სურვილიც, გავმხდარიყავი სასულიერო პირი. ორიოდე წელიწადს ვიმსახურე დიაკვნად ბორჯომ–ბაკურიანის ეპარქიაში. მას შემდეგ თბილისში ვაგრძელებ მოღვაწეობას მღვდლის ხარისხით.

მამა საბა, თქვენ თავის დროზე ძიუდოში წარმატებული სპორტსმენი იყავით. იაპონური ორთაბრძოლის ეს სახეობა აღმოსავლურ ფილოსოფიას ემყარება. სხვადასხვა აზრი არსებობს იმის შესახებ, რამდენადაა მისაღები ეს მოძღვრება ქრისტიანობისთვის, ეწინააღმდეგება თუ არა იგი მას. ამის შესახებ ყველაზე უკეთ ალბათ თქვენ გვეტყვით.

– ფილოსოფია თავისთავად ცუდ და მიუღებელ მოძღვრებას არ წარმოადგენს. სასულიერო სემინარიაში ჩვენს პირველ გაკვეთილზე ყოველ დილით, როგორც წესი, მობრძანდებოდა ხოლმე უწმინდესი და გვესაუბრებოდა თავისუფალ თემებზე, რაც მოწაფეებს აწუხებდათ, ასევე ზოგადად საერთაშორისო საკითხებზეც. უწმინდესი პირდაპირ მოგვიწოდებდა, რომ ხშირად წაგვეკითხა აღმოსავლური ფილოსოფია, თუნდაც – იაპონური, აღარ ვსაუბრობ ელინურ და მოგვიანო ხანის ევროპულ ფილოსოფიაზე... მსოფლიოს საუკეთესო სკოლებში უმაღლესი ფილოსოფიური განათლება ჰქონდა მიღებული ყველა დიდ მოძღვარს, ვინც თავიანთი მუშაკობით გააბრწყინეს ეკლესია. ესენი არიან: ბასილი დიდი, გრიგოლ ნოსელი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი... მათ ფილოსოფია შემდეგ ღვთისმეტყველებად გადააქციეს, ანუ ფილოსოფიურ ჭრილში ბოლომდე არ დარჩნენ. ადამიანმა ძალიან ბევრი უნდა იკითხოს და იქიდან ყოველთვის კარგის გამოტანა შეძლოს. გიორგი მერჩულე "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" აღნიშნავს, ბავშვობიდან გრიგოლ ხანძთელმა ბევრი წიგნი ისწავლა, მაგრამ კარგს შეიწყნარებდა და ჯირკუალსა განაგდებდაო, ანუ რაც საჭირო და მისაღები არ იყო, არ ღებულობდა. ასევეა ფილოსოფიაც.

– სპორტის საშეჯიბრო სულისკვეთება რამდენად შეესაბამება ქრისტიანობის არსს?

– სპორტში, რა თქმა უნდა, თავისთავად ცუდი არაფერი დევს, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაინც აზარტულობაზეა დამყარებული – სხვას უნდა აჯობო იმისთვის, რომ მოგებული გამოხვიდე. ეს შეიძლება გარკვეულწილად ქრისტიანულ მორალს ეწინააღმდეგებოდეს მთლიანობაში, რომლის თანახმადაც ქრისტიანი ყოველთვის თავმდაბალი, მორჩილი და მიმტევებელი უნდა იყოს. ქრისტიანობა სულიერი სწავლებაა. სპორტი, გვინდა თუ არ გვინდა, მოითხოვს პირველობას ყველაფერში – სხვას იმიტომ უნდა აჯობო, რომ თავად გახდე პირველი, ყველაზე ძლიერი და აღმატებული. რა თქმა უნდა, სპორტი თავისთავად დასაფასებელი საქმიანობაა. ცხადია, ჩვენი პატრიარქიც ლოცავს სპორტსმენებს, როცა საპასუხისმგებლო გასვლა აქვთ...

– მამაო, სასულიერო თვალსაზრისით განგვიმარტეთ, რა როლი აქვს სპორტს პიროვნების განვითარებაში.

– ამ თვალსაზრისით გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ სპორტულ წვრთნას დიდი როლი უკავია ადამიანის სულიერ ჩამოყალიბებაში, თუმცა მთლიანობაში, ზოგადად ადამიანის ფორმირებაში, მაინც დადებით როლს თამაშობს. კარგი, წარმატებული სპორტსმენი გარკვეულწილად დინჯი, თავშეკავებული ადამიანიცაა.

– როცა ადამიანი გიყვარს თავისი ნაკლით და ღირსებებით, გიყვარს ისე, რომ მისგან არაფერი გსურს, არაფერს ელი, მისი სიხარული გახარებს და მისი ტკივილი გტკივა, მისთვის მზად ხარ უანგარო თავდადებისთვის – ადამიანების მიმართ ასეთი სუფთა დამოკიდებულება ბევრისთვის გაუგებარია. მამაო, განგვიმარტეთ, რას ნიშნავს ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული, რა არის მისი არსი?

– ქრისტიანულ სიყვარულზე თავად უფალი გვესაუბრება წმინდა სახარებაში. სწორედ ამ სიყვარულზეა გამახვილებული ყურადღება პავლე მოციქულის ეპისტოლეებში (რომაელთა, გალატელთა და კორინთელთა მიმართ): ადამიანს მაშინ უყვარს, გრძნობს და მოიცავს თავის თავში სრულყოფილ სიყვარულს, თუ მას შეუძლია, თავი გაწიროს მოყვასისათვის. პავლე მოციქული ბრძანებს, რომ რჯული სარწმუნოებისა ერთ რამეში გამოიხატება მხოლოდ – სიყვარულში, ანუ თავდადებაში მოყვასისადმი. ოჯახის წევრების, შვილების და სამშობლოს მიმართ თავდადება ჩვენი მოვალეობაა, მაგრამ მოყვასისთვის თავის დადება ძალიან ძნელია. მოყვასში ჩვენთვის ნაცნობი თუ უცნობი იგულისხმება.

საბრძოლო ისტორიაში არცთუ მცირეა შემთხვევები, როცა კაცს მისთვის უცნობი ადამიანისთვის თავი გაუწირავს. გავიხსენოთ თუნდაც ჩვენი დიდი მამის, არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის თავდადება, რომელიც ვიღაც ებრაელის გულისთვის შევიდა საწამებელში, რათა ეს ცოლ–შვილიანი კაცი გადაერჩინა. ეს არის ჭეშმარიტი სიყვარული, მაგრამ მას მეორე მხარეც აქვს – როგორ და რასთან თანაზიარით შეიძლება ადამიანმა ამ ყველაფერს მიაღწიოს. ჭეშმარიტ ქრისტიანულ სიყვარულს ადამიანი მოიპოვებს უფალთან ურთიერთობით – სწორი ურთიერთობით. თუ ხარ ჭეშმარიტად ქრისტიანი, პირველ რიგში, უფალი უნდა გიყვარდეს და მერე – მოყვასი. თუ უფალი არ გიყვარს, ვერავის შეიყვარებ. წმინდა სახარებიდან ცნობილია, უფალი მიმართავს მოწაფეებს, ერთმანეთი რომ გეყვარებათ, ამით მიხვდებიან სხვა ადამიანები, რომ თქვენ ჩემები ხართო.

– ზოგ ადამიანს მიაჩნია, რომ მოყვასისთვის თავდადება და სიკეთე ნებისმიერ შემთხვევაში მაინც პირადი "ეგოს" გამოძახილია, ანუ ადამიანს ამით სურს, გარშემომყოფებს და შეიძლება საკუთარ თავსაც დაუმტკიცოს, რომ ის კეთილია.

– სიყვარული თავისთავად უანგაროა, სხვაგვარად ვერ იქნება. ასევეა მოწყალებაც. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი მის მიერ გაღებულ მოწყალებას ღიად აცხადებს, რეკლამას უკეთებს. არადა უფალი გვმოძღვრავს, როცა ერთი ხელი საქმეს აკეთებს, მეორემ არ უნდა იცოდესო. ხალხის წინაშე დაფარულ სიკეთეს უფალი ხედავს და ცხადად მოგვაგებს, ხოლო თუ ეს დაფარული სიკეთე, ჩვენდა უნებურად, ხალხისთვის საცნაური გახდება, მწუხარებაში არ უნდა ჩავვარდეთ. მეუდაბნოე წმინდა მამები გვიან ღამით გამოდიოდნენ ქალაქებში, დაბებში და ხალხს ეხმარებოდნენ: შეშას უჩეხავდნენ, წყალს უზიდავდნენ და ა. შ. მერე ისევ მონასტრებში ბრუნდებოდნენ. თუ მათი ეს საქმე ხალხისთვის საცნაური გახდებოდა, ისინი იმ სიკეთეს არშესრულებულად ჩათვლიდნენ. წმინდა მამები, რა თქმა უნდა, თავისებურად უყურებდნენ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ, ქრისტიანები, მაინც უნდა ვეცადოთ, ყოველ წუთს მზად ვიყოთ, ვაკეთოთ სიკეთე და ეს სიკეთე ემყარებოდეს უანგარობას.

სიკეთე და თავდადება, ცხადია, "ეგოს" გამოძახილი ვერ იქნება. ადამიანი, რომელიც ამას ეგოცენტრულ ქმედებად მიიჩნევს, თავშივე ეწინააღმდეგება საკუთარ ნათქვამს, იმიტომ, რომ ეგოისტი და ეგოცენტრული ადამიანი ამ სიკეთეს არ გააკეთებს და თუ გააკეთებს, აუცილებლად – ანგარებით.

– ღვთისმეტყველნი წერენ: "ცოდვა უნივერსალური მოვლენაა, ესაა სნეულება, რომელმაც მთელი სამყარო მოსწყლა – აქ არ არსებობს გამონაკლისი, განსხვავება მხოლოდ ცოდვის ხარისხსა და კეთილის და ბოროტის თანაფარდობაშია". რა საშუალებით უნდა ვებრძოლოთ ცოდვისკენ მიდრეკილებას?

– ცოდვასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალებაა ლოცვა და ქრისტიანული ცხოვრება. არ არსებობს დედამიწის ზურგზე უცოდველი ადამიანი. წმინდა მამები, რომლებმაც თავიანთი ღვაწლით, მეცადინეობით და დაუღალავი შრომით სიწმინდის გარკვეულ საზომს მიაღწიეს, თავს უაღრესად ცოდვილ ადამიანებად თვლიდნენ. პირიქითაც ხდება: ჩვენ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ არაქრისტიანული ცხოვრებით, უზნეობასაც სჩადიან, მაგრამ თავს ცოდვილებად არ მიიჩნევენ – ჩვენ ხომ სასიკვდილო ცოდვა არ ჩაგვიდენია და ამიტომ ცოდვილები არ ვართო. ქრისტიანული მორალით კი ყველა ადამიანი ცოდვილია. მას შემდეგ, რაც ადამმა და ევამ სამოთხეში შესცოდეს, ადამიანის ბუნება დაეცა. ცოდვის შედეგად ადამიანთა ცხოვრებაში ხრწნილება და სიკვდილი შემოვიდა.

თუ ქრისტიანულ ცხოვრებას ვეცდებით, მეტი სინანული უნდა გაგვაჩნდეს, კარგად დავუკვირდეთ ჩვენი ცხოვრების ყველა ეტაპს, დაუძინებელი ბრძოლა გამოვუცხადოთ ცოდვებს. მაშინ ჩვენი ცხოვრება შეიძლება იყოს წარმატებული. სხვაგვარად ცხონება შეუძლებელია. შეიძლება ნებსით თუ უნებლიეთ მოხდეს ადამიანის დაცემაც, გაიმეოროს წვრილმანი ცოდვა, რომელიც უკვე მოინანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელი ჩაიქნიოს და ქრისტიანული ცხოვრების გზა აღარ გააგრძელოს. გზად მიმავალი ადამიანი შეიძლება ტალახში ჩავარდეს და დაისვაროს, მაგრამ იქ ხომ არ უნდა დარჩეს, უნდა ამოვიდეს, გასუფთავდეს და შეძლებისდაგვარად გზა განაგრძოს. ასევეა ქრისტიანული ცხოვრება. ქრისტიანის მთელი ცხოვრება არის ბრძოლა და სწორედ ეს ბრძოლა წარმოადგენს ღვაწლს. თუ არ იქნება ბრძოლა, თუ არ იქნება დაცემა და ადგომა, მაშინ ადამიანი ვერ იქნება ჭეშმარიტი ქრისტიანი, ანუ გაწაფული ბრძოლაში.

– არავინ არის დაზღვეული განსაცდელებისგან, რომლებიც ნებისყოფას გვიდუნებს და ცოდვისკენ გვიბიძგებს, მათ შორის სასულიერო პირებსაც, ვინც რიგითი მორწმუნე ადამიანებისთვის მაგალითს წარმოადგენენ. მამაო, ღვთის განგებულებით, სასულიერო პირს მეტად მოეთხოვება?

– როგორც ვთქვით, ადამიანის ბუნება მიდრეკილია ცოდვისკენ. პავლე მოციქული ბრძანებს: ვისაც უნდა, გახდეს ქრისტიანი და მორწმუნე, მან თავი განსაცდელებისთვის უნდა გაამზადოსო. დღეს ჩვენ გვინდა ვიყოთ ქრისტიანები, მაგრამ გვსურს, ისე განვვლოთ ცხოვრების დღენი, რომ განსაცდელი და გაჭირვება არ შეგვეხოს. რეალურად კი ცხონებისაკენ სავალი გზა ძალიან ეკლიანია. უნდა გამოვიაროთ მრავალი ტანჯვა, წვალება, გაჭირვება, ცრემლიც ვღვაროთ და სწორედ ამის შედეგად შეიძლება უფლის მადლით ვცხონდეთ. რაც შეეხება სასულიერო პირს, წმინდა მამათა სწავლებით, ის არის იგივე ღვთის ხატი დედამიწაზე. მას აქვს სულიწმინდის მადლით მინიჭებული უდიდესი პასუხისმგებლობა, შეიძლება ითქვას, განუზომელიც. მის ყველა ქმედებას, საქციელს, საუბარს და მიხვრა–მოხვრასაც კი მორწმუნე და მით უფრო არამორწმუნე ადამიანები აკვირდებიან, მის ყველა ნაბიჯს ამოწმებენ. სასულიერო პირს სჭირდება ძალიან დიდი დაფიქრება თავის ცხოვრებაზე. ადამიანი ჯერ თავად უნდა იყოს გაწმენდილი, გასუფთავებული, რომ სხვა პიროვნებებს სწორი გზისაკენ მიუთითოს. სასულიერო პირი ადამიანია, ამდენად ისიც ცოდვილია, არ უნდა ჩავთვალოთ ანგელოზად, რომელსაც არაფერი ეშლება. უფალმა სწორედ იმიტომ დაადგინა ცოდვილი ადამიანი ხალხის სულიერ წინამძღოლად, ანუ სასულიერო პირად, რომ მისთვის უცხო არ იყოს ის ცოდვები, რასაც აღსარებაში მოისმენს, მისი ანალიზი და მიტევება შეძლოს...

სასულიერო პირს სულიწმინდის მადლით მინიჭებული აქვს სრული უფლება, რომ ადამიანებს ცოდვები შეუნდოს და უფალთან უშუამდგომლოს. რასაც შევუნდობთ, ზეცაშიც შენდობილი, ანუ გახსნილი იქნება, ხოლო რასაც შევკრავთ (ღმერთმა დაგვიფაროს, ასეთი შემთხვევა თითქმის არ ხდება), ზეცაშიც შეკრული იქნება. უფალს რომ ანგელოზი დაენიშნა წინამძღვრად და არა – ადამიანი, დამერწმუნეთ, აღსარების დროს ვერც ერთი ცოდვილი გადარჩებოდა დასჯის გარეშე, ვინაიდან ანგელოზი თავისი ბუნებით წმინდა და მარტივია, უფალს ემსახურება: ჩვენი ცოდვების მოსმენისას ის მიიღებდა ძალიან ცუდ გადაწყვეტილებას და ადგილზევე დაგვსჯიდა. ამიტომაა სულიერ მოძღვრად დანიშნული სწორედ ადამიანი. მან თავისი მრევლის სულიერი მდგომარეობა – ბრძოლები, ფიზიკური მოთხოვნილებები თუ სხვა ცოდვები უნდა გაითავისოს, გულთან ახლოს მიიტანოს და იქიდან გამომდინარე გადაწყვიტოს, როგორ უშველოს აღმსარებელ და მონანიე ადამიანს, სწორ გზაზე მიანიშნოს.

სასულიერო პირი უნდა იყოს სიწმინდის მაგალითი და, რა თქმა უნდა, მას მეტად მოეკითხება. პირობითად, თუ მრევლს მოეკითხება ერთხელ ან ორჯერ, სასულიერო პირს ათჯერ მოეკითხება, ვინაიდან უფალი ბრძანებს: ვისაც მეტი მიეცა, მას მეტიც მოეთხოვებაო. წმინდა მამები თქმით, ჯოჯოხეთში ძალიან ბევრი სასულიერო პირია, იმიტომ რომ თავიანთ მოვალეობას თავის დროზე სათანადოდ ვერ ასრულებდნენ.

– მამაო, ამბობენ, თუნდაც ერთი მრევლთაგანი ჯოჯოხეთში რომ მოხვდეს, მისი სულიერი მოძღვრის გზაც მექანიკურად უკვე ჯოჯოხეთისკენ მიდისო.

– ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, აქ საუბარია დაბრკოლებაზე. სახარებაში ამასთან დაკავშირებით უფალი ბრძანებს: ვინც ჩემდა მიმართ თუნდაც ერთ ადამიანს დააბრკოლებს, მას ერჩივნა დოლაბის ქვა ჩამოეკიდა და ზღვაში დანთქმულიყოო. პირველ რიგში, უფალი ამას თავის მოციქულებს ეუბნება. თუ ადამიანი ნახავს, რომ მისი მოძღვარი გარკვეულ ცოდვაშია ჩაფლული, ის უკვე დაბრკოლებულია იმ მოძღვრისაგან. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა ტაძარი მიატოვოს. ეკლესია შეუბღალავია, წმინდა სხეულია, ეკლესია თავად უფალია და თუ რომელიმე მოძღვარი არ იქცევა კარგად, ასეთ დროს ადამიანს შეუძლია სხვა მოძღვარს მიმართოს. შეიძლება ტაძარიც შეიცვალოს, მაგრამ საბოლოოდ კი ეკლესიიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს. სამწუხაროდ, ადამიანები ბრკოლდებიან, ვიღაცის მაგალითზე ტაძარს ტოვებენ. ამ შემთხვევაში ეს ცოდვა მოძღვარს მოეკითხება.

– გმადლობთ საინტერესო და გულისხმიერი საუბრისათვის. მამაო, დაგვლოცეთ!

– ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ღმერთმა დალოცოს თქვენი ჟურნალი და თქვენი მკითხველი! ჩვენ ყველა, მედია, სასულიერო პირები თუ სხვა ადამიანები, ვინც ემსახურება განათლებას, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი საქმე დიდი სიყვარულით და სითბოთი ვაკეთოთ.

ნანა კობახიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ქრისტიანი
კავშირი ტეგთან: ქრისტიანი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online