asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"მე ვიყავი არაობიექტური ჟურნალისტი და ახლა ხედავთ ობიექტურ ჟურნალისტიკას?!"
კოკა ყანდიაშვილს სახლში ტელევიზორი არ აქვს
"მე ვიყავი არაობიექტური ჟურნალისტი და ახლა ხედავთ ობიექტურ ჟურნალისტიკას?!"

2010-03-30 14:50:29



პოპულარული ტელეჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელეარხებისთვის პერსონა ნონ გრატა გახდა. როგორც თვითონ ამბობს, იქ დაბრუნება აღარც უნდა. ტელეეთერი არ უნდა, თორემ ტელევიზიაში მუშაობა ენატრება. გაიარა პერიოდები, როცა მასთან ხშირი იყო მტრული ზარები, შვილების მოკვლითაც ემუქრებოდნენ. საქართველოდან წასვლაზე არ უფიქრია. ვერ ეღირსებითო, ინტერვიუში გვითხრა (თუმცა ჩვენ, "სარკეს", რას გვემართლება, გაუგებარია. რედ.). მიუხედავად ყველაფრისა, არ ნანობს პროფესიულ არჩევანს, თუმცა თქვა, მშობლებისთვის რომ დამეჯერებინა, ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირი იქნებოდაო. ვნახოთ, როგორია კოკა ყანდიაშვილის დღევანდელი დღე.

– ბატონო კოკა, მოდით, საუბარი "იმედში" გასული ე.წ. იმიტირებული "ქრონიკით" დავიწყოთ. ხალხი იმ სიუჟეტმა შოკში ჩააგდო. თქვენ როგორი რეაქცია გქონდათ, როცა უყურებდით?

– მე არ მაქვს ტელევიზორი, არ ვუყურებ და ამიტომ არ ვიცი, რა ხდება. ფეისბუქზე მომწერა ერთმა კოლეგამ, რა კომენტარს გააკეთებო. მერე ინტერნეტში ვუყურე ამ გადაცემას. ეს ჟურნალისტების გადაწყვეტილება არ იყო. საქართველოში არც ერთი დამოუკიდებელი დიდი ტელეკომპანია არ არსებობს. ყველას ერთი ხელი მართავს და რაც იმან გადაწყვიტა, ის აჩვენეს. დღეს საქართველოში არც ერთ ტელეკომპანიაში არც ერთი ჟურნალისტი არ მუშაობს.

– აბა, ვინ არიან?

– პარტიის აგიტაცია–პროპაგანდის მუშაკები, რომელთაც არანაირი კავშირი აქვთ ჟურნალისტიკასთან.

– რატომ არ გაქვთ სახლში ტელევიზორი?

– მე ტელევიზორის ყურება მინდა და არა – პარტიის აგიტაცია–პროპაგანდის მოსმენა. მე იმ ხალხს სახლში არ შემოვუშვებ, რომელმაც შეიძლება დღეს ომი გამომიცხადოს, თუ ასეთ ხასიათზე იქნება; ხვალ მომატყუოს, რომ ომი მოვიგეთ; ზეგ მომატყუოს, რომ ჩვენ ყველაზე ძლიერი ეკონომიკა გვაქვს დედამიწაზე და ა.შ. ტელევიზორს როცა რთავ, მთელ ამ ხალხს სახლში უშვებ. მე კი არ ვუშვებ.

– როცა შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელ ტელევიზიაში თქვენ მუშაობდით, მაშინ ჟურნალისტიკა მაღალ დონეზე იყო?

– მე ვმუშაობდი სახელმწიფო ტელევიზიაში და არა – დამოუკიდებელ ტელეკომპანიაში და იქ სახელმწიფო დავალებებს ვასრულებდი. მაგრამ საქართველოში იმ დროს იყო ტელეკომპანია "იმედი", "მზე", "რუსთავი 2", "იბერია", "კავკასია", "202", "მაესტრო", "სტერეო" და "მეცხრე არხი". ყველა ეს კომპანია დამოუკიდებელი იყო და მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული რეჟიმი შეცვლილიყო. მაშინ ბევრად მეტი იყო თავისუფლების ხარისხი, ვიდრე დღეს არის.

– დღეს რა უშლის ამ ყველაფერს ხელს?

– მთავრობა. ეს ხომ ნებაა: თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ მედიას მისცეს თავისუფლება, მედია ამ თავისუფლებას აიღებს.

– ტელევიზიის თემას ქვემოთ კიდევ შევეხებით. მანამდე მოგვიყევით თქვენი ცხოვრების შესახებ, ამჟამად რას საქმიანობთ.

– ძალიან ბევრი საქმე და ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს. 24 საათი სულ ვსაქმიანობ, ეს იქნება ჟურნალისტიკა, ტელევიზია, საერთაშორისო ტელერადიოაკადემია, ჩემი ოჯახის პრობლემები თუ ა.შ.

– როგორც ვიცით, თქვენი დედა აღმოჩნდა რთულ სიტუაციაში, მას ბინა ჩამოართვეს.

– კი, დედაჩემს აქვს პრობლემა და ვეხმარები. მთელი ქონება დავკარგეთ.

– ვის ადანაშაულებთ?

– როგორ გითხრათ, ვის ვადანაშაულებ. მე ვეხმარები დედაჩემს და ვცდილობ, ამ სიტუაციიდან მაქსიმალურად გამოვიყვანო. ვინ უნდა დავადანაშაულო?! ეს არის ჩემი ოჯახის პრობლემა, ჩემი პირადულია და მინდა, მოვაგვარო. ამის მეტს ვერაფერს გეტყვით.

– რით ხსნით იმას, რომ ტელეეთერში აღარ ხართ?

– რაც სააკაშვილი მოვიდა, არც ერთ ტელევიზიაში მუშაობის საშუალება არ მაქვს.

– სცადეთ?

– როგორ ვცადო, მისაღებში დავწერო განცხადება, რომ "მოამბის" კორესპონდენტად მაინც მინდა მუშაობა და მიმიღებენ?!

– ალბათ – არა.

– რატომ, ვერ გავქაჩავ? არ მიმიღებენ, მართალი ხართ, რადგან მე რომ პირდაპირი ჩართვა მექნება, ჭანტურიას ("პირველი არხის" ხელმძღვანელი. ავტ.) არ ვკითხავ, რა ვთქვა. მე ვიტყვი იმას, რასაც დავინახავ.

– მოგენატრათ ეკრანი?

– არა. მომენატრა ტელევიზიაში მუშაობა. პროფესიული თვალსაზრისით, რაც მე მიყვარს, იმას ახლაც გავაკეთებ. არ ვიცი, რამდენად დავუბრუნდები ეკრანს, ამის სურვილი მაინცდამაინც არც მაქვს. ვიმუშავებ ტელევიზიაში, მაგრამ წამყვანობას არ ვუმიზნებ. მიყვარს, როცა ეკრანზე ახალგაზრდა და ლამაზი ხალხი ჩანს. მე კი მალე ორმოცი წლის ვხდები.

– როგორ გგონიათ, ხალხს მოენატრა კოკა ყანდიაშვილი?

– ხალხს ჰკითხეთ. ჩემ მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ მახსოვს. ჩვენ ხომ ფეისბუქზე მეგობრები ვართ და რამდენი მეგობარი მყავს?

– დაუთვლელი.

– ნამდვილად. დღეში, სულ ცოტა, ათი წერილი მაინც მომდის, ბატონო კოკა, როგორ მოგვენატრეთ, როგორ ხართო და ა.შ. ცუდი დამოკიდებულება არასოდეს მიგრძვნია.

– მაშინ რატომ არ უნდა უნდოდეს ასეთ ადამიანს ეკრანთან ურთიერთობა? თან აღნიშნეთ, შემიძლია, ბევრი რამ გავაკეთოო. რას ელოდებით?

– შემიძლია გავაკეთო კი არა, ვაკეთებ ბევრ რამეს. უბრალოდ არ შემიძლია, ქართულ ტელევიზიაში გავაკეთო. საერთაშორისო ტელერადიოაკადემიაში ვაკეთებ და ყველგან აჩვენებენ ჩემს პროექტებს, ქართველ მაყურებელს კი – არაფერი. სამწუხაროა, რომ ასეთი ვითარებაა, მაგრამ ვერ დავბრუნდები ვერც ერთ ტელეარხზე, სანამ მუშაობის საშუალება არ მექნება.

– თვლით, რომ სიმართლის მთქმელი ჟურნალისტი იყავით? თქვენზე არაერთხელ თქმულა, შევარდნაძის დაკვეთებს ასრულებდაო.

– ხალხი ჩემ მიმართ კარგად არ იქნება განწყობილი, თუ მე მას ვატყუებდი. ვერ გეტყვით, სიმართლის აპოთეოზი ვიყავი–მეთქი, მაგრამ ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებდი და რასაც ვაკეთებდი, მაყურებელს მოსწონდა. რასაც ვამბობდი, ისე ვამბობდი, რომ მაყურებელი ხვდებოდა, სად იყო აქ სწორი ამბავი და სად – არასწორი.

– ამბობთ, ჭანტურიას არ ვკითხავ, რა ვთქვაო. მაშინდელი ხელისუფლებიდან მითითებები არ გქონიათ, რა უნდა გეთქვათ?

– ნამდვილად არ ვეკითხებოდი. თუ მათ სჭირდებოდათ, რომ ეს მეთქვა ან ამაზე გამემახვილებინა ყურადღება, თვითონ მეუბნებოდნენ. როგორ შეიძლება დღევანდელმა ხელისუფლებამ ან დღევანდელმა მედიამ შევარდნაძისდროინდელ ჟურნალისტიკაზე ილაპარაკოს?! პირში ენა როგორ უბრუნდებათ?! მე ვიყავი არაობიექტური ჟურნალისტი და ახლა ხედავთ ობიექტურ ჟურნალისტიკას?! სააკაშვილის პერიოდში იმის მეათედი თავისუფლება არ გვქონია, რაც შევარდნაძის დროს იყო, მაგრამ შევარდნაძის დროს არ იყო შუქი. სამაგიეროდ ახლა არის შუქი, რომელსაც ვერ ვანთებთ, ისეთი ძვირი ღირს.

– თქვენთვის დღეს რთულია საქართველოში ცხოვრება?

– მე ამ ქვეყნის შვილი ვარ. აქ დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ. მყავს მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, ამხანაგები, კოლეგები, ნაცნობები და ა.შ. მე ამ ქვეყანაში ვარ ჩემს სახლში. ყველაფერი ქართულიც მიყვარს და არაქართულიც, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. ამ ქვეყანაში მე გავიარე ყველა ომი, რომელიც იყო. ეს იყო კომუნისტების დროს, ზვიადის დროს, შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს... ყველაფერი. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია. ეს ჩემი სახლია და ძნელია ჩემთვის ჩემს სახლში ცხოვრება, მაგრამ სხვა სახლი მე არ მაქვს. ამიტომ ამ მთავრობასაც გავისტუმრებ, შემდეგი ვინც მოვა, იმასაც გავისტუმრებ და იმის შემდეგი ვინც მოვა, იმასაც, ოღონდ ყველა შემდგომი მთავრობა წინაზე უკეთესი იქნება. სააკაშვილის მთავრობა შევარდნაძის მთავრობაზე რაღაცით უკეთესია და რაღაცით უარესი. ჩვენ ვართ ერი, რომელიც მაინც წინ მივდივართ.

– თქვენი პროგნოზით, ვინ იქნება ამ ხელისუფლების შემდეგ?

– დღეს ასეთი კანდიდატურა არ არის და ამას ჩემთვის მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ასე, მიშა ჩემი მეგობარი იყო. აგერ, აქ იჯდა და გეგმავდა, სად, რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო. მერე რა?

– მერე რა მოხდა?

– არ ვიცი. არავინ იცის. არ მაქვს პასუხი, რას აკეთებს. ვისაც ახლა ვხედავ, ეს სხვა კაცია. მე ასეთ კაცს არც ვიცნობდი. ვერ გეტყვით, ვინ იქნება შემდეგი, მაგრამ ერთს ვიტყვი: მიშა წავა, თან ძალიან მშვიდად და წყნარად წავა, ყველანაირი სისულელეების გარეშე, მოულოდნელად, შოკისმომგვრელად წავა.

– ასე რატომ გგონიათ?

– იმიტომ, რომ მიშა არასოდეს ამართლებს ხალხის მოლოდინს. ხალხი ელოდება, რომ ის სიგიჟით, სისხლისღვრით და სისულელეებით წავა, მაგრამ არა, ძალიან მშვიდად წავა. მთავარია, ვინ მოვა. მიშას შემდეგ თუ მოვა რუსი, მე მირჩევნია, მიშა იყოს.

– თავს პოლიტიკური დევნის მსხვეპლად მიიჩნევთ?

– სანამ მიშა მოვიდოდა, ერთი კვირით ადრე ყველაზე ახალგაზრდა, პირველი ქართველი გავხდი საერთაშორისო ტელერადიოაკადემიის ნამდვილი წევრი და პრეზიდიუმის წევრი. მეშვიდე წელია, ჩემს ქვეყანაში მუშაობის საშუალება არ მაქვს. მეც და ჩემი ცოლიც გამოგვყარეს სამსახურებიდან. რა ჰქვია, როცა გირეკავენ და გემუქრებიან, რომ ორივე შვილს მოგიკლავენ? 2007 წლის 7 ნოემბრიდან საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე ასე ხდებოდა, ანუ 2008 წლის ბოლომდე. საპარლამენტო არჩევნები დასრულდა და მერე აღარ ვიყავით საშიშები. პოლიტიკური რეპრესიები სააკაშვილის ერთ–ერთი მეთოდია.

– საზღვარგარეთ თავშესაფრის მოთხოვნაზე არ გიფიქრიათ?

– არ წავიდოდი, არ გავიქცეოდი. ვერ ეღირსებით!

– ედუარდ შევარდნაძესთან კონტაქტი გაქვთ?

– ყველა პოლიტიკოსთან, ყოფილთან და არაყოფილთან, მაქვს ურთიერთობა. ძალიან იშვიათად, მაგრამ, რა თქმა უნდა, შევარდნაძესაც ვეკონტაქტები, ასევე – მთავრობის წევრებს და ოპოზიციას.

– როგორი ურთიერთობა გაქვთ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან?

– ძალიან მაკვირვებს ეს ხალხი. შევამჩნიე, რომ ფეისბუქზე უამრავი ადამიანი მყავს მეგობრად, მაგრამ ისინი, რომლებსაც მთელი ცხოვრება ვიცნობ ხელისუფლებაში, ფეისბუქში არ მიმეგობრდებიან, ეშინიათ. ისეთებზე ვამბობ, ვისაც ბავშვობიდან ვიცნობ და ვისთანაც დღემდე მაქვს ურთიერთობა.

– ორი ქალიშვილის მამა ხართ. როგორი ურთიერთობა გაქვთ შვილებთან, ყველაფერი იცით მათ შესახებ?

– ერთი გოგონა 14–ის არის, მეორე 17–ის წლის ხდება. ყველაფერი ვიცი მათ შესახებ და მათაც ყველაფერი იციან ჩემ შესახებ. ჩვენ კარგი მამა–შვილი და კარგი მეგობრები ვართ. მეუღლესთან უკვე ათი წელია გაშორებული ვარ.

– გინდათ, თქვენი შვილები ჟურნალისტები გახდნენ?

– არა, მაგრამ კატეგორიული არასოდეს ვარ, ეს მათი ასარჩევია.

– რატომ არ გინდათ, რომ ჟურნალისტიკაში იმუშაონ?

– არ ვურჩევდი ჩემს შვილს ჟურნალისტობას, მით უმეტეს, ასეთ ქვეყანაში, სადაც უახლოესი 10–15 წლის განმავლობაში არ გვექნება თავისუფალი მედია. საქართველოში ყველა ტელეკომპანია დოტაციურია. ჩვენს ბაზარს არ აქვს იმდენი ფული, რომ ტელევიზია შეინახოს, ამიტომ ყველა ტელეკომპანიას ვიღაც აძლევს ფულს. საზოგადოებრივი ტელევიზიაც კი ისე მუშაობს, როგორც ამ საზოგადოებას არ უნდა. რატომ უნდა ვურჩიო შვილს ჟურნალისტობა?!

– ნანობთ, რომ ჟურნალისტიკა აირჩიეთ?

– არ ვნანობ, თუმცა მშობლების აზრი რომ გამეთვალისწინებინა, შეიძლება ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირი ყოფილიყო.

– მშობლები რას გირჩევდნენ?

– ექიმობას. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც მე მინდა და გზის დიდი ნაწილი გასავლელი მაქვს, ამიტომ არ გამაბრაზონ!

ანა ნოდია

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online