asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რამაზ საყვარელიძე: "ფსიქოლოგიურ ომზე სანქცია ხელისუფლებამ გასცა"
"ფსიქოლოგიურ ომზე სანქცია ხელისუფლებამ გასცა"
რამაზ საყვარელიძე: "ფსიქოლოგიურ ომზე სანქცია ხელისუფლებამ გასცა"

2010-03-23 18:31:27



შოკისგან გულშეღონებული ადამიანები, ნაადრევად მშობიარობადაწყებული ქალები, შიშისგან ნერვულ სპაზმში ჩავარდნილი ბავშვები, მსხვერპლიც კი – როგორც ამბობენ, გარდაიცვალა ჯარისკაცის დედა, თეატრში ჩაშლილი სპექტაკლები, ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები, პანიკა, დაბოლოს საპროტესტო აქციები – აი, ის, რაც მიიღო ხელისუფლებამ ტელეკომპანია "იმედის" მიერ გაკეთებული "მოდელირებული ქრონიკის" სპეციალური გამოშვებით, რომელსაც "იმიტირებული ომი" ერქვა და რომლის ნახვამაც საქართველოს მოსახლეობაზე, მართალია მცირე ხნით, მაგრამ უფრო მძაფრად იმოქმედა, ვიდრე რეალურმა, 2008 წლის ომმა რუსეთთან. ამ ყველაფრის მიზანი, როგორც განგვიმარტეს, მხოლოდ "რუსული აგრუსიული გეგმებისთვის ხელის შეშლა იყო". სინამდვილეში კი გამოვიდა, რომ საკუთარ მოსახლეობას გამოუცხადეს ფსიქოლოგიური ომი.

რამდენად შეუშალა ხელი ამ შოკისმომგვრელმა სიუჟეტმა რუსულ გეგმებს, ამაზე რა გითხრათ და ალბათ ვერც ვერავინ გეტყვით, მაგრამ საქართველოში სიტუაციამ ისეთ კულმინაციას მიაღწია, რომ პრეზიდენტმა "იმედში" თავისი პრესმდივანი აფრინა და დააბარა, წარწერა მაინც გაგეკეთებინათ, რომ ეს იმიტაცია იყო და არა – რეალობაო. პრეზიდენტს მხოლოდ იმაზე ჰქონდა პრეტენზია, რატომ თქვით, რომ ქართული ბატალიონები გადავიდნენ მტრის მხარესო, თითქოს დანარჩენი "იმიტირებული" ფაქტები ჭეშმარიტებასთან საათივით იყო აწყობილი და არავის უდანაშაულობის პრეზუმპცია დარღვეულა. ფილმის შინაარსზე სააკაშვილს არანაირი შენიშვნა არ ჰქონია.

"იმედის" შენობასთან იმ საღამოსვე მოეწყო საზოგადოების აქცია. ოპოზიცია საერთოდ გადაირია, "იმედის" დახურვას და მისი ხელმძღვანელობის შეცვლას მოითხოვენ. ბურჯანაძე სასამართლოში ჩივის. მას ალბათ არც სხვები ჩამორჩებიან. თვით "რუსთავი 2"–მაც დაგმო კოლეგების მოქმედება და გიგი უგულავამაც, რომელიც, როგორც ამბობენ, "იმედს" ისე არ აკონტროლებს, როგორც სხვა ტელეკომპანიებს, გამოთქვა აღშფოთება, ეს ხალხის ნერვებზე თამაში იყოო. ხელისუფლება იძულებული გახდა, ტვინი მოეჭყლიტა და ყველაფერში "იმედის" ხელმძღვანელობა დაედანაშაულებინა, თუმცა პავლე კუბლაშვილმა მაინც ვერ მოითმინა და თქვა, ის პოლიტიკოსები, რომლებიც ასე "ჟივჟივებდნენ", სწორედ ასეთი სცენარისთვის ემზადებიანო. "იმედის" ხელმძღვანელობა გოკა გაბაშვილმაც შერისხა – არ ვიცი, ასეთ სიუჟეტები როგორ კეთდება და მისი რეჟისორები ვინ არიან, მაგრამ დამნაშავე უნდა დაისაჯოსო. თითქოს ავადსახსენებელი 7 ნოემბრის შემდეგ ფილმის "ნოემბრიდან ნოემბრამდე" ერთ–ერთი თანაავტორი, ნიკა გვარამიასთან ერთად, თვითონ არ ყოფილიყო. "იმედის" შეფმა გიორგი არველაძემ კი ეს ყველაფერი აინუნშიაც არ ჩააგდო და ინტერნეტში შემდეგი შინაარსის კომენტარი დადო – შეიძლება გადავაჭარბეთ და მაყურებელი უფრო გასაგებად უნდა გაგვეფრთხილებინა, რომ ეს იმიტაცია იყო, მაგრამ ძირითადად მართლები ვართო. ვნახოთ, რა გაგრძელება მოჰყვება ამ სკანდალს. ალბათ ყველაფერს საბოლოოდ ყველაზე დაბალ ღობეს ანუ იმ ჟურნალისტს დააბრალებენ, ვინც სათანადოდ ვერ გააფრთხილა მაყურებელი.

პოლიტოლოგი და სოციოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ასეთი განცხადებებით ხელისუფლება, ტრადიციულად, ისევ სხვას ჭრის კუდს. აბა, საკუთარ თავს ხომ არ დასჯის? სინამდვილეში რისი მიღწევა სურდათ ნახევარსაათიანი სიუჟეტის შემქმნელებს და რა მიიღეს მათ რეალურად, ამ საკითხებზე "სარკე" ბატონ რამაზს ესაუბრა.

რამაზ საყვარელიძე:

– მომეჩვენა, რომ ამ სიუჟეტის თუ ფილმის მიზანი არ იყო ომის შიშის რეანიმაცია. მიზანი უფრო იყო იმ რისკების განხორციელება, რომლებსაც რამდენიმე წელია ვაკვირდებით – ოპოზიციური პროცესის ამ რუსულ აგრესიასთან შერწყმა. სიუჟეტში იყო ფრაგმენტი, რომ იყო არჩევნები, არჩევნების შემდეგ გამოვიდა ხალხის ტალღა ქუჩაში და ამას მოჰყვება რუსული პროცესები. ამიტომ გამიჩნდა განცდა, რომ ამ ფილმით ხელისუფლება შეეცადა, მოეხდინა საპროტესტო გაწყობის პრევენცია და დასაშინებლად რუსული საფრთხე გამოიყენა. ვეღარ გათვალა, რომ მოსახლეობამ რუსულ საფრთხეზე მისცა რეაქცია, როგორც რეალობაზე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ყოველგვარი ჟურნალისტიკური ეთიკის გარეშე იყო გაკეთებული და ის მთავარი მიზანი, რაც ხელისუფლებას ჰქონდა – ოპოზიციის თემა, ამ ემოციებში საერთოდ დაიკარგა.

– ბატონო რამაზ, ხელისუფლებას უფრო ისე ხომ არ გამოუვიდა, თაგვმა თხარა თხარა და კატა გამოთხარაო? ხალხს ხელისუფლებისადმი გაუჩნდა პროტესტი და არა – ოპოზიციისა და რუსეთისადმი, როგორც ეს იდეის ავტორებს ჰქონდათ გათვლილი.

– რა თქმა უნდა. მაგას ბუმერანგს ეძახიან. ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ დიდი მინუსი ჩაიწერა. სიმართლე გითხრათ, ვიცოდი, რომ რაღაც ანალოგიურს აკეთებდნენ, მაგრამ არ მეგონა, თუ ამას გააკეთებდნენ. ვიღაცეებმა მკითხეს, ცუდი სცენარი რომ გაკეთდეს, რა შეიძლება მოხდეს საქართველოშიო. ვუპასუხე, რომ იქვე გასაკეთებელია კარგი სცენარი, სხვა შემთხვევაში ეს იქნება პროპაგანდისტული ხერხი და არა ფიქრი ქვეყნის მომავალზე–მეთქი. მიმაჩნდა, რომ ეს იქნებოდა ანალიტიკური გადაცემა, სადაც ძირითადად ლაპარაკი იქნებოდა ამ პროცესებზე, როგორც შესაძლებლობებზე და არა "ლაივის" წარწერით გაკეთებული გადაცემა. ეს საერთოდ ოდიოზური და გაუგებარი ნაბიჯია იმ ქვეყნის პირობებში, რომელსაც საკუთარ ტერიტორიაზე ოკუპანტების ტანკები უდგას.

– თქვენი აზრით, ხელისუფლებამ არ იცოდა იმის შესახებ, რომ ეს ფილმი მზადდებოდა, ასე რომ გაიოცეს თუ ხალხის რეაქციის გამო გააკეთეს ასეთი კომენტარები?

– ძნელი წარმოსადგენია, რომ არ იცოდა. ან თვითონ სააკაშვილის შეფასება მისი პრესმდივნის პირით, რომ უნდა ყოფილიყო წარწერა, რომ ეს იმიტაციაა – მარტო წარწერაზე არ არის საქმე. ამიტომ რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს, უპირველ ყოვლისა, იყო მოსალოდნელი საპროტესტო ტალღების მიმართ გაკეთებული სვლა და იმ ოპოზიციონერების მიმართ, რომლებზეც ხდება რუსული იარლიყების ჩამოკიდება. ფილმშიც ეს ოპოზიციური პარტიები მოუძღოდნენ რუსებს. ხელისუფლების მხრიდან შინაარსზე კი არ იყო აქცენტი, არამედ მხოლოდ იმ წარწერის აუცილებლობაზე, რომლის შედეგადაც შეიძლებოდა ქალაქში პანიკა არ ყოფილიყო. ქალაქში პანიკაც რომ არ ყოფილიყო, ეს იქნებოდა უბრალოდ ცილისწამების ელემენტების მქონე მასალა და, წესით, ხელისუფლებას ბოდიში ამ ცილისწამებაზე უნდა მოეხადა, მაგრამ ეს საერთოდ არ შეიმჩნია. იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, თვითონ ხელისუფლებას ჰქონდა სანქცია გაცემული ფსიქოლოგიურ ომზე.

– რუსეთის პრეზიდენტის, ქართველი პოლიტიკოსების გაყალბებულ, დამონტაჟებულ განცხადებებს რომ თავი დავანებოთ, სიუჟეტში იყო ელჩების, მათ შორის, ამერიკის ელჩის კომენტარები. ეს ელჩები ამაზე პროტესტს არ გამოთქვამენ?

– ამერიკელებმა თუ სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ კრიტიკა გამოთქვეს, ეს რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა იქნება, რაც ამერიკელებს ნამდვილად არ სურთ. ამიტომ ისინი საჯაროდ არ გამოთქვამენ კრიტიკას. თუმცა კულუარებში შეიძლება, ხელისუფლების წარმომადგენლებს ეს პრეტენზიები წაუყენონ.

– ცოტა ხნის წინ რუსულ მედიაში დაიწერა ქართველი სპეცსამსახურების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ რუსები შეეცდებიან სააკაშვილის მოკვლას. სიუჟეტშიც ითქვა საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობაზე. რამდენად შეიძლება იყოს ეს რუსული სცენარი?

– დაპირისპირებას და კონფრონტაციასაც აქვს ეთიკა. განცხადება, თუნდაც იმიტაციის დონეზე, რომ კონკრეტული ქვეყანა შემოდის, ახდენს ქვეყნის სრულ ოკუპაციას და პრეზიდენტს გიკლავს, ძალიან ცუდი ნაბიჯია მთლიანად საქართველოსთვის. ამის გარდა, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში გამოდიხარ, როგორც არასერიოზული და უზნეო ბავშვი და იმ კონკრეტულ ქვეყანასთან კიდევ უფრო გაგიჭირდება რაიმე პოზიტიურის დამყარება. ასე რომ, ეს საგარეო ურთიერთობაში კონფრონტაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. რუსეთის საწინააღმდეგო გამოსვლის ობამასათვის მიწერა გარკვეული პოლიტიკური უტაქტობაა იმ ფონზე, როცა ობამა გადატვირთვასა და მშვიდობის დამყარებას დიდი ძალისხმევით ცდილობს.

– "იმედმა" განცხადებით ბოდიში მოიხადა და თქვა, ამ სიუჟეტის მიზანი რუსული აგრესიული გეგმების ხელის შეშლა იყოო. რამდენად შეეშალათ რუსებს ხელი გეგმის განხორციელებაში?

– არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომელიც თვლის, რომ რუსეთის გეგმა საქართველოს სრული ანექსია და სააკაშვილის ლიკვიდაციაა. რუსეთს დღეს არ სჭირდება ასეთი ნაბიჯების გადადგმა და არა იმიტომ, რომ ვინმე შეუშლის ხელს. ეს მისთვის საერთაშორისო მიმართულებით მძიმე სურათს შექმნის. რაც მთავარია, არაფერში სჭირდება ამხელა ქვეყნის კისერზე წამოკიდება, იმიტომ, რომ ოკუპანტობა გარკვეული ეკონომიკური და ადამიანური ტვირთიცაა ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეს კი არა, რუსეთი ეცდება, აფხაზეთის და ცხინვალის რეჟიმისგან გაითავისუფლოს თავი. ბელორუსიის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთი არ ჩქარობს სხვა ქვეყნების ტვირთად აღებას. სააკაშვილს ბუნებრივი მიზეზითაც რომ დაემართოს რამე, ისიც რუსეთს დაბრალდება. ეს ისევ პროპაგანდის ნაწილია, თუნდაც იმისთვის, რომ ოპონენტების ყველა ნათქვამი გასაღდეს, როგორც რუსეთის გავლენა და არა ის, რომ ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები, რომ მედია შეზღუდულია, რომ ეკონომიკა იზღუდება და ა.შ.

რასაც ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები უჩივიან ხელისუფლებას, დღეს ყველა ეს საჩივარი რუსეთის გავლენას მიეწერება. ამდენად, რუსეთის მომავალი აგრესიის ეს ვერსია, ხელისუფლებისთვის, შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებისთვის ხელსაყრელია. ხელსაყრელია საგარეო კონტექსტშიც. ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, დასავლეთს დაანახოს, რომ მხოლოდ ისაა მათი მხარდამჭერი და ოპოზიციური ძალები რუსული ძალებია. ასეთ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში – რუსეთი თუ დასავლეთი, დასავლეთი იძულებული ხდება, ორიენტაცია სახელისუფლებო გუნდზე აიღოს ამ ლეგენდის საშუალებით. ასე რომ, ამ ლეგენდას თავისი პოლიტიკური ფუნქცია აქვს.

– როგორც სოციოლოგი, როგორ თვლით, რატომ გამოიწვია მოსახლეობაში ამ გადაცემამ ასეთი პანიკა?

– ჯერ ერთი, აგვისტოს ომიდან შიში გვაქვს გამოყოლილი; მეორე, მაშინდელისგან განსხვავებით, კიდევ უფრო მძიმე წინაპირობაა შექმნილი, თბილისთან ახლოს უკვე დგას რუსეთის შეიარაღებული ძალები და მესამე, ამ ორი წლის განმავლობაში მედიაში სულ მუსირებს აზრი, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს შემდგომ ოკუპაციას. ამ მოლოდინის ფონზე ნებისმიერი ასეთი სიუჟეტი აღიქმება, როგორც რეალური ოკუპაცია.

– ჩვენი ხელისუფლება ასეთი ფილმების გაკეთების დიდოსტატია. ეს რაიმე პოზიტივს აძლევს?

– ადრე გითხარით, თუ ხელისუფლებამ შეცდომები არ დაუშვა, მისი რეიტინგი მაღალი იქნება–მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს თეორიული ვარიანტი იყო. ეტყობა, შეცდომების დაშვება ხელისუფლებას ჩვევაში აქვს. მას აბსოლუტურად არ სჭირდებოდა ეს ფილმი არც მომავალი არჩევნებისთვის და არც დღევანდელობისთვის. რატომ გაირთულა საქმე, გაუგებარია.

ნინო მეტრეველი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: რამაზ საყვარელიძე
კავშირი ტეგთან: რამაზ საყვარელიძე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online