asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვირ სანდროს სტუმრებმა წიხლი უკრეს
ვირ სანდროს სტუმრებმა წიხლი უკრეს
ვირ სანდროს სტუმრებმა წიხლი უკრეს

2009-10-31 11:39:22



ყოფილი ტელეწამყვანი გიგა ნასარიძე, იგივე ვირი სანდრო, სააკაშვილის პრეზიდენტობით ფრიად კმაყოფილია. იგი ვერც მედიის შეზღუდვებს ხედავს, ვერც დიქტატის ნიშნებს, ვერც ქვეყნის შიდა პრობლემებს და ვერც იმის აუცილებლობას, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, რადგან ქვეყანაში ისეთი საგანგაშო არაფერი ხდება, რომ ასეთი რადიკალური ნაბიჯი იყოს საჭირო. ერთი სიტყვით, ვირი სანდრო სააკაშვილის ხელისუფლების ნამდვილი ფანია.

გიგა ნასარიძე:

– დღეს მიწყნარებულია ყველაფერი. ერთი მხრივ, ეს გამოწვეულია იმით, რომ ხელისუფლებას გაუჩნდა თვითრწმენა. ოპოზიცია დაწყნარდა, რადგან თავისი არასწორი ტაქტიკით ვერაფერს მიაღწია და დაწყნარდა ხელისუფლებაც, რადგან ოპოზიციამ ვერაფერი გააკეთა. უკვე მერამდენედ სცადა ოპოზიციამ, გაემეორებინა 2003 წლის რევოლუცია. საქართველოში დღეს პოლიტიკოსისთვის მთავარი რეიტინგია და ასეთი გამოსვლებით მათი რეიტინგი უკან და უკან წავა. თუ ეს არ უნდათ, მაშინ თავიანთ ტაქტიკაში რაღაც სიახლე უნდა შეიტანონ, ახალი გზა უნდა იპოვონ.

– ისიც გეცოდინებათ, ეს ახალი გზა რა შეიძლება იყოს.

– როცა ხელისუფლება გთავაზობს დათმობებს, უნდა გამოიყენო, მაგალითად, მერის პირდაპირი არჩევნები. იცი და დარწმუნებული ხარ, რომ თბილისში შეგიძლია მოიგო არჩევნები, რადგან გაქვს წინა არჩევნების შედეგი, ანუ სტრატეგია უკვე გამზადებული გაქვს – იგებ მერის ადგილს, ქუჩაში დგომის გარდა აკეთებ საქმეს, უფრო მეტ რეიტინგს იღებ და შემდეგი არჩევნებისთვის ემზადები. როცა ასეთი მარტივი სტრატეგია არსებობს, რატომ არ იყენებ?! ქუჩის აქციების მოწყობაც შეიძლებოდა, მაგრამ არა – ასეთი ცუდი ფორმით და არა ასეთი აბსურდული მოთხოვნით. თუ ქუჩის აქციას აწყობ მხოლოდ იმისთვის, რომ გადადგეს პრეზიდენტი, ეს უკვე სისულელეს უახლოვდება.

– არააბსურდულად რა მოთხოვნებს თვლით?

– კონკრეტული რაღაცეები უნდა მოეთხოვათ. პრეზიდენტი გადადგეს რისთვის – საარჩევნო კოდექსი რომ არ მოგწონს?! მაშინ მოითხოვე საარჩევნო კოდექსის შეცვლა და არა – პრეზიდენტის გადადგომა. საარჩევნო კოდექსი ხომ უფრო მარტივი შესაცვლელია, ვიდრე პრეზიდენტის გადადგომა?! შემდეგ საკითხზეც იგივე გააკეთე. ბოლოს და ბოლოს შედი პარლამენტში და იქიდან იბრძოლე.

– პარლამენტში რომ ვერაფერი გააკეთეს, ქუჩაში იმიტომ გამოვიდნენ და ისევ რაღაზე შევიდნენ?

– ქუჩის აქციებით მეტს მიაღწიეს? როცა კონსტრუქციული გზებით იბრძოდნენ, მაშინ მათი რეიტინგი არ იყო ასეთი კატასტროფული. რაც ქუჩაში გავიდნენ და საკნების აქცია გააკეთეს, მას მერე წავიდა მათი რეიტინგი დიდი სისწრაფით ნულისკენ. ახლახან გამოქვეყნდა გამოკითხვები და ალოგიკურად კი ჩანს, მაგრამ ფაქტია, რომ წაგებული ომის შემდეგ ხელისუფლების რეიტინგი მატულობს. არადა ასე არ უნდა ხდებოდეს, პირიქით, ოპოზიციის რეიტინგი უნდა მატულობდეს, გონივრულად რომ უდგებოდნენ საკითხებს.

– თქვენგან განსხვავებით, არიან ისეთებიც, ვისაც ამ გამოკითხვების სანდოობა ძალიან საეჭვოდ მიაჩნიათ. იქნებ მართლებიც არიან და ამიტომაც ჩანს ასე ალოგიკურად.

– ნამდვილად ალოგიკური იქნებოდა, ნორმალური პოლიტიკური გარემო რომ არსებობდეს საქართველოში, მაგრამ რადგან არ არის ასეთი გარემო, ამიტომ ამ გამოკითხვებს მე ეჭვის ქვეშ არ ვაყენებ.

– როგორც ვხვდები, თქვენთვის "გონიერი ოპოზიციონერი" ამ ეტაპზე ალასანიაა.

– კი, ალასანიამ ამათ შორის ყველაზე სწორი გზა აირჩია, მაგრამ თავიდან დაუშვა შეცდომა, როცა რადიკალურ ოპოზიციას ვერა და ვერ გამოეყო. თავიდანვე კი ჰქონდა დიალოგის სურვილი, მაგრამ, ეტყობა, იმდენად იყო შიგნით, გაერთიანებულ ოპოზიციაში ზეწოლა, რომ უარს ამბობდა.

– დიალოგი ალბათ მართლაც ყველაზე კარგი გზაა, მაგრამ რატომღაც შედეგიანი მოლაპარაკება ჩვენი ხელისუფლებასთან არც ერთი მახსენდება და მეორე, არ ყოფილა უმნიშვნელო შეხვედრაც კი, ხელისუფლებას პიარისთვის რომ არ გამოეყენებინოს.

– რატომ, ხომ დაიწყეს ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა?

– რომელიც შეიძლება ათი წელი გაგრძელდეს და მაინც უშედეგოდ დამთავრდეს. დაწყება ყოველთვის არ ნიშნავს დამთავრებას.

– არსებობს ნული, როცა ყველაფერი არის გაჩერებული და არსებობს თუნდაც ერთი დაძვრა, რომელსაც, ცოტა ხელს თუ შეაშველებ, მაშინ ეს მოძრაობა აღარ გაჩერდება.

– ხელის შეშველებაა ზოგიერთისთვის თუნდაც მიტინგები, ვადამდელი არჩევნები, მაგრამ... სიტყვამ მოიტანა და, როგორ ატყობთ, მართლა ემზადება ხელისუფლება ვადამდელი არჩევნებისთვის, როგორც ამას ოპოზიცია ირწმუნება?

– მეეჭვება. რატომ უნდა ემზადებოდეს ვადამდელი არჩევნებისთვის ხელისუფლება, როცა არაფერი ემუქრება?! პლუს, ხელისუფლება უფრო კონსტრუქციულიც გახდა და მისმა რეიტინგმაც მოიმატა. თან გაზაფხულზე ისედაცაა ადგილობრივი არჩევნები დანიშნული.

– მისი კონსტრუქციულობა სწორედ რომ ქუჩის აქციების შედეგია. თუ ვცდები?

– მთლად მასეც არაა, ხელისუფლება ჭკვიანურად მოიქცა. მან დადო კონკრეტული საკითხები და ამაზე დაიწყო საუბარი, ანუ ოპოზიციას თვითონ უბიძგა კონკრეტული საკითხებისკენ.

– გატყობთ, საქართველოს ხელისუფლების ფანი ხართ. მისი პოლიტიკა მედიის მიმართაც მოგწონთ?

– ხმები დადის, რომ მედია შეზღუდულია, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მე ამას დიდად ვერ ვატყობ. მაგალითად, ბეჭდვით მედიას ეს ნამდვილად არ ეხება. რაც შეეხება ტელევიზიას, აქ უფრო თვითცენზურა მგონია, თვითონვე ცდილობენ, არ აწყენინონ ხელისუფლებას. არა მგონია, ვინმე ხელისუფლებიდან ურეკავდეს, ეს სიუჟეტი რატომ გავიდაო.

– რუსეთთან ომზე რას ფიქრობთ, ისიც ხომ არ მოვიგეთ?

– ომი რუსეთთან ჯერ არ არის დამთავრებული, გრძელდება და ამ ომში, რა თქმა უნდა, დამნაშავე არის რუსეთი და მხოლოდ რუსეთი. ტალიავინის დასკვნაშიც წერია, რომ 7 აგვისტოს რუსული არმია იყო ცხინვალში შემოსული, რის შემდეგაც დაიწყო ქართულმა მხარემ ოსური სამხედრო წერტილების დაბომბვა. რუსული საჯარისო ფორმირების სხვა სახელმწიფოში შესვლა ხომ ნიშნავს უკვე ომის დაწყებას? ანუ აგრესია დაიწყო რუსეთმა. საქართველო არ შეჭრილა რუსეთის ტერიტორიაზე, შესაბამისად ომს ვერ დაიწყებდა.

– ტალიავინმა ისიც დაწერა, ფართომასშტაბიანი მოქმედება ანუ ომი ქართულმა მხარემ დაიწყოო. იქნება ღირდა, ნერვები მოგვეთოკა.

– მოდით, ეს იმ დაბომბილი სოფლების მცხოვრებლებს ვკითხოთ. როცა სოფლებს გიბომბავენ, ელემენტარულია, რომ შენი მოქალაქეები დაიცვა.

– დაცვის რა მოგახსენოთ. ადგილობრივებს რომ სანაქებო ქართულმა ჯარმა გამოასწრო, ამას მაინც ვერ უარყოფთ.

– ეს უკვე ტექნიკური საკითხებია, მაგრამ შენს სოფლებს რომ ბომბავენ, იქ შენი ხალხი უნდა დაიცვა. ყველა სახელმწიფო ასე მოიქცეოდა.

– თეა თუთბერიძის ქმედებებზე რას ფიქრობთ?

– ვიღაც ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ რაღაც ფორმით გამოეხატა პროტესტი იმ განცხადებაზე, რაც კათოლიკოს–პატრიარქმა გააკეთა. ფორმა რამდენად სწორი იყო, არ ვსაუბრობ, მაგრამ ამას მოჰყვა დიდი აურზაური და აბსოლუტურად გაუგებარი ამბები.

თუთბერიძეს აზრის გამოხატვის უფლება ჰქონდა კონსტიტუციით. მუქარა უკვე კრიმინალში გადადის და თუთბერიძე ამ შემთხვევაში მართალია, თუმცა ვთვლი, რომ ეს დაპირისპირება რაც შეიძლება მალე უნდა მორჩეს. დაპირისპირება ისედაც ბევრია ჩვენს ქვეყანაში და კიდევ ერთი, ისიც ხელოვნური, არაფერში გვჭირდება. სამწუხაროდ, ვატყობ, რომ ბევრი ადამიანია დაინტერესებული, ეს პრობლემა პირიქით, გაღვივდეს.

– თქვენი გადაცემაც გავიხსენოთ. რატომ აღარ გადის "საღამოს შოუ სანდროსთან ერთად" ეთერში, მისი დახურვის მიზეზი რა გახდა?

– მიზეზი ძალიან უჩვეულოა – ჭირდა სტუმრების მოყვანა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ არავინ თანხმდებოდა გადაცემაში მოსვლაზე.

– კონკრეტულად ვინ გითხრათ უარი?

– პირადად მე არ მქონია რესპონდენტებთან შეხება, პროდიუსერები რეკავდნენ, ისინი ათანხმებდნენ და მათ თქვეს.

– რომელი გადაცემის შემდეგ აღარ მოდიოდნენ სტუმრები?

– ასე ვერ გეტყვით, მაგრამ გიორგი ახვლედიანს, კახა კუკავას, ზვიად ძიძიგურს რომ შეხედეს, ალბათ ჩათვალეს, რომ გადაცემაში მონაწილეობა მათი პრესტიჟისთვის სარისკო იყო.

– იქნებ მიზეზი გადაცემის ურეიტინგობა იყო, ამას გამორიცხავთ?

– რეიტინგი ნამდვილად არ ყოფილა მისი დახურვის მიზეზი, რადგან არც ისე დაბალი რეიტინგი ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში, იმაზე მეტი ნამდვილად იყო, რასაც მოველოდით. თან ძალიან იაფი გვიჯდებოდი მისი გაკეთება, მაგრამ...

მანანა გეგია



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online