asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რა ცვლილებებს ატყობს აკაკი ასათიანი მიხეილ სააკაშვილს
"ოდნავ შერბილდა ხელისუფლება"
რა ცვლილებებს ატყობს აკაკი ასათიანი მიხეილ სააკაშვილს

2009-10-26 15:48:28



აკაკი ასათიანი არც ოპოზიციურ შეხვედრებს აკლდება და არც ხელისუფლების მიწვევაზე ამბობს უარს. უშიშროების საბჭოს პირველ სხდომასაც დაესწრო, შემდეგ – ვანო მერაბიშვილთან გამართულ შეხვედრასაც და სულ ახლახან გამართულ უშიშროების საბჭოს კიდევ ერთ სხდომას, სადაც დასწრებაზე ირაკლი ალასანიამაც კი თქვა უარი.

რატომ თანხმდება ტრადიციონალისტთა ლიდერი ხელისუფლების ყველა მიწვევას, ხედავს თუ არა შედეგებს ასეთი შეხვედრებიდან და ხომ არ შეიცვალა კრიტიკული დამოკიდებულება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად "სარკემ" აკაკი ასათიანს მიმართა.

– ბატონო აკაკი, ყველა შეხვედრაზე, რომელზეც ხელისუფლებამ მიგიწვიათ, მიხვედით. მერაბიშვილთან შეხვედრიდან რომ ვერაფერი გამოიტანეთ, ეს მაინც გაძლევთ სტიმულს, რომ ასეთ შეხვედრებს დაესწროთ?

– ეგ არ მესმის. მერაბიშვილთან შეხვედრამდე პოლიტიკური ნიშნით 160 კაცამდე იჯდა ციხეში. ახლა 80 ზის.

– დანარჩენები ამბობენ, მხოლოდ 5 გამოუშვესო.

– 80–მდე გამოუშვეს და მე წინასწარ ვამბობდი, 20 კაციც რომ გამოვიდეს, მაინც შედეგად ჩაითვლება–მეთქი. არ მქონდა ილუზია, რომ ვინც ამ ნიშნითაა დაპატიმრებული, ყველას გამოუშვებდნენ. იქვე ითქვა, ზოგის გამოშვება ალბათ ადვილი იქნება, ზოგს სერიოზული კრიმინალის ნიშნები აქვსო. ვფიქრობ, მოლაპარაკებები უნდა გავაგრძელოთ.

– ბოლო უშიშროების საბჭოზე რაზე იყო საუბარი?

– ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ვთვლი, რომ არათუ პოლიტიკოსი, ნებისმიერი ქართველი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის რაღაცა სათავეებთან იმყოფება, ვალდებულიც კია, მივიდეს ასეთ დროს. თუ ვინმე ელოდებოდა, რომ იქიდან გამოვიდოდი და ცალ ჯიბეში აფხაზეთი მექნებოდა ჩადებული და მეორეში – ცხინვალი, არ ვიცი. ლაპარაკია რაღაც სტრატეგიის შემუშავებაზე. ამ საკითხში კონსნესუსს უნდა მივაღწიოთ. სხვა საკითხებში ბევრი გვაქვს საჩხუბარი, მაგრამ ვთვლი, რომ ეს არ არის ჩხუბის ასპარეზი. ერთიანი სტრატეგია უნდა შევიმუშაოთ, თორემ ეს ქვეყანა იშლება.

– ელოდებით, რომ პრეზიდენტი თქვენს წინადადებებს გაითვალისწინებს?

– მე ჩემსას ვიტყვი და თუ არ გაითვალისწინებს, გეტყვი, რომ არ გაითვალისწინა.

– წინა უშიშროების საბჭოს სხდომაზე რაც უთხარით, გაითვალისწინა?

– წინაზე ეს საკითხები არ იყო. მაშინ იყო ომის წლისთავზე ლაპარაკი, რომ ასე მარტივად არაა საქმე. არ დამიმალავს და ახლაც ვამბობ – წინა სხდომაზე მივედი იმიტომ, რომ დამეფიქსირებინა – თუ ვინმეს ცდუნება ჰქონდა ჩრდილოეთში, რომ გვეტყოდა, მე შემოვალ, სააკაშვილს დავიჭერ, წავიყვან და თქვენთან ყველაფერი კარგად იქნებაო, ეს არ მინდა. იმიტომ, რომ პრობლემა სააკაშვილი კი არა, ჩვენი და მათი ურთიერთობაა. სააკაშვილი ამ შემთხვევაში გამოხატულებაა. შევარდნაძე არ იყო პრობლემა მათთვის?! ზვიადი არ იყო?! ე.ი. ჩვენს ქვეყნებს შორისაა პრობლემა. მომხრე ვიყავი, ეს გარკვეულიყო. რაკი ვერ ირკვევა, მინიმუმი, იმას მაინც ვეცდები, ილუზია არ იყოს, რომ ტაშით შევხვდები, თუნდაც სააკაშვილის დასამხობად შემოსულ სხვა ქვეყნის ჯარებს. ზოგი რომ ამბობს, სააკაშვილი ამერიკელებმა წაიყვანონო, არც მაგის მომხრე ვარ. რას ჰქვია "წაიყვანონ"?! ეს ყველაფერი ჩვენი გადასაწყვეტია!

– რა შეატყვეთ, გულწრფელი იყო ხელისუფლება თუ ზოგადი ინფორმაციებით შემოიფარგლა?

– ფიქრობთ, ხელისუფლება ჩვენ ყველაფერს მოგვიყვება?! საკმაოდ გულწრფელი იყო და თქვა კიდეც მიშამ მეორე შეკრებაზე, პირველ შეხვედრაზე იმდენ რამეზე ვილაპარაკეთ, მერე გვეშინოდა, არ გასულიყო და მადლობელი ვარ, რომ არ გავიდაო. ერთი მხრივ, მეწყინა. რატომ უნდა ჰგონებოდა, რომ იმას, რაზეც იყო საუბარი, სადმე ვიტყოდი?!

– მახსოვს, რამდენი გეხვეწეთ და არ მითხარით.

– თქვენც ვერ გეტყოდით, ახლობელ ადამიანს, რომელთანაც დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს. არ შეიძლება.

– ის მაინც მითხარით, რაიმე სტრატეგია, გეგმა აქვს თუ არა ხელისუფლებას დაკარგულ ტერიტორიებთან დაკავშირებით?

– ჯერ სტრატეგიის შემუშავებაზეა ლაპარაკი. რა მიმართულებებიცაა, ზოგი სწორია და მუშაობაც მიდის, ზოგი არასწორია. ჯერჯერობით საქმე იდეალურად არ არის.

– საბრძოლო მოქმედებებზეც ხომ არაა საუბარი?

– ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ არ ყოფილა.

– პირველი შეხვედრა ხომ არ იყო ტესტი იმაზე, თუ რამდენად სანდო იყავით ხელისუფლებისთვის იქ დამსწრე ოპოზიცია?

– შეიძლება.

– საბჭოს სხდომაზე მიწვეული იყვნენ ისეთი ლიდერებიც, ვინც პირდაპირ აგენტობაში იყვნენ ბრალდებული. შალვა ნათელაშვილმა თქვა, მე, "რუსის აგენტს", რომ მიწვევს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ნუთუ არ ეშინია, რომ წავალ და ყველაფერს რუსებს მოვუყვებიო.

– ეგ საკითხი პირველ სხდომაზე მოიხსნა. გაგახსენებთ. ირაკლი ალასანიამ უთხრა და მეც დავადასტურე, ჩვენ თუ არ ვითვლებით აგენტებად, სხვებზე თუა საკითხი, გვითხარით, ვიცოდეთ–თქო. არ არის ასეო. ახლა თქვა, მკვეთრი პოზიციებისგან და შეფასებებისგან თავი უნდა შევიკავოთ, შეცდომები მოგვივიდაო. უთქვამს ეს ოდესმე? არ უთქვამს. ვთვლი, რომ უკვე პროგრესია.

ირაკლი ალასანია, რომელიც ხელისუფლებასთან ყოველგვარი დიალოგის მომხრეა, ამ სხდომას არ დაესწრო.

– კარგი იქნებოდა, ყოფილიყო, რადგან იმ საკითხებში, რაზეც ლაპარაკი იყო, ირაკლი კარგადაა გარკვეული.

– ოპოზიციის ერთადერთი მსჯელობის საგანი სამოქმედო გეგმაა – არჩევნები თუ საპროტესტო აქციები. თქვენი აზრი როგორია?

– არჩევნებზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება და სამართლიან არჩევნებს მივაღწიოთ.

– იმედი გაქვთ, რომ მიაღწევთ?

– უნდა ვეცადოთ. რისი იმედი მაქვს, ეს მე ვიცი.

– რანაირად უნდა ეცადოთ?

– ნებისმიერი მეთოდით. მოლაპარაკებებითაც და აქციებითაც. აქციას აზრი უნდა ჰქონდეს. თავის დროზე, ოცი წლის წინ, ასე მივაღწიეთ გამსახურდიას მეთაურობით ნორმალურ არჩევნებს. გამოცდილება მაქვს.

– მაშინ სხვა დრო იყო. ირყეოდა კომუნისტური რეჟიმი. თავად კომუნისტებიც კი უჭერდნენ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას და ეროვნული ძალების გამარჯვებას.

– მაშინ რა ვქნათ, მითხარით და დაგეთანხმებით.

– ეს თქვენ, პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრათ.

– მე გეუბნებით, რომ ასე უნდა ვქნათ. მაშინ სხვამ მითხრას, როგორ მოვიქცეთ.

– სხვები თვლიან, რომ დაუმორჩილებლობით, რადიკალიზმით და საპროტესტო აქციებით მიაღწევენ მიზანს.

– თვლიან და კი, ბატონო, შევხედავთ. მე ვთვლი, რომ რადიკალიზმი მიზნის მიღწევაში გამოიხატება. ზვიადზე მეტად რადიკალურად დაპირისპირებული საბჭოეთთან ვინ იყო? საარჩევნო კოდექსის პროექტის გამოქვეყნებას გზების გადაკეტვა დასჭირდა. ჯერ არჩევნების დანიშვნას დასჭირდა ძალისხმევა, მერე კოდექსის პროექტის შემუშავებას, მერე დამტკიცებას.

– "რედისონში" შეხვედრიდან რა დასკვნა გამოიტანეთ? შეიძლება, რომ ოპოზიციამ ერთიანი ფრონტით მიაღწიოს მიზანს?

– მიზანს, რა თქმა უნდა, ერთიანი ფრონტით მიაღწევს და კოორდინირებაც არაა გამორიცხული. კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. 20 წლის წინ იქ წივილ–კივილი იქნებოდა, 2 წლის წინ ერთმანეთს არავინ მოუსმენდა. ახლა ყველა უსმენს ერთმანეთს, თუნდაც მისთვის მიუღებელს. ასე ხდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში. უშიშროების საბჭოზეც ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ნელ–ნელა, მაგრამ მაინც მივდივართ ნორმალური ქვეყნებისკენ.

– თვლით, რომ ხელისუფლება რაღაცეებს თმობს?

– ხელისუფლებას ჯერ არაფერი დაუთმია. უბრალოდ მისი ქცევა შეიცვალა. მინიმუმი, კონტაქტის სურვილი გაუჩნდა. პიარისთვის აკეთებსო, ამბობენ. ხომ არ აკეთებდა? ახლა ხომ აკეთებს? რაღაცა შეცვლილა, არა?!

– ეს უფრო საგარეო მოხმარებისთვის ხომ არაა? გაერო–ს ტრიბუნიდან განაცხადა, უშიშროების საბჭოს სხდომებს ოპოზიცია ესწრებაო.

– კარგი. შარშანწინ რატომ არ იწონებდა ამით თავს?

– მაშინ ფიქრობდა, რომ თეთრ რაშზე იჯდა და იმიტომ.

– ე.ი. მიხვდა, რომ მთლად ისე ვერაა საქმე. კარგია, რომ მიხვდა. ახლა თქვა, ჩვენც დავუშვით შეცდომებიო. ადრე ასეთი რამ უთქვამს? უკეთესობისკენ შეიცვალა და არა – უარესობისკენ. უარესობისკენ იქნებოდა, ისევ რომ ეძახა, აგენტები არიან და მოდი, დავიჭიროთო.

– ასეთი შეხვედრებით მიხეილ სააკაშვილის იმიჯის გამოსწორებას ხომ არ უწყობთ ხელს დასავლეთის თვალში?

– თუ ჩემი მისვლა–არმისვლა ასეთი მნიშვნელოვანია, ყველა დამემორჩილოს და რასაც ვიტყვი, ის გააკეთოს.

– მაინც რას იტყვით?

– რასაც ვიტყვი. თუ ობამა დადარაჯებულია და თუ მივალ, დატოვებს სააკაშვილს, თუ არა – წაიყვანს, მაშინ ობამამაც და ყველამ მე უნდა დამიჯეროს. ასეა?

– ობამასი რა გითხრათ, მაგრამ იქნებ სააკაშვილი გიჯერებთ?

– მიშას ჯერ არაფერი დაუჯერებია. აზრთა გაზიარების იქით არ წავსულვართ.

– ისე საკმაოდ თბილი შეხვედრა გქონდათ იმ სხდომაზე.

– სააკაშვილის მტერი არასოდეს ვყოფილვარ და არც ისაა ჩემი მტერი. არაერთხელ მითქვამს. მასთან არანაირი პიროვნული პრობლემა არ მქონია. კონკურენცია უნდა იყოს და არა – მტრობა. სწორედ ამ მტრობამ დაგვღუპა. გარე მტერთან მხოლოდ ამიტომ ვმარცხდებოდით. აფხაზეთის მარცხი გადატრიალების პირდაპირი შედეგია, გაავებული დაპირისპირების.

– თუმცა სააკაშვილის ხელისუფლების ჩამოშლაზე სერიოზულად მუშაობდით.

– დიახ და თუ უკეთესობისკენ არ შეიცვლება, კიდევაც ვიმუშავებ. თვითონ არ იციან? დაპირისპირებულ ადამიანებთან ვსხდებით საგარეო საფრთხეებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სასაუბროდ. გამოვყოთ ეს საკითხი და ვიმსჯელოთ. გამოცდილება და მოსაზრებები მაქვს. სწორია თუ არასწორი, იმის მიხედვით გადაწყდება, ვინ რამდენად აფასებს. ძველი პრობლემები პრობლემებად რჩება. თუ მოხსნის, პირველი გამოვალ და ვიტყვი – ოქრო კაცი! პრობლემათა მთელი წყებაა – სასამართლო, მედია, პარტიების დაფინანსება, ბიზნესის გათავისუფლება. ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მისი ინიციატივა, რომ მეტს აღარ გავზრდით გადასახადს, ეკონომიკის გამოცოცხლებას არ ჰყოფნის. უნდა ეთქვა, ორჯერ მაინც ვამცირებ გადასახადებსო. სხვა გზა არ არის. თუმცა ამისთვის კორუფცია უნდა ამოძირკვო, პირველ რიგში, ხელისუფლებაში. დასავლეთი ამბობს, რომ ჩვენთან ელიტარული კორუფციაა.

– ხელისუფლება ამბობს, უმაღლესი ხელისუფლება საერთოდ თავისუფალია ამ სენისგანო.

– ფაქტია, რომ შეამცირეს ბიუროკრატიული პრობლემები. პოლიცია გაუმჯობესდა, გზები იგება. ეს სატრაბახო არაა, მაგრამ ფაქტია, რომ არის.

– უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტს არ უთქვამს, აგვისტოს ომის დაწყებაში მე არაფერ შუაში ვარ და აგერაა ტალიავინის კომისიის დასკვნაო?

– არაფერ შუაში ვარო, არ ამბობს. რუსეთის ბრალიაო, ამბობს. რუსეთი ნამდვილად ემზადებოდა და სააკაშვილის შეცდომა სწორედ ისაა, რომ ვერ გაითვალისწინა ორი რამ – პირველი, რუსები გაბედავდნენ შემოსვლას და მეორე, ამ საქმეში დასავლეთის და განსაკუთრებით შეერთებული შტატების იმედად იყო.

– მეჩვენება თუ შერბილებული ხართ ხელისუფლების მიმართ?

– ოდნავ შერბილდა ხელისუფლება და ცოტა მეც შევრბილდი. აბა, როგორ?! გიჟივით ვიძახო ერთი და იგივე, როგორც ზოგიერთი შვრება?!

– როგორ თვლით, ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიცია ერთი კანდიდატურით უნდა გამოვიდეს?

– უკეთესი იქნება.

– ვინ შეიძლება იყოს ის ერთი კანდიდატი?

– ვისზეც შეთანხმდებიან.

– თქვენი აზრი მაინტერესებს.

– ნებისმიერს დავეთანხმები, თუ ერთიანი კანდიდატი იქნება.

– თბილისის მერობაზე თავად არ გიფიქრიათ?

– თუ ერთიანი კანდიდატი არ იქნება, მაშინ ვიფიქრებ. ჯერჯერობით მონაწილეობის საკითხიც ეჭვის ქვეშ დგას. ალიანსი და კობა დავითაშვილი თვლიან, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მე ასე არ ვთვლი. ცოტა მაინც უნდა გაუმჯობესდეს საარჩევნო კოდექსი.

ნინო მეტრეველი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მიხეილ სააკაშვილი
კავშირი ტეგთან: მიხეილ სააკაშვილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online