asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანდრო ბარნოვი: "ტალიავინის დოკუმენტს "გამგები გაიგებს" ჰქვია"
"ტალიავინის დოკუმენტს "გამგები გაიგებს" ჰქვია"
ანდრო ბარნოვი: "ტალიავინის დოკუმენტს "გამგები გაიგებს" ჰქვია"

2009-10-09 18:32:35



2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელმა საერთაშორისო კომისიამ ცხრათვიანი მუშაობის შემდეგ 1.100 გვერდიანი დოკუმენტი დადო, სადაც დასკვნას ორმოცდაათ გვერდამდე უჭირავს. როგორც მოსალოდნელი იყო, კომისიამ, რომელსაც შვედი დიპლომატი ტალიავინი ხელმძღვანელობდა, არც მწვადი დაწვა და არც შამფური. ანუ დირექტიული ტონით არ უთქვამს საქართველოს ხელისუფლებისთვის, ან ომი რატომ დაიწყე და ცხინვალს გრადი რატომ დააყარე, ან რუსეთის ხელისუფლებისთვის – თუ სამშვიდობოებს იცავდი, გორში, საჩხერეში, ფოთში და სენაკში რას დაბოდიალობდი, ხოცავდი და მარადიორობდიო. ყველაფერი, რაც 2008 წლის აგვისტოში ხდებოდა, ამა თუ იმ დოკუმენტის თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების დარღვევად შეფასდა. დანარჩენი უკვე გამგებმა უნდა გაიგოს.

დიპლომატმა ტალიავინმა ორივე მხარეს დიპლომატიურად გადაჰკრა მათრახი, მაგრამ ისე, რომ ორივეს მანიპულირების და იმის თქმის საშუალება მისცა, აი, ხომ ნახეთ, დამნაშავე მე კი არა, ისააო. როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ხელისუფლება კმაყოფილები დარჩნენ, თუმცა ეს უფრო საკუთარი ხალხის დასაბრმავებლად მიღებულ პოზას ჰგავს.

დასკვნა ორივე მხარემ ისე წაიკითხა, როგორც უნდოდა. ამის საშუალებას კომისიის დასკვნა იძლევა, რომელსაც პრეტენზია "აბსოლუტურ სიზუსტესა და სრულყოფილებაზე" არ აქვს. ქართული მხარე ბედნიერია იმით, რომ ჰეიდი ტალიავინის კომისიამ ჩაწერა, რუსეთი აგვისტომდე უკვე ახორციელებდა პროვოკაციებს და ომს წინ უსწრებდა სერიოზული დაძაბულობა, აგვისტოს დასაწყისში როკის გვირაბიდან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შევიდა დაქირავებულ მებრძოლთა დიდი ნაკადი, იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების დარიგება და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგებაო. გაერო–ს წესდების დარღვევადაა მიჩნეული კოდორზე მიტანილი იერიშიც, საქართველოს სიღრმეში შეჭრა და ყველაზე მნიშვნელოვნი – სამხრეთ ოსეთში განხორციელდა ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა: "არსებობს მტკიცებულება სამხრეთ ოსეთის ქართული სოფლების სისტემატური ძარცვისა და განადგურების შესახებ. შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ ეთნიკურ წმენდას სამხრეთ ოსეთის ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ მართლა ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს და მის შემდგომ პერიოდში".

რაც შეეხება ქართული მხრიდან ცხინვალის რეგიონში განხორციელებულ გენოციდს, რომელზეც მოწინააღმდეგე მხარე გამუდმებით საუბრობდა, მას კომისიის დასკვნა არ ადასტურებს.

რუსული ხელისუფლება და მედია კი იმ მუხლით მანიპულირებს, რომლის მიხედვითაც ღია საომარი მოქმედებები საქართველოს მხრიდან ცხინვალის დაბომბვით დაიწყო. ანუ ორივე მხარეს მოსწონს ის მუხლები, სადაც მათთვის მომგებიანი ფრაზები წერია, საწინააღმდეგო არგუმენტებს და დასკვნებს კი აპროტესტებენ.

დოკუმენტი მართლაც იწყება საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულებით ომის დაწყებაში. შემდეგ მას მოსდევს ასხნა–განმარტება, რომ ომის დაწყების საკითხის განხილვის ფოკუსირება მხოლოდ 7–8 აგვისტოს ღამის ცხინვალის წინააღმდეგ საარტილერიო შეტევაზე არ უნდა მოხდეს და შეფასება ასევე უნდა მოიცავდეს ომამდე, წლების წინ არსებულ პერიოდს და დაძაბულობას, რომელიც შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებას უძღოდა. თუმცა დოკუმენტში ისიც წერია, რომ, რაც უნდა მომხდარიყო და ოსებს და რუსებს იქ რამდენიც უნდა ეეშმაკათ, ცხინვალის დაბომბვა საერთაშორისო სამართლის კუთხით გამართლებული არაა, რადგან საქართველოს იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო დოკუმენტებით – 1992 წლის სოჭის ხელშეკრულებით და 1996 წლის მემორანდუმით, ძალის არგამოყენების ვალდებულება გააჩნია.

რაც შეეხება რუსეთის მიერ ძალის გამოყენების კანონიერებას საერთაშორისო სამართლის კუთხით, ამ საკითხზე მისიას "დიფერენციული მიდგომა" აქვს და "რუსეთის რეაქციას საქართველოზე შეტევაზე" ორ ფაზად ყოფს. ერთი, რომელიც მყისიერი რეაქცია იყო ცხინვალში მყოფი რუსი სამშვიდობოების დასაცავად და მეორე, სამხრეთ ოსეთის მიღმა საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრა. მისია ასკვნის, რომ პირველ შემთხვევაში რუსეთს ჰქონდა უფლება, პროპორციული სამხედრო ძალა გამოეყენებინა. რაც შეეხება მეორე ფაზას, დასკვნაში ნათქვამია, რომ "რუსული სამხედრო მოქმედებების უმეტესობა მნიშვნელოვნად გასცდა თავდაცვის გონივრულ საზღვრებს" და სამხრეთ ოსეთის ფარგლების გარეთ რუსი სამხედროების მოქმედებების უმეტესობა საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო. გაერო–ს წესდების დარღვევადაა მიჩეული კოდორის ხეობაზე იერიშის მიტანა.

რა მოსაზრება იდო ტალიავინის კომისიის შექმნაში, უღირდა თუ არა მასში ევროკავშირს ერთი მილიონ ექვსასი ათასი ევროს გადახდა, შეასრულა თუ არა მასზე დაკისრებული მოვალეობა კომისიამ და რას მოგვცემს დასკვნა ჩვენ ან რუსებს დღეისთვის და სამომავლოდ? გვესაუბრება პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი.

ანდრო ბარნოვი:

– ვფიქრობ, საზოგადოების ძირითადი ნაწილი ელოდა, რომ ეს იქნებოდა დაბალანსებული დასკვნა, რომელიც არც შამფურს დაწვავდა და არც მწვადს. ასეც აღმოჩნდა. ძნელია ამას დასკვნა უწოდო. ეს არის დოკუმენტი, რომელიც არაფერს ამბობს, აღწერილობითი ხასიათისაა. პრაქტიკულად, მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ ერთი წლის განმავლობაში ვინ რა უთხრა კომისიის წევრებს. ეს არ იყო საგამოძიებო ხასიათის კომისია და დოკუმენტიც არ არის ასეთი. არანაირ ვერდიქტს არ იძლევა. არც პრეტენზია აქვს, რაც წერია კიდეც.

– კომისიის ფუნქცია არ იყო, რომ უფრო კონკრეტულად ეთქვა დამნაშავეებზე?

– ალბათ არ იყო, თორემ რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა, კონკრეტიკაზე გასულიყვნენ, გავიდოდნენ. როგორც კი დოკუმენტის კითხვას ვიწყებთ, წერია, რომ კომისიას არ მიუწვდებოდა ხელი ბევრ მასალაზე, არც საიდუმლო დოკუმენტებზე, არც სატელიტურ ფოტოებზე, სადაც რაღაც ძალების მოძრაობა იქნებოდა ასახული და ამის მიხედვით გაეკეთებინათ დასკვნები. ანუ ეს არის დოკუმენტი, რომელიც კომისიამ შექმნა მხარეების კეთილ ნებაზე დაყრდნობით და საკუთარი წევრების პროფესიონალიზმის შედეგად. ვინც რას მიაწვდიდა, იმას იყენებდნენ. როგორც ჩანს, კომისიას დამოუკიდებლად მასალების მოპოვების საშუალება ნაკლებად ჰქონდა.

– ევროკავშირმა ამაში 1 600 000 ევრო ჩადო. რაში სჭირდებოდათ ასეთი ნელ–თბილი დოკუმენტი?

– ეს ემსახურებოდა იმას, რომ ღელვები რაღაცნაირად განელებულიყო და კითხვაზე პასუხი, ვინ არის დამნაშავე, რაღაცნაირად გადადებულიყო იმ დროისთვის, როცა ესკალაცია ისეთი ძლიერი აღარ იქნებოდა, როგორიც მაშინ იყო. ვფიქრობ ასეა, იმიტომ რომ ძნელია ამ დოკუმენტის შედეგად თქვა, რომ რაღაც შედეგი დადგა, რადგან არაფერია გარკვეული. თვითონ დოკუმენტიც ამბობს, რომ არ აქვთ პრეტენზია უტყუარი სიმართლის დამტკიცებაზე.

– ცივილიზებულმა სამყარომ გაიგო რამე, რატომ მოხდა ეს ომი, ვინ იყო დამნაშავე?

– ამ დოკუმენტს უფრო "გამგები გაიგებს" ჰქვია.

– ანუ ჩვენ, ვინც ვიცით, რა მოხდა, გავიგეთ, მაგრამ დასავლეთმა მაინც ვერაფერი გაიგო?

– იქაც გამგები გაიგებს, რადგან ფაქტობრივი მასალა, რაც მოყვანილია, ყველაფერი სწორია, მაგრამ შეფასებები პოლიტკორექტულია. შემიძლია უამრავი მაგალითი მოგიყვანოთ. მაგალითად, წერია, რომ ქართველებმა ვერ დაარწმუნეს კომისია, რომ 8 აგვისტომდე იქ რუსები მასობრივად იყვნენ შესული, თუმცა არის მტკიცებულებები იმისა, რომ იქ იყვნენ გარკვეული ნაწილები რუსული რეგულარული არმიისა და ასევე – დაქირავებული მკვლელები და მოხალისეები. აქ ისმის კითხვა: თუ ტალიავინის არ ესმის, რომ მოხალისეები და დაქირავებული მკვლელები, რუსულ კონტექსტში, ჩვეულებრივი შენიღბული ჯარია, მაშინ უნდა ავუხსნათ, მაგრამ მან ძალიან კარგად იცის აქაური სიტუაცია. იცის, ეს რასაც ნიშნავს.

– ანუ გამოვიდა, რომ ევროპამ არც ჩვენ გვაწყენინა და არც – რუსეთს?

– მგონი, ჩვენ ცოტა გვაწყენინა. ისედაც არაფრის გამო ყველაზე მეტი ჩვენ მოგვხვდა. იცით, რაზე შეიძლება ედავოს კაცი საქართველოს ამ დოკუმენტის საფუძველზე? რომ ცეცხლის გახსნა ცხინვალის მიმართულებით არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართალს და იქვეა დაზუსტებული. იმიტომ, რომ საქართველოს ხელი აქვს მოწერილი სოჭის ხელშეკრულებაზე. ვიცით, ეს რა ხელშეკრულებაცაა. შევარდნაძეს მასზე ძალით, იარაღის ქვეშ მოაწერინეს ხელი, მაგრამ მაინც ხელი გაქვს მოწერილი და არღვევ. ეს აიტაცა მედიამ, რომ საქართველომ დაიწყო ომი. მაგრამ ასე არ წერია. წერია, რომ საქართველოს შეტევით ცხინვალზე დაიწყო ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ დაიწყო ყველაფერი.

– შეტევა რომ საქართველომ დაიწყო ცხინვალზე, ამას არ ნიშნავს?

– ნიშნავს იმას, რომ საქართველომ როცა ისროლა, მაშინ დაიწყო ფართომასშტაბიანი კონფლიქტი. მანამდე პროვოკაციებს გიწყობდნენ. როგორც კი უპასუხე, გადმოვიდა და დაგიწყო ომი. დოკუმენტშიც ასეა. მერე წერია, რომ ესკალაცია სინამდვილეში აპრილში დაიწყო და მოყოლილია ყველაფერი, რუსებმა რა აკეთეს და როგორ უწყობდნენ ამას ხელს. მერე არის უცნაური რაღაცეები. თითქმის არაფერი წერია იმაზე, რომ 8 აგვისტომდე ერთი კვირით ადრე ცხინვალში ევაკუაცია მოახდინეს. როგორ, ეს მნიშვნელოვანი არ არის?! სადღაც ორი სიტყვითაა ნახსენები, მაგრამ ყოველგვარი განმარტებების გარეშე.

– ეს დოკუმენტი დღეისთვის ან სამომავლოდ ვინმესთვის რამეს ნიშნავს?

– ნიშნავს და უფრო ჩვენთვის, რადგან პრაქტიკულად დადასტურდა, რომ რუსებმა გადმოკვეთეს საზღვარი 7 აგვისტომდე, რომ რუსების მიერ ომის ოფიციალურად გამოცხადებამდე რუსული თვითმფრინავი უკვე ბომბავდა საქართველოს.

– რაში შეიძლება გამოვიყენოთ ეს ფაქტები?

– ახლა ამას არაფერი მოჰყვება. ცოტა ხანი რუსები გულს იჯერებენ საკუთარი ხალხის მოტყუებით. რუსულ მედიაში სრული ბაკქანალიაა ატეხილი, ხომ ვამბობდით, საქართველომ დაიწყო ომიო, არადა ეს არ წერია დოკუმენტში. ჩვენთანაც, შიგნით, შეიძლება პატარა დებატების პერიოდი გავიაროთ, რომელიც ჩაწყნარდება, მაგრამ რჩება დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამ ყველაფერს. ჩვენ სულ საქართველოზე ვლაპარაკობთ, მაგრამ რუსეთზე ყველაფერი უარყოფითად წერია. პრაქტიკულად, არ არის რუსეთის არც ერთი ნაბიჯი გამართლებული.

– წერია, რომ მოხდა ქართველების ეთნოწმენდა.

– ესეც ერთ–ერთი თემაა, რომელიც დადასტურდა. ისიც წერია, რომ, როგორც რუსები და ოსები აცხადებდნენ, ქართველების მხრიდან მსგავსი არაფერი მომხდარა.

– არ შეგვიძლია საერთაშორისო არენაზე რუსეთს ამის გამო ვუჩივლოთ?

– რამდენადაც მახსოვს, მაგაზე არის პროცესი დაწყებული და ეს დამატებითი არგუმენტები იქნება.

– დოკუმენტში წერია, რომ რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება არასწორად მოახდინა. ეს პუნქტი რისი მომცემია? შეიძლება თუ არა, რომ რუსებმა უკან წაიღონ აღიარება?

– ამ დოკუმენტით – არა, თუმცა ამის ჩაწერას მნიშვნელობა მაინც აქვს. ევროკავშირის დოკუმენტი მისი წევრი სახელმწიფოსთვის სახელმძღვანელო დოკუმენტია, რომელიც ცალსახად აფიქსირებს იმას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს ხელშეუხებელი და რომ რუსეთი ყველა კომპონენტში უკანონოდ იქცევა. ეს განსაზღვრავს პოზიციას რუსეთთან მიმართებაში.

– გამოადგება ეს დოკუმენტი ოპოზიციას იმის ხელჩასაჭიდად, რომ პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვოს და განგაში ატეხოს?

– ეჭვი მაქვს, ეს ყველაფერი ჰგავს იმას, რომ იწყება ახალი მზადება აქციებისთვის, ალბათ საშვიდნოემბრო. ნებისმიერ არგუმენტს ოპოზიცია გამოიყენებს იმისათვის, რომ ესკალაციის ხარისხი უფრო მაღლა ასწიოს, მაგრამ არ მგონია, რომ ეს სერიოზულ პროტესტში გადაიზარდოს. ყველაზე სწორია ის გზა, რომ პოლიტიკურად გაგრძელდეს ბრძოლა, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში. გავიაროთ ყველა აუცილებელი არჩევნები და მივიდეთ რაღაც ნიშნულამდე, როგორც კონსტიტუციითაა განსაზღვრული.

– იყო ვარაუდი, რომ რუსეთს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ევროსაბჭოში ხმას შეუჩერებდნენ. რუსეთი ევროპამ მაინც დაინდო.

– ხმის შეჩერება მოსალოდნელი არც იყო. მოსალოდნელია, რომ რაღაც ვადებს დაუთქვამენ და კიდევ ერთხელ მკაცრად მოსთხოვენ, მაგრამ დღეს, როცა მოლაპარაკებების ისეთი აქტიური პროცესი მიმდინარეობს, იგივე რუსეთ–ამერიკას შორის, იქ ირანის საკითხია. ძალიან საეჭვო იყო, რუსეთის მიმართ რაღაც გადამწყვეტი ზომა გაეტარებინათ, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს მოხდება, თუ რუსეთმა არ გაითვალისწინა იმ ორგანიზაციის რეკომენდაციები და რეზოლუციები, რომლის წევრიცაა. სხვანაირად მის წევრობას აზრი ეკარგება. რუსეთთან დაპირისპირებაზე არაა ლაპარაკი. ევროსაბჭოს სხვა გზა არ ექნება. რაღაც ზომა უნდა მიიღოს, სხვა შემთხვევაში ორგანიზაცია საკუთარი თავის დისკრედიტაციას მოახდენს.

– რუსეთის პოზიციები ხომ არ შესუსტდა?

– არა. თუ დათმობებზე ვლაპარაკობთ, რუსეთს ფანტასტიკური დათმობა გაუკეთეს. ამხელა დოკუმენტში, მართალია, მხოლოდ ერთი წინადადება ჩაიდო, მაგრამ ისეთი ფორმულირებით, რომელიც რამდენიმე დღე ატრიალეს რუსულმა არხებმა – რომ საქართველოს შეტევით ცხინვალზე დაიწყო ფართომასშტაბიანი კონფლიქტი. იგივე წინადადება წაიღო "ბიბისი"–მ, ცნობილმა გამოცემებმაც. ჩემგან არ გესწავლებათ ჟურნალისტებს ლოგიკა. რაღაც სენსაციური დაიჭირეს და წაიღეს. დანარჩენი, რაც წერია, თუნდაც იმავე აბზაცში, ნაკლებად მნიშვნელოვანია. იმას წავიკითხავთ მე, თქვენ, კიდევ სხვა დაინტერესებული პირი, მაგრამ არა – მასა.

– ანუ ესეც რუსეთისთვის დათმობა იყო და შეგნებულად გაკეთდა?

რა თქმა უნდა, დათმობა იყო. როცა ყველაფერში ამტყუნებენ, ეს ერთი სათამაშო მისცეს ხელში და ისინიც დიდი სიამოვნებით ერთობიან.

ნინო მეტრეველი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online