asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ქვრივი და ოლიგარქები
ქვრივი და ოლიგარქები
ქვრივი და ოლიგარქები

2009-09-18 16:08:32



ჟურნალ "ვენითი ფეირში" გამოქვეყნდა სუზან ენდრიუსის სტატია "ქვრივი და ოლიგარქები". გთავაზობთ ამ სტატიის ნაწილს.
2008 წლის 14 თებერვლის დილას წვრილი ქვებით მოკირწყლული ხეივანი დაუნსაიდ მენერის წინ უკვე მერსედესისა და ბმვ–ს ლიმუზინებით ავსებულიყო. მძღოლები და მცველები შეჯგუფებულიყვნენ, ლაპარაკობდნენ, ეწეოდნენ, ისევე როგორც შავებში გამოწყობილი სტუმრები, რომლებიც მარმარილოს კიბით ქართველი მილიარდერის, არკადი ბადრი პატარკაციშვილის სახლში შედიოდნენ.
ლონდონში მცხოვრებ სტუმართა უმრავლესობა ნახევარ საათში ჩამოვიდა ლეზერჰედში, სარიში, ხოლო დანარჩენები – ნიუ იორკიდან, თბილისიდან და მოსკოვიდან – მას მერე ჩამოფრინდნენ, რაც ორი დღის წინ 52 წლის პატარკაციშვილის სიკვდილი შეიტყვეს.
ის თავის საძინებელში წაიქცა ოჯახური ვახშმის შემდეგ. ეს ამბავი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მისმა ქვრივმა ინა გუდავაძემ გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო. სამაგიეროდ, ძალიან მალე გავრცელდა მისი სიკვდილის ამბავი. საქართველოში უკვე გლოვობდნენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის უმდიდრესი მკვიდრისა და ერთ–ერთი უდიდესი ქველმოქმედის გარდაცვალებას. ბადრიმ 2001 წელს, როგორც ამბობენ, საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა გაზის დავალიანება მთლიანად დაფარა. საქართველოს უდიდესი ტელეარხის მფლობელობასთან ერთად, პატარკაციშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელი, მოგვიანებით კი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატიც გახლდათ.
ახალმა ამბავმა დევნილ რუს მილიარდერამდეც მიაღწია. მათი ზეობისას, 2001 წლამდე, როცა ვლადიმერ პუტინმა ბევრი მათგანი რუსეთიდან განდევნა, პატარკაციშვილი იმ ძლევამოსილ და სანდო ადამიანთა შორის იყო, რომლებიც პუტინის პრეზიდენტად გახდომას გეგმავდნენ.
თავის პარტნიორებთან – ბორის ბერეზოვსკისა და რომან აბრამოვიჩთან – ერთად ბადრი მათ შორისაც იყო, ვინც მტაცებლური კაპიტალიზმისას, საბჭოთა კავშირის კოლაფსს რომ მოჰყვა, ხელში ჩაიგდო უზარმაზარი მედია, ინდუსტრიული და ბიზნეს ჰოლდინგები, ბადრი პატარკაციშვილის შემთხვევაში, როგორც ამბობენ, 12 მილიარდზე მეტი ღირებულების ვეება იმპერია.
აბრამოვიჩი არ გამოჩენილა, მაგრამ ბერეზოვსკი, ჯერ კიდევ ბადრის უახლოესი მეგობარი, იქ იყო, ქართველი პოლიტიკური და მედია ფიგურების, ბანკირების, იურისტებისა და ოჯახის მეგობრების გვერდით.
დაუნსაიდ მენერის ორ ოფიციალურ სასადილო ოთახში სუფრა ქართული და რუსული დელიკატესებით აევსოთ, მაგრამ ხალხი ცოტას ჭამდა. როცა ორი მისაღები ოთახი მგლოვიარეებით გადაიტენა, ნაწილი ტერასაზე გავიდა, გადასცქეროდა 20 მილიონად შეფასებულ ქონებას და ჩურჩულით საუბრობდა.
ზუსტად არავის ახსოვს, როდის გამოჩნდა ორი მამაკაცი. დამწუხრებული ადამიანები ამას ვერც შეამჩნევდნენ. ბადრის – ამ თბილი და გულუხვი, ახლობლებზე მზრუნველი ადამიანის – სიკვდილი უდიდესი დანაკარგი იყო, – ამბობს მისი ერთი მეგობარი. როცა ორი მამაკაცი შეკრებილ ხალხს შეერია, არავინ დაეჭვებულა. ერთი მათგანი, 51 წლის ამერიკელი ქართველი, ნიუ იორკში მცხოვრები ჯოზეფ კეი, სტუმართა უმრავლესობისთვის კარგად ნაცნობი გახლდათ. კეი ბადრის დედის ნახევარი დის შვილი და ბადრის ნდობით აღჭურვილი ბიზნესმრჩეველი იყო. ამას ვერ ვიტყვით მეორე კაცზე: მას შეკრებილთაგან თითქმის არავინ იცნობდა. ის ხალხს კეის ნიუიორკელ ადვოკატად – ემანუელ ზელცერად წარუდგა.
ბადრის 54 წლის ქვრივი, ინა, იხსენებს, რომ ოდნავ შეკრთა, როცა ზელცერმა ბადრის ანდერძის თაობაზე მასთან კერძო საუბარი ისურვა. ინა ამბობს, რომ ამისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. მაგრამ იმან, რაც ზელცერმა თქვა, ყველაფერი შეცვალა. ის ამტკიცებდა, რომ ბადრის ადვოკატი იყო. 53 წლის ზელცერმა თქვა, რომ იგი ფლობდა მილიარდერის ანდერძს და სხვა ხელმოწერილ დოკუმენტებს, რომლებიც მას ბადრიმ გადასცა და, რომელთა თანახმადაც, კეის, როგორც ანდერძის აღმასრულებელს, ბადრის განკარგულებისამებრ, სრულად უნდა გაეკონტროლებინა მისი ქონება. ინა ამბობს, რომ განცვიფრდა: მას არასოდეს სმენოდა ბადრისგან ზელცერად წოდებული ადვოკატის არსებობის შესახებ. მაგრამ იმან, რაც ზელცერმა შემდეგ ბრძანა, ინას თავზარი დასცა. მან ინას უთხრა, რომ, როგორც 29 წლის განმავლობაში ბადრის კანონიერ მეუღლეს, მას ერგებოდა ბადრის ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი. თუმცა ზელცერმა ისიც აღნიშნა, რომ ანდერძში ფიგურირებდა მეორე მოსკოველი ქალბატონიც თავის 14 წლის ვაჟთან, დავითთან ერთად. მართალია, კონკრეტულად არაფერი უთქვამს მათ პრეტენზიაზე, მაგრამ ეს ისედაც იგულისხმებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ინას აქამდე არაფერი სმენოდა, დავითი ბადრის ვაჟი იყო.
შეძრწუნებულმა ოჯახმა და მრჩევლებმა ბადრის სეიფებში დაიწყეს დოკუმენტების ძებნა, მაგრამ მათ სხვა ანდერძს ვერ მიაკვლიეს. რა უნდა ეფიქრათ: ბადრი ისე გარდაიცვალა, რომ ანდერძი არ დაუტოვებია? ან იქნებ მაინც დატოვა?
* * *
ადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან 19 თვის შემდეგ ეს კვლავაც ცენტრალურ საკითხად რჩება ერთ–ერთი ყველაზე დიდი ქონებისთვის ბრძოლის ისტორიაში.
სასამართლოები მიმდინარეობს დედამიწის ყველა კუთხეში – ლონდონში, ნიუ იორკში, თბილისში, მოსკოვსა და გიბრალტარში. მათზე გაისმის თაღლითობის, ქურდობის, გაყალბების მწვავე ბრალდებები. ეს განპირობებულია ძველი მეგობრების ერთმანეთთან დაპირისპირებით, როგორც ბერეზოვსკისა და ინას შემთხვევაში: ბერეზოვსკი ინას უჩივის იმის დასამტკიცებლად, რომ ბადრის მსოფლიო ბიზნესიმპერიის ნახევარი მას ეკუთვნის.
ეს ბრძოლა თავისი სიუჟეტით ცივი ომის დროინდელ ჯაშუშურ თრილერს ჰგავს: აქ არის საძილე საშუალების გამოყენება და მოტაცება საკუთარი თვითმფრინავით, ამერიკის მოქალაქის ბელორუსის სასჯელაღსრულებით კოლონიაში გამომწყვდევა, ემნისთი ინთერნეშნლის, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის, კონგრესის წევრების ძალისხმევა მსჯავრდებულის გასათავისუფლებლად...
* * *

ადრი პატარკაციშვილი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ყველასთვის საიმედო ადამიანი იყო, ექსტრაორდინარული ბიზნესმენი, "პიროვნება, რომელიც ყველაფერს აკონტროლებდა", – ამბობს ვლადიმირ ვორონოვი, რუსი ბიზნესმენი და ბადრის მეგობარი 15 წლის განმავლობაში. ბევრი მათგანი, ვინც ბადრის კარგად იცნობდა, ამტკიცებს, რომ ზელცერისა და კეის მიერ წარმოდგენილი ანდერძი ყალბია – მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სასამართლოებში გასაჩივრდა კეის, როგორც ანდერძის აღმასრულებლის, უფლებამოსილება.
ადამიანებს ესმით, რომ ბადრის ცხოვრებაში ბევრი რამ იდუმალებით იყო მოცული. მოსკოველი ქალბატონი, რომელიც ბადრის ცოლად გამოგვეცხადა, 11 წლის წინათ საიდუმლოდ დაქორწინებულა მასზე. ზელცერმა მოგვიანებით წარმოადგინა ქორწინების მოწმობისა და სანკტ პეტერბურგში გამართული ქორწილის ფოტოების ასლები. როცა ბადრის მრჩევლები მის ქაღალდებში იქექებოდნენ, განცვიფრდნენ: მისი ქონების დიდი ნაწილის კვალი იქ არ ჩანდა; აქ იყო მხოლოდ ცარიელი, უაქტივო ტრასტები (კომპანიები), რომლებიც ასეთივე ნდობით აღჭურვილ პირებს ეკუთვნოდათ; დიდი გარიგებები, რომლებიც წერილობით არ გაფორმებულა; თითქმის არაფერი იყო ბადრის სახელზე, სამაგიეროდ, ნახავდით მისი ბავშვობის მეგობრების, შემთხვევითი ნაცნობებისა და ვირტუალური უცნობების სახელებსაც; მარტინ პომპადური, ნიუს კორპორეიშენის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ბადრისთან დაახლოებულ პირთა სიაშია, ამბობს: "ამ ვითარებამ ყველას შოკი მოჰგვარა, ვინც კი ბადრის იცნობდა". აქ იყო ჯოზეფ კეის სახელზე გაფორმებული მილიონობით დოლარის ღირებულების ქონებაც.
აღმოჩნდა, რომ ბადრის ჰქონდა თავისი საიდუმლოებები. შესაძლოა, მართლაც ასე ყოფილიყო. ზელცერისა და კეის ბანაკის მტკიცებით, მას ჰქონდა მიზეზი, რის გამოც ანდერძის არსებობას საიდუმლოდ ინახავდა. ანდერძს, როგორც ისინი ამტკიცებენ, ბადრიმ ხელი მოაწერა 2007 წლის 14 ნოემბერს, სიკვდილამდე სამი თვით ადრე, ნიუ იორკში, ფრანკლინის ქუჩის კუთხეში, ლამპიონის ქვეშ, რესტორანთან "ნობუ ნექსტ დოორ", როცა მისი სუფრის წევრებს ეგონათ, რომ ბადრი სიგარეტის მოსაწევად იყო გასული გარეთ.
* * *
დიდი კაცური მეგობრობა
კანასკნელად 63 წლის ბორის ბერეზოვსკიმ თავისი საუკეთესო მეგობარი სიკვდილამდე 4 საათით ადრე ნახა. მათ ერთად გაატარეს დღე, შეხვედრათა მარათონი ჩაატარეს ბადრის ერთ–ერთი ადვოკატის, დიდი ბრიტანეთის ყოფილი გენერალური პროკურორის, ლორდ გოლდსმიტის ოფისში. ისინი ერთმანეთს დაახლოებით საღამოს 7 საათზე დაშორდნენ და თავიანთ სახლებში წავიდ–წამოვიდნენ: ბადრი სარიში – თავისი 600.000–იანი მეიბახით, რომელსაც თვითონ მართავდა; ბერეზოვსკი – ეგემში, 40 მილიონიან მამულში. მას დაახლოებით ღამის 2 საათზე დაურეკეს და ისიც დაუნსაიდ მენერისკენ გაქანდა. თუმცა პოლიციას უკვე კორდონი დაეყენებინა სახლის გარშემო და ბერეზოვსკი შიგნით არ შეუშვეს. დაახლოებით 3 საათზე, როცა მან ლორდ ტიმ ბელს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტსა და მარგარეტ ტეტჩერის საარჩევნო კამპანიის ყოფილ მრჩეველს, დაურეკა და ბადრის სიკვდილი აცნობა, ბერეზოვსკი ტიროდა.
* * *
წლის განმავლობაში ისინი ყოველდღე ხვდებოდნენ და ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. "ძმებივით იყვნენ", – ამბობს მარტინ პომპადური, რომელსაც ორივესთან 10 წელზე მეტი ხნის ნაცნობობა აკავშირებდა.
ისინი არაფრით ჰგავდნენ ერთმანეთს. ბერეზოვსკი დაბალი, შავთვალა, ძლიერი, ფეთქებადი ნერვული ენერგიის მქონე ინტელექტუალი გახლდათ. ბადრი მაღალი, თეთრთმიანი, სტალინივით ხშირულვაშა, "დინჯი და გაწონასწორებული", ყოველთვის ჩუმი, ცბიერი, ინტუიციის უნარით დაჯილდოებული კაცი იყო. "მაგრამ ისინი ისე იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი, – ამბობს ბერეზოვსკის ერთ–ერთი მეგობარი, – თითქოს საყვარლებს ჰგავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბორისს უზარმაზარი ოჯახი ჰყავდა – ცოლი, საყვარელი, რომელთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებდა, ყოფილი ცოლი და ექვსი შვილი – მას, შესაძლოა, დედის გარდა, ბადრიზე ახლობლად არც ერთი მათგანი არ მიაჩნდა". "ერთმანეთს ყველანაირ წვრილმანზე ურეკავდნენ – დღეში ოთხჯერ თუ ხუთჯერ", – ამბობს ინა. "ეს იყო კაცების დიდი მეგობრობა, მართლაც კარგი გაგებით".
ისინი ერთმანეთს 1987 წელს შეხვდნენ, საბჭოთა კავშირის დაცემის დღეებში. ორივე ჯერ კიდევ ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობდა. მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი ბერეზოვსკი მოსკოვის პრესტიჟულ მართვის ინსტიტუტში მუშაობდა. ბადრი, რომელიც საინჟინროზე სწავლობდა, თბილისის ავტოვაზში, საბჭოთა საავტომობილო მანუფაქტურაში მსახურობდა. 1989 წელს ბერეზოვსკიმ და მისმა სამმა მეგობარმა თავისი დანაზოგით – 12.000 დოლარით – კომპანია "ლოგოვაზი" დააარსა, რაც მისი ბიზნესიმპერიის საძირკვლად იქცა. "ლოგოვაზმა" თავისი პირველი დიდი სარფიანი საქმე დასავლეთ გერმანიიდან ნახმარი ავტომანქანების იმპორტით დაიწყო. 1993 წლისთვის, ორი წლის შემდეგ, ბადრი "ლოგოვაზში" გაერთიანდა, ფინანსურ მანევრთა სერიების შედეგად მან და ბერეზოვსკიმ ეფექტური კონტროლი დაამყარეს დიდი შემოსავლის მომტან "ავტოვაზზე".
შემდეგი შვიდი წლის განმავლობაში, პრივატიზაციად მონათლული სამთავრობო აუქციონისას, ორმა კაცმა მიითვისა განუსაზღვრელი რაოდენობის სახელმწიფო საკუთრება, რომელშიც გაერთიანდა ნაციონალური აეროპორტი – აეროფლოტი და რუსეთის წამყვანი სატელევიზიო სადგური ორტ, ისევე როგორც – საგამომცემლო კომპანია "კომერსანტი". რომან აბრამოვიჩთან ერთად, მათ შეიძინეს ნავთობისა და გაზის კომპანია "სიბნეფტი" და ქვეყნის ალუმინის ინდუსტრიის უდიდესი ნაწილი, რომლებიც მოგვიანებით შეერწყა ერთმანეთს და "რუსალად" სახელდებულ ეკონომიკურ სუბიექტად ჩამოყალიბდა.
ბერეზოვსკი და ბადრი სხვა ოლიგარქებთან – აბრამოვიჩსა და მიხაილ ხოდორკოვსკისთან – ერთად კომპანიების იაფად შეძენის წყალობით მილიარდერებად იქცნენ. ასეთი იყო "სიბნეფტი", კომპანია, რომელიც ბერეზოვსკიმ, აბრამოვიჩმა და ბადრიმ 1995 წლის სამთავრობო აუქციონზე სულ რაღაც 100 მილიონ დოლარად "იყიდეს". "სიბნეფტი" ორი წლის შემდეგ ღია ბაზარზე 5 მილიარდი ღირდა.
მათი მეტეორული აღმასვლა განსაცვიფრებელი სიმდიდრისკენ მაშინ, როცა ეკონომიკა სულს ღაფავდა და უამრავი ადამიანი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა, უდავო იყო. მაგრამ როგორც ბევრი კრიტიკოსი ამბობდა, ისინი "ბანდიტი კაპიტალისტები", კლეპტოკრატები იყვნენ, რუსი ხალხის ხარჯზე გამდიდრდნენ. გაჩნდა ტერმინი "ოლიგარქი".
მათთვის ამ იარლიყის მიწებება უზარმაზარმა პოლიტიკურმა გავლენამ განაპირობა. ბორის ელცინის პრეზიდენტობისას ოლიგარქები ვირტუალურ ჩრდილოვან მთავრობად გადაიქცნენ, რომლის მეთაური ბერეზოვსკი გახლდათ. ქარიზმატული, პოლიტიკურად წინდახედული, თავისი რწმენითა და შესაძლებლობებით უალტერნატივო, ბნელი ინტრიგების ხლართვის ოსტატი ბერეზოვსკი გახდა ფინანსური და პოლიტიკური ფიგურა, რომელიც სუსტი და ლოთობისკენ მიდრეკილი რუსეთის პრეზიდენტისა და მისი კორუმპირებული წრის აზრებს აკონტროლებდა და თავისი ავი ზრახვებისთვის იყენებდა. სწორედ ბერეზოვსკის მიეწერება მერყევი პრეზიდენტის დაუჯერებელი გადადგომა 1996 წელს.
ბადრი პატარკაციშვილი დაწინაურებულ ოლიგარქთა სიაში თითქმის არ მოიხსენიებოდა. თუ მას მაინც გაიხსენებდნენ, როგორც – ბერეზოვსკის ერთ–ერთ უმცროს პარტნიორს. მისი მთავარი საქმიანობა იმ კრიმინალურ ბანდებთან მორიგება იყო, რომლებიც ადრეულ 90–იან წლებში ბატონობდნენ; სწორედ მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა 1994 წელს ბერეზოვსკის აფეთქებულ ავტომანქანაზე – მძღოლი მოხსნეს, ბერეზოვსკი კი 2 კვირით საავადმყოფოში დააწვინეს. მაგრამ, ბერეზოვსკის თქმით, 1995 წლიდან, როცა მან თავისი ყურადღება მთლიანად პოლიტიკას მიაპყრო, ბადრი მისი სრულუფლებიანი პარტნიორი და მათი ბიზნესიმპერიის მმართველი გახდა. როცა ბერეზოვსკი სტრატეგიულ გადაწყვეტილებას იღებდა – ადგენდა პოლიტიკური მხარდაჭერის გავრცელებისა და განვითარების არეალს – ბადრი ყველაფერს განაგებდა. ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს, შემოსავალს ზრდიდა, თავიანთი ჰოლდინგების სტრუქტურებს აყალიბებდა.
ეს ის ბადრი იყო, რომელმაც გაუადვილა აბრამოვიჩს ალუმინის ინდუსტრიაში ფეხის მოკიდება, მის პოლიტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდა და იცავდა ალუმინისთვის ატეხილ ომში. როგორც ლონდონის "თაიმსში" გამოქვეყნებული აბრამოვიჩის საქმის ამონარიდებიდან ირკვევა, სწორედ ბადრი იყო ის ადამიანი, რომელმაც, არაერთი დახმარების საფასურად, აბრამოვიჩს მილიარდობით დოლარი გადაახდევინა მისთვის და ბერეზოვსკისთვის. ის კაციც ბადრი იყო, რომელიც 2001 წელს აბრამოვიჩს სენტ–მორიცის აეროპორტში დახვდა და ბერეზოვსკისთვის 1.3 მილიარდი დოლარის გადახდა მოსთხოვა. აბრამოვიჩმა – დღესდღეობით ყველაზე ცნობილმა ოლიგარქმა და ბრიტანული საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" მფლობელმა – ის ფული გადაიხადა. მისივე თქმით, ბადრი დამატებით 585 მილიონსაც სთხოვდა, როგორც მათი გაერთიანებისთვის საჭირო თანხას.
* * *
ადრი თავმდაბალი და შეუმჩნეველი კაცი იყო. მარტინ პომპადურის თქმით, "ბორისი მდაბიოც რომ ყოფილიყო, ბადრი ყოველთვის მის ზურგს უკან ყოფნას ამჯობინებდა".
"ის იყო ჩემი მამაც, ძმაც და შვილიც – ყველა მათგანი ერთდროულად", – აცხადებს თავისი მეიფეირ ოფისის სხდომათა დარბაზში მჯდომი ბერეზოვსკი. "ნდობის თვალსაზრისით, ჩვენ იდეალური კომბინაცია ვიყავით, – ამბობს იგი და "პარლამენტ 100"–ის (ამავე ბრენდის სიგარეტს ეწეოდა ბადრიც) მოსაკიდებლად ყოვნდება. "ჩვენ არასოდეს გვქონია უმცირესი კონფლიქტიც კი. ვიცი, ვცდებოდი. ისიც ცდებოდა. მაგრამ მის შეცდომებს ჩემად აღვიქვამდი და – პირიქით. მას უდიდესი გული ჰქონდა. მე, როგორც იტყვიან, საპირისპირო ტიპი ვარ. უამრავი მტერი მყავს; ასევე – უამრავი მეგობარიც. მაგრამ ბადრი თითქმის ყველას უმეგობრდებოდა. ჩემი მტრებიც კი ბადრის წინაშე ფარ–ხმალს ყრიდნენ. მათ აღარ შეეძლოთ მის წინააღმდეგ ბრძოლა".
დღესდღეობით მის "მტერთაგან" ყველაზე დიდი აბრამოვიჩია, რომლის წინააღმდეგაც ბერეზოვსკიმ ლონდონის სასამართლოში სარჩელი შეიტანა და 4.3 მილიარდს ითხოვს. ისინი საჯაროდ შეერკინენ ერთმანეთს. სლოუნის ქუჩაზე მდებარე ბუტიკ "ჰერმესში" მყოფი, იღლიაში ქაღალდებამოჩრილი "ფერფლისფერი" აბრამოვიჩი ბერეზოვსკისა და მისი მცველების პირისპირ აღმოჩნდა.
ბერეზოვსკი ამტკიცებს, რომ 2001 წელს ის და ბადრი პუტინმა აიძულა, თავიანთი წილი "სიბნეფტში", "რუსალსა" და ორტ–ში საბაზრო ფასად მიეყიდათ აბრამოვიჩისთვის, რომელიც ყოველგვარ მონაწილეობას უარყოფს თავისი ყოფილი პარტნიორების წინააღმდეგ შეთითხნილ საქმეებში. მართალია, ბადრის სარჩელი არ შეუტანია, მაგრამ ბერეზოვსკის სასაგებლოდ ჩვენების მიცემაზე დათანხმდა. ბადრის სიკვდილის შემდეგ ბერეზოვსკიმ მთავარი მოწმე დაკარგა.
მეგობრები ამბობენ, რომ ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე მოწმის ხელიდან გამოცლა. "ბადრის სიკვდილმა, – ბადრისა და ბორისის საერთო მეგობრის თქმით, – ბერეზოვსკის ცხოვრება მთლიანად არივ–დარია. ბადრი ზრუნავდა მასზე. წარმოიდგინეთ – ის, ვინც ყოველივეს აკონტროლებდა, გარდაიცვალა და აღმოჩნდა, რომ არაფერიც არ კონტროლდებოდა".
ბერეზოვსკი ამბობს, რომ იგი შოკში ჩააგდო ბადრის "უწესრიგოდ მიტოვებულმა საქმეებმა". მათ მთელი საკუთრება 50/50–ზე გაყვეს – თავიანთი სახლების, მანქანების, თვითმფრინავებისა და იახტების გარდა. მაგრამ თავი არასოდეს შეუწუხებიათ, შეთანხმება წერილობით გაეფორმებინათ, იმიტომ, რომ სრულიად ენდობოდნენ ერთმანეთს.
"ყურადღება არასოდეს მიმიქცევია, რამდენი ფული გვაქვს, სად არის შენახული, როგორ აფორმებდა ბადრი კონტრაქტებს... ამაზე სრულიად არაფერი ვიცოდი, – ბრაზმორეული ამბობს იგი, – არც ის ვიცოდი, თუ ასე ახლობლური ურთიერთობა ჰქონდა ჯოზეფ კეისთან და ასე ენდობოდა მას".

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ბერეზოვსკი
კავშირი ტეგთან: ბერეზოვსკი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online