asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

შალვა რამიშვილი: "მე და სააკაშვილს პირადი საკითხები გვაქვს გასარკვევი"
"ისეთ გადაცემას გავაკეთებ, ყველანი გაოცდებით"
შალვა რამიშვილი: "მე და სააკაშვილს პირადი საკითხები გვაქვს გასარკვევი"

2009-09-04 18:28:15



ტელეკომპანია "202"–ის ერთ–ერთი დამფუძნებელი, ჟურნალისტი შალვა რამიშვილი მარიამობის დღესასწაულს სახლში შეხვდა. ოთხწლიანი პატიმრობის განმავლობაში, უშუალოდ მას, შეწყალების თაობაზე პრეზიდენტის სახელზე განცხადება არ დაუწერია, რადგან მიიჩნევდა, რომ სრულიად უდანაშაულო იყო. უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შალვა პენიტენციალურ სისტემაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ბრძოლას აპირებს. დემოკრატიის ჯიხურიდან გადაინაცვლებს თუ არა პენიტენციალურ სისტემაში, ამის შესახებ თავად შალვა რამიშვილისა და მისი მეუღლე თეა აბაშმაძისგან შეიტყობთ.

გათავისუფლების პირველ დღეს შალვა ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნავდა. იგი რამდენიმე წამს მოვწყვიტეთ სუფრას და სამომავლო გეგმების შესახებ გავესაუბრეთ.

– პირველ რიგში, გილოცავთ თავისუფლებას. თქვენს პოლიტიკურ მიზნებზე რას გვეტყვით? თუ აპირებთ ვინმესთან თანამშრომლობას, ან რომელიმე პარტიაში გაერთიანებას?

– ჯერ არა, არ ვიცი, ჯერ არ მაქვს მოსინჯული.

– პატიმრობის განმავლობაში თქვენგან ყველაზე მეტ სიმპათიას რომელი პოლიტიკოსი, ან პარტია იმსახურებდა?

– ქართველი ხალხი იმსახურებს ჩემს სიმპათიას ყველაზე მეტად.

– ჩვენს ჟურნალს რას უსურვებთ?

– მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო ჟურნალია. პატიმრები ყოველთვის კითხულობენ "გუმბათს", თქვენ მართლმადიდებლური ჟურნალი ბრძანდებით, თქვენ წმინდა მიზნები გაქვთ. ღმერთი თქვენსკენ არის და მინდა გისურვოთ, რომ მუდამ თქვენთან იყოს.

– ვიცი, რომ პატრიარქთან აპირებთ შეხვედრას. პირველი რა იქნება, რასაც ეტყვით?

– უწმინდესთან შეხვედრას აუცილებლად ვაპირებ. პატრიარქი ისეთი წმინდა პიროვნებაა, რომ მასთან საუბარი იმდენად აუცილებელი არაა ჩემთვის, რამდენადაც, ჩემი მოთხოვნილებაა, უბრალოდ, პატრიარქის სიახლოვეს ვიყო.

– მესმის, ამდენი ხნის მანძილზე პატიმრობაში იყავით, მაგრამ მაინც ხომ არ გქონიათ სურვილი, ცოტა ხნით რომელიმე ეკლესიაში, ან მონასტერში ასულიყავით, თუნდაც სულიერად დასვენების მიზნით.

– აუცილებლად, მაქვს ეს სურვილი და ჩემი შვილის ნათლიას, მეუფე ზენონს ვთხოვე კიდეც ამის თაობაზე. მინდა წავიდე და რამდენიმე დღე გავატარო წმინდა ადგილზე.

– პატიმრობამ ხომ არ გაგიძლიერათ რწმენა?

– საერთოდ, პატიმრობა აძლიერებს სულის სიმტკიცეს და, შესაბამისად, რწმენასაც.

– სააკაშვილთან აპირებთ შეხვედრას. რაზე უნდა დაელაპარაკოთ მას?

– პირადი საკითხები გვაქვს გასარკვევი.

– ქვეყნის საკითხებისთვის როდის მოიცლით?

– არა, ქვეყნის საკითხები მიშასთან არ მაქვს გასარკვევი.

– სატელევიზიო გადაცემის წაყვანას არ გეგმავთ?

– ჯერჯერობით არ ვიცი. ისეთს გავაკეთებ, ყველანი გაოცდებით. თქვენ საიდან იცით, რომ სააკაშვილთან ვაპირებ შეხვედრას?

– სააგენტოსგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილსა და შაშკინთან აპირებდით შეხვედრას.

– არა, შაშკინთან რა საქმე მაქვს?

ჩვენ გავესაუბრეთ შალვას მეუღლეს, თეა აბაშმაძესაც.

– დაგეგმილი 11 საათის ნაცვლად შალვა დილაადრიან, 8 საათზე გამოუშვა ციხის ადმინისტრაციამ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ხმაურის მოერიდათ?

– 11 საათისთვის ველოდით მის გამოშვებას, მეგობრები და ჟურნალისტებიც ამ დროისთვის იყვნენ გამზადებულნი. ისე მოხდა, რომ დილის 8 საათზე გამოუშვეს და სახლში ტაქსით წამოვიდა. ამას არ მოველოდით. ვფიქრობ მათ, ვინც ამ საკითხებს წყვეტს, მისი გამოშვება დილის საათებისთვის ერჩივნათ და ასეც მოიქცნენ. შალვას გათავისუფლების ზუსტი დრო არ შეგვატყობინეს. წინა დღესაც ვიყავი ციხეში, მაგრამ ამის შესახებ არაფერი უთქვამთ. შალვას გზის ფულიც არ ჰქონდა, რომ უკან დაბრუნებულიყო. მას 50 ლარი ასესხეს, რითაც სახლში დაბრუნება მოახერხა.

– შალვას პირველი განწყობა რა იყო, თუნდაც ქალაქში რა დახვდა შეცვლილი?

– ამასთან დაკავშირებით მასთან გასაუბრება ვერ მოვახერხე, რადგან მისი მეგობრები მოვიდნენ, შემდეგ მათ მოჰყვნენ ციხეში მის დასახვედრად წასული და იქიდან გამობრუნებული ახლობლები. ახლა ჩვენთან სახლში ამოვიდნენ, აღვნიშნავთ ამ დღეს, ბედნიერები და გახარებულები ვართ.

– თვითონ რა განწყობაზეა?

– ძალიან ენერგიულ განწყობაზეა და გახარებულია.

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი მიმართავდა სააკაშვილს, ჩვენ მეგობრები ვიყავით, შევხვდეთ ერთმანეთს, სათქმელი ბევრი გვაქვსო. თქვენი აზრით, რის შესახებ დაელაპარაკება მას?

– რამდენადაც ვიცი, შალვა ძალიან მონდომებულია, რადგან, ფაქტობრივად, თვლის, რომ უკვე არის ექსპერტი პენიტენციალური სისტემის დარგში. ამ თემასთან დაკავშირებით სერიოზული მოთხოვნები გააჩნია, რათა ის დარღვევები და გაუსაძლისი პირობები, რაც ციხეშია, ცოტათი მაინც გამოსწორდეს. ამ წუთას ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შესაძლოა, ამ თემაზე ფიქრობს სააკაშვილთან საუბარს.

– სააკაშვილთან შეხვედრა რაკი სურს, გამოდის, მისი იმედი აქვს. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მას გადახდა, მაინც აქვს იმედი, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი შეიძლება?

– შესაძლოა, სააკაშვილთან შეხვედრა პირადულიც იყოს, რადგან თვლის, რომ იგი უკანონოდ და უსამართლოდ იყო დასჯილი ოთხი წელი.

– რომელიმე პარტიის მიმართ ხომ არ გრძნობს სიმპათიას?

– არანაირად. ჩვენთან ყველა არხი იყო მოსული და მან პირდაპირ განაცხადა ერთ–ერთ ინტერვიუში, რომ არ აპირებს რომელიმე პარტიაში შესვლას და – არც ამ მხრივ მოღვაწეობას.

– არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ხომ არ გეგმავს თანამშრომლობას? ან ე.წ. რადიკალური ოპოზიციის რომელიმე პერსონის მიმართ თანამშრომლობაზე რას ამბობს?

– არავისთან თანამშრომლობას არ გეგმავს. არ თვლის, რომ რომელიმე მათგანს გამოარჩევს.

– პატიმრების მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით პირველად რის გამოსწორებას შეეცდება?

– შალვა განიცდიდა, რომ რუსთავის #2 საპყრობილეში 500 ადამიანი საწოლის გარეშეა მოთავსებული. ასევე, მოუგვარებელია სხვა სახის პრობლემებიც, ძალიან ბევრი რამ, რაც არ იცის საზოგადოებამ. მათ შორის, პრობლემატურია პატიმრების მკურნალობაც. ის აპირებს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მიმართოს და ყველას სთხოვს, ამ ბრძოლაში შეუერთდნენ.

– ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისი პირველი განაცხადი მედიას შეეხებოდა. შალვას თქმით, მძიმე მდგომარეობაშია ქართული მედია.

– ამაში ალბათ გულისხმობდა სამთავრობო არხების ტენდენციურობას. ფაქტობრივად, ყველა დიდი ტელევიზია სამთავრობოა.

– შალვა ჟურნალისტებს დაჰპირდა, არ გამოვრიცხავ სატელევიზიო შოუს გაკეთებას, რომელსაც "გამოძალვის შოუს" დავარქმევო. ამ საშუალებით პოლიტიკოსებისგან ინფორმაციის გამოძალვას აპირებს?

– მგონი, ეს ნახევრად ხუმრობითაა ნათქვამი, რადგან ჯერჯერობით არც ერთი ტელევიზია არანაირი შემოთავაზებით არ მოდის შალვასთან სათანამშრომლოდ. ყოველ შემთხვევაში, დღეს მსგავსი არაფერი მომისმენია. ასე რომ, არ ვარ დარწმუნებული, რომელიმე არხი შესთავაზებს თუ არა მსგავსი შოუს მოწყობას.

– ამ ზაფხულს სად აპირებთ დასვენებას?

– მართალი გითხრათ, არ ვიცი. მთავარია, დღევანდელმა დღემ გადაიაროს, დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ. იქნებ მართლაც ვთხოვო ჩემს მეუღლეს, რომ რამდენიმე დღით მაინც დაგვესვენა, ეს ძალიან მინდა, თუკი ჩემი სურვილი გაჭრის და მასზე იმოქმედებს. თუმცაღა, როგორც ვატყობ, ის ძალიან ეიფორიულ და ენერგიულ მდგომარეობაშია. თუნდაც ამ ფაქტმა, მისმა გათავისუფლების ფორმამ, ძალიან დაძაბა სიტუაცია და, შესაძლოა, ზუსტად ამან გამოიწვია ის განცხადებებიც, რაც მან გააკეთა.

– ვინმეს მიმართ შურისგებაზე არ ფიქრობს?

– არა, შურისგება საშინლად დამამცირებელია ნებისმიერი ადამიანისათვის.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პატრიარქი ილია II
კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online