asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ფრანკ რიბერი ჭორებმა წყობიდან გამოიყვანეს
მინდა ბაიერნს ამაგი დავუფასო
ფრანკ რიბერი ჭორებმა წყობიდან გამოიყვანეს

2009-09-04 18:24:25



ამ ზაფხულს პრესაში ყველაზე მეტი საუბარი მადრიდის რეალში კრიშტიანუ რონალდუს შემდგარ და ფრანკ რიბერის არშემდგარ ტრანსფერებზე იყო.

კარგა ხნის განმავლობაში ჟურნალისტები ირწმუნებოდნენ, რიბერის სანტიაგო ბერნაბეუზე მისვლა უახლოესი დღეების საკითხიაო, მაგრამ ფრანგი კვლავ ბაიერნის წევრია და როგორც ბილდისთვის მიცემულ ინტერვიუში ამტკიცებს, მისი მისწრაფება სეზონის სტარტზე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი მიუნხენური გრანდის ამოქაჩვაა.

– ბაიერნმა შარშანდელის მსგავსად, წლევანდელი ბუნდესლიგაც ცუდად დაიწყო. მიუნხენში ერთგვარ მხსნელად გთვლიან, მაგრამ ბოლო მომენტამდე არ წყდებოდა მითქმა–მოთქმა თქვენი მადრიდის რეალში გადასვლა–არგადასვლის თაობაზე...

– გუნდმა მართლაც სუსტად დაიწყო. ჩვენს ქომაგებს გული ვატკინეთ. მათ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ღია წერილით მოგვმართეს და მდგომარეობის რადიკალურად შეცვლა უახლოეს მატჩებში მოგვთხოვეს.

ქომაგების რჩევასა და სურვილებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. ამასთან, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მაღალ დონეზე თამაში და მეტოქეებთან სამ–სამი ქულის აღება ყველაზე მეტად ფეხბურთელებს გვწადია.

საკუთარ პასუხისმგებლობას სრულად ვგრძნობ. ბაიერნში მენდობიან და ჩემზე იმედს ამყარებენ. ყოველმხრივ ვეცდები, კლუბის ბოსებიც და ბავარიელი ქომაგებიც კარგი თამაშით გავახარო.

წინა სეზონის დასრულებიდან ბოლო დღეებამდე განვითარებულ მოვლენებს თვალს თუ გადავავლებთ, მართლაც მძიმე პერიოდის გავლა მომიხდა.

დიდ წნეხს ვგრძნობდი. განსაკუთრებით ის მაღიზიანებდა, რას წერდნენ ჩემზე გაზეთები. გამუდმებით ქვეყნდებოდა ინტერვიუები და გაოცებისგან პირს ვაღებდი, როცა ისეთ სიტყვებს მომაწერდნენ, რომლებიც არათუ მითქვამს, არც კი გამიფიქრია.

ყველაზე დიდი ტყუილი კი ის იყო, თითქოს ბაიერნის ხელმძღვანელობას გათავისუფლებას ვთხოვდი. რბილად რომ ვთქვა, ეს ტყუილია.

– როგორ, მადრიდის რეალში გადასვლა არ გსურდათ?

– ყურადღებით მომისმინეთ და უმორჩილესად გთხოვთ, ჩემს სიტყვებს ოდნავადაც ნუ შეცვლით. ერთადერთი, რასაც ვამბობდი, ის გახლდათ, რომ თუ ბაიერნიდან წავიდოდი, კარიერას მხოლოდ რეალში გავაგრძელებდი. განა აქედან ჩანს, რომ მიუნხენიდან აუცილებლად წასვლა მსურდა? როგორც ხედავთ, არსადაც გადავსულვარ. კლუბმა ძალიან ბევრი შემძინა და მეც დიდი სურვილი მამოძრავებს, ბაიერნს სიკეთითვე ვუპასუხო.

გარწმუნებთ, არასდროს გადავდგამ ნაბიჯს, რომელიც გუნდს დააზარალებს. ეს ხელმძღვანელობასაც მშვენივრად ესმის და ამის გამო მთელი ამ ხნის განმავლობაში მიცავდა.

– ყველაფრის მიუხედავად, ბაიერნში ყოფნისას უდარდელი ცხოვრება ნაღდად არ გაქვთ...

– სპორტული ცხოვრება რთული და ხშირ შემთხვევაში დაუნდობელია. მაგალითად, ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობა ტრავმის თავიდან აცილებას ვერ ახერხებს.

გარწმუნებთ, როდესაც შეუძლოდ ვარ, ჩემზე არავინ ნერვიულობს. ფეხბურთის თამაში ჩემი საყვარელი საქმიანობაა და როდესაც საამისო შესაძლებლობას მოკლებული ვარ, თავს უბედურ ადამიანად ვგრძნობ.

გაზეთები კი წერდნენ, თითქოს გუნდს ვატყუებდი, სხვადასხვა სახის დაზიანებას ვიგონებდი და ამ ხერხით კლუბის ხელმძღვანელებზე ზეწოლას ვახდენდი, რათა მათ საბოლოოდ ჩემი ბაიერნიდან გაშვების თაობაზე მიეღოთ გადაწყვეტილება.

ჩემს მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი პრესის მხრიდან უარყოფითი ელფერით შუქდებოდა. მას მედია ისეთი სურათის დახატვას ცდილობდა, თითქოს სიზმარშიც და ცხადშიც მიუნხენიდან აბარგებაზე ვოცნებობდი. ყოველივე ამას უკვალოდ არ ჩაუვლია და ნერვების ხარჯვის ფასად დამიჯდა.

– კლუბის ხელმძღვანელობის გვერდით დგომა ახსენეთ. ასე იყო მაშინაც, როცა თვით ფრანც ბეკენბაუერმა გაგკიცხათ. კაიზერ ფრანცი ამტკიცებდა, რიბერი ფრანგია და იგი ბაიერნის ბედ–იღბალისადმი გულგრილიაო...

– ბეკენბაუერის სიტყვებმა მართლაც გული მატკინა. ისე კი, საინტერესოა, პირადი შეხვედრისას იგივეს თქმას თუ შეძლებს.

– ე.ი. ბეკენბაუერთან საუბარი და ურთიერთობის გარკვევა გსურთ?

– ჰერ ფრანცს დიდ პატივს ვცემ. ასე რომ, უფლება მაქვს, მისგანაც ჩემდამი პატივისცემას ვგრძნობდე. მართლაც კარგი იქნებოდა, შევხვედროდით და პირისპირ საუბრისას ყველა თემა ბოლომდე ამოგვეწურა. ძალიან მაინტერესებს, რამ ათქმევინა ბეკენბაუერს თქვენს მიერ ზემოთ მოყვანილი სიტყვები...

– ძალიან ახლო ურთიერთობა გაქვთ ზინედინ ზიდანთან. თქვენთან დაკავშირებით ატეხილ საამზაფხულო კარნავალში ზიზუს რაიმე როლი ხომ არ უთამაშია?

– ზიზუს ნეიტრალური პოზიცია ეკავა. მიუხედავად იმისა, კარგა ხნის მეგობრები რომ ვართ, ამ ზაფხულს მასთან იშვიათი კონტაქტი მქონდა.

ადრე კი ბევრჯერ გვისაუბრია მისი მადრიდული კარიერის თაობაზე. ზიზუმ ურთულესი პერიოდი გაიარა, როცა ტურინის იუვენტუსიდან რეალში გადავიდა.

ცხადია, ზიდანს გაუხარდებოდა, მადრიდში რომ ვეხილე. ეს მხოლოდ ბაიერნის დატოვების შემთხვევაშია შესაძლებელი, მაგრამ ეს უახლოესი ხნის პერსპექტივა არ არის. ჯერჯერობით მხოლოდ ჩემს ახლანდელ გუნდზე ვფიქრობ.

– ული ჰიონესს არასდროს დაუმალავს, რომ თქვენგან ბაიერნის ზიდანად ჩამოყალიბება სურს. საამისოდ კი თქვენ ერთი პატარა ნაბიჯი უნდა გადადგათ, საყვარელი მარცხენა ფლანგიდან მოედნის ცენტრში უნდა გადაიწიოთ...

– მომწონს, რასაც ამბობს ჩვენი მენეჯერი. ჰიონესი ფეხბურთში გამოცდილი ადამიანია და სიტყვებს ჰაერზე არ წამოიძახებს. შევეცდები, ათიანის პოზიციაზე ვითამაშო. ვნახოთ, რა გამომივა ამ საქმისგან. ისე კი, ამას მხოლოდ გუნდის ინტერესიდან გამომდინარე გავაკეთებ, თორემ ფლანგზე თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ.

იქ მეტი სივრცე და თავისუფლებაა და უფრო ხშირად ვრჩები ერთი ერთზე მოწინააღმდეგის მცველთან. შემდეგ კი მის მოტყუებასა და საგოლე მომენტის შექმნას ვცდილობ. არცთუ იშვიათად, ეს გამომდის კიდეც.

– ყველაზე მეტად რომელი ფეხბურთელების ასპარეზობა გხიბლავთ?

პელე, კრუიფი, პლატინი. ყველაზე ხშირად ამ გვარებს გაიგონებთ ხოლმე სხვებისგან, მაგრამ მე შედარებით ახალი თაობის წარმომადგენელი ვარ და ყმაწვილკაცობაში ზინედინ ზიდანის თაყვანისმცემელი გახლდით. ხომ წარმოგიდგენიათ ჩემი სულიერი მდგომარეობა, როცა მოგვიანებით განგებამ მისი პარტნიორობა მარგუნა.

ეს 2006 წელს გერმანიის მუნდიალზე მოხდა. ზიზუს თამაშს "შიგნიდან" ვაკვირდებოდი და ხანდახან ზედმეტადაც, მეც ხომ მასთან ერთად მინდორზე საასპარეზოდ ვიყავი გასული. პირდაპირ მოგახსენებთ, ნომერ პირველი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანია.

– მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე ზიდანი ნაკრების ფლეიმეიკერი იყო. ნაკრებიდან მისი წასვლის შემდეგ ათიანის ფუნქციების შესრულებაზე არ გიფიქრიათ?

– ყოველთვის ფორვარდობა მომწონდა, ახლა კი ბედი ფლეიმეიკერის ამპლუაში უნდა ვცადო. თუ ბაიერნში ეს გამომივიდა, რატომ უნდა ვთქვა უარი ამავე ფუნქციების შესრულებაზე საფრანგეთის ეროვნულ გუნდში. საინტერესოა, როგორ გავართმევ თავს ახალ ამპლუას.

– საასპარეზო პოზიციის შეცვლით მსოფლიოს წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოპოვებას მიუახლოვდებით. არა გვგონია, შარშანდელმა მე–18 პოზიციამ დაგაკმაყოფილოთ...

– ფლეიმეიკერი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, ამიტომაც საუკეთესო მოთამაშედ აღიარების მეტი შანსი მომეცემა. დისპეტჩერის ფუნქციებით აღჭურვას ლუის ვან გაალი მიპირებს და არა მგონია, გამოცდილ სპეციალისტს გუმანმა უმტყუნოს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პელე
კავშირი ტეგთან: პირველი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online