asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

შემოდგომის კრიზისი თვითონ პრემიერსაც შეიწირავს
ბენდუქიძის ცოდვებისთვის ჟვანია მოხსნეს?!
შემოდგომის კრიზისი თვითონ პრემიერსაც შეიწირავს

2009-08-31 12:02:17



პრეზიდენტი კი ამბობს, ამ ქარტეხილებმა ხელისუფლებას ვერაფერი დააკლო, მთავრობა ერთიანი და სტაბილურიაო, მაგრამ მთავრობაში არსებული განხეთქილება, რომელზეც მედია კარგა ხანია საუბრობს, მაინც გამოვიდა სააშკარაოზე.

თითქმის ერთი თვე დადიოდა ხმები, რომ პრემიერმინისტრ ნიკა გილაურსა და ეკონომიკის განვითარების მინისტრ ლაშა ჟვანიას შორის უთანხმოება მწიფდებოდა. ბოლო მიზეზი თუ საბაბი სამცხე–ჯავახეთში 43 მეგავატიანი ჰესის მშენებლობა იყო, რომელსაც, ხელისუფლების გათვლით, რეგიონში დასაქმებისა და ელექტროენერგიის პრობლემა უნდა მოეხსნა. ჰესის მშენებლობა შეყოვნდა, რადგან ეკონომიკის სამინისტრომ ზუსტად იმ ტერიტორიაზე ქვა–ღორღის მოპოვების ლიცენზია გასცა.

ეს პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს შორის დაპირისპირების ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა. როცა ჟვანია პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი იყო, მაშინდელ ფინანსთა მინისტრ გილაურს და პრემიერ გეგა მგალობლიშვილს 2009 წლის ბიუჯეტი დაუწუნა, ეს რას ჰგავს, ხალხს ჩვენი გუნდი პენსიების მატებას შეჰპირდა, ბიუჯეტში კი ერთი თეთრიც არაა მომატებულიო. მერე პრეზიდენტთან თქვა, თუ პენსიები არ გაიზრდება, პრემიერმინისტრს და ეკონომიკის მინისტრს ვუთხრათ, რომ საკუთარ გვარებს დავავიწყებთო.

ამის შემდეგ იყო დავა ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნაზე. ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძის მიერ გაუქმებული ამ სამსახურის აღდგენის მომხრე იყო, პრემიერი – წინააღმდეგი.

მოკლედ, საბოლოოდ ჩვენს პრემიერს ნერვებმა უმტყუნა და 21 აგვისტოს, ცამოწმენდილზე, მთავრობის სხდომამდე ორი საათით ადრე გამოაცხადა, ეკონომიკის მინისტრის მუშაობით უკმაყოფილო ვარ და თანამდებობა უნდა დატოვოსო. გილაურმა თქვა, რომ ჟვანიას მოხსნა პრეზიდენტთან შეთანხმებული იყო და ლაშა ჟვანიაც გაუფრთხილებიათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს განცხადება მაინც ნაადრევად გაკეთდა.

პრეზიდენტმა ამ განცხადების მოსმენის შემდეგ დასავლეთ საქართველოში ვიზიტი მიატოვა და თბილისში დაბრუნდა საქმის გასარკვევად. თავად ჟვანიაც გზიდან მობრუნდა – კახეთში რომელიღაც ღონისძიებაზე დასასწრებად მიდიოდა ეკონომიკის მინისტრის რანგში. სხვათა შორის, იმ მთავრობის სხდომის დღის წესრიგში ლაშა ჟვანია, როგორც მომხსენებელი, ისე იყო შეყვანილი.

ამ ყველაფრით თუ ვიმსჯელებთ, ეკონომიკის მინისტრი ნაუცბათევად გაათავისუფლეს. რა ბზიკმა უკბინა ასე უცებ გილაურს, კაცმა არ იცის, "სარკისთვის" არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრმა, რომელიც ბოლო დროს სხდომებზეც არ დადიოდა, იმ დღეს გასაკეთებელი მოხსენება ფეხებზე დაიკიდა და მთავრობის სხდომაზე დასწრებას კახეთში გასეირნება ამჯობინა. პატივმოყვარე პრემიერის ნერვებმა კი ასეთ იგნორირებას ვეღარ გაუძლო. მაშინვე გამართა პრესკონფერენცია და ჟვანია თანამდებობიდან მოხსნა.

ნიკა გილაურმა ჟვანიას მისამართით ბრალდებები მთავრობის სხდომამდე ორი საათით ადრე გამოაცხადა საგანგებო ბრიფინგზე. ჩამონათვალი საკმაოდ გრძელი იყო: ინვესტიციების დაბრკოლება, პრივატიზაციის გეგმის შეუსრულებლობა, ინვესტიციების შესრულებაზე ხელშეკრულებების დადების გაჭიანურება. მთავარი მიზეზი მაინც სამინისტროებთან არაკოორდინირებული მუშაობა იყო.

მოხსნის შემდეგ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს არაკოორდინირებაში მისმა ყოფილმა კოლეგებმაც დასდეს ბრალი. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა – სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი იაფი კრედიტი არ გვაღირსაო, ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო კვიტაშვილმა, რომელიც თავადაც არის უკვე შესმული ნიჩაბზე – მე კი დამავალა პრემიერმა ჩეხეთიდან ინვესტიციის დროულად ჩამოტანა, მაგრამ ეკონომიკის მინისტრი მაინც არაკოორდინირებული იყოო. ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა კი ისევ სამცხე–ჯავახეთში ასაშენებელი ჰესი გაიხსენა.

ეკონომიკის უკვე ყოფილ მინისტრს მათთვის პასუხები გამზადებული ჰქონდა. სად უნდა აშენებულიყო ჰესი, ენერგეტიკის სამინისტრომ ამაზე კოორდინატები მას შემდეგ მომაწოდა, რაც ტენდერით იქ წიაღისეულის ამოღებაზე ლიცენზია უკვე გაცემული გვქონდაო; ჩეხეთში ინვესტიციაზე წასვლა და იქ მოლაპარაკებები პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრს დაავალა და მე რა შუაში ვარო. მერე ადგა და ნიკა გილაურს სუსტი პრემიერი უწოდა, შემთხვევით დანიშნული კაცია და მენეჯმენტის აზრზე არ არისო.

მომხდარი ექსპერტებმა სხვადასხვანაირად შეაფასეს. ზოგმა თქვა, გილაური სუსტი პრემიერია თუ ძლიერი, იმით გამოჩნდება, საქართველო ეკონომიკურ კრიზისს რამდენად მარიფათიანად დააღწევს თავსო. ზოგმა კიდევ გილაურში ძლიერი და დამოუკიდებელი პრემიერი დაინახა.

როგორც პრეზიდენტმა თქვა, მას ლაშა ჟვანიას გაშვება არ უნდოდა, მაგრამ საკადრო საკითხი პრემიერის გადასაწყვეტია, ამაში მას ავტონომია აქვს და თავისი საქმის თავად იცისო. ამით მიხეილ სააკაშვილმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ის სხვა თანამდებობების კომპეტენციაში არ ერევა და "დანიის სამეფოში" ყველაფერი რიგზეა.

ნიკა გილაური რომ ჯიუტია, ეს უკვე ყველასთვისაა ცნობილი. არც თავში წამოარტყმევინებს იოლად ვინმეს, მაგრამ ამბობენ, მეფის კარზე მის სიძლიერეს ისიც განაპირობებს, რომ ძალოვანი მინისტრები მის მხარეს არიანო. ისე, გილაურმა მართლაც გაგვაოცა, მოსვლისთანავე კახა ბენდუქიძე რომ გაათავისუფლა კანცელარიის უფროსობიდან. ამ ადგილისთვის სხვა მყავს გამზადებულიო და ეკა შარაშენიძე დანიშნა. დღეს კი პრემიერს ლაშა ჟვანიას გათავისუფლებით სწორედ ბენდუქიძის საქმის გაკეთება ბრალდება.

ლაშა ჟვანიას და კახა ბენდუქიძეს ერთმანეთზე მზე და მთვარე რომ არ ამოსდიოდათ, ამაზე ადრეც დადიოდა ხმები. ახლა თავად გათავისუფლებული ჟვანიაც ადასტურებს. მთავრობაში გადაბარგებული ჟვანია ეკონომიკურ გუნდს პირველივე დღეს დაუპირისპირდა და კახა ბენდუქიძის მიერ თავის სასარგებლოდ საათივით აწყობილი საქმე აურდაურია, გააკეთა ის, რაც მისმა წინამორბედმა ეკა შარაშენიძემ ვერ გაბედა. თანამდებობიდან გაათავისუფლა ორი მოადგილე, რომლებიც ბენდუქიძის გუნდის წევრებად სახელდებოდნენ. ვახტანგ ლეჟავა და თამარ კოვზინიძე ეკონომიკის სამინისტროდან წამოსვლის შემდეგ პრემიერის მრჩევლები გახდნენ.

ჟვანიამ თქვა, რომ პრემიერთან ამ საკითხზეც უთანხმოება ჰქონდა. გილაურისთვის უთქვამს, ეს ხალხი სამუშაოდან მე გამოვუშვი, ამიტომ ყოველთვის ეცდებიან, ჩემსა და ჩემს სამინისტროზე არაობიექტური ან ისეთი ინფორმაცია მოგაწოდონ, მე რომ მავნებს და მრჩევლებად არ გამოგადგებიანო. გილაური გაჯიუტებულა. "ამ გუნდთან, რომელსაც კახა ბენდუქიძის გუნდი ჰქვია და მის პოლიტიკასთან აბსოლუტური შეუსაბამობა მქონდა და ბუნებრივია, ეს სადღაც ლოგიკურ დასასრულს ნახავდა", – განაცხადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა.

"სარკის" ინფორმაციით, ვახტანგ ლეჟავა ბენდუქიძეს ყოველთვის იმ უწყებაში ჰყავდა, რომელსაც ტყეების ავან–ჩავანზე მიუწვდებოდა ხელი. საქართველოში ბავშვმაც კი იცის, რომ ამ ბიზნესს კარგა ხანია სწორედ ბენდუქიძეა დაპატრონებული. სანამ ლიცენზიები გარემოს დაცვის სამინისტროში გაიცემოდა, ლეჟავა იქ მუშაობდა, მერე ეკონომიკას გადმოეცა ტყის გაჩეხაზე ტენდერები და ლეჟავაც იქ გადატყორცნეს.

მივიდა თუ არა ამ სამინისტროში ლაშა ჟვანია, პირველი, რაც გააკეთა, ბენდუქიძის გუნდად მოაზრებული მოადგილეები გაათავისუფლა და მეორე დღესვე მცხეთა–მთიანეთის ტყეებზე გამოცხადებული ტენდერი გააუქმა, რომელიც იდეაში უკვე ბენდუქიძის ხალხს ჰქონდა მოგებული. სწორედ ამ ყველაფრის გამო ექსპერტთა ნაწილი ჟვანიას გათავისუფლებას ბენდუქიძის რევანშს უწოდებს, თავად ბენდუქიძეს კი ეს ბრალდება სიცილად არ ჰყოფნის.

ექსპერტ ლადო პაპავას შეფასებით, ლაშა ჟვანია პროფესიონალიზმით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, თუნდაც იმიტომ, რომ ის ეკონომისტი არაა. არც სხვები გამოირჩევიან დიდი პროფესიონალიზმით. უბრალოდ ჟვანია ვერ ჩაეწერა ბენდუქიძის ჩამოყალიბებულ სქემებში. "როგორც ბატონმა ჟვანიამ თქვა, მან სცადა, შებრძოლებოდა ამ სქემებს. გაათავისუფლა ორი მოადგილე, მაგრამ მთლიანად სამინისტრო ვერ გაწმინდა პატარა ბენდუქიძეებისაგან. მთლიანობაში მთელი ეკონომიკური ბლოკი, პრემიერმინისტრიდან დაწყებული მრჩევლებით დამთავრებული, ბენდუქიძის გუნდის წარმომადგენლები არიან. ამ გუნდმა განსხვავებული პოზიციის ადამიანი ვერ იგუა", – განაცხადა პაპავამ.

ბენდუქიძე რომ მთავრობიდან წასვლის შემდეგაც თავის პოლიტიკას ატარებს, ამ აზრს ექსპერტი გია ხუხაშვილიც ეთანხმება: "ბენდუქიძე მთავრობიდან წავიდა, მაგრამ დარჩენილია მისი საცეცები გილაურის მრჩევლების სახით. ჟვანიას გადაყენებაც მათი შემოგდებული იყო. ასი ახალი საავადმყოფოს პროექტიც, რომელსაც ახლა ჟვანია გადააყოლეს, თავის დროზე ბენდუქიძის იდეა გახლდათ. ამ პროექტის წარუმატებლობა ჟვანიას დაბრალდა. საქართველოში ორი შეუსრულებელი ვალდებულებაა ე.წ. ინვესტორების მხრიდან. ეს არის "ენერგოპრო" და "ბლოკ ჯორჯია", რომელთაც საინვესტიციო ვალდებულებები დღემდე არ შეუსრულებიათ. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია "ენერგოპროს" თემა. მაშინ ამ კომპანიას ქართული ენერგოსისტემა 3 მილიონად უნდა ეყიდა. შემდეგ ჩამოფასდა და სამჯერ ნაკლებად იყიდა. გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებები აიღო და ისიც არ შეასრულა. თეთრი ძაფით ნაკერი ისტორიაა. ვიღაცამ ხელისუფლებაში მოიფიქრა, ეს ცოდვები ჟვანიასთვის მიეწერა. თურმე ჟვანიას ბრალი ყოფილა, რომ საქართველოში ვიღაცას ფული არ შემოაქვს. იგივე ეხება "ბლოკ ჯორჯიას", რომელსაც ასი ახალი საავადმყოფოს პროექტი უნდა შეესრულებინა. საინტერესოა, რომ ამ ორივე კომპანიის კუდები ჩეხეთში მიდის. იყო ლაპარაკი "ენერგოპროს" უკან რუსეთის კვალზეც".

ლაშა ჟვანია პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში რომ გადაიყვანეს, მაშინ ითქვა, რომ მას, როგორც ირაკლი ალასანიას მეგობარს, შემდეგ საერთოდ მოიცილებდნენ. სხვათა შორის, იგივე ხმები დაირხა ნიკა რურუას კულტურის მინისტრად გადაყვანის დროსაც. თუმცა ჟვანია ოპოზიციაში წასვლას კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ ბოლომდე სააკაშვილის თანამოაზრე დარჩება, იმის მიუხედავად, რომ ალასანია მისი უახლოესი მეგობარი და ბავშვის ნათლიაა.

ჟვანიას დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის ექვსწლიანი სტაჟი აქვს და მას, სავარაუდოდ, რომელიმე ქვეყნის ელჩად გაუშვებენ. პრეზიდენტმა მასზე უკვე თქვა, ნიჭიერი და სასარგებლო ადამიანია, მისი დაკარგვა არ შეიძლება და იქ გამოვიყენებთ, სადაც სამშობლოს უფრო დასჭირდებაო, ანუ სამსახურის გარეშე არ დავტოვებთო.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილის ეკონომიკური კურსით და პოლიტიკით აღფრთოვანებულია და სხვაგან არსად წავა. ეკონომიკური კურსის სიდიადის რა გითხრათ, მაგრამ ეს განცხადება ნამდვილად პრაგმატულია. ვინ რა იხეირა ხელისუფლებიდან ოპოზიციაში წასვლით და ყვირილით, ჟვანიას რომ ეხეირა?!

იმ მთავრობის სხდომაზე უკანასკნელი გაფრთხილება მიიღო ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო კვიტაშვილმა. სხვათა შორის, კვიტაშვილზე კარგა ხანია დადის ხმები, რომ პირველკაცობის სავარძელს ჩამოაცილებენ. ის წინა პრემიერის დატოვებული ერთადერთი კადრია. კვიტაშვილს 100 ახალი საავადმყოფოს პროექტის დაგვიანება დაუწუნეს. მან უახლოეს პერიოდში მთავრობას უნდა წარუდგინოს თბილისის საავადმყოფოების გეგმა და პროექტი 100 ახალი საავადმყოფოს შესახებ დაჩქარებული წესით დაასრულოს. სხვა შემთხვევაში ჟვანიას უკან მიჰყვება.

კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ კი პრემიერისგან შენიშვნა მიიღო. როგორც უკვე ვთქვით, რურუასაც, როგორც ალასანიას მეგობარს, მალე სკამიდან "დაცურებას" უწინასწარმეტყველებენ. მას უთხრეს, რომ ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემები დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მუშაობაც არაეფექტურად ჩაითვლება.

კვიტაშვილმა პირობა დადო, უახლოეს ხანში გილაურის ბრძანება შესრულდებაო, რურუამ კი ამ უცნაურ დავალებაზე, რომელიც აშკარად ფეხბურთზე შეყვარებული პრეზიდენტისგან მოდის, ფრთხილი კომენტარი გააკეთა, ფეხბურთის განვითარებას პირადი კონტროლის ქვეშ ავიყვან, მაგრამ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ეს პრობლემა ექვს თვეში მოგვარდებაო. არ მოგვარდება და მისი აჯობებს. ნიკა გილაურს მინისტრების გათავისუფლების ბრძანებაზე ხელის მოწერა კი არ დავიწყნია!

შემოდგომაზე ყველა ახალ საკადრო კარუსელს ელოდება და კაცმა არ იცის, რა მოხდება. ხმებს თუ დავუჯერებთ, ეკონომიკის მორიგი მინისტრი შეიძლება დავით ტყეშელაშვილი გახდეს. იმასაც ამბობენ, სანდრო კვიტაშვილს სამეგრელოს გუბერნატორი ზაზა გოროზია ჩაანაცვლებსო. ასევე ამბობენ, რომ თანამდებობას დაატოვებინებენ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანს, რომელზეც ადეიშვილის უწყებას საქმე უკვე აკინძული ჰქონია. ასევე ვაკანტური გახდება თავდაცვის მინისტრის პოსტი. დავით სიხარულიძეზე კარგა ხანია დადის ხმები, რომ წასვლაზე განცხადება დაწერილი აქვს.

კიდევ იმას ამბობენ, კვიტაშვილის მოხსნა შეიძლება გილაურს არც მოუწიოს, რადგან შემოდგომის მძაფრ კრიზისს პრეზიდენტი თვითონ პრემიერმინისტრს შესწირავსო. მომავალი პრემიერის ვინაობაც სახელდება – იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, მაგრამ ამბობენ, ადეიშვილი სასტიკ უარზეა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებსო. სწორიცაა ის კაცი. ჩვენში პრემიერმინისტრები ლამის ექვს თვეში ერთხელ იცვლებიან, თავის სკამზე კი ადეიშვილი თითქმის ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული მუდმივად ზის.

გილაურს, სავარაუდოდ, კვლავ ფინანსთა სამინისტროში დააბრუნებენ, ახლანდელ მინისტრ ბაინდურაშვილს კი, რომლის გვარიც წესიერად ვერ დაიმახსოვრა საზოგადოებამ მუდმივად ჩრდილში ყოფნის გამო, ისევ გილაურის მოადგილეობა მოუწევს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ეკა ტყეშელაშვილი
კავშირი ტეგთან: ეკა ტყეშელაშვილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online