asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სახალხო დამცველის მოადგილე პოლიტიკაში გადაბარგდა
სახალხო დამცველის მოადგილე პოლიტიკაში გადაბარგდა
სახალხო დამცველის მოადგილე პოლიტიკაში გადაბარგდა

2009-04-28 00:00:00



სახალხო დამცველის მოადგილემ, აპარატის უფროსმა სოფიო ხორგუანმა თანამდებობა დატოვა და პოლიტიკაში წავიდა. აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება აგვისტოს ომმა მიაღებინა. სოფიო თვითონაც დევნილია აფხაზეთიდან. აგვისტოს ომის დროს ჩართული იყო დაღუპულთა და ტყვეთა გაცვლის პროცესში და დარწმუნებულია, ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. რამ გადააწყვეტინა თანამდებობიდან წასვლა სახალხო დამცველის მოადგილეს და რატომ აირჩია საქმიანობის სფეროდ პოლიტიკა, ამას მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.
სოფიო ხორგუანი:
– აგვისტოს ომის დროს მივიღე ეს გადაწყვეტილება, როცა ოკუპირებული ახალგორი და კოდორი ვნახე. აფხაზეთიდან დევნილი ვარ. !6 წლის ვიყავი, როცა აფხაზეთი დავკარგეთ და იმის მერე ძალიან დიდხანს ჩემს უფროსებს, ოჯახის წევრებს ამას ვსაყვედურობდი. აგვისტოს ომის დროსაც იგივე განცდა დამეუფლა. 34 წლის ვარ, სახალხო დამცველის მოადგილე, კონსტიტუციური ორგანოს მეორე პირი და ვერაფერი გავაკეთე, რომ ეს ომი შემეჩერებინა. არ მინდა, რა პრეტენზიებსაც მე ვუყენებდი ჩემს უფროს თაობას, იგივე ჩემმა ძმისშვილებმა მე წამომიყენონ.
– თქვენი აზრით, ამ ომის აცილება შეიძლებოდა?
– შეიძლებოდა ამ ყველაფრის თავიდან აცილება. ყოველთვის შეიძლება პრობლემის მოგვარება. მაშინ, როცა რუსეთთან ურთიერთობის ასეთი გამოცდილება გვქონდა, როცა უკვე დაკარგული იყო ცხინვალი და სოხუმი, ახალგორი და კოდორიც არ უნდა დაგვეკარგა. ეს იყო პროვოკაცია, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით. აგვისტოში, როცა ამდენი დევნილი წამოვიდა, ჩემი თვალით ვუყურებდი, როგორ ვერ ხერხდებოდა მათი პრობლემის მოგვარება. მეგონა, ამ წლების მანძილზე სახელმწიფო ინსტიტუტები შენდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ აშენებულა. იყო სრული დაბნეულობა, ქაოსი. იმის მიუხედავად, რომ ამდენი წელია არსებობს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, არ იცოდა, როგორ მიეხედა დევნილებისთვის. ამ ყველაფერმა მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ თანამდებობიდან წავსულიყავი. იმ დღეებშივე ვუთხარი სახალხო დამცველს, რომ დავტოვებდი თანამდებობას, მაგრამ დაწყებული საქმეები მქონდა ბოლომდე მისაყვანი, როგორც აპარატის უფროსს და იმიტომ დავრჩი ამ დრომდე. 20 იანვარს კი ოფიციალურად წამოვედი.
– ფიქრობთ, რომ პოლიტიკოსობით მეტის გაკეთებას შეძლებთ?
– თავიდან პოლიტიკაში წასვლა გადაწყვეტილი არ მქონდა. მერე მივხვდი, რომ უფრო მეტი პოლიტიკური აქტიურობა იყო საჭირო. სხვადასხვა პარტიიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ მე რესპუბლიკურ პარტიაზე გავაკეთე არჩევანი. პრეზიდენტის ბოლო გამოსვლას რომ მოვუსმინე, მისმა ნათქვამმა კიდევ უფრო განმიმტკიცა აზრი, რომ ჩემი გადაწყვეტილება სწორია.
– სახალხო დამცველის მოხსენებას პრეზიდენტმა პოლიტიკური უწოდა. თქვენც ასე ფიქრობთ?
– პოლიტიკური უწოდა, მაგრამ იმ განცხადებაში მხოლოდ და მხოლოდ გაჭირვებული ადამიანების ისტორიებია, ყოველი ფურცლის, საქმის უკან დგას დაჩაგრული ადამიანი, დაჩაგრული ოჯახები, მათი ახლობლები. როცა ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური განცხადება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადამიანთა უფლებების დარღვევა პოლიტიკური ნებაა. როცა შენ, სახელმწიფო ხელისუფალმა, დაამკვიდრე პოლიტიკა, რომ ადამიანის უფლებები უნდა შეილახოს, ამის თქმის უფლებაც არ უნდა ჰქონდეს სახალხო დამცველს?!
– რატომ აირჩიეთ რესპუბლიკური პარტია?
– ჩემთვის რესპუბლიკური პარტია მისაღებია იმიტომ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაზე ფიქრობს. ბოლომდე ერთგულია იმ ღირებულებების, რაც ჩემთვისაც მნიშვნელოვანია. წინადადება დავით უსუფაშვილისგან მივიღე. ბევრ რესპუბლიკელთან დიდი ხნის ნაცნობობა და საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებს. პიროვნული სიმპათიებიც მნიშვნელოვანია. მთავარია, გჯეროდეს იმ მიზნის, რომლის მიღწევაც გინდა და თავდაუზოგავად მიდიოდე ამისკენ. დარწმუნებული ვარ, იქ უფრო მეტი საშუალება მექნება. სახალხო დამცველის აპარატში კანონით შეზღუდული ხარ.
ბევრჯერ, როცა ჩემი საქმიანობის დროს ვხედავდი, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს დავეხმარე, ვთქვათ, სუბსიდიების სააგენტო დაუნიშნავდა დახმარებას ერთ გაჭირვებულს, თითქოს კმაყოფილი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ რომ წარმოვიდგენდი, ის გაჭირვებული ადამიანი რამდენჯერ მივიდა რომელიღაც უწყებაში, რამდენჯერ ითხოვა და რა ბრძოლის ფასად მიაღწია ამას, უკვე კმაყოფილებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. ჩვენთან ხომ უკვე ყველგან მისული და ყველგან უფლებაშელახული ადამიანი მოდის. ჩემთვის მიუღებელია ასეთი ხელისუფლება და ასეთი სახელმწიფო მმართველობა. დიდხანს მქონდა განცდა, რომ, როგორც დისიდენტი, ისე ვმუშაობდი ჩასაფრებულების გარემოცვაში.
– ჩასაფრებულებში ვის გულისხმობთ?
– სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობაში ხშირად მქონდა განცდა, თითქოს მტრის ბანაკიდან ვიყავი მოსული. ნორმალური პროცესია, რომ სახალხო დამცველი აკრიტიკებს ხელისუფლებას, ეს ინსტიტუტის ფუნქციაა. ომის პერიოდში რამდენჯერმე ვთქვი, რომ ლადო ვარძელაშვილი კარგად უვლიდა დევნილებს, მაგრამ იქვე ვამბობდი, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო არ მუშაობდა.
ომის დროს ტყვეთა გაცვლის და უგზო–უკვლოდ დაკარგულთა მოძიების კომისიის წევრი ვიყავი. ჩემს მისაღებში წიწიბურას და ბურღულეულს ვაფასოებდით, რომ დევნილებისთვის წაგვეღო. ეს ის დღეები იყო, როცა ვერ ვაანალიზებდით, თუ რა მოხდა რეალურად. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, რომ გადარჩენილებისთვის მოგვევლო, დაკარგულები მოგვეძებნა და გარდაცვლილები დაგვესაფლავებინა. შემდეგ კი ყველაფერი გავაანალიზე და ეს გადაწყვეტილებაც მივიღე.
– თქვენი თანამდებობიდან შეგეძლოთ, თუნდაც ერთ ადამიანს დახმარებოდით, პარტიაში კი ალბათ მხოლოდ განცხადებების გაკეთებით შემოიფარგლებით.
– დიდი ხანი ვფიქრობდი ამაზე. აპარატის ყველა თანამშრომელს ვეუბნებოდი, რომ ჩვენ უნდა ვყოფილიყავით იმ ადამიანების მხარეს, რომლებიც სამართალს ვერ აღწევდნენ. ეს არის ინსტიტუტის მთავარი ფუნქცია – სახელმწიფომ არ გაჭყლიტოს ადამიანი. ხან ვახერხებდით ამას, ხან – არა. ორი თვის წინ შევედი ციხეში და პატიმრებმა საჩივარი გადმომცეს. გამოვედი იქიდან და სამ დღეში ის პატიმრები უფრო მძიმე პირობებში გადაიყვანეს. პატიმარმა მითხრა, ყველაფერს მოგიყვებით, მაგრამ ვიცი, თქვენი წასვლის შემდეგ უარესი პირობები შემექმნებაო. ხშირ შემთხვევაში უძლური ვიყავი. ამას ისინიც ხვდებოდნენ და ამბობენ, თქვენთან მოვდივარ, მაგრამ ვიცი, ვერაფერს გამიკეთებთო.
სახალხო დამცველი 7 ნოემბერს გალახეს და გამოძიება არ ჩატარებულა, ამის მერე რაზე უნდა ვილაპარაკო?! ყველაფრის მერე კი პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური განცხადებები. ერთი კონკრეტული ადამიანის დახმარება მნიშვნელოვანია, მაგრამ ვხედავ, რომ ეს სისტემის პრობლემაა. როცა კრიმინალური ხელისუფლება გყავს, რთულია რაღაცას მიაღწიო. ერთს უშველი, გამოიყვან და ამასობაში აქ უკვე მეორე იძირება. თუ ხელისუფლების მხრიდან არ შეიცვალა დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, არაფერი შეიცვლება.
– რას თვლით ხელისუფლების ყველაზე დიდ შეცდომად?
– მედიის თავისუფლების შეზღუდვა ამ ხელისუფლების დიდი შეცდომაა. მედია თავისუფალი რომ იყოს, სასამართლოც გაცილებით უკეთესი იქნებოდა და ნებისმიერი აღმასრულებელი ორგანოც. როცა ადამიანს ექნება განცდა, რომ მისი არასწორად მიღებული გადაწყვეტილება საჯარო განხილვის თემა გახდება, მას მეტი შიში ექნება, შინაგანად უფრო მოტივირებული იქნება, რომ კანონი დაიცვას. მედია თავისუფალი რომ იყოს, გაცილებით ნაკლები პრობლემა გვექნებოდა.
– როგორც ამბობენ, ბევრი მეგობარი გყავთ ამ ხელისუფლებაში, თუნდაც გივი თარგამაძე.
– ჩემს დადებით თვისებად ვთვლი იმას, რომ ადამიანებთან ურთიერთობა არ მიჭირს. ძალიან ბევრთან მაქვს კარგი ურთიერთობა, ბევრთანაც ვმეგობრობ. ხშირად უთქვამთ, როგორ ახერხებ, ისიც შენი მეგობარი იყოს და მეცო. მაგალითად, "პირველი არხის" დირექტორი, ლევან ყუბანეიშვილი ჩემი მეგობარია, მაგრამ, ვაკრიტიკებ, როცა ის, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი, სწორად არ იქცევა. შემიძლია გავმიჯნო სამსახური პირადი ურთიერთობებისგან. სოზარისგან მომისმენია, რომ როცა თავისი მეგობრების კრიტიკა უწევდა, ვერ უგებდნენ.
გივი თარგამაძეს დიდი ხანია ვიცნობ. როცა ყირგიზეთში რევოლუციის მსგავსი გადატრიალება მოხდა, ჩემმა მეგობარმა მთხოვა, ვარდების რევოლუციის რომელიმე აქტიურ წევრს შევხვედროდი. გივი თარგამაძე მაშინ კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ამ დროს უკრაინაშიც მომხდარი იყო ნარინჯისფერი რევოლუცია. მას გიგა ბოკერიასთან, გიგი უგულავასთან ან გივი თარგამაძესთან უნდოდა დალაპარაკება. უგულავა ფეხმოტეხილი იწვა სახლში, ბოკერია დაკავებული იყო და თარგამაძეს შევხვდი. მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მქონდა, მიუხედავად ამისა, ითქვა, რომ მისი ოჯახის წევრი ვარ, რაც ნამდვილად არ არის სიმართლე.
შეიძლება ჩემი და პაატა დავითაიას პოლიტიკური შეხედულებები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებოდეს, მაგრამ ჩვენ ერთად გავიზარდეთ და, როცა პატარები ვიყავით, გულრიფშში ერთად დავდიოდით ზღვაზე. ეს ფაქტია და ამას ვერაფერი შეცვლის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საჭიროების შემთხვევაში არ გავაკრიტიკებ. მოყვარეს პირში უძრახეო, ნათქვამია, მაგრამ ეს პრინციპი პრეზიდენტისთვის სრულიად მიუღებელია. ვინც მის გვერდით არ არის, მისი მტერია.
თეა ხურცილავა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: კახა თარგამაძე
კავშირი ტეგთან: კახა თარგამაძე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online