asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"წარმატებული იყო ტელევიზიაში, არ ნიშნავს, რომ წარმატებული იქნები პოლიტიკაშიც"
"პოლიტიკაში მოსვლა, კურორტზე წასვლა არ არის"
"წარმატებული იყო ტელევიზიაში, არ ნიშნავს, რომ წარმატებული იქნები პოლიტიკაშიც"

2009-07-24 19:33:08



ჟურნალისტს და პოლიტიკოსს, მაგდა ანიკაშვილს, საკუთარ თავზე ლაპარაკი უჭირს. თუმცა, ინტერვიუს დროს შეგვპირდა, ობიექტური ვიქნებიო. რა პრობლემები და სამუშაო რეჟიმი დახვდა მაგდას პოლიტიკაში და ელოდა თუ არა, რომ ბევრად ნაკლები თავისუფალი დრო ექნებოდა, ვიდრე ჟურნალისტიკაში ყოფნისას, ინტერვიუდან შეიტყობთ.
– საკუთარ თავზე საუბარი უხერხულია, მით უმეტეს, პოლიტიკოსის და პარლამენტარის მხრიდან. დიდ პატივს ვცემ თქვენს ჟურნალს და უარი ვერ გითხარით. ვეცდები, ობიექტური სურათი შემოგთავაზოთ. საერთოდ, ადამიანს სხვა წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, ამ დროს სულ სხვას ფიქრობს საზოგადოება.
– კრიტიკული ხართ საკუთარი თავის მიმართ?
– ამაში ნადვილად ობიექტური ვიქნები – კრიტიკული ვარ. ამის გამორკვევის ძალიან მარტივი საშუალება არსებობს. როცა შენიშვნას გაძლევენ, თუ ის ემთხვევა შენს შენიშვნებს, შეიძლება ჩათვალო, რომ ადეკვატურად აფასებ შენს საქციელს. რა შენიშვნებიც აქვთ ჩემ მიმართ, მე ბევრად უფრო მეტი შენიშვნა მაქვს. ამ მხრივ მშვიდად ვარ, თავში ავარდნა და თვითკმაყოფილება არ მემუქრება.
– ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ?
– სურვილი მაქვს, რომ მეტად აქტიური ვიყო და შეძლებისდაგვარად, კიდევ უფრო მეტი დრო დავუთმო ჩემს საქმიანობას. ვერ ვიტყვი, რომ შრომისუნარიანი არ ვარ, მაგრამ სურვილი მაქვს, ის დრო, რაც დათმობილი მაქვს დასვენებისთვის, მაქსიმალურად შევამცირო. ამას ჩვენი რეალობა მოითხოვს. პოლიტიკაში არ არსებობს ნორმირებული რეჟიმი. რაც უფრო მეტს გააკეთებ, მეტს მიიღებ. სასურველია მეტ ადამიანს შეხვდე, მეტი წაიკითხო, მედიას ეკონტაქტო.
– ჟურნალისტად მუშაობის დროს, უფრო მეტი თავისუფალი დრო გქონდათ?
– ტელევიზიაში მუშაობის დროს, როცა ეთერი მთავრდებოდა, აბსოლუტურად, თავისუფალი ვიყავი. ახლა ეს სრულიად წარმოუდგენელია. საღამოს მოქალაქე გირეკავს და გეუბნება, რომ საავადმყოფოში არ იღებენ, სადაზღვევო კომპანია არ ანაზღაურებს თანხას, ვერ ეტყვი, ჩემი სამუშაო დღე დასრულებულიაო.
– ასეთი შემთხვევები ხშირია?
– რამდენიმე დღის წინ იყო ასეთი შემთხვევა, ღამით, ორის წუთებზე დამირეკეს, მოწამლულ მცირეწლოვან ბავშვს არ იღებდნენ საავადმყოფოში. არ ჰქონდა დაზღვევა. ჩვენი კანონმდებლობით, 3 წლამდე მკურნალობა უფასოა. ოჯახს ბავშვის სამკურნალოდ თანხა არ ჰქონდა. საკმაოდ მძიმე ვითარება იყო. მთელი ოჯახი ჩავერთეთ ამ საქმეში. ასეთ დროს საათს ვერ დაუწყებ ყურებას, გვიანი ხომ არ არისო.
– მეუღლე როგორ შეეგუა თქვენს გრაფიკს?
– ეს თემები იმდენად მნიშნელოვანია, რომ ცხადია, არავის აზრად არ მოუვა, რატომ გირეკავენ ღამე. პირიქით, ყველა ერთვება, რომ როგორმე პრობლემა მოგვარდეს.
– როცა პოლიტიკაში წახვედით, ეს სამუშაო გაცნობიერებული გქონდათ?
– კურორტზე რომ არ მივდიოდი, ნათელი იყო. სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, დიდხანს ვფიქრობდი – შევძლებდი, გამერთვა თავი? ამაზე პასუხის გაცემა დღესაც შეუძლებელია. ამაზე წლების მერე შეიძლება საუბარი.
– თქვენს პოლიტიკაში წასვლას მოჰყვა კრიტიკა საზოგადოებისგან, კოლგებისგან, როგორი იყო ის პერიოდი თქვენთვის?
– კრიტიკა დღესაც არის. ეს იყო აბსოლუტურად სამართლიანი და ბუნებრივი. უცხო თვალით მეც რომ შემეხედა ადამიანისთვის, რომელიც იყო საინფორმაციოს წამყვანი, თუნდაც ცოტა ხნით, პოლიტიკური თოქ–შოუს წამყვანი, არ ნიშნავს იმას, რომ ის შეიძლება წარმატებული პოლიტიკოსი იყოს, შესძლოს მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ინტერესების დაცვა. რაც უნდა წარმატებული იყო ტელევიზიაში, არ ნიშნავს, რომ წარმატებული იქნები პოლიტიკაშიც. ეჭვი ეპარებოდათ, შესძლებს კი რამის გაკეთებას, ზოგი ქილიკით ამბობდა, ეს რის გამკეთებელია, მაგრამ სწორედ ეს არის კარგი მოტივაცია იმისთვის, რომ შენ ყველას დაუმტკიცო, რომ შეგიძლია პრობლემების მოგვარება.
– მზად იყავით მსგავსი შემოტევისთვის?
– მთავარი ის იყო, რომ მარტო არ ვუძლებდი შემოტევას. გუნდი იყო, რომლისთვისაც, თუ გიორგი თარგამაძეს არ ჩავთვლით, უცხო იყო პოლიტიკა. ნაბიჯ–ნაბიჯ ვეწყობოდით და ერთმანეთსაც ვეხმარებოდით. როცა საქმეს მარტო არ იწყებ და ვიღაც გვერდით გიდგას, უფრო ადვილია.
– როგორი იყო პარლამენტარის პირველი დღე?
– მაშინ ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო. პირველ დღეს არც შევედით პარლამენტში. დილემის წინაშე ვიდექით და ჩვენი მოძრაობისთვის დიდი გამოცდა იყო. გავიმარჯვეთ, მაგრამ გამარჯვების სიხარული ვერ ვიგრძენით. არ იყო იმის განცდა, რომ, რა კარგია, როცა ახალშემქნილმა პარტიამ, მიუხედავად დიდი გაყალბებისა, აიღო ამდენი ხმა. დღეს ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი იყო ჩვენი პარლამენტში შემოსვლა. თუმცა, არავის ჰქონდა იმის ილუზია, რომ მნიშვნელოვანად რამე შეიცვლებოდა.
– პარტიის ერთიანი გადაწყვეტილება იყო, შესულიყავით პარლამენტში, პირადად თქვენ რას ფიქრობდით? – ჩემი აზრიც ასეთი იყო. ქუჩიდან ზეგავლენას ვერ მოახდენ პროცესებზე და ეს დადასტურდა კიდეც ამ გაზაფხულზე. დღეს, მედიაზე კონტროლის შედეგად, მთელ საქართველოს არ აქვს გაცნობიერებული, რამდენს აშავებს ხელისუფლება. რაც უფრო მეტად დავიკავებთ ადგილს, რომელიც გვეკუთვნის ხელისუფლებაში, უფრო მივიღებთ შედეგს. დასავლეთს ვერანაირად ვერ აუხსნი, რატომ თქვი შენს საპარლამენტო მანდატზე უარი.
– დღევანდელ მედიაში როგორ წარმოგიდგენიათ მუშაობა?
– ძალიან რთულია. ასეთი მძიმე ვითარება არ ყოფილა შევარდნაძის დროსაც, მაშინ მეტი თავისუფლება იყო. სამი ტელევიზია კონტროლდება, ორ სხვა არხზე შეიძლება გამოხატო შენი დამოკიდებულება. პრესას მეტი თავისუფლება აქვს. ხელისუფლებას არ სჭირდება, გააკონტროლოს საზოგადოება, ნაკლებად კითხულობს და საფრთხეს ვერ ხედავს, თორემ სხვა შემთხვევაში იმასაც გააკონტროლებდა. მაგრამ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რიგით ჟურნალისტებს სირცხვილის კორიდორები მოვუწყოთ. პრობლემა ხელისუფლებაშია, რომელიც თავს უფლებას აძლევს გააკონტროლოს მედია. დღევანდელ საქართველოში ძნელია იმის თქმა, 500 და 1000 ლარში არ არის საქმე, დღესვე დატოვოს სამსახური და წამოვიდესო. ეს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებაა. მათ უკან ოჯახი ან ოჯახები დგანან. ვითარება ურთულესია, ბევრი რამის დამალვა უწევთ ჟურნალისტებს, მაგრამ ეს უფრო მეტად ზემდგომი ორგანოების ბრალია.
– არის თუ არა დეტალურად გაწერილი, რა არის სახელმწიფო საიდუმლო და რის თქმის უფლება არ აქვს ჟურნალისტს?
– მედია ყველგან უნდა იყოს თავისუფალი. იყო მცდელობა, ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსის შექმნისა და თუ არ ვცდები, მარეგულირებელმა კომისიამ უკვე მიიღო კიდეც.
– როგორია ჟურნალისტი და პოლიტიკოსი მაგდა ოჯახში?
– როცა მაქვს ამის საშუალება, ვთვლი, რომ ძალიან კარგი დიასახლისი ვარ. ეს საქმიანობა მიყვარს და არ ვაკეთებ ვალდებულების მოხდის გამო. სურვილი მაქვს, კიდევ უფრო კარგი ვიყო.
– როდის შეგიყვარდათ?
– 18 წლის ვიყავი. ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელი გრძნობა იყო, ტრადიციული სიტუაციით. ჩემმა მეუღლემ გამოხატა სიმპათია, მეც მომწონდა. ამას ვინმეს მხრიდან წინააღმდეგობა და დაძაბული სიტუაცია არ მოჰყოლია. ბედნიერი, მშვიდი და სასიამოვნო ისტორიაა, იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება მთელი ცხოვრება. სერიოზული კონფლიქტები საერთოდ არ ყოფილა. ვთვლი, რომ ბედნიერი წყვილი ვართ. არ უნდა დაუშვა, რომ შენი წარმატების გამო დაზარალდეს ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, პირველ რიგში, ოჯახი უნდა იყოს.
– ოჯახის გამო დათმობდით სამსახურს?
– რა თქმა უნდა. იმედი მაქვს, ასეთი არჩევანის წინაშე არ დავდგები, მაგრამ, როცა დგება არჩევანი ოჯახსა და კარიერას შორის, ოჯახი წინა პლანზე უნდა დააყენო.
– ჭორებზე რა რეაქცია გაქვთ?
– კატასტროფული და კოშმარული არაფერი გამიგია. არასერიოზული ჭორები დადის, მაგრამ არ მაქვს ამაზე რეაქცია.
– რესპოდენტის როლში როგორ გრძნობთ თავს?
– ძალიან სასიამოვნოა, რაც ჟურნალისტზეა დამოკიდებული.
– რომელი კითხვა გაღიზიანებთ?
– გაიხსენეთ კურიოზი. როცა ბუნებრივად ჩნდება სურვილი სახალისო ამბავი მოჰყვე. თუ არ მაქვს განწყობა, ყველა სახალისო ისტორია მავიწყდება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online