asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

საით აქვს გეზი ქართული მედიის გახვრეტილ გემს
საით აქვს გეზი ქართული მედიის გახვრეტილ გემს
საით აქვს გეზი ქართული მედიის გახვრეტილ გემს

2010-12-01 14:18:21



კარგი საარჩევნო გარემო, ახალი საარჩევნო კოდექსი, დამოუკიდებელი მედია, სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი ბიზნესი – ეს დღევანდელ საქართველოში მთავარი მოთხოვნებია. საარჩევნო გარემოზე მუშაობა რამდენიმე თვეა ეტაპებად მიმდინარეობს, მაგრამ დღემდე არაფერი გამოვიდა, უფრო სწორად, ის გამოვიდა, რაც ნაციონალურ მოძრაობას უნდოდა. შემდეგი "გაჩერება" მედია და მისი მეპატრონეების საკითხის გამჭვირვალობაა. ამ საკითხის დაწყებაზე თავად ხელისუფლებამ "იჩალიჩა", დასავლეთის მოთხოვნით. მოარული ხმებით, ევრაზიის ფონდი ამ საქმეში გვარიან ფულს დებს. საკითხავია, ხალხისთვის მართლაც აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, ეცოდინებათ თუ არა, ვინაა ამა თუ იმ მედიასაშუალების მფლობელი. ამ საკითხზე "სარკე" ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარეს, გიორგი თარგამაძეს ესაბურა.

გიორგი თარგამაძე:

– საქართველოს ხელისუფლება ახერხებს საერთაშორისო საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყაროს და თქვას, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ეს არის კერძო მფლობელობაში მყოფი თავისუფალი ტელეკომპანიები და მათ დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაში ვერ ჩავერევითო. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ნაციონალური სატელევიზიო არხების კოლექტიური მფლობელი სააკაშვილია, მაგრამ უცხოელი პარტნიორებისთვის სამართლებრივად უნდა გახდეს ნათელი, ვინ დგას ამ ტელეკომპანიების უკან.

– ხომ შეიძლება აქციები ვიღაც "იქს" ადამიანზე გადაფორმდეს?

– თუ ხელისუფლება ამ ცვლილებების შემდეგ ამას გააკეთებს, ამ შემთხვევაშიც ყველაფერი ნათელი იქნება. თუ იმ ადამიანის შემოსავლები, წარსული არაადეკვატური იქნება იმ ფინანსური ხარჯებისა და ინვესტიციებისა, რომლებიც ამ ნაციონალურ, წამგებიან ტელეკომპანიებს ხმარდება, ნათელი გახდება, რომ ხელისუფლება ისევ მანიპულაციას ეწევა. ამიტომ მედიამფლობელების გამჭვირვალობას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს სხვა წინადადებების განხილვა, რაც უკავშირდება სატელევიზიო სიხშირეების გაცემის გამარტივებას, ინფორმაციის საჯაროობის რეალურად განხორციელებას, ჟურნალისტებისთვის გარანტიების შექმნას, მათ შორის კანონმდებლობის დონეზე, მონოპოლიზებული მედიაბაზრის სამართლიან გადანაწილებას... ეს არის წინადადებათა პაკეტი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ამოივსოს ყველა ხვრელი, რომელიც გახვრეტილ ქართულ მედიაგემს ფსკერისკენ მიაქანებს.

– როცა ამ ინიციატივის შესახებ გაცხადდა, უმრავლესობისგან მწარე შენიშვნები მიიღეთ, როგორ, როცა თქვენ იყავით "იმედში", მაშინ მედია თავისუფალი იყო და ახლა აღარ არისო.

– იმდროინდელ ვითარებას ოდნავადაც ვერ შევადარებ იმას, რაც დღეს ქართულ ტელემედიაში ხდება. ტელეკომპანიებს უნივერსალური თავისუფლების ხარისხი არც ერთ ქვეყანაში არ აქვთ და არც ჩვენ ვიჩემებთ, რომ კომპანია "იმედი" აბსოლუტურად თავისუფალი იყო, თუმცა პროფესიული თვალსაზრისით, ვერც ერთი კომპანია ვერ შეედრებოდა. მაშინ ალტერნატიული ინფორმაციისა და აზრის მოსმენა შეიძლებოდა. მაყურებელმა ტელევიზიით ის უნდა დაინახოს, რაც სინამდვილეში ხდება და არა ეს ვირტუალური მდგომარეობა, რის იმიტაციასაც ცენტრალური არხები აკეთებენ.

– ანუ, როცა რუსთაველის გამზირზე სახალხო კრება ტარდება და ამას ცენტრალური არხები იგნორირებას უკეთებენ ან აქცენტს ერთ მთვრალ კაცზე აკეთებენ?

– კადრების შერჩევით და მონატაჟით ჩანს, ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა როგორია, მაგრამ ეს არ იქნებოდა ტრაგედია, თუ იარსებებდა ტელევიზია, რომელიც მეტ დროს დაუთმობდა ამ საკითხის გაშუქებას და ჩათვლიდა, რომ ეს ამბავი გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ბრაზილიაში სტუდენტების გამოსვლა. როცა კონკურენცია არ არსებობს, ისე ჭრი და კერავ, როგორც გინდა. კონკურენციისას იძულებული ხარ, მაყურებლის ინტერესისკენ შებრუნდე, თორემ მათ ნდობას დაკარგავ, შესაბამისად, სარეკლამო შემოსავლებიც აღარ გექნება და არც ის, რის გამოც გაფინანსებენ – საზოგადოებაზე გავლენა. თუ მაყურებელი არ გიყურებს, ბუნებრივია, მასზე ზემოქმედებას ვერ მოახდენ. ამიტომაცაა აუცილებელი, სატელევიზიო სივრცეში ახალი მოთამაშეები შემოვიდნენ.

– თქვენი პარტიის წევრი, ინგა გრიგოლია, ხშირად ამბობს, რომ აუცილებლად იქნება ტელევიზიის ხელმძღვანელი. ტელევიზიის გაკეთება ხომ არ გაქვთ ჩაფიქრებული? ამბობენ, ჟურნალისტებმა პოლიტიკაში არ გაამართლესო.

– ჩვენს პარტიას ადგილობრივ არჩევნებზე 205 ათასმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. ორწელიწადნახევრის წინ შექმნილი პარტიისთვის ეს ცოტა არაა. ეს ნიშნავს, რომ სწორი გზა გვაქვს არჩეული. დალაგებულ საზოგადოებაში რომ ვცხოვრობდეთ, შეიძლება ბევრი ჩვენგანი პოლიტიკაში არც ყოფილიყო. რაც შეეხება ტელევიზიის შექმნას, სანამ პოლიტიკაში ვარ, ამას არ გავაკეთებ. როცა ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, როცა ამისთვის მეტი დროის დათმობის საშუალება მექნება, არ გამოვრიცხავ.

– სახალხო კრების ჩატარების წინა დღეს თქვით, რომ არასოდეს შევარდნილხართ არსად, როგორც გამძვინვარებული ლომი და იქიდან არ გამოვარდნილხართ, როგორც კურდღელი. რა იგულისხმეთ?

– ზოგიერთს ეს სიტყვები ეწყინა, მაგრამ ამის ადრესატი ის ადამიანები არ არიან, რომლებმაც ვაჟკაცობა არაერთხელ დაამტკიცეს. მე ცალკეული პოლიტიკოსები და პოლიტიკური ჯგუფები ვიგულისხმე, რომლებიც პერმანენტულად ადამიანებს სრულიად არარეალურ მოლოდინებს უსახავენ და მერე იმედგაცრუებულებს ტოვებენ. ბოლო წლებში როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, ერთადერთი რამითაა დაკავებული – მოახდინონ ერთმანეთის დელეგიტიმაცია, რაც ქართული პოლიტიკისადმი მოსახლეობის ნდობის დაკარგვას იწვევს. ამ პროცესში ლომის წილი ხელისუფლებას მიუძღვის, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა საზოგადოებაში გამყარდეს აზრი, რომ ოპოზიციას მინიმალური შანსიც არ აქვს, არჩევნებით გაუშვას ხელისუფლება. შიდა პოლიტიკური ბრძოლისთვის ეს მეთოდები შეიძლება გასაგებიც იყოს, მაგრამ ისეთი პრობლემების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ასეთი მიდგომები დამღუპველია.

– რას გულისხმობთ?

– როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია ხშირად ხალხის სახელით აპელირებს. გამოვა სააკაშვილი ან მისი გუნდის რომელიმე წევრი და ამბობს: "ჩვენ, ქართველი ხალხი". გამოვა რომელიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ამბობს: "ჩვენ გადაწყვეტილება ქართველი ხალხის სახელით მივიღეთ". ასეთი ლაპარაკი დიდი შეცდომაა. მე იმ 205 ათასი ადამიანის სახელით ვსაუბრობ, ვინც არჩევნებში დაგვიჭირა მხარი. ვემიჯნებით იმ ტიპის ქუჩურ აქტივობას, როგორსაც დღეს აქვს ადგილი. ქუჩაში ხელების აწევით გამოცხადებულ გადაწყვეტილებებს ავტორი არასოდეს ჰყავს. სახალხო დემოკრატია შეიძლება ბრბოს დემოკრატიაში გადაიზარდოს, რომელიც ქაოსს გამოიწვევს.

– ამბობთ, რომ ხალხის მიერ კრებაზე აწეული მანდატები კონსტიტუციის ახალი ცვლილებების ბათილად ცნობისა და პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერით არაფერს ნიშნავს?

– იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ დაინახოს, ქვეყანაში არსებობენ ძალიან ნეგატიურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც ცვლილებებსა და მათი პრობლემებისადმიყურადღებას ითხოვენ, სამართლებრივ–პოლიტიკური თვალსაზრისით კი ბევრს არაფერს ნიშნავს. თუ ამ გზას გავყვებით, ვინ რამდენ ადამიანს შეაგროვებს ქუჩაში და ხელს ააწევინებს, სააკაშვილი რამენაირად უკეთესად მოახერხებს არა ოცდაათი, არამედ სამასი ავტობუსით რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანას.

– სახალხო დაუმორჩილებლობის გადაწყვეტილებას როგორ უყურებთ?

– ეს გზა უპერსპექტივოდ მიმაჩნია. ჯერ ვერავინ ამიხსნა, ალბათ არც თქვენ მოგისმენიათ, რას უნდა გამოვუცხადოთ დაუმორჩილებლობა. იქნებ არსებულ სიდუხჭირეს? ჩვენთან ვინ უნდა გაიფიცოს?! ხალხი, ვის მიმართაც ხელისუფლებაა გაფიცული და მათ დასაქმების საშუალებას არ აძლევს? არ მესმის იმ პოლიტიკოსების, რომლებიც ამ ილუზიებით კიდევ კვებავენ საზოგადოებას. კარგი იქნება, თუ პოლიტიკოსები ხელს არ შეუწყობენ უკმაყოფილების გაღვივებას არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ ოპოზიციის მიმართაც. მათი წარუმატებლობა მეც ძალიან მაღელვებს, რადგან ეს ოპოზიციისადმი ნდობაზე აისახება.

– ვითომ ასეთ გამოსვლებში ხელისუფლება ხედავს ხალხის გაჭირვებას? სახალხო კრების პარალელურად ბათუმში ნებივრობდნენ ბედნიერები. ხომ არ იცით, რა დაჯდა პლასიდო დომინგოს ჩამოყვანა? თქვეს, ასეთი სცენა, რომელიც მისთვის გააკეთეს, მსოფლიოში სულ სამიაო.

– აქცია საქველმოქმედო იყო. მომღერალმა შემოსული თანხა "იავნანას" ფონდში გადარიცხა. აქციის ორგანიზებისთვის საჭირო თანხები საიდან იყო, ვერ გეტყვით. ამ კონცერტზე არ ითქმის, მაგრამ პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდების გაორმაგება, რომელიც მთლიანობაში 2011 წელს 100 მილიონია, მიუთითებს, რომ ხელისუფლების მადა საეჭვო გასართობი ღონისძიებების მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება. ბათუმის ცენტრში, ერთ–ერთი შენობის კოშკზე საათის მონტაჟისთვის მილიონ შვიდასი ათას ლარზე მეტია გამოყოფილი და ამტკიცებენ, რომ ეს იქნება საუკეთესო საათი დედამიწის ზურგზე. ზუსტად ეს თანხა იყო საჭირო ბათუმში მშობიარეების სრული დაფინანსებისთვის. რა უფრო მნიშვნელოვანია, დემოგრაფიული პრობლემა თუ ორიგინალური საათი?

– დაბოლოს, რა ინფორმაცია გაქვთ იმ სკანდალურ სტატიაზე, რომელიც ლისაბონურმა გაზეთმა დაბეჭდა, რომ ჩვენმა დელეგაციამ მეძავები დაიქირავა და სასტუმროში ისეთი ორგია გამართეს, სარკოზიმ პირადად იჩივლა სასტუმროს ადმინისტრაციასთანო?

– ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ქართული დელეგაციის წევრებმა 80 როსკიპი შეყარეს სასტუმროში, მაგრამ გაზეთის ეს ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს. სომხეთის საგარეო უწყებამ თქვა, რომ ეს ჭორია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამაზე დუმს. ეს კი უფრო მეტად ამყარებს ეჭვს. ცუდია, როცა ისეთი განწყობაა ხელისუფლების ან მისი ზოგიერთი წევრის მიმართ, რომ ასე გავრცელებული ჭორიც კი შეიძლება ვიღაცამ დაიჯეროს. მე ეს უფრო მაშფოთებს ვიდრე ის, სინამდვილეში ეს ფაქტი მოხდა თუ არა.

ნინო მეტრეველი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: კახა თარგამაძე
კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online