asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ძნელია, როცა იცი, რომ შენი ქალიშვილი ნარკომანია
ძნელია, როცა იცი, რომ შენი ქალიშვილი ნარკომანია
ძნელია, როცა იცი, რომ შენი ქალიშვილი ნარკომანია

2010-11-29 13:38:30



რედაქციაში ორმოცდახუთი წლის ქალბატონი გვესტუმრა, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა. მან თავის პრობლემაზე გვიამბო და ჩვენი მკითხველისგან რჩევასაც ელის. თუ რაში მდგომარეობს მისი პრობლემა, ამას ვრცლად ინტერვიუდან შეიტყობთ.



– მინდა გითხრათ, რომ არავისგან გამორჩეული ცხოვრება არ მაქვს და არც ის პრობლემაა უცხო, რომელიც მე მაწუხებს. საქმე იმაშია, რომ რაც მოხდა, ყველაფერი თითქოს მე მბრალდება. მე კი ასე არ ვთვლი. ერთადერთი გოგონა მყავს და, რომ იტყვიან, მასზე თან გადაყოლილი ვიყავი. ჩემი მეუღლე 30 წლის გარდაიცვალა და პატარა ბავშვი დაგვრჩა. ლიკუნა გადასარევი ბავშვი იყო და ქმრის სიკვდილით გამოწვეული ტრაგედიაც მან გადამატანინა. რა თქმა უნდა, ერთი პერიოდი დეპრესიაშიც ვიყავი, მაგრამ გადავწყვიტე, თავს მოვრეოდი, რადგან შვილი მყავდა მისახედი. ქმრის დაღუპვიდან ათი წლის განმავლობაში, ისევ დედამთილ–მამამთილთან ვცხოვრობდი. მათ მე და ჩემი გოგონა ძალიან ვუყვარდით და საკუთარ შვილად მთვლიდნენ. შემდეგ, ჩემი გოგონა რომ წამოიზარდა, მუშაობაც დავიწყე და ჩემი ქმრის მშობლების რჩევით, ცალკე გადავედით. იქ ვიწროდ ვიყავით. მამამთილმა ოროთახიანი ბინა გვიყიდა და მე და ლიკუნამ მარტო დავიწყეთ ცხოვრება. ქმრის ოჯახიდან ყოველთვის დიდ სითბოს ვგრძნობდი, მათ ვებრალებოდი და უნდოდათ, ჩემთვის ტკივილი შეემსუბუქებინათ, არადა, თვითონ არანაკლებ განიცდიდნენ შვილის გარდაცვალებას. გაგიკვირდებათ, მაგრამ ერთხელ დედამთილმა ისიც კი მითხრა, მარტო, უქმროდ ყოფნა გაგიჭირდება, თუ გინდა გათხოვდი და ლიკუნას ჩვენ გაგიზრდითო. ეს ბევრისთვის, ალბათ, დაუჯერებლია. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ყველა იმას მეჩიჩინებოდა, ახალგაზრდა გოგო ხარ, გათხოვდი, ქმრის სითბო გჭირდებაო, ამის გაგონებაც არ მინდოდა. იმდენად დიდი სიყვარული მაკავშირებდა ჩემს გარდაცვლილ მეუღლესთან, რომ მას ვერავინ და ვერაფერი შემიცვლიდა. ნეტა, ახლაც ცოცხალი მყავდეს, სულიერად ასეთ გასაჭირში ხომ აღარ ვიქნებოდი.

– რას გულისხმობთ?

– რას და ჩემს ახლანდელ გასაჭირს. ჩემმა ქალიშვილმა, რომელიც ასეთი რუდუნებით გავზარდე, ამაგი არ დამიფასა, უფრო მეტიც, ოჯახს საქვეყნოდ თავი მოჭრა. ყველაფერი მივეცი, რაც კი შემეძლო, მას არასდროს არაფერი აკლდა. მე თუ რამეს ვერ ვუყიდდი, ჩემი ქმრის ოჯახი ყველა სურვილს წარმოთქმისთანავე უსრულებდა. ალბათ, მისი ასეთი უსაქციელობა სწორედ ამის ბრალიცაა, რომ ზომაზე მეტად გავათამამეთ. არ მინდოდა, უმამობა ეგრძნო და გვერდით ვედექი. მასთან ვმეგობრობდი, მეგონა, ჩემთან გულახდილი იყო და არასდროს არაფერს დამიმალავდა. არაფერს ვუკრძალავდი, ზომიერების ფარგლებში ყველაფრის უფლება ჰქონდა. სამწუხაროდ, ლიკუნამ ყველა ჩვენგანის სიკეთე ბოროტად გამოიყენა. მრცხვენია, რომ ასეთი ქალიშვილი მყავს. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ მის გამო ბევრ რამეზე ვთქვი უარი. მეორედ ოჯახიც მის გამო არ შევქმენი – არ მინდოდა, ლიკუნა მამინაცვალს გაეზარდა. ისეთ მშობლებს ვიცნობ, თავიანთი შვილების ყოფა მართლაც რომ ფეხზე ჰკიდიათ, ყურადღებას არ აქცევენ და მათი შვილები ძალიან პატიოსნები იზრდებიან. ჩემი გოგო კი, არ ვიცი, ასე რამ გააბოროტა, რომ ყველანაირ მორალს გადაახტა.

– ასეთი რა ჩაიდინა თქვენმა ქალიშვილმა?

– ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, როდესაც მახსენდება, ცუდად ვხდები. ამიტომ მოკლედ მოგიყვებით ყველაფერს. როგორც უკვე გითხარით, ჩემს გოგონას ყველაფრის უფლებას ვაძლევდი, რადგან მასთან ვმეგობრობდი. ამას ახლაღა ვნანობ. კარგი ბავშვი იყო, გულწრფელი, კეთილი. მის მეგობრებსაც კარგად ვიცნობდი და მათ შორის საეჭვო არავინ ყოფილა. ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან სახლში. ლიკუნამ, სტუდენტი რომ გახდა, ახალი მეგობრები შეიძინა ჯგუფელების სახით. ისინიც ნორმალური ბავშვები ჩანდნენ. განსაკუთრებით, ერთ გოგოსთან და ორ ბიჭთან მეგობრობდა. მათი ოთხეული გამორჩეული იყო, ზოგს ისიც კი ეგონა, რომ იმ ბიჭებს ლიკუნა და მისი დაქალი უყვარდათ და ამიტომ დადიოდნენ სულ ერთად. თავიდან ეს მეც ვიეჭვე, მაგრამ მერე ისევ ჩემმა გოგომ უარყო – არა, დედა, ისინი მხოლოდ ჩემი მეგობრენი არიანო. ისე, იმის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიქნებოდი, რომ იმ ბიჭებიდან ერთ–ერთი ლიკუნას შეყვარებული ყოფილიყო. მთელ დღეებს ეს ოთხი ერთად ატარებდა. ჩვენთან სახლში ხშირად მოდიოდნენ, მეცადინეობდნენ, ფილმებს უყურებდნენ. ასე რომ, ჩემი ქალიშვილის ასეთი ცხოვრებით კმაყოფილი ვიყავი. თუმცა, ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა, როდესაც მათ ჯგუფში ახალი სტუდენტი ბიჭი გადმოვიდა და მათ ოთხეულს დაუმეგობრდა. თურმე, მას ჩემი ლიკუნა შეუყვარდა, მაგრამ ეს ამბავი საკმაოდ გვიან გავიგე.

– არ მოგწონდათ ის ბიჭი?

– არა, საქმე მაგაში კი არაა, მომწონდა ჩემი გოგოსთვის თუ არა, უბრალოდ, ამ ოთხეულთან მისი დამეგობრების შემდეგ, ბავშვებს ვატყობდი, რომ ძალიან შეიცვალნენ. ცვლილებები თავიდან ლიკუნას შევატყვე. ჯერ ახალი მეგობრით – ბექათი იყო აღფრთოვანებული და სულ მასზე მელაპარაკებოდა, მერე კი ლაპარაკს მოუკლო. სახლში სულ ანერვიულებული ბრუნდებოდა, აღარც ამხანაგები მოჰყავდა ჩემთან. რამდენჯერმე ვუთხარი, მოიყვანე შენი მეგობრები, რატომ აღარ მოგყავს, ან ის ბექა გამაცანი–თქო, მაგრამ ათას რამეს იმიზეზებდა. ერთი–ორჯერ ქუჩაში ყველანი ერთად შემხვდნენ და რაღაც ცუდი განცდა დამეუფლა, ეს ბავშვები სხვანაირები მომეჩვენნენ. ლიკუნა თავის მეგობრებთან სახლში ხშირად რჩებოდა, მაგრამ ერთ დილას, როდესაც მეგობრისგან მოვიდა, ძალიან ცუდად იყო. მომატყუა, დავლიეთ და იმიტომ ვარ ასეო. მეც გამეღიმა და ხუმრობა დავუწყე, ასეთი რა დალიეთ–თქო. იმ ღამეს ძალიან ცუდად იყო, ლამის ხელში ჩამაკვდა, მაგრამ ვერაფრით ავხსენი, რა სჭირდა. იმდენად ვენდობოდი და მეგონა, ცუდს არ გააკეთებდა, ეჭვიც არ შემპარვია, რომ მას შეიძლებოდა ნარკოტიკი გაესინჯა.

– გინდათ თქვათ, რომ თქვენი ქალიშვილი წამალდამოკიდებული გახდა?

– სამწუხაროდ, ასეა. ეს ამბავი, ორი წლის წინ, ჩემი მეზობლისგან გავიგე, რომელმაც მითხრა, შენს გოგოს ყურადღება მიაქციე, ხალხი მასზე ცუდ რაღაცეებს ლაპარაკობს, ამბობენ, ნარკოტიკებს ეტანებაო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა, გული წამივიდა, ძალიან ცუდად გავხდი. არ მინდოდა ასეთი საშინელების დაჯერება. იმის იმედი მქონდა, რომ ლიკუნა ამ ყველაფერს უარყოფდა და მეც დავმშვიდდებოდი. მაგრამ ყველაზე საშინელი ის იყო, რომ არ უარყო და მითხრა, ადრე თუ გვიან ამას მაინც გაიგებდიო. არანაირ სინანულს არ შეუწუხებია, მე კი ლამის ჭკუიდან გადავედი. ძალიან ძნელია, როცა იცი, რომ შენი შვილი, მით უმეტეს, გოგო ნარკომანია.

– დახმარება არ გიცდიათ, იქნებ მკურნალობამ უშველოს?

– არა, რა აზრი აქვს. თვითონ ამბობს, რომ მკურნალობა არ სჭირდება და ნებისმიერ დროს შეუძლია ამისთვის თავის დანებება და რას იზამს, ეს სხვისი საქმე არ არის. ზუსტად ასეთ რამეებს მითვლის, ისე იქცევა, თითქოს მე მისი დედა არც ვიყო. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ რამდენიმე თვის წინ გავიგე, თურმე იმ თავის საყვარელთან ერთად ცხოვრობს და შვილსაც ელოდებიან. საშინელ ტკივილს განვიცდი, ეს ყველაფერი გაცილებით ძნელად აღსაქმელია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ჩემი ერთადერთი ქალიშვილი, რომლის გარდა ამქვეყნად საფიქრალი არ მქონია, ასე მომექცა. მისთვის მე დედა აღარ ვარ და ამას არც განიცდის, მე კი უზომოდ ვიტანჯები. გარდა იმისა, რომ დიდი სირცხვილი მაჭამა, მინდა შეიცვალოს და ძველებური ხალისიანი, მოსიყვარულე გოგო გახდეს, მაგრამ მას ჩემი დანახვაც არ უნდა. მინდა ვუმკურნალო, მაგრამ რანაირად? მას ამისი გაგონებაც არ უნდა, იმ ბექას მეტი აღარავინ აინტერესებს. ან შვილი რად უნდათ? ნარკომანი მშობლების შვილი ნორმალური ხომ მაინც არ იქნება.

თეონა კენჭიაშვილი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online