asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ქალი, რომელმაც "შტირლიცი" საბჭოთა აგენტად აქცია
ქალი, რომელმაც "შტირლიცი" საბჭოთა აგენტად აქცია
ქალი, რომელმაც "შტირლიცი" საბჭოთა აგენტად აქცია

2010-11-25 15:46:02



1972 წელს ეკრანებზე გამოვიდა სერიალი "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება" (იულიან სემიონოვის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით). ფილმმა ნამდვილი ფურორი მოახდინა, რაც დიდად განაპირობა მთავარი როლის შემსრულებლის, ვიაჩესლავ ტიხონოვის შესანიშნავმა თამაშმა.

კარგ ფილმს მუდამ უამრავი მითქმამოთქმა ახლავს. ამჯერადაც გაიმართა ცხარე დისკუსიები, არსებობდა თუ არა სინამდვილეში ტიხონოვის გმირი ისაევ–შტირლიცი. "ის გამოგონილი პერსონაჟია", – ამტკიცებდნენ ერთნი. "არაფერიც, – არ უთმობდნენ მეორენი, – პოლკოვნიკი ისაევი დღესაც ცოცხალია და ლენინგრადში ცხოვრობს". ამ დისკუსიებს წერტილი თავად იულიან სემიონოვმა დაუსვა, როდესაც საკავშირო ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა: "შტირლიცი კრებითი სახეა. ის საბჭოთა მზვერავის საუკეთესო თვისებების მატარებელია. ჩვენს დაზვერვას არა ერთი ასეთი გმირი ჰყავდა".

შტირლიცის თავგადასავლებს სემიონოვმა რომანების მთელი ციკლი მიუძღვნა. ის იწყება წიგნით "ბრილიანტები პროლეტარიატის დიქტატურისათვის", რომლის ეკრანიზაცია შესანიშნავად განახორციელა "ტალინფილმმა". ამ ნაწარმოებში სრულიად ახალგაზრდა ისაევს სპეცდავალებით ესტონეთში აგზავნიან. შემდეგ ამას მოჰყვა რომანების მთელი კასკადი: "პაროლი საჭირო არაა", "ესპანური ვარიანტი", "ალტერნატივა", "მაიორი ვიხრი". ბევრი რომანი ფილმად გადაიღეს და შტირლიციც საბჭოთა მოქალაქეების კერპი გახდა.

"გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვების" გაგრძელება, რომანი "ბომბი თავმჯდომარისთვის" 1974 წელს გამოქვეყნდა. მის მიხედვით გადაიღეს ოთხსერიიანი ფილმი "ფერდინანდ ლიუსის სიცოცხლე და სიკვდილი" (მთავარ როლში დონატას ბანიონისი). მოქმედება მეტწილად 1962 წლის დასავლეთ გერმანიაში ვითარდება. მკითხველი ინტერესს ვერ მალავდა: "რა გადახდა შტირლიცს 1945–ისა და 1962 წლების შუალედში?".

სემიონოვი ამაზე მხოლოდ "გარდაქმნის" წლებში ალაპარაკდა, როდესაც გამოსცა რომანების ციკლი "ექსპანსია". მათში მოთხრობილია, თუ როგორ აღმოჩნდა შტირლიცი ჯერ ესპანეთში, შემდეგ არგენტინაში, როგორ ჩამოვიდა სსრკ–ში, სადაც ლავრენტი ბერიას ხელში აღმოჩნდა. ბერია–შტირლიცის ჭიდილი აღწერილია რომანში "სასოწარკვეთა".

წარმატება გრანდიოზული იყო. პროგრამა "ვზგლიადის" ეთერიდან სემიონოვმა განაცხადა: "წლების განმავლობაში შეგნებულად ვდუმდი იმაზე, თუ რა გადახდა შტირლიცს მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ. ზღაპრების შეთხზვა არ მსურდა, რეალისტური სიუჟეტის გამოქვეყნება კი იმხანად შეუძლებელი იყო".

– იულიან სემიონოვიჩ, თქვენ არა ერთხელ განაცხადეთ, რომ შტირლიცი კრებითი სახეა. ნუთუ მას პროტოტიპი არ ჰყავდა?! – შეეკითხა ვლად ლისტევი, რომელსაც გადაცემა მიჰყავდა.

– დღეს შემიძლია ვთქვა: დიახ, შტირლიცს ჰყავდა პროტოტიპი. მისი სახელია ვილი ლემანი. ის ეროვნებით გერმანელი იყო და გესტაპოში მსახურობდა. საბჭოთა დაზვერვაზე კი 1929 წლიდან მუშაობდა.

რას წარმოადგენდა სინამდვილეში შტირლიცის პროტოტიპი

ვილი ლემანი 1895 წელს მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. მამამისი კონსერვატორი და პედანტი პიროვნება იყო. ვილის ის მკაცრად ზრდიდა. "დაიხსომე, ოთხიანი ნიშანი არაა! შენ ფრიადებზე უნდა ისწავლო!", – ასეთი გახლდათ მამის დირექტივა.

ვილიც ტყავში ძვრებოდა, მაგრამ ფრიადოსნობა ვერ შეძლო. ჰუმანიტარულ საგნებში ბრწყინვალე იყო, სამაგიეროდ მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია უჭირდა. მამის გააფთრებას საზღვარი არ ჰქონდა. შვიდი კლასის დამთავრების შემდეგ მან ვილი სკოლიდან გამოიყვანა და დურგალს მიაბარა, იქნებ ხელობა მაინც ისწავლოო.

ვილი ბეჯითად შეუდგა ხელობის შესწავლას. წარმატებით ვერც აქ დაიკვეხნიდა, თუმცა ახალი მეგობარი იშოვა. მას იურგენი ერქვა და მოკრივე იყო. მისგან ვილიმ ინგლისური კრივის პირველი გაკვეთილები მიიღო. შემდეგ იურგენმა კრივის სექციაში მისვლა შესთავაზა. ვილიც დათანხმდა.

ამიერიდან ვილი მთელ ყურადღებას კრივს უთმობდა. როდესაც ეს მამამ შეიტყო, აღშფოთდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო, რადგან ვილი უკვე 15 წლის იყო და როგორც ამ ასაკის მოზარდების უმრავლესობა, მამას აღარ უჯერებდა. მისთვის ავტორიტეტი უკვე იურგენი და კრივის მწვრთნელი გახდნენ.

იურგენის გავლენით ვილიმ სამხედრო ბეგარა საზღვაო ფლოტში მოიხადა და იქ იმდენად მოეწონა, რომ საზღვაო ოფიცერი გახდა. განუყრელ მეგობარ იურგენთან ერთად ფლოტში 14 წელი იმსახურა. შემდეგ იურგენის გავლენით კონტრდაზვერვაში დაიწყო მუშაობა. ვილიმ ჩინებულად გაართვა თავი საქმეს. როდესაც გერმანია პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა და კონტრდაზვერვაშიც მასობრივი შემცირებები განხორციელდა, ლემანი, როგორც ექსტრა კლასის პროფესიონალი, სამსახურში დატოვეს. მისი კარიერა აღმავალი გზით მიდიოდა.

ლოტა

– შეიძლება თქვენგან ინტერვიუ ავიღო? – გოგონა იღიმებოდა. ის ლამის ვილის სიმაღლისა იყო, მაღალი, ტანადი, ქერა. ლურჯი თვალები და საოცრად მომხიბვლელი ღიმილი ჰქონდა.

ვილი აილეწა:

– მაპატიეთ, რომელი გაზეთიდან ხართ?

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს? – გოგონამ კეკლუცად გვერდზე თავი გადახარა.

– კეთილი, რაკი ასე გსურთ, ინტერვიუს მოგცემთ, ოღონდ ერთი პირობით, ჩემს ამჟამინდელ სამუშაოზე არც ერთი სიტყვა!

– კეთილი, ჰერ ლემან.

– რატომ ასე ოფიციალურად? მე ვილი მქვია.

– მე კი ლოტა, – გოგონამ ღიმილით გაუწოდა ხელი, – მაშ, ასე, – ლოტა სკამზე ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო, – თქვენს წარსულზე დაწვრილებით ვისაუბროთ, განსაკუთრებით რუსების წინააღმდეგ გატარებულ სპეცოპერაციებზე.

ინტერვიუ საათნახევარს გაგრძელდა. შემდეგ ლოტამ ბლოკნოტი დახურა:

– მორჩა. ზეგ თქვენი ინტერვიუ დაიბეჭდება.

– გმადლობთ, – ლემანმა გაიღიმა, – ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს?

– ეს თქვენზეა დამოკიდებული.

– მაშ, ხვალ "მეხიკოში" გეპატიჟებით.

ლოტამ გაიცინა და კარისაკენ გაემართა.

ჩხუბი

ლემანმა დათქმულ დროს ლოტას დაურეკა. ყურმილი თავად გოგონამ აიღო.

– გამარჯობათ, მე ვილი ლემანი გახლავართ, ინტერვიუ წავიკითხე და ძალიან მომეწონა.

– მოხარული ვარ.

– ახლა უფრო მეტი საფუძველი მაქვს, დღეს "მეხიკოში" დაგპატიჟოთ.

– სამწუხაროდ, დღეს დაკავებული ვარ.

– ხვალ?

– ხვალ შეიძლება, მაგრამ "მეხიკოში" წამოსვლა არცთუ ძალიან მინდა.

– მაშ, "შვაბინგში" წავიდეთ.

– კარგი.

მეორე დღეს ლემანმა ლოტას დაურეკა.

– სამწუხაროდ, დღეს გადაუდებელი საქმეები გამომიჩნდა, – უთხრა ლოტამ.

– ეს მართალია თუ კულტურულად მეუბნები უარს?

– ხომ არ გეჩვენება, რომ ახალგაცნობილ ქალს პირდაპირ რესტორანსა და ბარში არ ეპატიჟებიან?

– მაშ სად დაგპატიჟო? კინო გიყვარს?

– ძალიან.

– კარგი, კვირას "კრიუგერის მამილო" ვნახოთ.

– მაგას "ვინიტუ" მირჩევნია. ვესტერნებზე ვაფრენ. კარლ მეი ჩემი საყვარელი მწერალია, ვინიტუ კი საყვარელი გმირი.

– მაშინ კვირას "ძერების გარემოცვაში" ვნახოთ. ეს ვინიტუს სერიიდანაა.

– ოღონდ ერთი რამ მსურს, გითხრა. ჩემს მეზობლად ერთი ტიპი ცხოვრობს, ფრედი ჰქვია, კუდში დამდევს და ვინც ჩემთან დადის, ყველას სცემს.

– მაგას ჭკუას ვასწავლი, – უთხრა ლემანმა.

ფრედის მაშინ შეხვდა, როდესაც ლოტას კინოდან შინ აცილებდა. ლემანმა შეხედა და უნებლიეთ შეკრთა – ფრედი ორმეტრიანი გოლიათი იყო, ვილი მას მხრებამდე ძლივს სწვდებოდა.

– მაშ, ამასთან დაიჭირე საქმე! – დაიღრიალა ფრედიმ და ლემანს საყელოში სწვდა.

– მაპატიეთ, ფრედი ბრძანდებით? – თავაზიანად შეეკითხა ლემანი.

ფრედი უნებლიეთ გაშეშდა.

– დავუშვათ, მერე შენ რა?!

– მართლაც ისეთი უზრდელი ყოფილხართ, როგორიც მეგონა. ზრდილობის ნატამალიც არ გცხიათ.

– მე შენ გიჩვენებ ზრდილობას! – აღრიალდა ფრედი და ლემანს თავისი ვეებერთელა მუშტი მოუქნია.

ლემანმა მისი ხელი მარდად დაიჭირა, გადაუგრიხა და გვარიანად ჩასცხო. ფრედი დაეცა. პირიდან დუჟი წამოუვიდა. ლემანი გაჩერდა. ლოტა მხრებში ჩაფრენოდა და მაგრად ანჯღრევდა. ერთიანად გასისხლიანებული ფრედი კი ტროტუარზე ეგდო. ვეღარ ინძრეოდა...

ლოტა და ვილი სკვერში სკამზე ისხდნენ. ლოტა ვილის სახეში მისჩერებოდა. ლემანმა მაჯაში სტაცა ხელი.

– მიყვარხარ! – ამ სიტყვებზე მან ქალი თავისკენ მიიზიდა და მის ტუჩებს დაეწაფა.

ლოტა და ვილი საყვარლები გახდნენ. ვილის ქალი მდიდრულ რესტორნებსა თუ ბარებში დაჰყავდა. ეს საკმაოდ ძვირი ღირდა. გერმანიაში მაშინ სიდუხჭირე იყო და კონტრმზვერავის ხელფასი ასეთ ცხოვრებას ვერ აუვიდოდა. ვილიმ პირველად იგრძნო, რომ ფული აკლდა:

– რატომ გვიხდიან ასე ცოტას, რატომ?! განა სახელმწიფოს უშიშროებაზე არ ვზრუნავთ, განა სიცოცხლეს საფრთხეში არ ვიგდებთ?! ვიღაც ჩარჩს ჩემზე, კონტრდაზვერვის დამსახურებულ თანამშრომელზე, მეტი შემოსავალი რატომ უნდა ჰქონდეს?! – ჩიოდა ვილი მეგობრების წრეში.

მალე ლემანი ვალებში ჩაეფლო. ლოტას მსგავსი საყვარლის შენახვა ხუმრობა როდი გახლდათ.

"ძმას პრობლემები აქვს!"

ანაზდად ლოტას სახიდან მხიარული ღიმილი გაქრა და ლემანთან შეხვედრები შეწყვიტა. როცა ტელეფონით ელაპარაკებოდა, ქალს ხმა უკანკალებდა. "მის თავს რაღაც ამბავია, – გაიფიქრა ვილიმ, – რაღაც უჭირს", ამიტომ როდესაც ლოტას დაურეკა, პირდაპირ ჰკითხა:

– რა ხდება შენს თავს, პრობლემები გაქვს?

– შეგხვდები და გეტყვი, – უპასუხა ქალმა.

ლოტას სახე მიტკალივით გაფითრებოდა. ლემანმა მკლავში ჩაავლო ხელი:

– რა დაგემართა?

– ძმას პრობლემები აქვს. ბიზნესი გაუფუჭდა, უზარმაზარ ვალებში გადავარდა.

– ოჰო! მაინც რამდენში?

– ასი ათასი!

ლემანმა დაუსტვინა.

– მინდა, დაგეხმარო, – ლემანმა წელზე მოხვია ხელი და თავისკენ მიიზიდა.

– ჭკუაზე ხარ? ამდენ ფულს სად იშოვი?

– კაზინოში წავალ და ვითამაშებ.

ლოტა გაოცებული მიაჩერდა მას. ლემანს თვალები ანთებოდა.

მახე

– ვილი, მართლა გინდა, კაზინოში ითამაშო?

– ჰო, ვითამაშებ, მოვიგებ და შენს ძმას დავიხსნი.

– თუ კონტრდაზვერვის ოფიცერი კაზინოში წახვალ, სკანდალი ატყდება.

ლემანი შეცბა.

– მოდი, ასე ვქნათ, ჩემი ძმის მეგობარი ფოგელი პროფესიონალი ბანქოს მოთამაშეა, მის სახლში სისტემატურად იკრიბებიან მოთამაშეები. იქნებ შეუერთდე?

– კარგი, მოვალ.

იმავე საღამოს ლემანი ფოგელის სახლში მივიდა, რომელიც ყოფილი ოფიცერი იყო. სათამაშოდ დასხდნენ. დილამდე ვილიმ საკმაო თანხა მოიგო.

რამდენიმე დღეს ვილის უმართლებდა და იგებდა. შემდეგ ფორტუნამ ზურგი აქცია, წაგება დაიწყო. ფული არ ჰქონდა, ამიტომ ფოგელს სთხოვა, ვალში ვითამაშებო.

– კეთილი, ოღონდ ხელწერილს მომცემ.

ვილიმ თავი დაუქნია. ხელწერილიც დაიწერა და სათამაშოდაც დასხდნენ. ლემანმა კვლავ წააგო. რამდენიმე დღეში მას ფაქტობრივად ყველაფერი გახადეს.

– აღარაფერი დამრჩა, – ბუტბუტებდა ის, – აღარაფერი.

ფოგელმა თანამეინახეებს ანიშნა. ისინი ოთახიდან უმალ გავიდნენ.

– მაშ ასე, ჰერ ლემან, ფული გჭირდებათ, არა? მართალი გითხრათ, გავოცდი, როდესაც თქვენი გამოცდილების კაცი ასეთ მარტივ ხაფანგში გაება. მართლაც, სიყვარულო, ძალსა შენსა. დროა, სიმართლე გითხრათ, – ფოგელმა გაიღიმა, – მე საბჭოთა დაზვერვის ოფიცერი ვარ. მთელი ეს ოპერაციაც წინასწარ დაიგეგმა.

– ლოტაც რუსი შპიონია? – იკითხა ლემანმა.

– რა თქმა უნდა. ჩვენს ჟარგონზე ასეთებს "ლასტოჩკებს" ვეძახით. გირჩევთ, ერთ რამეზე დაფიქრდეთ, გერმანიას არ სჭირდებით. თქვენმა მთავრობამ მათხოვრული ცხოვრებისათვის გაგიმეტათ და არა მხოლოდ თქვენ, ათასობით გერმანელი მათხოვრულად ცხოვრობს, მთავრობის წევრები კი მილიარდებს შოულობენ. არც აგიტაციას გიწევთ, არც თქვენს დაშანტაჟებას ვაპირებ, თუმცა საამისოდ სრული საფუძველი მაქვს. მსურს, დაგეხმაროთ, რათა სიდუხჭირეს თავი დააღწიოთ და ნორმალურად, ადამიანივით იცხოვროთ.

– როგორ?

– თუ ჩვენზე იმუშავებთ.

– უნდა მოვიფიქრო. 2–3 დღე მჭირდება.

– გამორიცხულია, 2 საათს გაძლევთ. იფიქრებთ აქ, ამ ოთახში. პასუხიც კონკრეტული უნდა იყოს, ან ჰო, ან – არა.

ეპილოგი

ზუსტად 2 საათის შემდეგ ლემანმა თანხმობა განაცხადა. ასე გახდა ის საბჭოთა აგენტი. მეტსახელად მას ბრაიტენბახი მიენიჭა. იდგა 1929 წელი.

ამიერიდან ვილი რუსებზე მუშაობდა. რაც შეეხება ლოტას, ის მისი ცხოვრებიდან გაუჩინარდა. ქალმა შეასრულა თავისი მისია. ლემანთან მას აღარაფერი ესაქმებოდა.

წლების განმავლობაში ვილი რუსებს ზესაიდუმლო ცნობებით ამარაგებდა. ასე გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც ხელისუფლებაში ნაცისტები მოვიდნენ, ვილი კი გესტაპოს თანამშრომელი გახდა. მართალია, 1936 წელს ბრაიტენბახთან კონტაქტი გაწყდა, მაგრამ 1940–ში აღადგინეს. ამ დროისათვის ლემანს უკვე მაღალი წოდება ჰქონდა და გესტაპოში მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა.

1942 წელს გესტაპომ ამხილა ლემანი. ვილი დააპატიმრეს. დაკითხვაზე ბრაიტენბახმა ყველაფერი დაფქვა. მას სიკვდილი მიუსაჯეს.

– ნეტავ, სადაა ახლა ლოტა? – აღმოხდა ლემანს.

– ლოტა ვიღაა? – დაინტერესდა გესტაპოს შეფი მიულერი.

– ამ ქალმა თავის დროზე ჩემი ბედი განსაზღვრა, შემდეგ გაუჩინარდა.

– აღარ შეხვედრიხართ?

– არა, ის გერმანიიდან გაქრა.

1942 წელს ვილი ლემანი სიკვდილით დასაჯეს.

ნიკა თევზაძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online